ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს, რატი სამყურაშვილს იხსენებს - Marao

ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს, რატი სამყურაშვილს იხსენებს

2024-04-08 15:30:02+04:00

მწერალი ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს, რატი სამყურაშვილს იხსენებს და ვიდეოს აქვეყნებს: "მგონი, მართლა ასე დავშორდით..უკვე 4 წელია “მიდი, აბა, შენ იცი”-ს შესრულებას ვცდილობ. იმედია, შენ ჩემზე უკეთ გამოგდის" - წერს ეკატერინე.

ეკატერინე ტოგონიძე და რატი სამყურაშვილი 

2020 წელს 43 წლის ასაკში ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა. იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ყოფილ პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე გარდაცვლილი მეუღლის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს:

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღრმად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო ("მაკი" "მაკინოს", ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული "მამიკოს" შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი - რატისნაირი მამა არავის ჰყოლია და ახლა აღარც თუთას ჰყავს)...

 ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.

საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა, ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არ მინახავს არსად, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ, ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარულე და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

  • "მეცხრე თვეში ვიყავი, ექიმმა მითხრა, ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო... ჩემს შვილს ყოველდღე ველაპარაკებოდი მუცელში და ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი" - ეკატერინე ტოგონიძე ქალიშვილის შესახებ 

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი. არადა, ღალატი შენ საერთოდ არ იცი, რა არის (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა, სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე, როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

გული გაიჩერა - ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა. გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს, პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველდღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე. რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო... აქვე ვიტყვი, რომ შენ თავს გევლებოდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ექიმები, ექთნები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ სიყვარულით. აღარაფერს ვამბობ ჩვენი გმირებისგან შემდგარ ოჯახზე და მეგობრებზე", - წერდა ის. 

  • "ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა ტოგონიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს 

ეკამ "მთავარ არხთან" ქალიშვილთან დაკავშირებული ამბავიც გაიხსენა:

„მეცხრე თვეში ვიყავი, როდესაც ექიმთან ბოლო შემოწმებაზე ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი. არ მიპასუხა. ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, რადგან ჭიპლარი ყელზე ჰქონდა ორჯერ შემოხვეული… მისი ტირილის გაგონება ძალიან მინდოდა, მინდოდა, ასე შეგებებოდა თავისი ცხოვრების პირველ წამს. ჩემს შვილს ველაპარაკებოდი მუცელში და ყოველდღე ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი. აღმოჩნდა, რომ მომისმინა და რომ დაიბადა, მისი ტირილი გავიგონე… მჯერა, რომ თუ დაუბადებელმა მომისმინა, მომავალში უფრო მოიკრებს ამის ძალას…“ - იხსენებდა ეკატერინე ტოგონიძე.