როცა გამეღვიძა, თავი რიკის მუცელზე მედო, რომელიც ნახევრად წამომჯდარიყო და ხელისგულებს დაყრდნობილი დამჩერებოდა.
- გამარჯობა, - პატარა ბიჭივით მოჰყვა თავის ქნევას.
- გაგიმარჯოს, - ძლივს ამოვიბურტყუნე ნამძინარევმა.
მამაკაცი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. ყველაზე ბუნებრივი მოძრაობა, რაც იმწამს გავაკეთე, მის კისერზე ხელების მოხვევა იყო. მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რომ შეხვედრის პირველივე წუთებიდან ამ მომენტს ველოდებოდი - რომ რიჩარდ ნელსონს ჩემთვის ეკოცნა. მაგრამ ცოტა ვიჩქარე. არ ველოდი, თუკი მხოლოდ ლოყაზე მაკოცებდა, მე კი ჩემი ჟესტით - ხელების მოხვევით გამოვიწვიე. მანაც არ დაახანა და ტუჩებზე გადავიდა. კოცნა ბევრად ხანგრძლივი და ვნებიანი გამოდგა, თუმცა იგი უეცრად გასწორდა და ყრუ ხმით წარმოთქვა:
- კიდევ ცოტა და შემიძლია სრულიად დავივიწყო, სად ვიმყოფები. არ ღირს ბავშვების და მათი მშობლების შეშინება. ხედავ, ირგვლივ რამდენნი არიან? მშობლები შეცბუნებულები მოგვჩერებიან.
გავიღიმე. მომეჩვენა, რომ რიკი რაღაცით გაოცებული დარჩა. რამდენიმე წამის შემდეგ მისმა ნათქვამმა ჩემი ეჭვები გაამართლა:
- არ მესმის, როგორ გამოგდის ეს, კეიტ. ნარკოტიკივით მოქმედებ ჩემზე!
- ეს კარგია თუ ცუდი? - კეკლუცად ვკითხე და მივხვდი, რომ ვეფლირტავებოდი.
- ეს შენზეა დამოკიდებული, - მან საჩვენებელი თითი ჩემს ტუჩებზე ნაზად გადაატარა.
- ეგ როგორ?
- რა სიხშირით შემიძლია მივიღო ამ ნარკოტიკის მორიგი დოზა.
საკმარისია! უკვე გვარიანად გამოფხიზლებული წამოვჯექი, თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე და წამოვიძახე:
- ეს რას ჰგავს, მე ხომ ერთხელ უკვე გითხარი…
- რომ არავისთან დაახლოებას არ აპირებ. - წინადადება «ამართვა», - ხედავ, დავიმახსოვრე. და როდის გეგმავ დაწყებას?
- რის დაწყებას?
- ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგინდება, გქონდეს შენი ოჯახი, გყავდეს შვილები… და სადღა უნდა იპოვო შენი მეორე ნახევარი, თუკი ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ამოშლი შენი ცხოვრებიდან? - რბილად მკითხა.
შესაფერისი პასუხის გასაცემად თვალები დავხარე, უნდა დავფიქრებულიყავი.
- რატომ ვარ ვალდებული, ოჯახი შევქმნა? იმიტომ, რომ ქალი ვარ?
- იმიტომ, რომ ქართველი ხარ… ეგ კი თქვენ გენებში მოგდგამთ!
- შეიძლება ბევრს, მაგრამ არა მე.
- რა, არ გინდა, შვილები გყავდეს?
- არა… კი… იმის თქმა მინდა, რომ… - დავიბენი. - ჩემს უახლოეს გეგმებში ოჯახი არ შედის, - როგორც იქნა, მივაგენი საჭირო პასუხს.
- ძალიან პრინციპული ნათქვამი ხომ არ არის?
- არა. ახლა პირველ ადგილზე ჩემთვის სამსახურია, ხოლო ჩემმა შვილებმა ჩემი სამსახურის გამო თავი მიტოვებულად და მარტო იგრძნონ, ძალიან არ მინდა.
- მიტოვებულად და მარტო? სწორედ ამას გრძნობდი საკუთარ ბავშვობაში?
შევყოყმანდი, სანამ ვუპასუხებდი. ამ თემაზე უახლოეს მეგობრებთანაც კი არასდროს მისაუბრა.
- მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ, კარგი? - შევთავაზე.
- არა, მინდა ყველაფერი ვიცოდე. მინდა, მესმოდეს შენი. - ამ სიტყვებით ზეზე წამომაყენა, მკერდზე მიმიხუტა და გააგრძელა:
- კეიტ, ბავშვების უმრავლესობა იმ ცნობიერებით ცხოვრობს, რომ მშობლებს ძალიან უყვართ ისინი. ვწუხვარ, მთელი გულით ვწუხვარ, თუ შენ სხვანაირად გაიზარდე, მაგრამ სხვების შეცდომამ შენს ცხოვრებაზე არ უნდა მოახდინოს გავლენა, ამან არ უნდა შეგიშალოს ხელი, ისე იცხოვრო, როგორც შენ გსურს.
- შენ საიდან იცი, მე რა მსურს? შენ ხომ არ მიცნობ! არც ჩემს მშობლებზე იცი არაფერი, ამიტომ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან! ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ.
რიკი ცოტა ხნით გაჩუმდა, მერე ისევ ალაპარაკდა:
- არ შემიძლია დავუშვა, რომ ისეთი ლამაზი და მგრძნობიარე ადამიანი, როგორიც შენ ხარ, ცხოვრებამ გარიყოს. ნუთუ არ გესმის ეს?
- ცხოვრებამ რომ არ გაგრიყოს, სექსით უნდა დაკავდე? მაგალითად, შენთან? ეს არის, შენი აზრით, ცხოვრება?
- რა თქმა უნდა, საინტერესო წინადადებაა, - მეოცნებე ხმით გაწელა რიკმა, - თუმცა მე ამაზე არ ვსაუბრობდი. წარმოგიდგენია? ხანდახან სხვა რამეებზეც შემიძლია ფიქრი, სექსის გვერდის ავლით.
- როგორ გამაოცე! - მივახალე, თან იმაზე ვბრაზობდი, თავს რომ ვერ ვიკავებდი.
რიკმა უფრო ძლიერად მიმიხუტა მკერდზე და ხმის დაწევით მკითხა:
- რა ერქვა მას?
შევეცადე, მისი მკლავებიდან ნელა გამეთავისუფლებინა თავი, მან კი უფრო მძლავრად მიმიკრა და განძრევის საშუალება არ მომცა.
- რა ერქვა, მითხარი! - დაჟინებით გამიმეორა.
- ვის? - ხმა წამერთვა.
- კაცს, რომელმაც გიღალატა. და არ დამიწყო იმის მტკიცება, რომ ასე არ იყო! კეიტ! ეს ახლახან მოხდა? ახალი ამბავია? მითხარი, მე უნდა ვიცოდე ეს!
პასუხის გაცემას გაჩუმება ვარჩიე.
- თქვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია?
- ჰო. - ამოვიოხრე.
- შენს გულში თუ შენს გონებაში?
ღმერთო ჩემო! ამ კაცმა არ იცის, როდის უნდა გაჩერდეს! მოზღვავებულმა უარყოფითმა ემოციებმა ძალა შემმატა, გავიბრძოლე და მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე. მერე კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე.
- იქაც და იქაც. კმაყოფილი ხარ? მას ანდრო ერქვა და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. ამის მოსმენა გინდოდა?
- ჰო, ამის, - არანაირი სინანული მის ხმაში არ ისმოდა, არანაირი შეცბუნება. ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და ხეს მიეყრდნო. - მას პიფია ერქვა, როგორც «მატრიცაში» ორაკულს. - მოულოდნელად დაღლილი ხმით ალაპარაკდა, - ჩვენ დაქორწინებული ვიყავით. შობის წინა დღეს დაიღუპა, მის მანქანას სატვირთო დაეჯახა. საჭეს მთვრალი მძღოლი მართავდა. ის მაღაზიაში მიდიოდა, რათა ნაძვის ხისთვის ნათურები ეყიდა და ჩემ მოსვლამდე მოესწრო მისი მორთვა.
- მაპატიე… - მისმა ტრაგედიამ ისე შემაძრწუნა, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.
- ნუ ნერვიულობ, კეიტ. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მას შემდეგ ცამეტი წელი გავიდა. ის-ის იყო, დავამთავრეთ უნივერსიტეტი. ერთად ვსწავლობდით, პირველი კურსიდან ერთად მოვდიოდით. მთლად ახალგაზრდები, სიცოცხლე გვიხაროდა. ყოველი ახალი წუთი ბედნიერების ახალ ტალღას მოაგორებდა ჩვენკენ, აზვირთებულ ტალღას და ამ ტალღისგან სუნთქვა გვეკვროდა. მაშინ ოცდაორის ვიყავი. იმ ღამეს უცებ გავიზარდე, დავკაცდი… მერე კი… - წარბები მორკალა მოღუშულმა, - გადავწყვიტე, შვება სამუშაოში მეპოვა. გამგელებული შევუდექი მუშაობას… ერთი წლის შემდეგ საკუთარი ფირმა გავხსენი… ის დამეხმარა, რომ თავზე საყრელად მქონდა საქმე და სატანჯველად ვეღარ ვიცლიდი.
- და მას შემდეგ არავისთან… - ენა დამება, - არავის შერთვა არ გიცდია?
- არა. იყვნენ ქალები, რომლებთანაც მქონდა ურთიერთობა, საკმაოდ ხანგრძლივიც, მაგრამ ხელმეორედ დაქორწინების სურვილი არ გამჩენია.
რამხელა ტკივილი გადაუტანია, მე კი როგორ უსამართლოდ ვექცეოდი…
- ალბათ ძალიან გაგიჭირდა… - თანაგრძნობის გამომხატველი ხმით ვუთხარი.
- პირველ ხანებში ძალიან მიმძიმდა. - მხრები აიჩეჩა, - ადგილს ვერ ვპოულობდი. მაგრამ თანდათან ყველაფერი შეიცვალა. ახლა უკვე აღარ ვარ ის ბიჭი, პიფია რომელსაც იცნობდა. - სევდიანად გაიღიმა, ჩემკენ გამოიწია და ხელი ჩამკიდა.
წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, მაგრამ როცა უკან, პაბისკენ გამოვბრუნდით, შავბნელმა აზრებმა კვლავ დამრია ხელი. რატომ მომიყვა რიკი თავისი დაღუპული ცოლის ისტორიას? რათა მის მიმართ დამოკიდებულება შევიცვალო? რომ შევიცოდო და უფრო ლმობიერად მოვექცე? ანდრო ხშირად მიმართავდა მსგავს ტრიუკებს. მერე და მერე, როცა ვუფიქრდებოდი, ვხვდებოდი, როგორ ვირტუალურად მანიპულირებდა იგი ჩემი გრძნობებით.
- ისევ ჩაფიქრდი… - გაისმა რიკის ხმა.
- რა მითხარი? - დანაღვლიანებულმა ავხედე.
- შემიძლია ას ფუნტზე დაგენაძლევო, რომ ამწუთას შენს ფიქრებში მე ვფიგურირებდი, მაგრამ არცთუ მთლად დადებითად. მართალი ვარ?
- ნუ მაცინებ! - ტყუილზე დაჭერილი ბავშვივით გავწითლდი, მაგრამ მაინც გავიღიმე.
- ფიქრობდი, თავისი სევდიანი ისტორიით რიკს უნდა, რომ შევიცოდოო. ხომ ასე იფიქრე?
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ! - ნერვიულად წამოვიძახე.
- პატარა მატყუარა, - ისე ნაზად წარმოთქვა ეს სიტყვები, გაბრაზების მაგივრად სიამოვნება ვიგრძენი, ამიტომ აღარ შევუტიე.
- მაშინ შენ თვითონ მითხარი, რატომ მომიყევი ეს ამბავი? - ვკითხე და წინ გადავუდექი, რათა თვალებში შემეხედა.
- წარმოდგენა არ მაქვს, - თვალიც არ დაუხამხამებია, ისე მომიგო, - სიმართლე თუ გინდა, არ მჩვევია, მაინცდამაინც მეორე პაემანზე ასე გავიხსნა ქალთან და ჩემი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური თუ მტკივნეული ეპიზოდების მოყოლა დავიწყო. პირიქით, ვცდილობ, საერთოდ არ ვილაპარაკო ამაზე.
ვუყურებდი მას და რაღაც მომენტში, სულ რამდენიმე წამის განმავლობაში, მომეჩვენა, რომ რიკი, ასეთი დიდი და ძლიერი მამაკაცი, უსუსური და უბედური ჩანდა. რა თქმა უნდა, ის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ და სწორედ ეს მაფიქრებდა. რა უნდოდა ჩემგან? რას მოელოდა? საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ ხანგრძლივ რომანს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მაინც მთავრდება, სანამ ჰორიზონტზე მისთვის უფრო ღირსეული ქალი არ გამოჩნდება - ლამაზი და გამოცდილი…
გამოცდილი… აი, ყველაზე მეტად რაც მაშინებდა. როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ კაცთან არასდროს ვწოლილვარ? რომ არანაირი გამოცდილება არ მქონდა სექსში? რა საშინელებაა. ჩემი ქალწულობის გამო პირველად ვიგრძენი თავი უხერხულად. პირველად შემრცხვა იმის, რომ თითდაუკარებელი ვიყავი.
არა, ამას როგორ ვეტყვი! მასხრად ამიგდებს, სასაცილოდ არ ეყოფა. ამას კი ვერ ავიტან.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში კარგა ხანს ვცხოვრობდი და კომპლექსები სულაც არ მაწუხებდა, მამაკაცებთან მიმართებით ჩემი თავისთვის ზედმეტი «ფუფუნების» უფლება არასდროს მიმიცია, თუ შეიძლება ფუფუნებად ჩაითვალოს ვიღაცასთან ლოგინში ჩაგორება. არც არასდროს გამჩენია ვინმეს ბოიფრენდობის სურვილი, ანდროს გარდა. თუმცა, არც მაშინ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, მინდოდა თუ არა. შეიძლება მინდოდა, მაგრამ ნდომაზე მეტად მეშინოდა ასეთი ურთიერთობის. ვინ იცის, იქნებ ესეც კომპლექსია და სულ ტყუილად მგონია, რომ უკომპლექსო ვარ?
რატომღაც, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, როცა უკვე შეგნება ჩამომიყალიბდა და თავი კეკლუც ქალად ვიგრძენი, მხოლოდ იმ ერთადერთს ველოდებოდი, ვისაც შევიყვარებდი და ვისთანაც თვალდახუჭული გადავეშვებოდი თავდავიწყებაში. არასდროს დავმსგავსებივარ იმ გოგოებს, ერთი მამაკაცის საწოლიდან მეორეში რომ ხტებოდნენ ვნებების დასაოკებლად. შეიძლება ამიტომაც დავრჩი აქამდე გაუთხოვარი. მე ველოდებოდი ჩემს ერთადერთს… დღემდე ველოდები…
რამდენიმე წუთის შემდეგ პაბში დავბრუნდით. რიკმა დანახარჯი გადაიხადა და მანქანაში ჩავსხედით. უკვე მოსაღამოებულიყო. როცა გზას გავუდექით, ახალი თავსატეხი გამიჩნდა. ვაითუ ახლა ვახშამზე დამპატიჟოს. არა და არა! ამაზე დათანხმებას არ ვაპირებდი. შევეცადე, მისი მოსალოდნელი წინადადება თავიდან ამეცილებინა.
- პეპი უნდა გავასეირნო, ალბათ, როგორ მელოდება მამიდა. თუ წინააღმდეგი არ ხარ, შინ წამიყვანე, კარგი? - გაუბედავად ვუთხარი.
- წინააღმდეგი ვარ, - თქვა და ირიბად გამომხედა, - ჩვენ სავახშმოდ მივდივართ.
სავარძელში ავწრიალდი.
- და სად? - იმის მაგივრად, უარი მეთქვა და დაჟინებით მომეთხოვა სახლში წაყვანა, სულ სხვა რამ წამომცდა.
- ერთ მყუდრო ადგილას, რომელიც ძალიან მომწონს.
- ასე მგონია, რომ შენ საერთოდ არ მუშაობ და მთელ დღეებს მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებში ატარებ.
მოულოდნელად გულიანად გადაიხარხარა.
- შეუდარებელი ხარ, კეიტ! სხვა ქალებისგან განსხვავებით, სულ ტონუსში მამყოფებ და ჩემს თავდაჯერებულობას განმტკიცების საშუალებას არ აძლევ.
«სხვა ქალებისგან განსხვავებით»? უეცრად ეჭვიანობამ დამრია ხელი ყველა იმ ქალის მიმართ, რომლებიც მას ჩემამდე ჰყოლია. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებდა - მისთვის ჭკუას ვკარგავდი.
სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღება იყო საჭირო, სანამ საღად აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა.
ფანჯარაში გავიხედე. რიჩმონდ-პარკის გასწვრივ, რომელიღაც ქუჩას მივუყვებოდით. მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო და კვლავ ავწრიალდი.
- სად ვართ? განა რესტორანში არ მივდივართ? - შევიცხადე.
- სხვათა შორის, რესტორანი არც მიხსენებია, - მშვიდად მომიგო.
მოულოდნელად მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. როცა ჩემი კარიც გააღო, არ გავნძრეულვარ, მხოლოდ კითხვით სავსე მზერა მივაპყარი.
- მაშ ასე… - ხანგრძლივი პაუზა გავაკეთე, - სად ვართ?
- ჩემს სახლთან ახლოს. პროგრამაში მხოლოდ ვახშამი შედის. შენ, რა თქმა უნდა, ერთი სული გაქვს, ჩემს სხეულს როდის შეისწავლი, მაგრამ ბოდიში, დროებით თავის შეკავება მოგიწევს.
- ეს სასაცილო სულაც არ არის, - ალმურმოდებულმა გავაპროტესტე.
ის წინ გადმოიხარა და მუხლებს დაეყრდნო, ჩვენი თავები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს.
- მხოლოდ ვახშამი, კეიტ, - გაიმეორა მან, - ვიფიქრე, ცუდი არ იქნებოდა, ჩემთან გვევახშმა. ასეთ შემთხვევაში, მეც შევძლებ ღვინის დალევას. მერე კი შენთვის ტაქსის გამოვიძახებთ.
ენაჩავარდნილი ვიჯექი. ამდენი ალბათ არასდროს მიყოყმანია.
- კერძების მომზადება იცი? - შევეკითხე, უფრო დროის გაწელვის მიზნით.
- ყველა ამბობს, რომ ჩემი მომზადებული ტაფამწვარი არაჩვეულებრივია, თითებს ჩაიკვნეტ!
ჩავიხითხითე:
- არ მჯერა! მართლა გეხერხება მზარეულობა?
რიკმა გაიღიმა:
- იცი, რითი გაგიმასპინძლდები? ქათამი პაპაიათი და ავოკადოთი. დაგიგემოვნებია? მთავარ კერძად კი ღორის ხორცს მოგართმევ შემწვარი მწვანილებით. უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე და დილიდან შევემზადე ამისთვის. ხოლო დესერტად…
- და დესერტად? - ერთდროულად წარმოვთქვით და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- არ გეტყვი. ეს სიურპრიზად დავტოვოთ, - რიკი წელში გაიმართა და ხელი გამომიწოდა, რომელსაც ყოყმანით დავეყრდენი…
ლიფტით ბოლო სართულზე ავედით…
გაგრძელება იქნება