მისი ბინა დიდი იყო და ფართო, მაგრამ თითქმის ცარიელი. არავითარი მცენარეები, ლარნაკები, ფოტოები…
არავითარი მინიშნება, რომ ბინის მეპატრონის ხასიათი გამოგეცნოთ.
უცოლო მამაკაცის ტიპური საცხოვრებელი.
რიკს შევხედე.
- შენი მშობლიური სახლიც ასე გამოიყურება, სადაც შენები ცხოვრობენ?
მამაკაცი ღიმილად დაიღვარა.
- არა. იქ ჩემი სახლია, ეს კი თითქოს ჩემი ოფისის ნაწილია. აქ კოლეგები მომყავს, კლიენტები და სხვა ადამიანები, ისინი, ვისზედაც საჭირო შთაბეჭდილების მოხდენა მსურს. მე დიდი და სწრაფად მზარდი საერთაშორისო ფირმა მაქვს, რომელიც ელექტრონული ხელსაწყოების დამზადება-გაყიდვაზეა გათვლილი.
უხმოდ დავუქნიე თავი.
- წამო, სამზარეულოში გავიდეთ. - შემომთავაზა, - სწორედ იქ ვატარებ დროის უმეტეს ნაწილს. იქ და საძინებელში. ჩვეულებრივ, დილით ადრე გავდივარ ხოლმე და გვიან ვბრუნდები.
სამზარეულო მეტალისა და ხის სასიამოვნო კომბინაციით იყო გაწყობილი. კუთხეში მომცრო ზომის მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა, კაკაოსფერი.
- მოკალათდი, მე კი ვახშამს მივხედავ. პირველ რიგში, არ დამავიწყდეს, ერთი ბოთლი «შარდონე» მაქვს და ის უნდა გავხსნა. ჩემი აზრით, ბოსტნეულს და მწვანილებს ყველაზე მეტად თეთრი ღვინო მოუხდება.
ხმა არ ამომიღია. ხომ ვერ ვეტყოდი, ღვინის დიდი მოყვარული არ ვარ-მეთქი. რა მისი ბრალია, თუკი არაყი და კონიაკი უფრო მიყვარს და უკეთეს ხასიათზე მაყენებს ქეიფისას, ვიდრე ღვინო?
მეგონა, მცირე ექსკურსიას შემომთავაზებდა და ყველა ოთახს დამათვალიერებინებდა, საძინებლის ჩათვლით. ახლა კი, მაგიდასთან მჯდომი, ჭიქა ღვინით ხელში, იმაზე ვფიქრობდი, რომ ცოტათი განვიხიბლე. მე სულ სხვა რამ მინდოდა. მინდოდა მენახა საწოლი, რომელზეც ის იწვა, რათა შემდეგ წარმომედგინა, როგორ ეძინა ხოლმე.
სახიფათო სურვილი! აი, რაზე ფიქრობენ თავქარიანი ქალები!
- რამეში მოგეხმარო? - ვკითხე, თან ვუყურებდი, როგორ ჭრიდა დაფაზე ღორის ხორცს.
უარის ნიშნად თავი გააქნია.
- თუ გინდა, სასტუმრო ოთახში სუფრა გაშალე.
- იქ უნდა ვივახშმოთ? - ცოტა დავიბენი.
სასტუმრო ოთახის მაგიდა ზედმეტად დიდი მეჩვენა ორი ადამიანისთვის. თუმცა არც სამზარეულოში იყო დიდად რომანტიკული გარემო, რადგან გაზქურაზე მდგარი ქვაბები და ტაფები თვალში მეჩხირებოდა. მიუხედავად ამისა, მაინც სამზარეულოში ჯობდა - რაც ნაკლებად მაცდუნებელი აურა იქნებოდა, მით უკეთესი!
- აქ გერჩივნა ვახშმობა? - თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო, მოულოდნელად მკითხა.
თავი დავუქნიე.
- მაშინ აქ დავრჩეთ. თეფშები და სხვა დანარჩენი რამეები ამ კარადაშია, - მან საჩვენებელი თითი სამზარეულოს კარადას მიაშვირა. - მარცხენა კარი გამოაღე.
- რა გემრიელია! ძალიან გემრიელი, - აღფრთოვანება ვერ დავმალე, როცა სუფრას მივუსხედით და ღორის ხორცი გავსინჯე, - დიასახლისის რანგში მე ვერ ვარ მოწოდების სიმაღლეზე.
რიკმა თვითკმაყოფილებით ჩაიღიმა:
- ჩემი ოსტატობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გაყინულ ინგრედიენტებს არ ვიყენებ, ყველაფერი ახალი უნდა იყოს, ქორფა და თიმთიმა.
გავიცინე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი. რიკმა მაშინვე ბოთლს დასტაცა ხელი, რომ ჩემთვის კვლავ შეევსო.
- რა იყო სასაცილო? რამე ისე ვერ ვთქვი?
- ვერასდროს ვიფიქრებდი, შენთან კულინარიულ თემებზე თუ მომიწევდა საუბარი. სულ სხვანაირი წარმომედგინე.
ღვინო ისე მესიამოვნა, კიდევ მოვსვი რამდენიმე ყლუპი. თავის გაკონტროლება უფრო და უფრო მიძნელდებოდა. იმდენად შემეშინდა ჩემი ქცევის, რომ ფეხზე წამოვხტი.
- შეიძლება სააბაზანოში შევიდე? საით წავიდე?
- სამზარეულოდან რომ გახვალ, პირველივე კარი მარჯვნივ, - სრულიად მშვიდად მიმასწავლა.
ტყვიასავით გავვარდი გარეთ. მხოლოდ სააბაზანოში შესულმა ამოვისუნთქე და სარკეში შევათვალიერე თავი - ღაწვები ამწითლებოდა, თვალები არაბუნებრივად მიბრწყინავდა. ეს სიმთვრალის უდავო ნიშნები იყო. სახე უნდა დავიბანო და თავი წესრიგში მოვიყვანო! არავითარი ღვინო! არც ერთი ყლუპი! და საერთოდ, ყველაფერს აჯობებს, დროზე მოვუსვა შინ. წყალი მოვუშვი, პეშვით შევისხი სახეზე, კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში, ღრმად ამოვიოხრე და გამოვედი.
რიკი იმავე ადგილას იჯდა, სადაც დავტოვე, მაგრამ მაგიდაზე უკვე იდო გამზადებული დესერტი.
- როგორც იქნა! - გაიღიმა მან, - გარგრის მუსი ვისკით უფრო გესიამოვნება თუ ვანილით? ტორტი რითი გირჩევნია, შოკოლადით, რომით თუ ტრუფელით?
როცა ამ ორ კულინარიულ შედევრს შევავლე თვალი, ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
- არ მითხრა, რომ ეს შენ გამოაცხვე, - აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
- თითქმის, - რიკი ყურადღებით აკვირდებოდა ჩემი სახის გამომეტყველებას, - მაგრამ, თუ პატიოსნად ვაღიარებ, ადგილობრივი საკონდიტროს მეპატრონე ქალბატონი ცოტათი წამეხმარა.
გულიანად გამეცინა.
როგორც კი ვანილის ტორტის ბოლო ლუკმა შევჭამე, მტკიცე გადაწყვეტილებით წამოვდექი.
- ძალიან საყვარელი დღე იყო. მადლობა! უკვე შინ წასვლის დროა. შეგიძლია, არ გამაცილო, ტაქსის გავაჩერებ.
- რას ამბობ! არავითარ შემთხვევაში! შენთან ერთად უნდა წამოვიდე!
- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.
- შენთან ერთად მოვდივარ! - დაჟინებით გაიმეორა, თან ისეთი ტონით, ონავარ ბავშვებს რომ ტუქსავენ ხოლმე. ცოტა არ იყოს, ბრაზი მომერია. როგორ მიბედავს ასე ლაპარაკს!
რიკი წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ნერწყვი ძლივს გადავაგორე. შიშმა ამიტანა. ჩემი სიმტკიცე მოულოდნელად სადღაც გაქრა.
- კარგი, გავიდეთ და ტაქსი ერთად გავაჩეროთ, - ჩავიდუდუნე.
- წავიდეთ, - მშრალად მომიგო და სამზარეულოდან პირველი გავიდა…
ტაქსი მალევე დავიჭირეთ. ჩემს სახლამდე ისე მივაღწიეთ, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, თითქოს უბრად ვყოფილიყავით ერთმანეთთან. არც კი მომკარებია. გული ნელ-ნელა მევსებოდა სევდით. როგორც ჩანს, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ახლა დამემშვიდობება და მორჩა, ყველაფერი დამთავრდება. ასე როგორ შეიძლება? ეს სასაცილოა, ეს სულელური ნაბიჯი იქნება. მაგრამ რატომ მიკვირს? მე ხომ თვითონ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება?
- კარამდე მიგაცილებ, - თქვა რიკმა, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა.
უარი არ მითქვამს. მან მძღოლს სთხოვა, დამელოდეო და გვერდით გამომყვა. ისე სწრაფად ავიარეთ სართული, გამიკვირდა. ნუთუ გავრბოდი? კართან ორივენი შევჩერდით. რა საშინელებაა! ამ ორი დღის განმავლობაში იგი ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცა. რა მეშველება მის გარეშე? როგორ უნდა ვუთხრა ამისთანა ადამიანს «მშვიდობით»? ღმერთო, ოღონდ სიმშვიდე შემანარჩუნებინე, ოღონდ ხმა არ ამიკანკალდეს!
ძალები მოვიკრიბე, თავი ავწიე და შევხედე.
- ასე ნუ მიყურებ, - ჩახრინწული ხმით მთხოვა.
- როგორ? - გავოცდი, ისეთი გაღიზიანებული ნოტები შეინიშნებოდა მის ტონში.
- თითქოს გეშინია, გული არ გატკინო. თითქოს გგონია, რომ უხეშად მოგექცევი. -სიბრაზისგან უფრო და უფრო უმკაცრდებოდა ხმა, - მომეცი ამოსუნთქვის საშუალება! არ ვიცი, როგორ გექცეოდა ის ვიღაც ჩემამდე, მაგრამ მე ის არ ვარ. გესმის? მინდა ერთხელ და სამუდამოდ აგიხსნა ეს, რომ გამეორება არ დამჭირდეს! ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ! არა იმიტომ, რომ ის ქართველია და მე ინგლისელი, როგორც მამაკაცები, სრულიად განვსხვავდებით.
- ვიცი, - ძლივს გასაგონად ჩავიჩურჩულე.
- დარწმუნებული ხარ? რატომღაც, მგონია, რომ სულ გავიწყდება ეს. - და უეცრად ჩემი აზრების წაკითხვა დაიწყო, - იცი რა? მხოლოდ ორი დღე გავიდა, რაც ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ ასე მგონია, საუკუნეა, ერთად ვართ. შენ არ ფიქრობ ასე?
«საკმარისია… ახლავე უნდა დავემშვიდობო და დავამთავროთ ეს არაფრის მომტანი საუბარი, რომელიც კარგ ფინალამდე არ მიმიყვანს», - გავიფიქრე გულში, მაგრამ იმის მაგივრად, ფიქრი სიტყვებად მექცია, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- შენთვის პრობლემაა ჩემი ასაკი? ეს გაღელვებს? - მსუბუქად მკითხა.
- რა?
- რვა წლით ვარ შენზე უფროსი, ხომ ასეა? გაკომპლექსებს ეს?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ბოლომდე დავკარგე კონტროლი სიტუაციაზე. ის კი ელოდა, როდის ვუპასუხებდი. უარი თავის გაქნევით გამოვხატე. მისი ასაკი არაფერში მიშლიდა ხელს.
- ფიქრობ, რომ მე და შენ სხვადასხვა სამყაროს მივეკუთვნებით? გაშინებს, რომ ერთი ეროვნების არ ვართ? - გააგრძელა რიკმა დაკითხვა, - რაღაცაში მართალი ხარ. - ხმას დაუწია, - თუმცა ეროვნება არაფერ შუაშია. ჩაციკლული არასდროს ვყოფილვარ, მაინცდამაინც ინგლისელ ქალებთან გამება ურთიერთობა. არც პიფია იყო ინგლისელი. რაც შეეხება იმას, რომ ბიზნესმენი ვარ, არც ამან უნდა შეგაშინოს. სიმდიდრე საქმეს არასდროს აფუჭებს, თუ სულითაც ხარ ადამიანი მდიდარი. ფეხზე რომ დავმდგარიყავი და ცოტაოდენი ქონება დამეგროვებინა, ცამეტი წლის კატორღული შრომა დამჭირდა. მიხაროდა, რომ ვმუშაობდი. ქალებმა, რომლებსაც ვხვდებოდი, ყოველთვის იცოდნენ, რომ ჩემი ფირმის ბედი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და მასზე წინ არავის და არაფერს დავაყენებდი.
თვალებგაფართოებული დაჟინებით მივაშტერდი. რა უცნაურია, გული რომ გადამიშალა.
აი, ახლა მეტყვის, რომ იგი სერიოზული ურთიერთობებისთვის არ არის შექმნილი, რომ მას ამისთვის არ სცალია. მხოლოდ სექსი. აი, ყველაფერი ის, რაც შეუძლია შემომთავაზოს. სხვა ქალები ალბათ კმაყოფილი რჩებოდნენ მისი პირობებით.
- მართალია, ნათქვამი გაქვს, მხოლოდ ჩემი კარიერული წინსვლა მაინტერესებსო, მაგრამ ვგრძნობ, რომ შენ ისეთი არ ხარ, როგორც სხვები, - გამიღიმა, - შენ სხვანაირად აზროვნებ. არ გამოვრიცხავ, ეს ქართული გენის «ბრალიც» იყოს. შეიძლება მე და შენ სხვადასხვა სამყაროდან ვართ, მაგრამ ჩვენ შორის გაკრთა ნაპერწკალი, რომელიც უფრო და უფრო ღვივდება. ამას მეც ვგრძნობ და შენც. არ უარყო! როცა გეხები, როცა შენ გვერდით ვარ, სხვა ადამიანი ვხდები. ენერგია მემატება, თითქოს ხელახლა ვიბადები, - კვლავ დაეძაბა ხმა, -ჰოდა, ჩემი სევდიანი მონოლოგის შემდეგ გეკითხები: შესაძლებელია, ხანდახან მაინც შევხვდეთ ერთმანეთს? იქ გამოჩნდება, რა გამოვა აქედან. სავარაუდოდ, პრობლემები გვექნება, მაგრამ, ვიმედოვნებ, მოვერევით. რას იტყვი?
შინაგანი ხმა დაჟინებით მთხოვდა, «არა» მეთქვა. ეს ალბათ ყველაზე ჭკვიანური და უსაფრთხო გადაწყვეტილება იქნებოდა. ეს ყველაფერი ერთხელ უკვე იყო ჩემს ცხოვრებაში და საშინელი ფინალით დამთავრდა. ახლა ხელმეორედ მიწევდა იმავე გზის გავლა. არადა, ვიცოდი, არაფერი შეიცვლებოდა. ამ ურთიერთობასაც ტრაგიკული დასასრული ელოდა. მას მალევე მოსწყინდება ჩემთან, როგორც ანდროს. როცა რიკისნაირ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, ეს გარდაუვალია. ჯობია, ახლავე დავუსვა წერტილი ამ შეხვედრას და ტანჯვა თავიდან ავირიდო.
ეს კი გავიფიქრე, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ «არას» თქმა არ შემეძლო. მასთან განშორება შეუძლებლად მიმაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ამწუთას!
არ ვიცი, რა წაიკითხა ჩემს სახეზე, მაგრამ რიკი მომეხვია და გულში ჩამიკრა.
- აბა? გადაწყვიტე? - ამ ჩახუტებით თითქოს დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში.
ღრმად ჩავხედე ლურჯ თვალებში. არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა, მასავით მშვიდი დავრჩენილიყავი.
- ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა - ცდა ბედის ნახევარიაო, - ქართული ანდაზის ზუსტი ფორმულირება ვერ მოვახერხე, - ვცადოთ.
- გამოდის, რომ ორმაგი ცდა ბედს ქმნის? ეს ხომ შესანიშნავია, კეიტ! - აღტაცებულმა წამოიძახა და ისე მომიჭირა მკლავები, კინაღამ გამგუდა…
როცა მამიდაჩემს ყველაფერი მოვუყევი, სიხარულით კინაღამ გადაირია.
- ოღონდ კი ის ბიჭი დაივიწყე და ყველაფერში ხელს შეგიწყობ, საყვარელო, - ანდროზე მიმანიშნა, - რა დიდებულია! ინგლისელი მამაკაცები სულ სხვანაირები არიან, მათი ნდობა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ქართველი კაცებივით არ გატკენენ გულს. ეს ჩემს თავზე გამომიცდია.
ღიმილით შევხედე ჯულის; ეს ის ქალი იყო, რომელსაც ყოველთვის სასიკეთო რჩევების მოცემა შეეძლო.
- მამიდა, შენ რამდენი კაცი გყავდა?
მან ფრთხილი მზერა მესროლა და ეჭვნარევი ხმით მიპასუხა:
- რამდენიმე.
ჰმ… ყველაზე ცოტა «რამდენიმე» სამს მაინც ნიშნავს? მისი ინტონაციით ნათქვამი «რამდენიმე» კი სამზე ორჯერ მეტს მოიცავდა. აღარ ჩავეძიე.
შემდეგ სწრაფად დაუბრუნდა წინა თემას.
- იმედია, ანდროზე უკვე აღარ ფიქრობ.
- სიყვარულით აღარ ვფიქრობ, ჯული, მხოლოდ იმის გამო მახსენდება, რომ გული მატკინა. ამას ვერ ვინელებ.
- არასდროს ისუნთქო ტკივილით, შვილო! ეს ცხოვრებას დაგიმძიმებს. არც წყენა ჩაიდო გულში. წყენის გამო ჩასაფრებულის პოზიციას ნურასდროს დაიკავებ. წამსვლელი უნდა წავიდეს, არ ჩაებღაუჭო, გაუშვი, რაც შეიძლება, ადვილად გაუშვი. ის კი არა, პირიქით, მადლობა უნდა უთხრა, რომ წავიდა, რადგან ამით შანსი მოგცა, უკეთესი შეგხვედროდა და ბედნიერი ყოფილიყავი. მე შენს ადგილას ანდროსაც ვუსურვებდი ბედნიერებას, თუნდაც შენ გარეშე. ის იმსახურებს ამას, რამდენიმე ბედნიერი წამი მაინც ხომ გაჩუქა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლოს ისე მომექცა, ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ასე მგონია, ჭეშმარიტი სიყვარული საერთოდ არ არსებობს.
- შენი აზრით, საიდან მოვიდა სიყვარული? ის ჩვენ გავაჩინეთ, ჩვენ დავბადეთ, ჩვენ შთავბერეთ სული, როგორც თოთო ბავშვს. სხვა საქმეა, მერე როგორ აღვზრდით. აი, სწორედ მერე ვიწყებთ შეცდომების დაშვებას, რის შედეგადაც სიყვარული ან თავზეხელაღებული ავაზაკი იზრდება და სადღაც გარბის, ან - დამჯერი და მოსიყვარულე, რომელიც ჩვენს კალთას არ სცილდება. აი, ასეა, გენაცვალე. ჩვენ გარეშე იგი ვერ იარსებებდა, როგორც ყველა სხვა გრძნობა.
- დღესაც არ ვიცი, სად დავუშვი შეცდომა, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, მამიდა და პასუხი ვერ გამიცია.
- ვერც გასცემ, სიხარულო. ცხოვრება ბრძოლაა წესების გარეშე. თუ ამ ბრძოლაში ჩაებმები, ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენო, რათა თავი დაიმკვიდრო, თან ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეილახო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სიმდაბლე უნდა ჩაიდინო სიყვარულის შესანარჩუნებლად. არ დაიჯერო! როცა ხედავ, რომ მიდის, არც დაშორებისას შეგეშინდეს, ამაყად უთხრა - წადიო და არც დაბრუნებისას შეუშინდე იმის თქმას, აღარ მჭირდებიო. მთავარია, გონება იყოს მშვიდად, მოწესრიგებული, როგორც კარგად დალაგებული სახლი, რათა ყოველთვის მზად იყო, რომ შენს ცხოვრებაში უკეთესი შემოიყვანო და არ შეგრცხვეს. იყავი ისეთი, როგორიც მოხვედი ამქვეყნად და წადი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ. სიყვარული სიყალბეს ვერ ეგუება. ამიტომ არჩევანი შენ უნდა გააკეთო, როგორი უნდა იყო. ადამიანის ყველაზე დიდი უფლება არჩევანის უფლებაა. კუთხეში არასდროს მიიმწყვდიო შენი თავი. ცხოვრებას ბავშვის თვალებით უყურე და ბავშვის გულით აღიქვი გარშემო ყველა და ყველაფერი. მაგალითი ჩემგან აიღე. ნუ მიყურებ გაოცებული. ვიცი, რა კითხვაც გიტრიალებს თავში. თუ ასეა, რატომ არ გათხოვდიო. იმიტომ, რომ იმ ყველაფერს, რაზეც ახლა გელაპარაკები, გვიან მივხვდი. გამოცდილებამ მასწავლა. ახლა რომ დამაბრუნა წარსულში, სხვანაირად გავაგრძელებდი ცხოვრებას. არასდროს გაუშვა ხელიდან სასიამოვნო მომენტები. ეს შენი ახალი ბიჭი კარგი ვინმე ჩანს, ამიტომ მოუფრთხილდი, არ დაკარგო.
- მაგრამ ის ჩემი ბიჭი არ არის, - მორცხვად ვაღიარე, - ჩვენ, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, დროდადრო შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ ლაპარაკი ნაადრევია.
- მერე რა? დღეს ნაადრევია, ხვალ აუცილებელი გახდება… ასეა ცხოვრება მოწყობილი. ერთბაშად თავზე არავის ემხობა ბედნიერება. ამის წინაპირობები თავად უნდა შექმნა. მთავარი იცი, რა არის? ფართოდ უნდა გამოაღო გულის კარი, ყველა უნდა მოუშვა მის ზღურბლთან და დააკვირდე, ვინ როგორ შეეცდება შემოსვლას. არჩევანი მხოლოდ ამის მერე უნდა გააკეთო.
- სწორედ ეგრე მოვიქეცი და შედეგად რაც მივიღე, კარგად იცი, - თვალები დავხარე, რადგან ცრემლი ყელში მომებჯინა.
- ეგ არაფერია, უარესებიც ხდება. შენ გაეცი შენი სითბო და ყოველთვის თბილად იქნები. ვისაც ეს სითბო არ ენდომება, იმან იკითხოს. არავინ იცის, სხვა შენზე მეტად გაათბობს თუ პირიქით, შეამცივნებს.
- სიმართლე გითხრა, ძალიან ვფრთხილობ, კიდევ ერთხელ შეყვარების მეშინია. არადა, ვგრძნობ, იქითკენ მიდის საქმე. ნუთუ ასეთი თავქარიანი ვარ? რატომ მიყვარდება ასე უცებ?
- იმიტომ, რომ სუფთა ხარ, შვილო. სუფთა და ადვილად მიმნდობი. იმედია, შენი ახალი გატაცება არ იქნება თანამედროვე რელსებზე აგებული, ანუ შენ და ის არ აპირებთ, რომ… ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ?
- არა, არა, რას ამბობ, ჯული! - ხელები გავასავსავე, თუმცა ჯერ ისიც არ ვიცოდი, საერთოდაც რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას.
- სიამოვნებით გავიცნობდი, - გამომიცხადა უცებ მამიდაჩემმა.
ამ სიტყვებზე ისეთი ელდა მეცა, თითქოს ეთქვას, ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდანო. როგორ ამეხსნა რიკისთვის, მამიდაჩემს შენთან შეხვედრა უნდა-მეთქი? არა, ამას ვერ ვიზამდი.
- მამიდა, მე თვითონ ჯერ მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი. - გავაპროტესტე, - როგორ დავპატიჟო?
- საყვარელო, რატომ ართულებ ყველაფერს? უბრალოდ, მინდა გავიცნო. ამაში საშინელი არაფერია. უთხარი, ყავა დავლიოთ-თქო ან ჩაი. მე მარტოხელა ქალი ვარ, მესიამოვნება, თუკი ახალგაზრდები მესტუმრებიან და კომპანიას გამიწევენ.
- ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი! - ცივი უარი ვტკიცე.
«შეიძლება მალე უკვე გვიანაც იყოს, არათუ ადრე. შევთანხმდით, კვირაში ერთხელ გვენახა ერთმანეთი, მაგრამ რა მოჰყვება ამ შეხვედრას, წინასწარ რა ვიცი?»
- აბა, რა მოიფიქრე? როდის მოიყვან ჩემთან? - მამიდა ვეღარ ითმენდა. ყოველთვის ასეთი იყო, თუ რამე უნდოდა, ჯიუტად მოითხოვდა თავისას. - არ დაგავიწყდეს, რომ შენი მშობლების შემდეგ მე ვარ შენი ბატონ-პატრონი და ყველაფერზე პასუხისმგებელი.
ნაღვლიანად გავიცინე.
- ვნახოთ… იქნებ ერთი-ორი თვის შემდეგ გაგაცნო, ჯული.
«მეტი არაა ჩემი მტერი, მანამდე გაგრძელდეს ჩვენი შეხვედრები!»
- ეგრე იყოს, საჩქარო არაფერია, საყვარელო, - კმაყოფილი ტონით აღნიშნა მამიდამ, - ახლა კი ჩემი გამომცხვარი «პეჩენიები» გასინჯე. სპეციალურად შენთვის მოვამზადე. იცი, რა არის დიასახლისის მთავარი საიდუმლო? ყველაფერში ახალი პროდუქტი უნდა გამოიყენო და არა გაყინული!
- შენ და რიკი, ვფიქრობ, ძალიან გაუგებთ ერთმანეთს, - ღიმილი ვერ შევიკავე.
გაგრძელება იქნება