სახიფათო სურვილები - თავი 5 - Marao

სახიფათო სურვილები - თავი 5

2024-04-05 11:26:25+04:00

წინა თავი

სახეალეწილი ჭურჭელს ვეცი, რომელიც დარეცხილი იქვე ელაგა, პირქვედამხობილი. სასწრაფოდ მათ გამშრალებას შევუდექი, თუმცა ვერ ვხვდებოდი, იყო ეს საჭირო თუ არა.

ამ დროს რაღაც ხმა შემომესმა. უკან მოვიხედე და ბატონი პაატას გამომცდელ მზერას გადავაწყდი.

- როგორც ჩანს, დავაგვიანე, არა? - მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, - აგილაგებიათ უკვე სუფრა.

- თქვენთვის ხელახლა გავშლი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, - ღაწვებაფორაჯებულმა ჩავიბუტბუტე და თვალებით ანდროს დავუწყე ძებნა, რომელიც ახლომახლო არ ჩანდა.

- სადაა ჩემი ბიჭი? - თითქოს მიმიხვდა პაატა.

- არ ვიცი, აივანზე დავტოვე და… - ამის თქმა არ გამჭირვებია, რადგან სიმართლეს ვამბობდი.

- ანდრო! - ხმამაღლა დაიძახა მამაკაცმა და კარისკენ გაიხედა.

- აქ ვარ! - გამოსძახა შვილმა და რამდენიმე წამში შეღებულ კარში გამოჩნდა, - ვა, მამი? ამ დროს რამ მოგიყვანა?

- ვიფიქრე, ახალგაზრდებთან ერთად მეც დავლევ ყავას-მეთქი.

- ახლავე მოგიდუღებთ, - კვლავ ზურგით შევბრუნდი და ყავის მოხარშვას შევუდექი.

რამდენიმე წუთის შემდეგ მღელვარებამ გამიარა და დავმშვიდდი. სამივენი მაგიდას ვუსხედით და ვბაასობდით.

- შენი მშობლები იამაყებდნენ შენით, კატო, - პირველად მომმართა პაატამ სახელით, - ყველაფერს ისე კოხტად აკეთებ, ისე აკურატულად და ისეთი სასიამოვნო ადამიანი ხარ, რომ აღარც ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო.

- დიდი მადლობა, - დავიმორცხვე.

- ისინი ძლიერი პიროვნებები იყვნენ, ამიტომაც არ მიკვირს, ასეთი შვილი რომ გაგზარდეს, - გააგრძელა მამაკაცმა.

- გავიგე, რომ დედას ხვდებოდით, სანამ მამას ცოლად გაჰყვებოდა, - გაუბედავად დავიწყე, - ანდრო მომიყვა… მაინტერესებს, როგორ იყო, თუ არ დამზარდებით…

- გაინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა?

- დიახ. დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო.

- რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, უკეთესი არც არასდროს შემხვედრია, - კვერი დამიკრა პაატამ და მძიმედ ამოიხვნეშა.

- მაგრამ ანდრო სხვა შეხედულებისაა მასზე, - გაღიმება ვცადე.

- მინდა, გულახდილი ვიყო შენთან, - მოულოდნელად დაიწყო და ხელის ზურგზე ხელი გადამისვა, - ჩემმა შვილმა სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა, როცა გაიგო, რომ ქალი, რომელსაც ხვდებოდა, მისგან ორსულად იყო და ცოლად უნდა შეერთო. ის ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მერე ისეთი საშინელებები მოხდა, გახსენებაც კი მშოკავს.

- მამა! - შეაწყვეტინა ანდრომ.

- მაცალე, ეს გოგო ახლა ჩვენი ოჯახის წევრია და უნდა იცოდეს, - მკაცრად შენიშნა პაატამ. მისმა ტონმა აიძულა ანდრო, ამდგარიყო და გასულიყო, არ უნდოდა, კიდევ ერთხელ მოესმინა ის, რაც უკვე გადაიტანა.

- ჰოდა, ვერა და ვერ მორიგდნენ, - გააგრძელა მამაკაცმა და მიმავალ შვილს თვალი გააყოლა, - ანდროს ცოლის მოყვანა არ უნდოდა, იმას კიდევ ანდროს დაკარგვა. რომ არაფერი გამოუვიდა, იცი, რა გააკეთა? აბორტი გაიკეთა და მოშორებული ნაყოფი ლამაზ ზარდახშაში ჩადებული გამოუგზავნა.

მეგონა, რაღაც სერიალს მიყვებოდა, მსგავსი არასდროს არაფერი გამეგონა. შეძრწუნებული მივაჩერდი, ფერი არ მედო სახეზე.

- აი, ხედავ, შენ როგორი რეაქცია გქონდა? აბა, ახლა ანდრო წარმოიდგინე შენს ადგილას? კინაღამ გაგიჟდა. ერთი თვე ფსიქოლოგთან დადიოდა, ისეთი სტრესი განიცადა. მას შემდეგ მის თვალში ყველა ქალმა ფასი დაკარგა.

გონება დამებინდა. პაატა კვლავ აგრძელებდა თხრობას, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მესმოდა. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც ვიღაცამ სველი ხელი მომისვა სახეზე და სილა გამაწნა.

თვალები გავახილე. მამა-შვილი თავზე დამდგომოდა და შეშინებული სახეებით დამჩერებოდნენ.

- კარგად ხარ? - ამოღერღა ანდრომ.

- ჰო, არა მიშავს, - ჩურჩულით ვთქვი და წამოჯდომა ვცადე.

- იწექი ცოტა ხანს, არ გაინძრე, - მამამისმა მაჯა დამიჭირა და პულსი შემიმოწმა, - მგონი, უკეთ ხარ. ძალიან კი შეგვაშინე.

არ ვიცი, ასე რამ შემზარა, იმ ქალის საქციელმა თუ ანდროს მდგომარეობამ… ალბათ ორივემ ერთად. ნუთუ ქალს შეუძლია, ასე მოიქცეს? რამ აფიქრებინა, მსგავსი ქმედებით ეძია შური?

თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი ჩემს რჩეულ მამაკაცს, თითქოს ვეუბნებოდი, ჩემი ნუ შეგეშინდება, ასე არასდროს მოგექცევი-მეთქი.

- თუ შეიძლება, ავდგები, ნამდვილად არ ვარ ცუდად, - ვთქვი და პაატას გავუწოდე ხელი, რათა წამოდგომაში მომხმარებოდა.

მამაკაცები სავარძლებში ჩასხდნენ, მე კი ტახტზე დავრჩი.

- თქვენ დედაზე ჰყვებოდით, - მინდოდა, როგორმე გამეფანტა შექმნილი უხერხულობა და გავიღიმე.

- სიმართლე გითხრა, ახლა ვნანობ, ანდროს თამრიკოზე რომ მოვუყევი. მას დედამისი ძალიან უყვარდა და ეს ისტორია ისე ვერ მიიღო, როგორც საჭირო იყო. დაასკვნა, რომ არ მოვექეცი სამართლიანად ჩემს მეუღლეს. არადა, ეს მართალი არ არის. მე დედაშენი ახალგაზრდობაში მიყვარდა. ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. ჩემი ცოლი კი მთელი ცხოვრება მიყვარდა. მან შვილი მაჩუქა. მინდოდა, ეს ამეხსნა ანდროსთვის, მაგრამ არ მომისმინა, რადგან შექმნილმა ვითარებამ ერთობ ცინიკური შეხედულება ჩამოუყალიბა ქალებზე.

- ანუ, თქვენ არ თვლით, რომ დედამ მამა სიმდიდრის გამო აირჩია?

- თამრიკო არ იყო მერკანტილური ადამიანი. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მან თავისი საქციელით იმედი არ გამიცრუა, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო და არასდროს დამიშვია, რომ ფულის გამო მოიქცა ასე. მას სხვა შეუყვარდა. ასეთები ხდება. როცა ვაანალიზებ სიტუაციას, ვხვდები, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ისინი ერთმანეთს გავაცანი. ალბათ თავადაც განიცდიდნენ მერე ამას.

თითქოს ლოდი გადამიგორეს მკერდიდან. როგორ მომეშვა!

- იმედია, ანდრო ოდესმე მიხვდება ამას, - მეოცნებე ხმით ამოვთქვი.

- ანდრო ოდესმე ბევრ სხვა რამესაც მიხვდება, - თვალი ჩამიკრა ბატონმა პაატამ, მხარზე მომითათუნა ხელი და აივნიდან ჩავიდა.

მე და ანდრო კვალავ მარტო დავრჩით…

- ჩემი ხომ არ გეშინია? - მცირეოდენი პაუზის შემდეგ ხმადაბლა მკითხა ანდრომ.

- არა, რა თქმა უნდა, - შევეცადე, დამაჯერებელი პასუხი გამეცა.

- მიხარია ამის მოსმენა, - ღრმად ამოისუნთქა, თითქოს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას ცდილობსო, - რა საოცარი ჰაერია აქ, ვაკის პარკიდან მონაქროლი, თანაც ეს სურნელი… ყვავილების, ბალახის, მინდვრის, ცის - ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული. ძალიან პოეტური ხომ არ ვჩანვარ? - გულიანად გაიცინა და თავი ჩემკენ მოაბრუნა.

ჟრუანტელმა დამიარა. ჯადოსნური ღამე, ლამაზი ხედი, სასიამოვნო სურნელი და შესანიშნავი მამაკაცი - ამ ყველაფრისგან თავბრუ მესხმოდა.

- ძალიან ლამაზი ხარ, - წაიჩურჩულა მან, ჩემი თითები ხელისგულში მოიმწყვდია და ვნებიანად მომიჭირა, - ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით ამოვიგდე თავიდან შენზე ფიქრი.

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ქალების მთელი არმიით ხარ გარშემორტყმული? - ჩავიფხუკუნე, - ძნელი დასაჯერებელია.

როგორმე უნდა შემენარჩუნებინა გულგრილი ტონი, სხვანაირად მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ამ ცდუნებას ვერაფრით გავუმკლავდებოდი.

- მეც ეგ მიკვირს, გგონია, ჩემთვის ადვილი დასაჯერებელია? მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. - ანდრო ისეთი სერიოზულობით ამბობდა ამას, როგორც არასდროს, რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, - ამას წინათ ერთი დავპატიჟე რესტორანში, ლამაზი ქალი იყო, ძალიან ლამაზი. ვუყურებდი მას და ვხვდებოდი, რომ ვიყენებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენზე არ მეფიქრა. უნდა ვაღიარო, სინდისის ქენჯნაც კი ვიგრძენი.

არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

- იცი რა, ანდრო?

- ვიცი, ვიცი. მე და შენ სხვადასხვა გემოვნების და შეხედულების ადამიანები ვართ. ამის თქმა გინდა, არა? მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ აი, ახლა, ამწუთას, მე შენთან მინდა… შენთან, მხოლოდ შენთან და სხვასთან არავისთან. არ მითხრა, რომ იმავეს არ გრძნობ. დარწმუნებული ვარ, შენც ისევე გიდუღს ახლა სისხლი ძარღვებში, როგორც მე.

მინდოდა, თავი გამექნია უარის ნიშნად, მაგრამ მან უფრო მაგრად ჩაბღუჯა ჩემი თითები და ხმა ჩამიწყდა - მივხვდი, როგორ იყო აღგზნებული. ამან შოკში ჩამაგდო.

- მე და შენ ორივენი თავისუფალი ვართ, კატო. ხომ მითხარი, არავინ მიყვარსო. არც მე. რატომ არ უნდა ვასიამოვნოთ ერთმანეთს, რა გვიშლის ხელს? მით უმეტეს, როცა ორივეს გვინდა ეს. ა?

პირი გავაღე, რათა ამეხსნა მისთვის, რომ უარის სათქმელად უამრავი მიზეზი მქონდა, მაგრამ ვინ დამაცალა? მოულოდნელად ხელი მომხვია და ტუჩებზე დამაცხრა.

- იცი, რა მემართება, როცა შენ გკოცნი? - სუნთქვააჩქარებული მეჩურჩულებოდა, - ხვდები? სიგიჟეს განვიცდი. ღამეები არ მძინავს. ეს რა მიქენი, გოგო!

მან ცალი ხელით ჩემი წელი ჩაბღუჯა, მეორე კი მკერდზე დამადო. აი, მაშინ კი ავიმაღლე ხმა.

- ანდრო! - ამოვიხრიალე.

მინდოდა, ცივი, ძლიერი და უკარება ქალის შთაბეჭდილება დამეტოვებინა, ამ დროს პირიქით ხდებოდა, რაც უფრო ილტვოდა ჩემკენ, მით უფრო ვდნებოდი და დამყოლი ვხდებოდი. რა ძნელია, ამისთანა მამაკაცს ურთიერთობაზე უარი უთხრა. სიამოვნებისგან გული მიმდიოდა - ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, რა მოსდიოდა მამაკაცს ჩემ გამო - უჭირდა მოზღვავებული ვნების დამალვა. ეს კი მაშინებდა.

ალბათ, სასაცილოა, არა? არასდროს არავისთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. არ მახსოვს, ვინმე ისე მომწონებოდა, რომ ღამეები მასზე მეფიქრა. სულ ორჯერ ვცადე ცხოვრებაში ბიჭთან დაახლოება, ვაკოცნინე კიდევაც, მაგრამ ორივეჯერ სანანებელი გამიხდა, რადგან მომდევნო დღეებში, გამახსენდებოდა თუ არა მათი კოცნა, გული მერეოდა, ისე ვნანობდი. არ ვიცი, იქნებ სულაც არ ვარ ტემპერამენტიანი? იქნებ ფრიგიდული უფრო ვარ? მაშინ ახლა რა მემართება? იქნებ მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჩემში მხოლოდ ახლა იღვიძებს ქალი?

მოზღვავებული ვნებისა და შეუცნობელი შიშისგან ვკანკალებდი, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ანდროსაც უცახცახებდა მკლავები, რომელსაც ნელა დაასრიალებდა ჩემს სხეულზე.

- ხედავ? ოდნავი შეხება და ორივე ერთად ყოფნის სურვილით ვინთებით. წარმოიდგინე, რა იქნება, როცა მე და შენ…

- შეწყვიტე! არ მინდა შენთან, ტყუილად ნუ იიმედებ თავს.

- არ მჯერა შენი. საკუთარი სხეული გყიდის. ხედავ, რა დღეში ხარ? უარყოფას აზრი არა აქვს.

თავი ავწიე და დაჟინებით ჩავაცქერდი თვალებში. რა საშინელება იყო! მისი თვალები ადამიანისას არ ჰგავდა, მზერა ისე დაბინდვოდა, გეგონებოდათ, უგონოდაა მთვრალიო.

- არ გამოვრიცხავ, რომ კარგი სექსი გვქონდეს, - თავს ძალა დავატანე, რომ ეს სიტყვა მოურიდებლად მეხსენებინა, - მაგრამ მე რაღაც უფრო მეტი მინდა. რა ვქნა, შენნაირი არ ვარ. მინდა, გავთხოვდე, შვილები მყავდეს, ოჯახზე ვიზრუნო. უბრალოდ სექსი არ მინდა, როგორც შენ. ამაზე ერთხელ ხომ ვილაპარაკეთ? მე ბევრად მეტი მინდა!

- მერედა, ვინ დაგიშლის? გათხოვდი, როცა მოგინდება. მე ხელს არ შეგიშლი, მაგრამ იქამდე ვიყოთ ერთად, არ შეიძლება? როცა ოჯახის შექმნა მოგინდება, მითხარი და გაგიშვებ, პრობლემებს არ შეგიქმნი, ახლა კი უარის თქმას აზრი არა აქვს.

როგორ იქცევიან ასეთ დროს ქალები? ვგრძნობდი, რომ შეყვარებული ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, მასთან ურთიერთობა ძალიან მინდოდა, მაგრამ მისი მცირეხნიანი ინტრიგები არ მხიბლავდა. «ეს თვითმკვლელობა იქნება, კატო!» - ვმოძღვრავდი ჩემს თავს გულში.

არა, არ ვიყავი მზად, მისი გავმხდარიყავი. წამით მთელმა მომავალმა თვალწინ გამირბინა. წარმოვიდგინე, რამხელა დარტყმა იქნებოდა, როცა მიმატოვებდა, ამის გადატანა გამიძნელდებოდა.

- მე არ ვარ ის ქალი, რომელიც შენ გჭირდება, - სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი, რათა ჩემი ჭირვეული უარით უარესად არ გამეხელებინა.

- შენ სრულყოფილება ხარ, კატო. სწორედ ისეთი მჭირდები, როგორიც ხარ.

მან ხელი შემიშვა და თითები თმაში შემიცურა. თვალები დავხარე და სევდიანად ჩავიღიმე. ჩვენ სრულიად სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. ის ვერასდროს გაიგებს, რომ ჩემთვის ურთიერთობაში სხვა რამე უფრო ღირებულია, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე. სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს.

- რომელი სრულყოფილება მე მნახე! - მტკიცე ხმით გავაპროტესტე, - მე უკეთ ვიცნობ ჩემს თავს, ვიდრე შენ, ანდრო. ვიცი, როგორიც ვარ და რაც მინდა. ამიტომ მაპატიე.

- ვერ გავიგე, ჩვენ რა, ბიზნესს განვიხილავთ? ერთმანეთზე ვსაუბრობთ - შენზე და ჩემზე! - ნერვიულად აუმოძრავდა თვალები და მზერა ბრაზიანად აენთო.

თავი დავუქნიე.

- ვიცი, მაგრამ შენ უკანასკნელ წვრილმანამდე ჩამოთვალე ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ქალს ირჩევ და ის მოთხოვნები, რასაც მათ უყენებ, საწოლის კიდესთან იწყება და მთავრდება. წარმომიდგენია, როგორ ხედავ ჩვენი ურთიერთობის განვითარებას, - მწარედ ჩავიცინე, - ასე არ არის? - შევხედე, მაგრამ რადგან ხმას არ იღებდა, გავაგრძელე, - მადლობელი ვარ, რომ გულწრფელი ხარ, გულწრფელობა საქმეში ისეთი იშვიათობაა დღევანდელობაში…

- გამაგიჟებს ეს გოგო! რა შუაშია საქმე? რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე? საუბარი ჩვენს ურთიერთობაზე მიდის, ჩვენს პირად ურთიერთობაზე და არა იმაზე, როგორ განვავითარებთ ბიზნესს. შენც ხომ იცი, რომ მოგწონვარ, მოიწევ ჩემკენ. იმასაც ხომ გრძნობ, რომ განსაკუთრებული ხიბლით ვარ დაჯილდოებული?

- შენი ხიბლი ნამდვილი არ არის. ის მხოლოდ წამიერი იმპროვიზაციაა. რაც შეეხება შენს ცხოვრებას, იგი მთლიანად ბიზნესია, ყველა სფეროში - შენი სამუშაო, შენი პირადი სამყარო. ყველა ამ სფეროს ერთი და იმავე პრინციპებით მართავ. კარტი მაგიდაზე, ლოგიკური სვლები, არანაირი ემოცია - ნათლად და გამოკვეთილად. ყველაფერი შენს კონტროლს ექვემდებარება, თავად კი არავისზე და არაფერზე ხარ დამოკიდებული.

- ეს სრული ბოდვაა, სისულელე და მეტი არაფერი!

- რატომ, რატომ? იმიტომ, რომ შენი წინადადების მიღება არ შემიძლია? - თავი გავაქნიე, - მაპატიე! მე არ მესმის შენი სამყარო, რადგან არ ვეკუთვნი მას. მირჩევნია, ისეთ ვინმეს შევხვდე ცხოვრებაში, ვინც იმედებს გამიცრუებს. დაე, უიღბლოდ გავთხოვდე. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები, ვიცხოვრო და შევიგრძნო, მაგრამ არ ჩავიკლა ჩემი ემოციები შიშის გამო.

- შიშის? - ხელი საბოლოოდ შემიშვა და აწრიალდა, - გგონია, გართულებების მეშინია და ამიტომ ვარიდებ თავს დაქორწინებას? მეცინება! ჩემი აზრით, დაოჯახება ერთობ უცნაური ინსტიტუტია, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს. სიყვარული, თუკი მართლა არსებობს იმ სახით, როგორც შენ წარმოგიდგენია, არასდროს გრძელდება მარადიულად. ხოლო, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ბევრი რამ მოეთხოვება, ბევრ რამეს უნდა გაუწიონ ანგარიში და ძალისხმევა გამოიჩინონ, რათა ოჯახი შეინარჩუნონ. ეს სიცოცხლისთვის მავნებელია, ჯანმრთელობისთვისაც. ეს დამღუპველია!

მოულოდნელად ანდრო გაჩუმდა და როცა მის სახეს შევხედე, აშკარად შეეტყო, რომ საკუთარი მონოლოგით უკმაყოფილო იყო, ზედმეტი წამოსცდა.

- ალბათ, მეასეჯერ მიწევს იმის გამეორება, რომ ჩვენ სხვადასხვა წრიდან ვართ და სხვადასხვა რამ გვინდა ცხოვრებისგან მივიღოთ. ნუ მოვაჩვენებთ თავს ერთმანეთს, რომ თითქოს რაღაცის შეცვლა შეგვიძლია. რაც უნდა მიმტკიცო და მითხრა, მოდი, დავიწყოთ და მოგვიანებით დავქორწინდეთო, არ დაგიჯერებ, ეს შენც კარგად იცი. ამწუთას ჩვენ მხოლოდ ვტანჯავთ ერთმანეთს. შეიძლება მოგწონვარ, ეს არ არის ძნელი დასაჯერებელი, მაგრამ მოწონება სიყვარული არ არის. როცა უყვართ, წინასწარ არასდროს გეგმავენ, როგორ უნდა იურთიერთონ, რა არის მიღებული და რა აკრძალული. ამაზე მეტად არ ვილაპარაკოთ, - ვთქვი და ავდექი.

მუხლები მეკეცებოდა. ცრემლები რომ არ წამსკდომოდა, სასწრაფოდ გავედი სამზარეულოში. მეგონა, უკან გამომყვებოდა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მისი მანქანის ხმა გავიგონე. წავიდა… მას სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან. თვალები დავხუჭე. მინდოდა, უკან დავბრუნებულიყავი, წარსულში, როცა მშობლები ცოცხალი მყავდა და როცა ანდროს საერთოდ არ ვიცნობდი. მაშინ ბედნიერი ვიყავი და, რაც მთავარია, სიმარტოვეს არ განვიცდიდი. ახლა ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა. ვარ მარტო და მეშინია. მეშინია ყველაფრის, ყველაზე მეტად კი ხვალინდელი დღის. როგორ მინდა, მჯეროდეს იმ ადამიანების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიყვარული უეცრად არ მოდის. მაშინ მეცოდინება, რომ ჯერ კიდევ არ ვარ ანდროზე შეყვარებული. რომ მის მიმართ გაჩენილი გრძნობა მხოლოდ ლტოლვაა, რომელიც მალევე განელდება, თორემ, თუ საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში, ღმერთმა იცის, რა სისულელეს ჩავიდენ. შეყვარებული ადამიანი ხომ ყველაფერზეა წამსვლელი.

მას შემდეგ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. ბაზარში სავაჭრო ფულს მძღოლს ატანდა. გული დამიმძიმდა, ისე გამიფუჭდა ხასიათი, ყველაფერზე ვბუზღუნებდი. საკმარისი იყო, რამე ისე ვერ ყოფილიყო, ცრემლები მადგებოდა და ტირილი მინდებოდა. «როგორ დამიკიდა!» - ვბრაზობდი ჩემთვის, - «ნუთუ საქმიანი ურთიერთობაც აღარ სურს ჩემთან? სანამდე უნდა დაიმალოს? არა უშავს», - ბოლოს მაინც თავს ვიმშვიდებდი, - «თუ მოვწონვარ, აუცილებლად გამოჩნდება. ერთხელაც გაუნელდება გაბრაზება და გამოჩნდება».

სამაგიეროდ, მამამისი მოდიოდა ხშირად. ის, ძირითადად, თავის ცხოვრებაზე ჰყვებოდა, თავის განვლილ დღეებზე, იშვიათად თუ ახსენებდა შვილს. ნუთუ მოილაპარაკეს? რა უნდათ, ჩემი ინტერესი გააღვივონ? პრინციპულად არც მე ვეკითხებოდი ანდროზე არაფერს, ერთხელაც არ დავინტერესებულვარ მისი გაუჩინარებით. თუ გაჯიუტებაა, გაჯიუტება იყოს. ვნახოთ, ვინ უფრო ადრე გატყდება.

ეს დღეც დადგა. კარგა ხნის გათენებული იყო, მუშებმა ისაუზმეს, მე ჭურჭელს ვრეცხავდი, რომ ვიღაცამ გაღებულ კარზე მომიკაკუნა. კაკუნი იმდენად ენერგიული იყო, მივხვდი, ვინც იქნებოდა. შევკრთი, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე, შემოვბრუნდი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისი გამოჩენა მოულოდნელი სულაც არ ყოფილა ჩემთვის.

- როგორ გეძინა? - იმის მაგივრად, მომსალმებოდა, შემეკითხა.

- არა უშავდა რა, - გავიხუმრე, - შენ?

მხრები აიჩეჩა.

- თვალი ვერ მოვხუჭე მთელი ღამე.

ვერაფერი ვთქვი, ამიტომ შევბრუნდი და საქმე გავაგრძელე. ცოტა არ იყოს, დამაფიქრა მისი სახის დაძაბულმა გამომეტყველებამ. აშკარად რაღაც მოხდა, თორემ ასეთ დღეში არ იქნებოდა.

- უნდა ვილაპარაკოთ, - წარმოთქვა და მომიახლოვდა.

ზურგი ამეწვა, იმდენად მოქმედებდა ჩემზე მისი სიახლოვე.

- უნალექო ყავას დალევ? - სიტყვა ბანზე ავუგდე და ელექტროყავადანის ღილაკს თითი მივაჭირე.

- ვერ გაიგონე, რა გითხარი?

- ჩვენ უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ!

- ვილაპარაკეთ, მაგრამ არა საკმარისად. საინტერესო საკითხები დავძარით მხოლოდ. ძველი ჭრილობები ავიტკიეთ, თუმცა შეიძლება ეს უკეთესობისკენაც მიგვანიშნებდეს. ჭრილობებს მოშუშება უნდა. სწორედ ამის დამსახურებაა ჩემი უძილო ღამეც.

ამასობაში ყავადანის ღილაკმა ტკაცანი გაადინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წყალი ადუღდა. არც შემიმოწმებია, რამდენი ესხა, ისე ავადუღე, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ერთი ფინჯანი მაინც გამოვიდოდა. სასწრაფოდ გავამზადე ორი ფინჯანი და ცხელი წყალი დავასხი. ერთი ფინჯანი გამოვიდა, მეორე კი მხოლოდ ნახევრამდე აივსო. ყავადანში წყალი ჩავამატე და ხელახლა ჩავრთე.

ახლა ძალების მოკრება მჭირდებოდა. ვხედავდი, როგორ მიცახცახებდა თითები. დროებით მათ იღლიების ქვეშ მივუჩინე ადგილი, რომ ანდროს არაფერი შეემჩნია.

- იმ საღამოს შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრე. რაღაცები ავწონ-დავწონე, გადავაფასე… ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა შენთვის შემეთავაზებინა.

- შეგეთავაზებინა? - გაოგნებული მოვტრიალდი.

ანდრომ თავი სასაცილოდ დააკანტურა.

- ჰო და ამაში ეს დღეები დამეხმარა, განსაკუთრებით, ღამეები. შეიძლება რაღაც გკითხო? - უფრო მომიახლოვდა და ხელი გამომიშვირა ფინჯანი ყავის ჩამოსართმევად.

მექანიკურად გავუწოდე ლამბაქზე დადებული ფინჯანი და გამომცდელად მივაჩერდი. გულმა ბაგაბუგს უმატა. თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუქნიე თავი, რადგან არაფრის წარმოთქმის თავი არ მქონდა.

- შენ მეუბნებოდი, მე და შენ სხვადასხვანაირები ვართო. ნაწილობრივ გეთანხმები. ისიც აღიარე, რომ ერთად სულაც არ ვიქნებოდით ცუდადო… ფიზიკურ სიახლოვეს ვგულისხმობ… მაგრამ…

- რა მაგრამ? - ვერ მოვითმინე.

- არ გინდა, უფრო ახლოს გამიცნო?

ნერვიულად შემოვუჭირე თითები იღლიებს, რადგან არა მარტო თითები, სხეულიც კი ამიცახცახდა.

- ვერ ვხვდები, რა გინდა, - ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, - ხომ მითხარი, ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარო? შენთვის ძვირფასია შენი თავისუფლება და მოვალეობები არაფერში გჭირდება. რა თავში იხლი ოჯახს და სიყვარულს, რაში უნდა გამოიყენო? ქალებთან მშვენივრად აგვარებ ურთიერთობას მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებებით, გრძნობები არაფერ შუაშია. შენთვის უცხოა სიყვარული. ასე არ მითხარი?

- გითხარი, მაგრამ მოგატყუე. შეუცნობლად გამომივიდა, არც კი დავფიქრებულვარ, რას გელაპარაკებოდი. მერე და მერე, როცა გავაანალიზე, ზუსტად მივხვდი, რაც მჭირდება. მაგრამ შენ მაინც არ მიპასუხე კითხვაზე. თანახმა ხარ, უკეთ გამიცნო?

- და რას მთავაზობ ამისთვის? - ამრეზით ავწიე ცალი წარბი.

- რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ ერთად. - მოკლედ ჩამოაყალიბა.

შევყოყმანდი. დაფიქრებას ვერ ვასწრებდი, რას მომიტანდა მასთან მეტი დროის გატარება. ის კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა და პასუხს ელოდა. საითაც უნდა გამეხედა, იქით გადმოიხრებოდა და თვალებით ჩემს თვალებს ეძებდა.

ღიმილი ვერ შევიკავე. რა თქმა უნდა, მინდოდა გამუდმებით მის გვერდით ვყოფილიყავი, ამაზე ბევრჯერ მიოცნებია, მაგრამ არ მინდოდა, თავი გამეცა.

გაგრძელება იქნება