ვინმეს რომ თავში მოსვლოდა აზრი, ჩაეტარებინა კონკურსი "ყველაზე საშინელი სუნის მქონე ადამიანი მსოფლიოში", პირველ ადგილს აუცილებლად ინდოელი კალაშუ სინგხუ დაიკავებდა.
1974 წლიდან მას არ დაუბანია და არ შეუჭრია თმა, რადგან ერთხელ გურუმ უთხრა, რომ მხოლოდ ასე შეეძლო, "დაეთანხმებინა" შივა, მისთვის ვაჟი მიეცა.
კაილაში ყოველდღიურად 47 გრადუს სიცხეში ძროხებს მწყემსავს და ერთადერთ გასასუფთავებელ რიტუალს - "ცეცხლოვან აბაზანებს" (როგორც თავად უწოდებს) იტარებს. ყოველ საღამოს მამაკაცი ეწევა მარიხუანას, შესთხოვს შივას ვაჟს და ცეცხლის ირგვლივ ცეკვავს.
კაილაშმა დაუბანლობის გადაწყვეტილება ქორწილის შემდეგ მიიღო და, ცოლის უმორჩილესი თხოვნის მიუხედავად, არასოდეს დაურღვევია შივასთვის მიცემული პირობა.
საცოდავმა ცოლმა ყველა ხერხი სცადა, ქმრისთვის რომ გადაეფიქრებინა: სთხოვდა, ცდილობდა, ძალით დაებანა ქმარი და რა თქმა უნდა, ემუქრებოდა, რომ აღარასოდეს დაწვებოდა მასთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყვილს უკვე 7 ქალიშვილი ჰყავს. დაგვეთანხმებით, შივას კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია.
"მან თქვა, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე იქამდე დაიბანოს, სანამ ვაჟი არ შეეძინება. ეს ისე ადრე დაიწყო, რომ ის ახლა უკვე დაბანას გადაეჩვია კიდეც", - ამბობს კაილაშის ცოლი, კალავატი დელი.
კაილაშის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, პუჯა, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა, ამბობს, რომ მამამისის უცნაურმა აღქმამ თანატოლებში ძალიან პოპულარული გახადა.
"ჩემს თანაკლასელებს ძალიან აინტერესებთ მამაჩემის ნახვა – ყვება პუჯა. – ისინი გამუდმებით მეკითხებიან, როგორ არსებობს ამდენ ხანს დაბანის გარეშე და თავისი თვალით უნდათ, ნახონ ის. ადრე ვბრაზდებოდი მამაზე, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია – ის არავის უსმენს."
"მე ვაჟი არ მყავს, ამიტომაც არასოდეს დავიბან, - ამბობს თავად კაილაში. – შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ხელახლა დავიბადები სხვა სხეულით".
ეს ისტორია ალბათ ძალიან უცნაურად მოგეჩვენათ, მაგრამ მამაკაცის აკვიატებული სურვილი, ჰყავდეს ვაჟი, ქართველებისთვის უცხო არ არის. ბევრ ქართველ მამაკაცს მიუმართავს შივასთვის არა, მაგრამ სალოცავისთვის, რომ ვაჟი ჰყოლოდა.
თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ მამაკაცს აუცილებლად უნდა, რომ ჰყავდეს ბიჭი? გვარის გაგრძელების სურვილი, უბრალოდ ახირება, თუ საკუთარი მამაკაცობის ბოლომდე დამტკიცება?