„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“ - ასე ამბობდა გურამ ასათიანი გენიალური ნოდარ დუმბაძის შესახებ.
გთავაზობთ ყველასთვის საყვარელი მწერლის ცნობილ გამონათქვამებს:
ქვიზი: როგორ გახსოვს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების გმირები?
როგორ დამპატიჟა სადილზე ნოდარ დუმბაძემ, ანუ ერთი წიგნის კაფეს ისტორია
- ღირსება, პერანგი არ არის, რომ ვინმემ გაგხადოს ან ჩაგაცვას, ის სულის სამოსელია და არა სხეულის. შეუძლებელია მისი მოცემაც და წართმევაც. შეუძლებელია, დღეგამოშვებით იყო ღირსეული და იყო უღირსიც. ღირსეული ან სამუდამოდ ხარ, ან - არასოდეს!
- ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს. უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით, დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულისა, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით.
- არაფერი არასდროს ისე სამარცხვინოდ და თავისმომჭრელად არ ითვლებოდა საქართველოში, როგორც უპატიოსნება და ქურდობა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდს მეგრულად მახინჯი ჰქვია და ეს მახინჯი საქართველოში ერთიც რომ იყოს, მაინც უნდა გადაშენდეს, რამეთუ ქართული ანდაზა ღაღადებს: „ას მშენებელს ერთი მნგრეველი აუთავდებაო“.
- არ უნდა წახდე, რაც უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ, რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, აქ დატოვებული სახელითა და სულით.
- რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს... თუმცა, ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გგვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა... ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ... რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს...
- ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი - ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.
- ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
- ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ….ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით.
- უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.
- ჩემში ეჭვს იწვევს - ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა? - რომ არ მომკვდარიყო, ახლა გენერალი იქნებოდაო.- ან - რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო. კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?
- სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.