"მე ვფიქრობ, მათ ძალიან უჭირთ. პირადად მე ერთი კვირითაც რომ მივდივარ გასტროლებზე, გული უკვე საქართველოსკენ მომიწევს, იმიტომ, რომ იქ შეიძლება კარგია, მაგრამ უცხოა ჩემთვის... მე მათ ბედნიერი საქართველო მინდა ვუსურვო, მინდა ვუსურვო, რომ ის საქმე, რასაც უცხოეთში, სხვის ტომში აკეთებენ, საქართველოსთვის გაეკეთებინოთ, ისევე, როგორც ჩემს თავს ვუსურვებ, ყველა თქვენგანს, ბედნიერ საქართველოს, ჩვენ მეტი რა უნდა გვინდოდეს, ჩვენც ბედნიერები ვიქნებით ამ ბედნიერ საქართველოში, მათ კი, ვინც ცოდნის მისაღებად არის უცხოეთში წასული, ვუსურვებ, რომ მართლაც მიეღოთ ცოდნა, გამოცდილება და ისევ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, საქართველოსთვის იღვაწონ“, - წერდა ნიკო გომელაური სიკვდილამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე.
ნიკო გომელაურის ბიოგრაფია
ქართველი მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. 2010 წელს კი 39 წლის ნიკოს გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. გომელაური მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი (2003). 2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო და ერთი წელი ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში გაატარა, მის გვერდით კი სიცოცხლის ბოლო დღემდე მისი მეუღლე, ნინა ჩოდრიშვილი იყო.
„ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.
გაცნობიდან 1 წელიწადში ჯვარი დაიწერეს და 12 წლის განმავლობაში დიდი სიყვარულით იცხოვრეს.
„იყო შემთხვევები, როცა ქიმიის გაკვეთილზე ლექსი წამიკითხავს“ - ამბობდა ნიკო. ქართველი პოეტებიდან ყველაზე მეტად გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი და ვაჟა-ფშაველა უყვარდა. თვლიდა, რომ ლექსების წერა კითხვამ დააწყებინა: „როცა ბევრს კითხულობ, შენც გებადება სურვილი, რომ რაღაც დაწერო, თუ, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები გაქვს. მერე ყველაფერი თანდათან იხვეწება და აუცილებლად შენი ფორმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, მე ჩემი სტილი ვიპოვე პოეზიაში“.
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები“, რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.