ასე გაგრძელება შეუძლებელია! არავითარი სიახლოვე, არავითარი სითბოს გამომჟღავნება! ეს კარგს არაფერს მიქადის. ანდროსთან მხოლოდ საქმემ უნდა დამაკავშიროს! მაინც არაფერი გამოვა და ტყუილად თავს დავიმცირებ, - ვფიქრობდი მასთან განშორების შემდეგ. რასაც ის მთავაზობდა, სრულიად მიუღებელი იყო ჩემთვის. ეგღა მაკლია, ჩემს ნაცნობებს და ახლობლებს აუგი ვალაპარაკო და ვაჭორაო იმაზე, როგორ გავიჩინე მდიდარი საყვარელი ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. არავითარ შემთხვევაში! მე ისეთმა ადამიანებმა გამზარდეს და ისე, რომ მათ ხსოვნას ლაფში არ ამოვსვრი, მორჩა და გათავდა!
მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ზედმეტად მომხიბვლელია? და რომ ასეთი უცნაური ლტოლვა მამოძრავებს მის მიმართ? რა ვუყო იმ შეგრძნებებს, მის დანახვაზე რომ მემართება? სხვა ალტერნატივა მაინც არსებობდეს! ვინმე მაინც იყოს ისეთი, რომ ანდროზე ყურადღება მოვადუნო და სხვაზე გადავიტანო! გული მიგრძნობს, ძალიან გამიჭირდება ჩემი თავის მოთოკვა, თან ჩემი ნებისყოფის პატრონს!
ანდრო ორი დღე არც გამოჩენილა, არც შემხმიანებია. ცოტათი დავწყნარდი. ყველაზე მეტად სასაფლაოზე გასვლა მშველოდა, დავჯდებოდი მშობლების საფლავებთან და მათ ვეჩურჩულებოდი, ვუყვებოდი, რაც მემართებოდა და შველას ვთხოვდი.
ანდრომ მესამე დღეს დამირეკა. როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ხომ ჩემი დამემართა, მაგრამ მისი ხმის გაგონებაზე უარეს დღეში ჩავვარდი, ხმა ვეღარ დავიმორჩილე ნერვიულობისგან.
- როგორ ხარ, კატო? - შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ძალიან ვნებიანი მეჩვენა მისი ხმა.
- კარგად, თავად? - რაც შეიძლებოდა, ნეიტრალური პოზიცია დავიკავე და ისე მოვიკითხე, როგორც კარგი ნაცნობი.
- მეც კარგად. ხომ არ მოიწყინე?
ალმურმა გადამიარა სახეზე.
- ამის გასაგებად დარეკე? - ხმა გავიმკაცრე.
- არა, ეს, უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე, - ყურმილში სიცილის ხმა გაისმა, - დარეკვით კი იმიტომ დავრეკე, რომ ჩემთან გეპატიჟები, სახლში.
- შენთან? - გაოცებულმა პირი დავაღე, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის, - რასთან დაკავშირებით?
- უმარტივეს მიზეზთან დაკავშირებით… მამაჩემს უნდა შენი გაცნობა. შენ მისაღებად სპეციალურ ვახშამს მართავს დღეს საღამოს. ასე თქვა, საინტერესო იქნება მისი ქალიშვილის გაცნობაო. დედაშენი იგულისხმა.
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მამამისი ასეთ ოფიციალურ სახეს თუ მისცემდა ჩემი გაცნობის პროცედურას.
- მე… მე… - ენა დამება, - არ ვიცი, როგორ გითხრა… ვახშმის გარეშეც მოვიდოდი, ან კი რა საჭიროა?
- როგორ თუ რა საჭიროა! თქვენ დროის უმეტესი ნაწილი ერთად უნდა გაატაროთ, ერთი საქმე უნდა აკეთოთ და ერთმანეთს არ უნდა იცნობდეთ?
აი, ეგ კი დამავიწყდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- ერთი სიტყვით, საღამოს, შვიდისკენ გაემზადე, გამოგივლი.
- არა! - ისეთი ხმით ვიყვირე, თითქოს ვინმე მოტაცებას მიპირებდა, ერთდროულად შიშიც გამოსჭვიოდა ჩემს ხმაში და სასოწარკვეთაც, - მე თვითონ მოვალ, მისამართი მიკარნახე მხოლოდ.
- რატომ, მე რომ გამოვიდე, რამე დაშავდება? ხომ არ გეშინია ჩემი?
- მე თვითონ გამოვალ! - მთელი სიმკაცრით გავიმეორე, - მიკარნახე მისამართი!
ანდროსაც სხვა რა დარჩენოდა, ისეთი ხმა მქონდა, მკვდარსაც კი შეაკრთობდა, ამიტომ უკმაყოფილო ხმით ჩამაწერინა მისამართი და ისე გამითიშა, არც დამემშვიდობა.
კარი თავაზიანი ღიმილით გამიღო ხანში შესულმა ქალმა, რომელსაც ძლიერი მეგრული აქცენტი ჰქონდა. იგი სასტუმრო ოთახში შემიძღვა, სადაც ანდრო და მამამისი მელოდებოდნენ.
- აი, თურმე როგორი ყოფილხარ, - თავი დააკანტურა მამაკაცმა, როცა ანდრომ ჩემი თავი წარუდგინა და ხელი ძლიერად ჩამომართვა, შემდეგ კი მკერდზე მიმიკრა, - სხვათა შორის, სწორედ ასეთი წარმომედგინე. ძალიან ჰგავხარ იმ ქალს, რომელსაც ერთ დროს ვაღმერთებდი. თამრიკოსაც შენსავით ღია ფერის თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. არც გოგი იყო ცუდი კაცი, უბრალოდ… - მან ხელები გაშალა, მაგრამ მამაჩემის დახასიათება აღარ გააგრძელა, - მოდით, დავსხდეთ, სანამ სუფრასთან დაგვიძახებს ქალბატონი ნანი. - ამ სიტყვებით მან კუთხეში მდგარი სავარძლისკენ მიმითითა, სადაც სამ ადამიანზე ტკბილი სუფრა იყო გაშლილი. თვალში მომხვდა ძვირფასი ყავის სერვიზი, ზუსტად ისეთი, როგორზეც დედაჩემი მთელი ცხოვრება ოცნებობდა და რომელიც ვერასდროს შეიძინა. ამის გახსენებამ გული დამითუთქა. საწყალი დედა! ვინ იცის, ამ პაატას რომ გაჰყოლოდა ცოლად, უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა… მაგრამ მაშინ ალბათ, მე ვერ გავჩნდებოდი. იქნებ ასეც ჯობდა? რისთვის დავიბადე? რა აზრი ჰქონდა ჩემ ამქვეყნად მოვლენას? რა მოვუტანე კარგი ან ქვეყანას, ან ნაცნობ-მეგობრებს? გულაჩუყებულს ტირილი მომინდა.
ანდრო ჩემ პირდაპირ დაჯდა. მთელი ძალისხმევით ვცდილობდი, ბუნებრივად დამეჭირა თავი და მისთვის გულგრილად შემეხედა, მაგრამ ძალიან უნიჭოდ გამომდიოდა. შევეცადე, მთელი ყურადღება მამამისზე გადამეტანა. იგი, მიუხედავად ავადმყოფობისა, მშვენივრად გამოიყურებოდა. ისიც ისეთივე სიმპათიური იყო, როგორც ანდრო. მამა-შვილს ზუსტად ერთნაირი თვალები ჰქონდა, ერთნაირი ღიმილი და მომნუსხველი გამოხედვა. სამაგიეროდ, ბატონი პაატა უფრო თბილი და მხიარული მეჩვენა, ვიდრე მეგონა. რატომღაც, პირქუშ და უხასიათო ადამიანს ველოდი.
რამდენჯერმე მაინც გამექცა თვალი ანდროსკენ, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ პირი გამიშრა და ხელები ამიკანკალდა. დაბნეული და დაძაბული ვიჯექი. რას მიშვრება ეს კაცი, რა დღეში მაგდებს? ნუთუ არ შემიძლია თავის ხელში აყვანა? - ვტუქსავდი ჩემს თავს და ვცდილობდი, ოდნავ მაინც მოვშვებულიყავი.
ყავა დავლიეთ და სასადილო ოთახში გადავინაცვლეთ. როგორც პაატამ თქვა, სურდა, შინაურულ ატმოსფეროში მეგრძნო თავი. ამიტომაც არ გააშლევინა სუფრა სასტუმრო ოთახში.
მაგიდა სავსე იყო სურსათ-სანოვაგით. სუფრას, რომ იტყვიან, ჩიტის რძეც არ აკლდა. რას ნიშნავდა ეს? სიმდიდრის დემონსტრირებას თუ სტუმრის გულწრფელად დაფასებას? ამას არავინ მეტყოდა, ამიტომ ფიქრიც კი არ ღირდა ამაზე.
შვება ვიგრძენი, როცა მამა-შვილმა საუბარი გააბა. ისინი ისე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, თითქოს მე არც ვარსებობდი. ამან დამამშვიდა. მხოლოდ ყურს ვუგდებდი და მორიდებული ღიმილით ხან ერთს გადავხედავდი, ხან მეორეს.
შემდეგ პაატა მე მომიბრუნდა და თავისი ახალგაზრდობის გახსენება დაიწყო. მიყვებოდა, როგორ მეგობრობდა ჩემს მშობლებთან, როგორ ატარებდნენ დროს ერთად და რა ტკბილ-მწარე იყო მისთვის წარსულის ეს მოგონებები. ერთი ძვირი არ დასცდენია მამაჩემზე. პირიქით, უცხოს რომ მოესმინა, იფიქრებდა, თავის საუკეთესო მეგობარზე ლაპარაკობსო.
მომწონდა მამა-შვილის ურთიერთობა. იმხელა პატივისცემა გამოსჭვიოდა მათი ერთმანეთთან დამოკიდებულებიდან, შემშურდა კიდევაც. აშკარა იყო, ერთმანეთისგან დამალული არაფერი ჰქონდათ. წარმოვიდგინე, როგორ უყვებოდა ერთი მეორეს თავის სასიყვარულო თავგადასავალს. ამით პაატა განსხვავდებოდა ჩემი მშობლებისგან. არც დედას და არც მამას არასდროს უხსენებიათ თავიანთი წარსული და სასიყვარულო გატაცებები. არ ვიცი, ეს შემთხვევით მოხდა თუ გამიზნულად, მაგრამ ასე იყო. სწორედ ამიტომ არაფერი ვიცოდი დედას პირველი სიყვარულის შესახებ, რომელიც ანდროს მამასთან აკავშირებდა.
თანდათან მოვეშვი, გავმხიარულდი და სითამამეც შემემატა. ეს ანდროს მამის დამსახურება იყო, რომელიც, ჩემდა სასიხარულოდ, საოცრად მეგობრული და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. მასთან ურთიერთობა ადვილი ჩანდა. ანდროც თავაზიანად მექცეოდა, მაგრამ უფრო საქმიანი იერი ეჭირა, რაც მაწყობდა კიდევაც. ასეთ ანდროსთან თავისუფლად შემეძლო ურთიერთობა, მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ ინტიმური ტონით მოემართა, მაშინვე შემიტოკდებოდა გული და თრთოლვა მიპყრობდა.
ვახშმის დასასრულს პაატამ სახლზე ჩამოაგდო საუბარი. ბევრი არ ულაპარაკია, თავისი გეგმები გამაცნო და ბოლოს შვილს მიუბრუნდა შემდეგი ტექსტით:
- რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს სახლის რეკონსტრუქცია. დრო ფულია, რომელიც არ უნდა დავკარგოთ.
გამეღიმა. დარწმუნებით შემეძლო თქმა, რომ ეს მისი საყვარელი ფრაზა იყო, რომელსაც საქმიანად იყენებდა ცხოვრებაში…
ამასობაში შეღამდა და ჩემი შინ წასვლის დროც დადგა. ვიცოდი, სახლში აუცილებლად ანდრო წამიყვანდა, ამიტომ თავის გამოდება არ დამიწყია, ტაქსის გამოვიძახებ-მეთქი.
თბილად დავემშვიდობე ჩემს მომავალ ბოსს, მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი მიღებისა და ვახშმისთვის, ეზოში გამოვედი და დაველოდე, ანდრო როდის გამოიყვანდა მანქანას ავტოფარეხიდან.
გრილოდა. ცას ავხედე. საავდრო ღრუბლები წვიმით იმუქრებოდნენ. ისეთი ცივი ქარი ქროდა, შემოდგომის მიწურულს რომ იცის თბილისში. შემცივდა, ხელები გადავიჯვარედინე და მკლავებზე შემოვიჭდე.
ანდრომ მანქანა ქუჩაში გაიყვანა და გადმოვიდა.
- შეგცივდა, არა? - ღიმილით მომმართა, ტილოს კრემისფერი პიჯაკი გაიხადა და მხრებზე სათუთად მომახურა.
- იყოს, არ მინდა, შენც არ შეგცივდეს, - უხერხულობისგან გავწითლდი. კიდევ იმისგან გავწითლდი, მხრებზე მისი თითები რომ შემეხო. ამასთან, თავბრუ დამეხვა, წამოქროლილმა ქარმა უფრო გააძლიერა მისი სხეულის სურნელი, რომელიც მის პიჯაკს ასდიოდა.
- ნუ მაცინებ, - ეშმაკურად აზიდა ცალი წარბი, - მე ცხელი სისხლი მაქვს, სიცივეს ვერასდროს ვგრძნობ.
- გაგიმართლა, - გავუღიმე და შევეცადე, ყურადღება არ მიმექცია მისი სექსუალური ქვეტექსტისთვის, - მე კი ყველაზე ცხელ ღამეებშიც კი მცივა ხანდახან. ძალიან მცივანა ვარ, ამიტომ გრძელი შალი ყოველთვის თან დამაქვს, აი! - და ჩანთიდან მწვანე თავშალი ამოვაძვრინე.
- გასათბობად უკეთესი საშუალებებიც არსებობს, - თავი ჩემკენ გადმოხარა და იდუმალი ხმით მიჩურჩულა.
ავირიე. ლამის თვალთ დამიბნელდა, როცა ეს მითხრა. ძლივს გადავდგი ნაბიჯი, რომ მანქანაში ისე ჩავმჯდარიყავი, ანდროს ჩემი შეცბუნება არ შეემჩნია…
მომდევნო კვირა ყველაზე მსუბუქი აღმოჩნდა. ჩემს ყოფილ სახლში მუშები გამოჩნდნენ, რომლებიც სახლის რეკონსტრუქციას შეუდგნენ. რადგან საქმე მოითხოვდა, მთელი დღე მათ გვერდით ვიყავი, რათა სამუშაოებისთვის თვალი მედევნებინა. ამასთან, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ყველანაირად ვცდილობდი, დაკისრებული მოვალეობისთვის კარგად გამერთმია თავი. ერთი-ორჯერ ბატონი პაატაც მობრძანდა, რათა ჩვენთვის დაეხედა. მიხაროდა, როცა შემაქებდა და კმაყოფილი რჩებოდა ჩემი მონდომებით. თავს არ ვზოგავდი. დღე-ღამეში 4-5 საათი მეძინა. დილიდან მუშებისთვის სადილის მზადებას ვიწყებდი, ბაზარშიც კი მე დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. რა პრობლემა იყო? მძღოლი დამყვებოდა და პროდუქტის ყიდვას რაღა უნდოდა? წინასწარ ჩამოვწერდი ხოლმე, რაც გვჭირდებოდა, მერე კი, როცა ვივაჭრებდი, ფასებს გვერდით მივუწერდი და ანდროს ვანახვებდი. ის ამაზე სიცილით კვდებოდა, არც კი უყურებდა ჩემს ნაწერს, ყოველ საღამოს ტოვებდა ბაზრისთვის ფულს და არაფრად აგდებდა ჩემს შენიშვნას, ამდენი საჭირო არ არის-მეთქი.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანერვიულო არაფერი მქონდა, ერთის გარდა. საკმარისი იყო, თვალი მომეხუჭა, სიზმარში ეგრევე ანდრო გამომეცხადებოდა თავისი შავი თვალებით და გამჭოლი მზერით. მასზე ფიქრი ვერა და ვერ ამოვიგდე თავიდან. ვინ იცის, იქნებ იმიტომაც ვიყავი ამ დღეში, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასე სერიოზულად დავიწყე ფიქრი მამაკაცზე. ის ხომ ჯერჯერობით ერთადერთი იყო, რომელმაც ჩემს გულში შემოღწევა მოახერხა. თან მაშინებდა ამაზე ფიქრი, თან სიამოვნებას მგვრიდა, რომ ჩვენი ურთიერთობის სერიოზულ ფაზაში გადასვლა სულაც არ იყო აუხდენელი ოცნება.
ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემთან, ვახშმად რჩებოდა და ოჯახის წევრივით იქცეოდა. ამასობაში უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს.
- მამაშენს რა დაავადება აქვს? - ვკითხე ერთ საღამოს, ყავის სმას რომ მოვრჩით და აივანზე გავედით.
- ლეიკემია აქვს, - მოიღუშა, ამ თემაზე საუბარი ტკივილს აყენებდა.
- და ვინ უვლის?
- ის ქალი, იმ დღეს რომ იყო ჩვენთან, ნანი. ექთანია და ყველაფერი იცის, როდის რა სჭირდება მამას. ჩვენს საოჯახო საქმეებს ის უძღვება მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა.
შევხედე. სევდა ჩასდგომოდა თვალებში. მინდოდა თანამეგრძნო, მინდოდა, ხელი ჩამეკიდა მისთვის და მენუგეშებინა. მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. არადა, ვგრძნობდი, რასაც განიცდიდა და იმასაც ვგრძნობდი, როგორ სჭირდებოდა ასეთ წუთებში თანადგომა.
- მასზე ძვირფასი არავინ მყავს. თითქოს მივეჩვიე კიდეც, რომ მალე აღარ იქნება, მაგრამ მაინც მიმძიმს, - დახშული ხმით ამოთქვა და ისე ღრმად ამოიხვნეშა, სუნთქვა შემეკრა.
საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა იმის აღიარება, რომ ანდროზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. ამასთან, მისი გამოჩენა ჩემს სიზმრებში უფრო და უფრო ეროტიკულ ხასიათს იღებდა.
სწორედ ამ დროს თითებზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. გამაჟრჟოლა. ჩემდა უნებურად, თვალები მივლულე. არ მიცდია ხელის გაწევა და როცა მან თითები ვნებიანად მომიჭირა, დანისლული მზერით გავხედე. გვერდიგვერდ ვისხედით ტახტზე, ერთმანეთთან ახლოს, რის გამოც თითქოს ვგრძნობდი კიდევაც მისი სხეულის სიმხურვალეს. ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენებოდა.
ერთხანს გარინდულნი ვისხედით. შემდეგ ანდრომ უფრო ახლოს მოიჩოჩა ჩემთან, იმდენად ახლოს, რომ ჩვენ შორის თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა. მარჯვენა მხარე ერთიანად ამეწვა, თითქოს ცეცხლი წამეკიდა. მან მხარზე გადამხვია ხელი და თავი თავზე მომადო. უხმოდ, მაგრამ გაფაციცებული ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას. პაუზა კვლავ გაიწელა. ის გაურხევლად იჯდა, თითქოს ეშინოდა, ოდნავი მოძრაობა და ისტერიკას დავიმართებდი. მსგავსი არაფერი გამივლია გულში. პირიქით, სუნთქვაშეკრული და ათრთოლებული ველოდებოდი, როდის მაკოცებდა…
შემდეგი რამდენიმე წუთი მოგვიანებითაც ვერ აღვიდგინე მეხსიერებაში. მახსოვს მხოლოდ ის, რომ დარეტიანებულივით ვუშვერდი ტუჩებს და კოცნაზე კოცნით ვპასუხობდი.
ანდრო გათამამდა. რადგან წინააღმდეგობა არ გავუწიე, გააქტიურდა, ტახტზე გადამაწვინა და როცა ხელი ჩემს შიშველ ფეხს ააყოლა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი. უნებლიეთ ვკარი ხელი, ზეზე წამოვხტი და სამზარეულოსკენ გავქანდი. არა, არ მინდოდა მასთან ერთად ლოგინში აღმოვჩენილიყავი. ამის უფლებას ვერაფრით მივცემდი. თვალწინ მისი კმაყოფილი სახე მედგა, როცა პირველად მაკოცა. ის გამოხედვა არა და არ მავიწყდებოდა. ნუთუ ყველა მამაკაცი მხოლოდ ერთი რამის მისაღწევად ილტვის? ბოლომდე დაეუფლოს ქალს - ნუთუ ესაა მათი საბოლოო მიზანი? განა ისე არ შეიძლება ურთიერთობა? რა უბედურებაა ასე უცებ დატაკება და პირდაპირ «საქმეზე» გადასვლა?
გაგრძელება იქნება