ყველაფერს ველოდი, მაგრამ ვაკეში თუ მომიწევდა გადასვლა, არც მიფიქრია. რატომღაც, მეგონა, სადმე გარეუბანში ან ძველი თბილისის დასახლებაში მომიწევდა დროებით ცხოვრება. გავოგნდი, როცა კორპუსი დავინახე. არც ეთქმოდა კორპუსი, ოთხსართულიანი წითელი აგურის სახლი იყო, რომლის პირველ სართულზე უნდა დავბინავებულიყავი. ჩემს განკარგულებაში სამი ოთახი აღმოჩნდა, ყველაფრით კომფორტული. ცოტა კი გამიკვირდა, რატომ თავის რომელიმე სასტუმროში არ შემომთავაზა-მეთქი გადასვლა, მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ ვიკითხავდი? ეს ჩემი საქმე არ იყო. რადგან ასე გადაწყვიტეს, იყოს ასე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიცხოვრებ.
ავეჯის მხოლოდ ნაწილი გადმოვიტანე - ჩემი საძინებელი და დედას საყვარელი წიგნების კარადა, რომელიც საუკუნეს მაინც ითვლიდა. ის კაკლის მასალისგან იყო დამზადებული და ლამაზად გამოყვანილი ჩუქურთმებით გამოირჩეოდა. მშობლების საძინებელი გარნიტური და სასტუმრო ოთახის მოწყობილობა დავტოვე იმ იმედით, რომ განცხადებას გამოვაქვეყნებდი გაზეთში და გავყიდდი, თუნდაც ძალიან იაფად.
მამიდა ყოველდღე მირეკავდა. აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები. მეც ვუყვებოდი, რაც ხდებოდა. ერთხელ ისიც მითხრა, იქნებ შეუყვარდე იმ ბიჭს და ცოლადაც კი მოგიყვანოსო. გამოვტყდები და ამაზე მეც მიფიქრია. ყველაფერი ხდება ქვეყანაზე. რატომაც არა? რატომ არ შეიძლებოდა, შევყვარებოდი? თუ მდიდარ ქალზე არ ჰქონდა გართულება, ცუდი კანდიდატურა ნამდვილად არ ვიყავი. ვერც გარეგნობით დამიწუნებდა და ვერც სწავლა-განათლებით. აი, ბიზნესსაც თუ დავადგამდი თავს, კიდევ უფრო ავმაღლდებოდი მის თვალში. მინდოდა კი? გულის სიღრმეში არ ვიყავი წინააღმდეგი. აბა, რომელი ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე? ამის გაფიქრებაზე იდუმალი ღიმილი გადამივლიდა სახეზე…
დღეს ყველაზე მეტად დავიღალე. დარჩენილი ავეჯის ნაწილი გავყიდე. რა თქმა უნდა, ჩალის ფასად მივეცი, მაგრამ აღარ დავეძებდი. ისეთი საყვარელი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოვიდა, გული ამიჩუყდა. ახალშეუღლებულები ჩანდნენ. გოგონა თვალებში შესციცინებდა ქმარს. რა გასაოცარია. გუშინწინ მივიტანე განცხადება გამოსაქვეყნებლად და ამ დილით უკვე დამირეკეს. თან რამდენმა ადამიანმა დარეკა! თვლა ამერია. მოდიოდნენ, ათვალიერებდნენ, აფასებდნენ… როგორი დამღლელი პროცესი ყოფილა! ასეთ რამეებთან ადრე არასდროს მქონია შეხება. საღამო ხანს კი ეს წყვილი გამოჩნდა. ახალგაზრდები არც შემვაჭრებიან, ისე გადამითვალეს ფული, ავეჯის გადამზიდი მანქანა გამოიძახეს და ყველაფერი წაიღეს. ქვაბები და კიდევ უამრავი წვრილმანი ისე ვაჩუქე, ფული არ გამოვართვი. ეს იმ ბედნიერების სანაცვლოდ, რაც მათ თვალებში იკითხებოდა.
ბინდდებოდა, ჩემს ახალ ბინაში რომ დავბრუნდი. სამზარეულოს კარადაში ცხელი შოკოლადის ჩემთვის უცხო პაკეტი აღმოვაჩინე. ასეთი მარკეტებში არ შემხვედრია. მოვიდუღე და დავლიე. აი, ნამდვილი ცხელი შოკოლადი! საუცხოო გემო ჰქონდა.
ცხელი შოკოლადის დალევის შემდეგ ცოტათი მომეშვა, მაგრამ დაძინება ჯერ არ მინდოდა. მოთენთვა მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, ნაბანავები სააბაზანოდან რომ გამოვედი. წამით შევავლე თვალი სარკეში ჩემს ორეულს და გამოვშტერდი - ისეთი სახე მქონდა, თითქოს ორიოდე წუთის წინ ვნებიანი კოცნის სეანსი ჩამიტარეს - თვალები ამღვრეული და გაფართოებული, ტუჩები შესიებული, ღაწვები კი თონიდან ახალამოღებული გოჭივით დაბრაწული. აი, რა იცის ცხელმა აბაზანამ! ეს პირველი შემთხვევა იყო, კონტრასტული შხაპი რომ არ მივიღე და შედეგიც სახეზე მქონდა.
დამეზარა კვლავ სააბაზანოში შებრუნება, რათა სახეზე მაინც შემესხა ცივი წყალი, თეთრეული დავიგე და ლოგინში შევწექი.
ძილმა მალევე წამართვა თავი.
დილით ანდრომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, არქიტექტორს უნდა შევხვდე და მინდა, შენც იყოო. დიდად არ მეხალისებოდა მისი შემოთავაზება, მაგრამ რადგან ბიზნესპარტნიორად ვითვლებოდი, უარი არ გამოდიოდა. არადა, სასაფლაოზე მინდოდა გასვლა. ვერ ვეგუებოდი ჩემების გარეშე ცხოვრებას, თვალწინ წარამარა დედაჩემის სევდიანი სახე მედგა და მამაჩემის იდუმალღიმილიანი გამოხედვა. ათი დღე გავიდა დასაფლავებიდან და უკვე მენატრებოდა ორივე. ამ მონატრებას ისიც ამძაფრებდა, რომ სრულიად მარტო ვიყავი, ყველასგან განმარტოებული, ახლობლებს მხოლოდ ტელეფონით თუ დავუკავშირდებოდი.
საგანგებოდ გამოვიპრანჭე. მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ შავი კაბა უნდა ჩამეცვა. ქართველი ქალების უმეტესობა სწორედ შავ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, პირადად არ ვარ შავი ფერის დიდად მოყვარული. სიცოცხლის მატარებელი ფერები ბევრად მომწონს - მწვანე, წითელი, თეთრი, ვარდისფერი და კიდევ - ლურჯი, ჩემი აზრით, ყველაზე მდიდრული ფერი.
ანდროს თმა მოკლედ შეეკრიჭა, რაც ძალიან უხდებოდა. თვალს ვერ ვაშორებდი, ისეთი სიმპათიური იყო. ნეტავ რამდენი წლითაა ჩემზე უმცროსი? რა დაშავდება, რომ ვკითხო? ამას კუდს ხომ არ გამოაბამს? მიმიხვდება, რატომ ვინტერესდები? მერე რა მოხდა? მე მგონი, მასაც აინტერესებს ჩემი ასაკი, მაგრამ შეკითხვას ისიც ვერ ბედავს, უბრალოდ, იცის, რომ ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. არა, არც მე ვკითხავ, მაგრამ ტექნიკურად ჩავურტყამ ლაპარაკში, ვიტყვი, რამდენი წლისაც ვარ და იქნებ თვითონაც წამოსცდეს. აი, ეს ჭკვიანური სვლა იქნება.
რაც გავიცანი, მას შემდეგ გონებიდან არ მშორდებოდა აზრი ჩვენი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადასვლის შესახებ. ხომ შეიძლება, ერთმანეთი შეგვიყვარდეს? მერე რა, თუ ჩვენს მშობლებსაც უყვარდათ ერთმანეთი ერთ დროს? მათ ხომ არაფერი გამოუვიდათ, ჩვენ კი შეიძლება გამოგვივიდეს. ნეტავ რას ფიქრობს ჩემზე? ნუთუ არ მოვწონვარ? იქნებ ჰყავს შეყვარებული და სულ ტყუილად მომდის ასეთი აზრები? ეჰ… რა დროს ამაზე ფიქრია, ახლახან მშობლები მიწას მივაბარე. უცნაური არსებაა ადამიანი, განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდაა. მისი გატეხვა ყველაზე დიდ უბედურებასაც კი არ შეუძლია. ასე ტრაგიკულად დავობლდი, ჯერ თვალზე ცრემლი არ შემშრობია და უკვე თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძოს ცოლობაზე ვოცნებობ… არა, არ ვოცნებობ, უბრალოდ, ვფიქრობ, დასაშვებ ვარიანტად მივიჩნევ.
ანდრო რესტორნის შესასვლელთან მელოდებოდა. ის მაშინვე მოსცილდა კედელს, რომელსაც ზურგით მიყრდნობოდა და გაკვირვებულმა გამიღიმა.
- აი, მესმის პუნქტუალობა. გამაოცე! - ბოლო სიტყვა გაჭიანურებით წარმოთქვა.
არ შევიმჩნიე მისი შექება, მივესალმე და დაველოდე, კარს როდის გამიღებდა.
შუა დარბაზში, მრგვალ მაგიდას ვიღაც ჯმუხი კაცი უჯდა, რომელმაც ჩვენს დანახვაზე ტუჩებთან მიტანილი ბოკალი დადგა და ფეხზე წამოდგა.
- ჩვენ ცოტა ადრე მოვედით, - დაბნეული ღიმილით მომმართა უცნობმა და ხელი გამომიწოდა, - დიმა, დიმიტრი.
- კატო, ეკატერინე, - მის ორ სახელს ჩემი ორი სახელი «დავუხვედრე» და ეშმაკურად ჩავიღიმე.
- ეს ჩემი მეგობარი არქიტექტორია, - ანდრომ დიმასკენ გაიხედა, - ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ ჯიუტი, ამიტომ, თუ რამე არ მოგეწონება, არ დაუთმო ხოლმე, - გაიხუმრა.
საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. დიმა მართლაც ჯიუტი აღმოჩნდა. ჩანდა, რომ თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. ჩუმად ვიჯექი, მათ კამათში არ ვერეოდი, მაგრამ ბოლოს მაინც არ მომითმინა გულმა და ჩემი აზრი გამოვთქვი:
- იცით, რა? ეს შუშებიანი კედლები მაინცდამაინც არ მომდის თვალში, ამაში ვეთანხმები ანდროს, - საქმიანი კილოთი ჩავერიე საუბარში, - თუ ოჯახური სასტუმრო უნდა იყოს და არა მოდერნიზებული, მაშინ შუშები სულაც არ არის საჭირო. რაც მეტად შევუნარჩუნებთ სახლს ძველებურ იერს, მით უფრო მომგებიანი იქნება.
- აიიი! ხომ ვყოფილვარ მართალი? - შესძახა ანდრომ და მადლობის გამომხატველი მზერა მესროლა.
მესმოდა მისი, მეგობარი ეხმარებოდა და მისი გაწბილებაც არ უნდოდა, მაგრამ რაღაც-რაღაცები არ მოსწონდა და დელიკატურად ცდილობდა მისთვის ამის ახსნას.
- სხვათა შორის, როცა ასეთი სერიოზული საქმე კეთდება, ყოველთვის სასურველია, დაქირავებულ პროფესიონალს მიანდოს ადამიანმა საქმე, - ღიმილით შევნიშნე, - უხერხულიც კი არის ხანდახან, მეგობარს არ დაეთანხმო მოსაზრებებში, მით უმეტეს, როცა იგი სრულიად უანგაროდ გეხმარება.
ამის გაგონებაზე დიმა გაწითლდა. როგორც ჩანს, არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი, ანდროს კი უხერხულად გაეცინა.
- დიმამ იცის თავისი საქმე. ჩვენი სასტუმროების უმეტესობა მისი დაპროექტებულია.
- და ყველა შუშებიანია? - ირონიულად ვიკითხე.
- არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, რაღაც ახალი უნდა შემომთავაზოს, აქამდე რომ არ გვქონია ისეთი და ეს არის ჩვენი უთანხმოების მიზეზი.
- შუშების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - სიტუაციის შერბილება ვცადე, - მაგრამ ეს ხომ ოფისი არაა? სასტუმროა, ამიტომ ვფიქრობ, აჯობებს, როგორიც არის, ისეთი დარჩეს. რაც შეეხება სამზარეულოს, მეც თანახმა ვარ, ცალკე იყოს და სახლს გვერდით მივუშენოთ.
როგორც იქნა, შევთანხმდით, ორივემ შვებით ამოისუნთქა.
- შენ რომ არა, ალბათ კიდევ დიდხანს ვიკინკლავებდით, - ანდრომ ხელზე ხელი დამადო და ოდნავ მომიჭირა. დაბნეულმა ფრთხილად გავითავისუფლე თითები მისი ვეება მუჭისგან და ავდექი.
- ჩემი წასვლის დროა, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, - თავი დავუქნიე ორივეს და გასასვლელისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე.
უკან არავინ გამომკიდებია, რამაც გამაკვირვა. ის იყო, ქუჩაში გავედი და ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი, რომ ანდრომ მანქანა წამიჩერა.
- მარცხვენ? - გამომძახა ჩამოწეული ფანჯრიდან.
კოპები შევიკარი.
- რატომ?
- აბა, რა პონტია ტაქსის გაჩერება? დაჯექი, მე მიგიყვან.
- არ არის საჭირო, - გულგრილად მივუგე, - აქამდეც ტაქსით მოვედი.
- გასაგებია, მაგრამ სახლამდე მაინც მე უნდა მიგიყვანო. ჯერ არც ერთი ქალი არ გამიშვია მარტო და არც ახლა ვაპირებ, მოგწონს ეს შენ თუ არა. თუ იმას ფიქრობ, რომ შენთან დაკავშირებით რაღაც გეგმები მაქვს, ცდები. ჩვენ მხოლოდ საქმე გვაკავშირებს ერთმანეთთან.
სახე შემიხურდა. რატომღაც, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. მიუხედავად ამისა, თავი შევიკავე, საპასუხოდ არაფერი ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
- ჯერ რამდენი რამეა მოსაგვარებელი, - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა, - თანამშრომლებიც დასაქირავებელია. კარგი მზარეულის პოვნა არც ისე ადვილია.
- თუ ნებას დამრთავთ, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ, - მისკენ შევაბრუნე თავი და მთელი საღამოს განმავლობაში პირველად შევხედე თვალებში, - ჩემი მეზობელი ქალი, თქვენ რომ ყავით გაგიმასპინძლდათ, არაჩვეულებრივი დიასახლისია. ოთხი წელი საბერძნეთში მუშაობდა მზარეულად და ურიგო არ იქნებოდა, დაგვესაქმებინა, - უმუშევარი მარიანა გამახსენდა და შანსი გამოვიყენე.
- თუ მართლა ენდობი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - მხრები აიჩეჩა ანდრომ და მანქანა შეაჩერა, რადგან შუქნიშანზე წითელი შუქი აინთო.
24, 23, 22, 21… ვითვლიდი ციფრებს, რომელიც ტაბლოზე იყო გამოსახული. აუტანელი სიჩუმე ნერვებს მიწიწკნიდა, მწვანე კი არა და არ ინთებოდა.
- მართლა კარგად გამოსდის კერძები, კარგი ხელი აქვს, - გავაგრძელე საუბარი.
- ეგ კარგია და შენ? შენ რა გამოგდის კარგად, კატო? - მკითხა მოულოდნელად.
გაოცებულს თვალები გამიფართოვდა.
- მე? მე… ნუ, ჯერ არ ვიცი. ამას დრო გვიჩვენებს, - შეცბუნებულმა მარჯვნივ გავიხედე.
- შეყვარებული გყავს? - საქმიანი ტონი დაიყენა, როცა მანქანა კვლავ დაძრა და გზას გაუდგა.
ღიმილი ვერ შევიკავე.
«როგორც ჩანს, ვაინტერესებ», - სიხარულისგან გული ამიჩქროლდა.
- რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, არა, - მივუგე და სწრაფად დავამატე, - მიუხედავდ იმისა, რომ 27 წლის ვარ.
აი, ვახსენე ჩემი ასაკი. ვნახოთ, რას იტყვის.
- მართლა? მაგდენის ხარ? არ გეტყობა, - ჩვეულებრივი ბანალური ფრაზა ჩვეულებრივი ბანალური ტონით გაისმა, - არც გყოლია?
- სიყვარულით არავინ მყვარებია. - რა ცუდია, რომ არ მითხრა, თვითონ რამდენი წლისაა.
- არც არავინ გყოლია არასდროს? არ მითხრა, რომ ამ ასაკში ქალიშვილი ხარ. მაპატიე, ასეთი უდიერი შეკითხვისთვის, მაგრამ ვფიქრობ, დროა, ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ, ხომ უნდა დავმეგობრდეთ?
კიდევ კარგი, მანქანაში ბნელოდა, თორემ ჩემი აფორაჯებული ღაწვები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
- არც მყოლია, - მის მხოლოდ ერთ შეკითხვას გავეცი პასუხი, რომელიც, თავისთავად, მეორე შეკითხვის პასუხსაც მოიცავდა.
ამასობაში ჩემს ახალ საცხოვრებელსაც მივუახლოვდით. ანდრომ სვლა შეანელა და მანქანა კორპუსთან დაამუხრუჭა.
ახლა რა უნდა ვქნა? ყავაზე უნდა დავპატიჟო? ასე რომ არ მოვიქცე, უმადურობაში ჩამეთვლება.
- ყავაზე დამეწვევით? - როგორც იქნა, ამოვღერღე.
- მხოლოდ ერთი პირობით, - ანდრომ მანქანის გასაღები თითზე წამოიცვა და შეათამაშა, - თუ გამიშინაურდები და შენობით მომმართავ.
- პირობა მიღებულია, - ღიმილით მივუგე და მანქანიდან გადავედი.
გონებაში ათასმა კადრმა გამიელვა, სანამ ბინაში შევიდოდი. ჩემს ფანტაზიებს საზღვარი არ ჰქონდა. «მთავარია, სისუსტემ არ მძლიოს და რამე სისულელე არ ჩავიდინო, სიფრთხილეა საჭირო», - ჩავაგონებდი საკუთარ თავს.
- კატო, რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ სხვანაირად არ გამიგო და არ გამიბრაზდე, კარგი? - ანდრო სავარძლიდან წამოდგა და მაგიდას მიუჯდა.
რამდენიმე წამით შევყოყმანდი. ვერ მივხვდი, საით უმიზნებდა.
- მკითხე. ვეცდები, არ გავბრაზდე, - მხრები ავიჩეჩე და ხილით სავსე ვაზა მაგიდაზე შემოვდგი.
- ფულის საქმე როგორ გაქვს? რადგან შენი პრობლემები ვიცი, თავს ვალდებულად მივიჩნევ…
გაოცებული მივაჩერდი. ასეთ შეკითხვას საერთოდ არ ველოდი. მამაკაცმა ღიმილი ძლივს შეიკავა. როგორც ჩანს, ყველაფერი წაიკითხა ჩემს სახეზე.
სანამ პასუხს მოვიფიქრებდი, ყავა მოვსვი და ატმის გათლას შევუდექი. ამასობაში აფორიაქებული გონება დავაწყნარე და მშვიდი ხმით მივუგე:
- დიდი მადლობა, დახმარებას არ ვსაჭიროებ, მაქვს ფული!
- არ მოგერიდოს. მართალია, ძალიან მტკიცე უარი მითხარი, მაგრამ მესმის, რატომაც. სანამ სასტუმრო არ ამუშავდება, ხომ იცი, შემოსავალი ვერ გექნება. ამიტომაც შემოგთავაზე. თუ რამეა, შემდეგ დაიქვითებოდა, თუკი ისე დახმარება არ გსიამოვნებს.
თავი უხმოდ დავუქნიე. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქამდე ერთხელაც არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ანდრომ ფული უნდა გადამიხადოს. ერთადერთი, რაზეც ხშირად ვფიქრობდი, ის იყო, რომ საქმის წილში ვიყავი და ეს მაიმედებდა. არადა, არავინ იცოდა, როდიდან ამუშავდებოდა ახალი სასტუმრო და როდის გავიდოდა მოგებაზე. ფული, რომელიც მქონდა, დიდხანს ალბათ არც მეყოფოდა, მით უმეტეს, დედ-მამის ორმოცი წინ მელოდა.
სწორედ ამ დროს ანდრო წამოდგა, წინ დამიდგა და ხელი გამომიწოდა. მექანიკურად შევაგებე მარცხენა მის გამოწვდილ ხელს და ნელა წამოვდექი. ვიცოდი, ახლა რაც მოხდებოდა, ვიცოდი და მზად ვიყავი ამისთვის. უფრო მეტიც, მინდოდა, რაც შეიძლება, მალე მომხდარიყო. როცა თავისკენ მიმიზიდა, თვალები ჩემდა უნებურად დამეხუჭა. წამიც და მისი ცხელი ტუჩები ჩემს აკანკალებულ ტუჩებს შეეხო.
სწორედ ასეთი წარმომედგინა ჩვენი პირველი კოცნა. სწორედ ასეთი სიამოვნება განვიცადე, როცა პირველად მაკოცა ჩემს ფანტაზიებში. ნეტავ რას ნიშნავს ეს? ნუთუ გული ყოველთვის გრძნობს, რომელ გულს ჩაუხტეს ბუდეში? ვხვდებოდი, რომ ეს სიგიჟე იყო, მაგრამ ამ სიგიჟეს ვერ ვუმკლავდებოდი.
აქამდე სერიოზული ურთიერთობა არასდროს მქონია მამაკაცთან. არასდროს არავინ მყვარებია ჭეშმარიტი სიყვარულით, არავისზე ფიქრით არ მითენებია ღამეები. ის, რასაც ახლა განვიცდიდი, უჩვეულო იყო ჩემთვის. მამაკაცის კოცნა როგორ არ მიგემია, მაგრამ თავდავიწყებამდე ერთხელაც არ მივსულვარ. ახლა კი… ამწუთას მზად ვიყავი, მასთან ერთად ლოგინში ჩავგორებულიყავი და ჩემი ქალწულობა მისთვის ჩამებარებინა.
მან წამით მომაშორა ტუჩები, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ჩამოშლილი თმა, რომელიც კოცნაში ხელს უშლიდა, უკან გადაეწია. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა… ამ მზერამ გადაწყვიტა ყველაფერი. ანდროს ზედმეტად კმაყოფილი ადამიანის გამოხედვა ჰქონდა, უფრო მეტიც - გამარჯვებულის.
შემკრთალმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ამას ჰგონია, თავი ქუდში აქვს! ისედაც, რას ვაკეთებ? რა დროს ესაა, როცა მგლოვიარე ვარ? ახლა ამისთვის ეცლება ნორმალურ ქალს? ვერ ვარ სრულ ჭკუაზე!
- მაპატიე… - რაღაცის თქმა დააპირა მან, მაგრამ არ ვაცალე.
- შენ მაპატიე. არ ვიცი, რა მეტაკა. როგორც ჩანს, ქალურმა სისუსტემ მძლია. სრულიად გაუაზრებლად გავერთეთ ორივენი ამ თამაშში, - ვცდილობდი, გამოკვეთილად მელაპარაკა, რათა როგორმე გამემართლებინა ჩემი საქციელი, - ასეც ხდება, გასაკვირი ამაში არაფერია. ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს არ გაემტყუნება. კრიტიკულ მომენტში ყველა ადამიანს სჭირდება ცოტაოდენი სითბო, ცოტაოდენი მოფერება და თუნდაც ვნებით წუთიერი აალება. თუმცა, ორივემ ვიცით, რომ ეს შეცდომა იყო და შევეცადოთ, მეორედ აღარ გავიმეოროთ იგი.
- შეცდომა? - ანდრო მოიქუფრა.
- მე და შენ სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ, ანდრო, სრულიად განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს ცხოვრებაზე. ვფიქრობ, აჯობებს, თუ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა დაგვაკავშირებს ერთმანეთთან. მოდი, ნუღარ გავართულებთ სიტუაციას.
- სიტუაციის გართულებაში რას გულისხმობ? სექსს?
ღმერთო ჩემო! მასთან ამ სიტყვას ვერასდროს ვახსენებდი. აი, კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, თუ როგორ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
- სწორედაც! - თავი დავუქნიე, - ჩვენ ხომ ცხოველები არ ვართ, ინსტინქტებით ვიმოქმედოთ.
- მაგრამ ვნებათაღელვა ადამიანებს ახასიათებთ და არა ცხოველებს.
- გეთანხმები, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, მხოლოდ წუთიერი სისუსტე იყო და მეტი არაფერი. მაპატიე. სიყვარულის გარეშე არავისთან დაწოლა არ შემიძლია. ამას ვერ გავაკეთებ.
- სიყვარული… ა! ჰო… სულ დამავიწყდა, რომ ასეთი გრძნობაც არსებობს, - ცინიკურად ჩაიცინა, - გრძნობა, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს.
- როგორც ჩანს, არც შენ გქონია ამ საკითხში გამოცდილება, - ნიშნის მოგებით გავხედე.
- არ ვიცი, - ხელი აიქნია, - გეტყვი მხოლოდ ერთ რამეს. ოჯახი, მოვალეობები, ცოლი, შვილები… ეს ყველაფერი ჩემთვის არ არის შექმნილი. ერთხელ მქონდა მცდელობა და ისეთ ნაღმზე დავადგი ფეხი, კინაღამ ავფეთქდი. არა, არ იფიქრო, რომ პატივს არ ვცემ ოჯახურ ცხოვრებას. უბრალოდ, არავის ვენდობი. ქალების ნდობა დიდი ხანია, დაკარგული მაქვს. როცა მამაჩემს ვუყურებ, დღემდე როგორ იტანჯება პირველი სიყვარულის გამო, უფრო და უფრო მიქრება ვინმეს შეყვარების სურვილი.
ამის გაგონებაზე სული ამეწვა. ერთიანად გამიხურდა სხეული, თითქოს შიგნიდან წამიკიდა ვიღაცამ ხანძარი. მან შედარება გააკეთა. რადგან მე დედაჩემის შვილი ვარ, გამოდის, ერთგულება არ შემიძლია. ეს არა მარტო დედაჩემის, ჩემი შეურაცხყოფაც იყო.
შევეცადე, წონასწორობა არ დამეკარგა და ხმადაბლა ავლაპარაკდი:
- ალბათ არსებობენ შენს ცხოვრებაში ქალები, რომლებიც შენი წესების მიხედვით თამაშობენ და მათთვის შენთან დაწოლა მოვალეობების და სიყვარულის გარეშე სრულიად მისაღებია.
ანდროს სხეული დაეჭიმა.
- მე ვგულისხმობ ურთიერთობას, რომელიც ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული, - გაღიზიანებული ხმით მომიგო, - ასეთი ურთიერთობა გამორიცხავს რისკებს და საშუალებას აძლევს პარტნიორებს, შეინარჩუნონ თავიანთი დამოუკიდებლობა.
- და ეს ურთიერთობა მხოლოდ შიშველ სექსზეა აგებული? თუ რამეს არასწორად ვამბობ, შემისწორე, თუ შეიძლება, - ხმას ავუწიე, - მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას გულისხმობს?
- შენ რა, კატო, სპეციალურად მაჩვენებ თავს ისე, თითქოს არ გესმის ჩემი პოზიცია? - თმაზე გადაისვა ხელი და დამცინავად შემომღიმა.
- პირიქით! - ზიზღნარევი მზერა ვესროლე, - არაჩვეულებრივად გაგიგე. აქამდე მე და შენ აღვნიშნავდით, რომ რაღაცნაირად ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს, თითქოს ჯიბრში ვედექით. ახლა მომდევნო ეტაპი დადგა. მართალს ვამბობ?
- არა, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია რაიმე ეტაპებზე, საიდან მოიტანე? _- შემცბარს ფერმა გადაუარა სახეზე, - მე მგონი, დროა, გავჩერდეთ, სანამ გვიან არ არის, თორემ კარგ ფინალამდე არ მიგვიყვანს ეს საუბარი.
- ძალიანაც კარგი. მშვენიერია. ამიტომ ერთხელ ვიტყვი, რომ შენამდე დავიდეს და მომავალში ამის გამეორება აღარ დამჭირდეს, - ნიშნის მოგებით მივუგე და თავაწეულმა გავუსწორე თვალი, - შენთან დაწოლას არ ვაპირებ არც ახლა, არც შორეულ მომავალში. ალბათ არიან ქალები, საწოლში რომ გიხტებიან. ეს შესანიშნავია, მაგრამ მე მათ რიცხვს არ ვეკუთვნი. როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან შეხვედრას იწყებს, ერთი მეორეს ვერანაირ გარანტიას ვერ მისცემს. ეს კარგად მესმის. და იცი, რა მირჩევნია? ასეთი გაურკვევლობა, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული და დაგეგმილი ურთიერთობა, რომელიც არანაირ მოვალეობაზე არაა დაფუძნებული და რომლისგანაც არაფერს მოელი. პირადად ასეთი ურთიერთობები არ მჭირდება. უბრალოდ, მინდა ეს იცოდე.
- გასაგებია, - შუბლშეჭმუხნილმა ძლივძლივობით ჩაილაპარაკა, - მიხარია, რომ ჩვენი პოზიციები გავარკვიეთ. პირობას გაძლევ, არ მოგცემ უფლებას, გული მომტაცო. ეს შენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხია? - გაღიმება სცადა.
- მეც გპირდები, რომ ამის მცდელობა არ მექნება, - ვუპასუხე, მაგრამ არ გამიღიმია. ხანდახან გაღიმებაც ღლის ადამიანს. როგორც ჩანს, მეც დამღალა.
- მაგრამ ეს ჩვენს საქმიან ურთიერთობას არ შეუშლის ხელს, ხომ მართალია?
- არ შეუშლის. ამის იმედი გქონდეს.
- მაპატიე. - შემსუბუქებული ტონით მითხრა, - მინდოდა, გულახდილი ვყოფილიყავი შენთან. ამიტომ პირდაპირ გითხარი სათქმელი.
- გულახდილობისთვის დიდი მადლობა.
- მგონი, საღამო გავაფუჭე. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან გულწრფელი ვიყავით და ყველაფერი გავარკვიეთ, დაძაბულობა მაინც არ მოგეხსნა. ეს შენს სახეზე აშკარად ჩანს. არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ მინდა კიდევ ერთ რამეში გამოგიტყდე და კვლავ გულახდილად. რაც დრო გადის, მით უფრო მიზიდავ. მაგნიტივით ხარ და არასდროს გამჩენია ისეთი ძლიერი სურვილი, როგორც ახლა. სიგიჟემდე მინდა დავეუფლო ქალს, რომელთანაც სექსი არასდროს მქონია. ჩემი სათქმელი დავამთავრე და წერტილიც დავსვი. დანარჩენი ხვალინდელ დღეს მივანდოთ. იქნებ შეიცვალოს რამე.
- საკუთარი ხიბლი ვერ დაგეხმარება ამაში, ეს ზუსტად ვიცი.
- ვნახოთ! - მითხრა და გამომცდელი მზერა მესროლა, თითქოს ჩემი სიტყვების სისწორეს ჩემსავე თვალებში ეძებდა, - ახლა კი, წავალ, შენი ნებართვით. ღამე მშვიდობისა, პარტნიორო!
გავაცილე თუ არა სტუმარი, შემოსასვლელში შევდექი, სარკეში ჩავიხედე და ჩემი სახის შესწავლას შევუდექი.
რა აქვს ამ კაცს ისეთი, ასე რომ მომნუსხა და თავი დამაკარგვინა სულ რაღაც სამ დღეში? რატომ არ შემიძლია გულგრილობის შენარჩუნება, როცა მის გვერდით ვარ? საქმე ხომ მხოლოდ მის ფართო მხარ-ბეჭსა და ლამაზ თვალებში არ არის? რაღაცნაირი ენერგეტიკა მოდის მისგან, ჯადოსავით სწრაფმოქმედი და გამაბრუებელი. ამიტომაცაა, რაც მეტ დროს ვატარებ მასთან, მით უფრო მაღელვებს. მისი ერთი შემოხედვა და მუხლები მეკვეთება. როგორ უნდა დავძლიო ეს სისუსტე, მასწავლოს ვინმემ!
გაგრძელება იქნება