ჯულის ეძინა. აღარ გავაღვიძე. არსად მეჩქარებოდა, ხვალაც მოვასწრებდი ამბების მოყოლას. ფრთხილად გამოვიხურე მისი საძინებლის კარი და თითის წვერებზე აწეული გავედი ჩემს ოთახში.
მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე გადადიოდა, თვალზე რული არ გამეკარა. მაკიაჟი მოვიცილე, ტანთ გამოვიცვალე, ვიბანავე, დავწექი, მაგრამ ძილი მაინც გამირბოდა. დიდხანს ვიწრიალე საწოლში. ვეღარ გავძელი. ავდექი და სამზარეულოს მივაშურე. თავში რიკთან გატარებული წუთები მიტრიალებდა - როგორ შევხვდი, როგორ ვიცეკვეთ, როგორ მაკოცა მანქანაში… როცა ასეთი აზრები გაწუხებს, განა შეგიძლია დაიძინო? მაცივრიდან რძე გამოვიღე. ცხელი რძე თაფლით, აი, რა მიშველის!
არა, არა, ეს რიკ ნელსონი სრულიად აუტანელი ადამიანია. მასთან ლაპარაკი არ შეიძლება! ჭკუა უნდა ასწავლოს კაცმა! უნდა აყურყუტო გარეთ და კოცნოს მერე ცარიელი კარი! ოჰო-ჰო, რა სახე ექნება?!
რა თქმა უნდა, არ იქნება ასე მოქცევა ლამაზი, მაგრამ თან გაყოლა უარესი გამოვა. ნამდვილი სიშლეგე. ღრმად ამოვიოხრე. რიჩარდ ნელსონთან ხვალაც დროის გატარება - ეს იგივეა, საკუთარი ნებით გაება უსიამოვნებებში. მეყოფა თავგადასავლები, ეს კარგს არაფერს მომიტანს!
კვლავ ავწრიალდი. რა უგემური საწოლი მქონია, აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? ჩემი უძილობა საწოლს გადავაბრალე. როგორმე უნდა შევეცადო თვალის მოხუჭვას, თორემ ხვალ ბოსტნის საფრთხობელას დავემსგავსები. რას გვირჩევენ ძილის გატეხვისას ფსიქოლოგები? «ჩემი მარჯვენა ხელი მძიმეა და თბილი. ჩემი მარცხენა ხელიც მძიმეა და თბილი»… ან 100 ცხვრის უკუღმა გადათვლა: 99, 98, 97, 96…
როგორც ჩანს, ბოლოს მაინც ჩამეძინა, რადგან როცა თვალი გავახილე, თავს ჯული მადგა და მანჯღრევდა.
- რომელ საათზე მოხვედი? არც კი გამიგია.
- რატომ ადექი, ჯული? ფეხი არ უნდა დატვირთოო, ხომ გითხრა ექიმმა?
- აბა, ეს ჯოხი რისთვის მაქვს? სულაც არ ვტვირთავ, არც კი ვაკარებ იატაკს, - თვალით მანიშნა მამიდამ ტროსზე, რომელსაც მყარად დაყრდნობოდა.
- გვიან მოვედი და აღარ გაგაღვიძე.
- კარგი დრო ატარე? მომიყევი.
გამეღიმა, როცა წუხანდელი ღამე გამახსენდა. მიღებული სიამოვნების კიდევ ერთხელ შესაგრძნობად მთელი სხეულით გავიზმორე.
- ოჰოოო! ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, - გაიცინა ჯულიმ, - ესე იგი, გაკოცა და გადაგრია მაგ კოცნით, არა?
თვალები დავაჭყიტე:
- შენ საიდან იცი?
- ეჰ, ჩემო კატო… მე შენზე ადრე ვიყავი შენი ხნის, - შეფიქრიანებული სახით მომიგო მამიდამ.
- ძალიან ვარ დაბნეული, არ ვიცი, როგორ მოვიქცე! - დავნაღვლიანდი.
- რატომ, გეშინია, ისევ არ მოტყუვდე? - ჯული საწოლზე გაჭირვებით ჩამოჯდა და ჯოხს დაეყრდნო.
- ჰო, არ არის ადვილი. ის ინგლისელია, მე ქართველი. ამასთან, არ ვიცი, როგორ ურთიერთობას მთავაზობს.
- უკვე ურთიერთობაზე გელაპარაკება?
გავწითლდი, თვალები დავხუჭე და ისე მივუგე:
- დღეს სადილად დამპატიჟა და უარი ვუთხარი.
- როგორ მოახერხე? - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია მამიდამ, - რატომ ხარ ასეთი სულელი? შენ ინგლისელები ქართველები ხომ არ გგონია? თუ არ გინდა, ძალას არავინ დაგატანს. რატომ არ უნდა დათანხმდე? მეტი რა შეგრჩება? თუ ჩემსავით გაუთხოვარი გინდა დარჩე! მე კაცი მაინც მყავს ნანახი და შენ? რომ უთხრა, ქალიშვილი ვარო, შეიძლება უკანმოუხედავად გაიქცეს.
- არ იცის, ქართველი რომ ვარ… თორმეტ საათზე ველოდები, მაინც მოვალო. არაფრით არ მომეშვა.
- ჰოდა, გაყევი! თან, დროზე უთხარი, ვინც ხარ და საიდანაც. აქაურებს ტყუილი არ უყვართ. ადექი და მოწესრიგდი, უკვე ათი ხდება, - მამიდა ადგა და ჯოხის მეშვეობით კოჭლობით გაემართა კარისკენ…
რიკი შეპირებულზე 15 წუთით ადრე მომადგა კარს. მეც მზად ვიყავი.
ბოლო ორი საათი მტანჯველ ფიქრებში გავატარე, რა ჩამეცვა. ჩემს საძინებელში ისეთი უწესრიგობა სუფევდა, თითქოს ეს-ესაა, აქაურობას გრიგალმა გადაუარაო. ყველგან ტანსაცმელი ეყარა - საწოლზე, სკამებზე, იატაკზე… კარადის ყველა უჯრა დავაცარიელე, ყველა საკიდი… საშინელი სანახავი იყო ოთახი, მაგრამ არ მადარდებდა, რიკის შინ შემოპატიჟებას მაინც არ ვაპირებდი. შესაბამისად, არც ამ კოშმარის ნახვა მოუწევდა.
როგორც იქნა, არჩევანი ვარდისფერ მაისურსა და ამავე ფერის ჯინსზე შევაჩერე, ყელზე კი ლურჯი კაშნე მოვიხვიე.. მიყვარს ლურჯი ფერი, ძალიან მდიდრული და ელეგანტურია. სწორედ ასე მეცვა შარშან დაბადების დღეზეც, რადგან ეს ყველაფერი მამიდას ნაჩუქარი იყო.
კარგია, რომ მამიდასთან ვცხოვრობ, თორემ სული წამძლევდა და მისი სახლში შემოყვანა აუცილებლად მომიწევდა. არადა, ისე მშვიდად ვიყავი ბოლო ხანებში… ანდროსთან დაშორების შემდეგ არავის შევხვედრივარ, არც გამჩენია ამის სურვილი, მით უმეტეს, ვინმეს შეყვარება. მეგობრობა დიდი სიამოვნებით, მაგრამ სიყვარული? არავითარ შემთხვევაში! კიდევ ერთი მამაკაცის გულში დაბუდება არ მჭირდება, მეყოფა, რაც გადავიტანე. თუკი ჩემი ახალი თაყვანისმცემელი ამ წესებს არ დაეთანხმება, იმწამსვე დავამთავრებ მასთან ურთიერთობას. აღარ მინდა კიდევ ერთი ტკივილის გადატანა. არ მინდა მთელი ცხოვრება ტკივილით ვისუნთქო. უმჯობესია, სხვა რამეზე მოვახდინო კონცენტრირება. ამისთვის სასწრაფოდ მუშაობის დაწყებაა აუცილებელი. ნეტავ ისევ დამაბრუნა სოციალურ სამსახურში, იქ როგორ ვჭირდები ადამიანებს… რა თავისუფლად ვგრძნობ მათთან თავს… სხვა დანარჩენი მოიცდის, სიყვარულის გარეშეც არსებობს ცხოვრება…
სადარბაზოდან გავედი თუ არა, შავ მანქანას მოვკარი თვალი, რომელსაც რიკი მიყრდნობოდა. ისიც და მისი მანქანაც ერთნაირად თავბრუდამხვევად გამოიყურებოდნენ.
თვალები დავაჭყიტე, როცა მის ლურჯ პერანგს შევხედე, რომლის ორი ზედა ღილი შეეხსნა. მე ლურჯი კაშნე მეკეთა. რა უცნაური დამთხვევაა. ნუთუ მასაც ჩემსავით უყვარს ლურჯი ფერი? თუ თავის თვალებს უხამებს ტანსაცმელს?
ერთი შევხედე და პირი ეგრევე გამიშრა. მთლად საუკეთესოდ ვერ გამოვიდა შეხვედრის დასაწყისი. ასე თუ გავაგრძელებ, ბოლოს ალბათ მიწაზე გავიშხლართები გონწასული. როგორმე სასწრაფოდ უნდა გამოვიმუშაო მამაკაცის მომნუსხველობის საწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება, რომ საკუთარ თავს ვუმკურნალო. ჩემი «ფიქროთერაპია» ვერაფერში მშველის. იქნებ მუქმინებიანი სათვალე მეყიდა? აი, თვალები საერთოდ რომ არ ჩანს გარედან, ისეთი. კიდევ კარგი, ვერ ხვდება, რა მემართება მისი დანახვისას, თორემ ალბათ სიცხვილით დავიწვებოდი. ეს ერთადერთია, რაც მამშვიდებს.
- გამარჯობა!
გამომივიდა თუ არა დაუძაბავად მისალმება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ძალისხმევა მაინც არ დავიშურე, ამ ერთ მოკლე სიტყვაში გულგრილობის მაქსიმალური რაოდენობა ჩამედო.
ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, მხრებგაშლილი. თვალი თვალში გამიყარა და, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჟრუანტელი არ «ამცდა».
კიდევ კარგი, ზედმეტად არ გამოვიპრანჭე. არ მინდოდა იმის ხაზგასმა, რომ მასთან შესახვედრად საგანგებოდ ვემზადებოდი. სინამდვილეში ხომ მართლა არ იყო ასე? თავს ვაჯერებდი, რომ ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ჩემი მოვალეობის ბოლომდე პირნათლად შესრულება იყო და სხვა არაფერი. გადაპრანჭვა კი პაემნისთვის საგანგებოდ მომზადებულს დამამსგავსებდა. ახლა კი უბრალოდ ვარ ჩაცმული, მაგრამ ელეგანტურად, როგორც ერთ ჩვეულებრივ ივნისის დღეს შეეფერება. კარგია, რომ არ წვიმს. ამ ბოლო დროს კარგი დარებია. არადა, აქ ისეთი «სველი» ამინდები იცის, მტრისას. ამიტომაც გამიჭირდა ლონდონთან შეგუება.
მშვენიერ ფორმაში ვარ, თავისუფლად. ნამდვილად ვერ იფიქრებს რიკი, რომ თავს ვაწონებ. ის ორსააათიანი მარათონი კი, ტანსაცმლის არჩევას რომ მოვანდომე, სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება მისთვის.
- გაგიმარჯოს! - მხიარულად მიპასუხა სალამზე და გამომცდელად შემათვალიერა.
სახეზე ფერები გადამივიდა. ეს აშკარად ვიგრძენი, ჯერ გამიხურდა ღაწვები, მერე გამიგრილდა, ბოლოს კი ოფლმა დამასხა. «როგორც ჩანს, ჩემი წინაპარი არა მაიმუნი, არამედ ქამელეონი იყო, ახლა ალბათ ჩემი ტანსაცმლის ფერი გამიხდა სახე», - გავიფიქრე გუნებაში.
- მიხარია, რომ მაინც გადაწყვიტე ჩემთან შეხვედრა, - მსუბუქად წარმოთქვა.
«ჩემთან შეხვედრა» - მშვენიერი ნათქვამია! თუ მეხსიერება არ მღალატობს, გუშინ სამჯერ მაინც მივაძახე «არა» და არც ერთხელ «კი». ვერაფერს იზამ - მამაკაცურმა შოვინიზმმა გამონაკლისები არ იცის.
- როგორც მახსოვს, არჩევანის საშუალება არ მქონდა, - მკაცრი ხმით მივუგე, მასწავლებლებს რომ სჩვევიათ ისე.
- უჰ, როგორ შემაშინე! - ჩაიცინა. - არადა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელებგაშლილი გამოიქცეოდი ჩემკენ, ჩამეხუტებოდი და ღიმილით ჩამჩურულებდი ყურში, როგორ გაგახარა ჩემმა წინადადებამ და რომ მთელი ღამე თვალი არ მოგიხუჭავს ჩემ მოლოდინში ან რამე ამდაგვარი.
- ასე უღმერთო ტყუილები არ მეხერხება, - გულიანად გამეღიმა, - არც ძილი დამკლებია, სხვათა შორის, როგორც კი დავწექი, მაშინვე გავითიშე და დილამდე მკვდარივით მეძინა.
რიკი არც დაბნეულა, ისე სხარტად მომიგო:
- ესე იგი, დღეს ტყავიდან უნდა ამოვძვრე და კილოგრამობით ოფლი დავღვარო, რომ ჩვენს შემდეგ პაემანს მოუთმენლად დაელოდო?
აი, იწყება! არა, ძვირფასო! ჩემი შებმის უფლებას არ მოგცემ. ეს უძილო ღამეც მეყოფა, მეტი აღარ მჭირდება, სრულიად საკმარისია ჩემთვის. ნეტავ რამე დამამშვიდებელი მაინც დამელია, როგორ ავღელდი.
- შენი ძვირფასი ფოტომოდელი, რომლის სახელიც არ მახსოვს, ალბათ უკვე დაბრუნდა გადაღებებიდან. ასე არ არის? - ვუკბინე.
რა გამოშტერებული ვარ. რას ვახსენე ის გოგო? ეჭვიანობის სცენებს ვმართავ? მას პასუხი არ გაუცია. ის იყო, მანქანის კარი გამოვაღე, რომ მოულოდნელად მხრებში მწვდა, შემომატრიალა და მრისხანე მზერით შემომხედა.
- პირველ რიგში, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე - ის ჩემი გოგო არ არის. მეორეც, წარმოდგენა არ მაქვს, როდის ბრუნდება, ამის შესახებ არავის გავუფრთხილებივარ და მესამე - სკოლაში ანატომიას სწავლობდი ალბათ და ამიტომ ძნელი მისახვედრი არ იქნება შენთვის, როგორ აღმაგზნებს შენი ნახევრად შიშველი მხრები.
შემცბარმა თვალები დავხარე. ასეთ რეაქციას არ ველოდი, თორემ საერთოდ არ ვახსენებდი მაგ ფოტომოდელს. ისედაც, მაშინვე ვინანე, როგორც კი წამომცდა. რა საზიზღრად ვიქცევი. თითქოს ფურივით ვიყო ატეხილი. მისი შეხედვის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ჩემს თვალებში ეგრევე აირეკლებოდა, რაც მჭირდა.
როგორც იქნა, გონს მოვეგე, ემოციები მოვთოკე და თავაწეულმა ღიმილით სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი:
- დღეს ახალი მანქანით ხარ? ესეც შენია?
ვითომ დიდად დაინტერესებული ვიყავი, ისე დავუწყე თვალიერება მანქანას და მისი მკლავებიდან ოსტატურად დავიძვრინე თავი.
- ჰო, გამოსასვლელ დღეებში ამით დავდივარ, ან როცა ქალაქგარეთ მიწევს გასვლა განტვირთვის მიზნით. ასეთი მოდური და ძვირფასი ავტომობილი ყოველთვის ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ქალებზე, - სარკაზმით მომიგო.
მე კი მის სარკაზმზე სულაც არ გავამახვილე ყურადღება.
- სად მივდივართ? - ვიკითხე, როცა რიკმა მანქანა დაქოქა.
- ეს სიურპრიზია!
- ჰო, მართლა, დამავიწყდა შენთვის მეთქვა, რომ სიუპრიზები არ მიყვარს.
- ეს ცუდია… მაგრამ არ ინერვიულო. იმ კაცების რიცხვს არ მივეკუთვნები, ქალებს რომ იტაცებენ, შემდეგ კი არაადამიანურად ეპყრობიან. ყოველ შემთხვევაში, არა კვირას და არა სადილობის ჟამს, - ხუმრობით დაამატა.
- მე ასე არ ვფიქრობ. - მედიდურად ვუპასუხე.
- არ ფიქრობ? - იგი ყურადღებით ადევნებდა გზას თვალს, მაგრამ ხანდახან მაინც გამოიხედავდა ჩემკენ, - ნუთუ დონჟუანი გგონივარ?
- სულაც არა, - უდარდელად მივუგე, თან ვცდილობდი, მისი ძლიერი და ლამაზი ხელებისთვის არ შემეხედა, მსუბუქად რომ ატრიალებდნენ საჭეს. მამაკაცის მოვლილი თითები ხომ ჩემი სისუსტე იყო.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. ახლა კი მომიყევი ცოტა რამ შენზე. როგორც ვიცი, გყავს მამიდა, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი. სხვა ნათესაობა? კიდევ ვინ გყავს? მშობლები? დები, ძმები, რომლებიც მორიგეობით ასეირნებენ პეპის პარკში?
შეშინებულს კინაღამ გული გამისკდა. როგორ არ მინდოდა მასთან ჩემზე მელაპარაკა. რაც ნაკლები ეცოდინება, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ჩემთვისაც, მაგრამ მთლად დადუმებაც რომ არ გამოდის?
- მშობლები აღარ მყავს, ავტოავარიაში დამეღუპა. არც და-ძმები, დედისერთა გამოვდექი. ასე რომ, მამიდა ჯულის გარდა, არც არავინ გამაჩნია.
- მასთან კარგი ურთიერთობა გაქვს?
- რა თქმა უნდა! ის ჩემთვის ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მამიდა. მშობლები მუდამ ძალიან იყვნენ დაკავებულნი. პრაქტიკულად, ჯულიმ გამზარდა. მერე აქეთ წამიმიყვ… - წამომცდა ის, რასაც საგულდაგულოდ ვმალავდი.
- საიდან წამოგიყვანა? - ეგრევე დაიჭირა ჩემი სიტყვა, - და საერთოდ, რა გვარი ხარ? ამდენი დღეა, გიცნობ და შენი გვარიც არ ვიცი.
როგორ გავწითლდი… ახლა უკვე აღარ ღირს არაფრის დამალვა. ჯობია, სიმართლე ვაღიარო.
- მე ინგლისელი არ ვარ.
- მაგას გაცნობისთანავე მივხვდი. ასე რომ, ტყუილად ღელავ, შეგიძლია თავისუფლად მითხრა, საიდან ხარ წარმოშობით. დარწმუნებული მხოლოდ ერთ რამეში ვარ, რომ შავკანიანი არ ხარ და აფრიკული ძირები შენგან შორსაა, დანარჩენი შენ მომიყევი, - გამეხუმრა.
- ჯორჯია გაგიგია? - ირიბად გავაპარე მისკენ თვალი.
- ეგ რომელი, ამერიკული ჯორჯია თუ საბჭოური? კავკასიაში რომ მდებარეობს? - ეშმაკურად გამომხედა.
- ეგეც იცი? - თვალები დავაჭყიტე გაოგნებულმა.
- ორივე ვიცი. ერთგანაც ნამყოფი ვარ და მეორეგანაც.
- მართლა?
- სა-ქარ-თველო! ასე არ ითქმის თქვენს ენაზე? თბილისი, ბათუმი… ვყოფილვარ. ულამაზესი ქვეყანაა… და ყველაზე დიდი საოცრება, იცი, რა იყო? ამდენი ლამაზი ქალი, რომლებიც შენს ქვეყანაში დადიან, არსად არასდროს მინახავს.
სიხარულისგან გული ამიჩქროლდა. მე კიდევ როგორ მეშინოდა, მეთქვა, უცხოელი ვარ-მეთქი. ამას კიდევ მგონი, ჩემზე მეტი სცოდნია საქართველოზე.
- მერე, მერე? გქონდა მშვიდი ბავშვობა, მაგრამ გაკლდა მშობლების ყურადღება. ანუ უმეტესი დროის შენს თანატოლებთან გატარება გიწევდა, არა?
«თანატოლებთან? რას ამბობს! ჩემი მეგობრების შინ მოყვანა ან მათთან წასვლა სასტიკად მეკრძალებოდა. ეს დიდ ხლაფორთთან იყო დაკავშირებული. უნდა წავეყვანეთ, წამოვეყვანეთ… მათ კი ამისთვის დრო არასდროს რჩებოდათ. ძირითადად, სულ მარტო ვიყავი. ავიდოდი მეორე სართულზე, ჩავრთავდი ტელევიზორს ან კომპიუტერს და ამით ვირთობდი თავს.
- ბავშვობა ზედმეტად მშვიდი მქონდა.
- არც შინაური ცხოველები გყავდა?
- არა, არც ცხოველები… ახლა შენ მითხარი რამე. შენ ვინ გყავს?
- დედა. ის ქალაქგარეთ ცხოვრობს. მეც იქ გავიზარდე. მამა ხუთი წლის წინ გარდამეცვალა. - ისე ნაღვლიანად ამოთქვა, გული ამიჩუყდა.
- ვწუხვარ… ახლო ურთიერთობა გქონდა მასთან?
- ძალიან. შესანიშნავი ადამიანი იყო. დედა დღემდე გლოვობს, ვერა და ვერ გამოიტირა. ორი დაც მყავს, ორივე გათხოვილი. დედა მათ ეხმარება. პირადად იშვიათად ვარ სახლში, ჩემი სამუშაოს გამო.
- და ღამით სად ჩერდები, სასტუმროში?
- არა, რატომ სასტუმროში! ბინა მაქვს ლონდონში. ხომ გითხარი, ძალიან ბევრი ფული მაქვს-მეთქი, - კვლავ გამეხუმრა.
- ეგ არ გითქვამს. - მეც ავყევი, - კიდევ კარგი, ახლა მაინც გამაგებინე. ამან ძალიან გამახარა. რახან ბევრი ფული გაქვს, გვერდიდან აღარ მოგცილები.
ორივეს გულიანად გაგვეცინა.
- გამოდის, ბედნიერი ბავშვობა გქონდა, - გავაგრძელე საუბარი, როცა სიცილს მოვრჩი. გამაოცა, რამხელა სიყვარული იგრძნობოდა მის ხმაში, როცა თავის ოჯახზე ლაპარაკობდა.
- უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი. შესაბამისად… - სწორედ ამ დროს შუქნიშანთან გავჩერდით და რიკი ჩემკენ შემობრუნდა, - შენ წინაშე ახლა ძალიან საყვარელი და კეთილი ადამიანი ზის.
ეს რას ნიშნავს? რაზე გადამიკრა? მე თუ ბედნიერი ბავშვობა არ მქონდა, თბილი და მოსიყვარულე არ ვარ?
ამასობაში პაბთან მივედით და რიკმა მანქანა სადგომზე დააყენა. როცა შიგნით შევედით, შემეშინდა, იმდენი ხალხი ირეოდა. მეგონა, თავისუფალ ადგილს ვერ ვიპოვიდით. რიკმა მაჯა დამიჭირა და ვერანდაზე გამიყვანა, სადაც ერთი თავისუფალი მაგიდა იყო გაშლილი ორი ადამიანისთვის.
- ეს ჩვენია, - გამიღიმა.
- საიდან იცი?
რიკმა მუყაოს მართკუთხა ქაღალდი, რომელზეც ეწერა «ადგილი დაკავებულია», დაკეცა და პირუკუღმა დადო მაგიდაზე.
- მენდე, - მითხრა მან, - ამ პაბის მფლობელს კარგად ვიცნობ. «სქვაირის» მფლობელი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარია, აქაური ჯო კი - ბავშვობის. ამ დილით დავურეკე და მაგიდა წინასწარ შევუკვეთე. «ბრუნელო» ოდესმე გაგისინჯავს? ამათ საუკეთესო აქვთ. გიყვარს წითელი ღვინო?
- ძალიან. ჩვენთან, საქართველოში, არაჩეულებრივი წითელი ღვინოები გვაქვს.
- ვიცი. «ხვანჭკარა» განსაკუთრებით. მისი გემო არ დამავიწყდება.
თვალები გამიბრწყინდა, როცა «ხვანჭკარა» ახსენა, თან გასაოცრად სუფთად წარმოთქვა ყველა ასო-ბგერა.
- ერთ ბოთლ «ბრუნელოს» ავიღებ. გარანტიას გაძლევ, ყლუპს რომ მოსვამ, ვეღარ გაჩერდები. მე კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ ბოკალს დავლევ. საჭესთან ვზივარ და მეტის უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, თან როსტბიფი დავაყოლოთ, თანახმა ხარ?
თავი დავუქნიე. ემოციებისგან დავიხუნძლე. უფრო და უფრო მომწონდა იგი. მსიამოვნებდა, ასეთ ყურადღებას რომ იჩენდა ჩემ მიმართ.
მართლაც, როგორც კი ერთი ყლუპი მოვსვი, სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე. უცხოელებმა უკეთ იციან ღვინის ტექნოლოგია, - დავასკვენი.
- მართლაც ღვთიური სითხეა, - აღმომხდა და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი.
- ჰოდა, არ გაბედო და არ მითხრა, რომ შენი გულისკენ მიმავალ გზას არ დავადექი, - რიკი ჩემ წინ იჯდა, თვალები ოდნავ მოეჭუტა და ცნობისმოყვარედ მომჩერებოდა.
წარბები ავათამაშე.
- გგონია, ერთი ბოკალი ღვინის გამო შეგიყვარებ? კარგი წარმოდგენა გქონია ჩემზე!
- რატომ ერთი ბოკალი? აგერ, მთელი ბოთლი დგას მაგიდაზე.
ღიმილი ვერ შევიკავე.
- ჩემი აზრით, ყველაფერს აქვს თავისი ნორმა.
- ყველაფერს, ყველაფერს? - ჩამეძია.
- დიახაც! - მტკიცედ ვუპასუხე და არ შევიმჩნიე, რაზეც მიმანიშნებდა თავისი შეკითხვით.
- ასეც ვფიქრობდი, - თვითკმაყოფილი გამოეხმაურა ჩემს გამოწვევას, - ნათელია, რომ შენს აღზრდაში არაევროპული ნოტები შეინიშნება. მე კი, როგორც კეთილშობილი ადამიანი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, რაღაც-რაღაცებზე თვალები აგიხილო. ამ მომენტიდან, კეიტ, ისე უნდა მიყურო, როგორც შენს მასწავლებელს. შევთანხმდით?
ავკისკისდი. ასეთი განცხადება როგორ შეიძლება, ადამიანმა სერიოზულად მიიღოს? აშკარაა, რომ ხუმრობს.
- და ჩვენ პირდაპირ ამ წუთიდან დავიწყებთ, - გააგრძელა მან.
რიკმა თავისი ბოკალი მაგიდაზე დადგა, ჩემი ხელი აიღო, ხელისგულით მაღლა ამოატრიალა და ჯერ ცერა თითი გაუსვა ზედ, შემდეგ ტუჩები მიადო.
- ნუ აკეთებ ასე! - დაჭიმული ხმით წამოვიძახე და ხელი გამოვტაცე, რომელიც ჩემს ბოკალს მოხვდა და რომ არ მომესწრო დაჭერა, წაიქცეოდა.
- რატომ? - რიკმა ისე გაიღიმა, თითქოს ეზარება გაღიმებაო, - მერე სკამის საზურგეზე გადაწვა და თვალი თვალში გამიყარა, - ამაში განსაკუთრებული არაფერია. აი, მთელი პაბის გასაგონად ყვირილი კი ნამდვილად ზედმეტია.
შეიძლება ჩემს ხელისგულზე ტუჩებით შეხება ბევრი არაფერი იყოს, მაგრამ შემდეგ რა მოჰყვებოდა ამას? სწორედ ამის შემეშინდა.
მშვენივრად ვხვდებოდი, საითკენაც უმიზნებდა რიჩარდი, ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე, მის მაცდუნებელ ხრიკებს არ ავყოლოდი.
- მე ასეთ თამაშებს არ ვთამაშობ! - გამოვუცხადე.
- და ვინ თამაშობს აქ? - მის მზერაში არც ირონია გამოსჭვიოდა, არც ეშმაკობა, როცა ეს მკითხა.
მზად ვიყავი, მიმტანს მოვხვეოდი და დამეკოცნა, რომელმაც ზუსტად იმწამს მოიტანა შეკვეთა. ამან საშუალება მომცა, მისი რიტორიკული შეკითხვა უპასუხოდ დამეტოვებინა.
როსტბიფი მართლაც არაჩვეულებრივი გამოდგა თავისი გარნირით, ისევე, როგორც ალუბლის ნამცხვარი, რომელიც დესერტად მოგვართვეს.
თან ღვინოს ვსვამდი, თან გემრიელად ვილუკმებოდი. რიკმა თავისთვის მინერალური წყალი მოატანინა და იმას მიეძალა.
სადილის შემდეგ კი ხელი ჩამავლო და სკვერში გამიყვანა. შორიდან რომ შეეხედა ვინმეს ჩვენთვის, ბედნიერ შეყვარებულ წყვილად ჩაგვთვლიდა.
მის გვერდით საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს.
- მოდი, ცოტა ხნით წამოვწვეთ, - მოულოდნელად წამოიძახა რიკმა და ახლოს მდგარი ხის ჩრდილისკენ გამაქცია, მერე ბალახზე დამსვა, თვითონ იქვე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა, - ვისადილეთ, ვისეირნეთ, ახლა კი მკვდარი საათის დროა.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ვიყოთ, - გავიცინე, მერე სერიოზული ტონით დავამატე, - მე დღისით არ ვიძინებ.
- შენც ადექი და სცადე! - მან ხელი გამოიწოდა, მკლავზე დამქაჩა და გვერდით მიმიწვინა, -აი, შენ, ბალიში, - თავი თავის მკერდზე დამადებინა, - თვალები დახუჭე, ცოტა ხნით მაინც იყავი დამჯერი გოგონა.
პირველი ხუთი წუთი ისეთი დაძაბული ვიყავი, სხეულის ყველა უჯრედი მზადყოფნაში მქონდა წამოსახტომად, მაგრამ რადგან რიკს კოცნის მცდელობა არ ჰქონია, თანდათან მოვეშვი. მამაკაცი მხოლოდ თმაზე მეფერებოდა. როგორც ჩანს, ცხელმა დღემ, ცოტა ღვინომ და სასიამოვნო გარემომ თავისი გაიტანა და ჩამეძინა…
გაგრძელება იქნება