როცა ცაზე პირველი ვარსკვლავები გამოჩნდა, რიკმა გზიდან გადაუხვია და მაღალ ქვის კედელს მიადგა. მანქანა გააჩერა, მაგრამ ძრავა არ გამოურთავს. დისტანციური მართვის პულტი რკინის ჭიშკარს მიუშვირა და ღილაკს დააჭირა თითი. ჭიშკარი უხმაუროდ გაიღო. ვგრძნობდი, რომ რაღაც უჩვეულო მელოდა.
ეზოში შევედით. პირველი, რაც თვალში მომხვდა, პატარა პარკი იყო - ლამაზი ყვავილებით მორთული. ყველაფერს მზრუნველი და გემოვნებიანი ადამიანის ხელი ეტყობოდა. სახლი ქვით იყო ნაგები, კრამიტის სახურავით, რომლის ირგვლივაც წაბლის უზარმაზარი ხეები იწონებდა თავს. ლამპიონების შუქზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღაპრულ სამყაროში ამოვყავი თავი. ქართული სოფელი წარმომიდგა თვალწინ.
- რიკ! რა სილამაზეა, თვალს ვერ ვაშორებ! - აღფრთოვანებულმა ვუჩურჩულე.
რიკი ჩემი რეაქციით ტკბებოდა.
- ეს სახლი მეც დანახვისთანავე შემიყვარდა, - მიპასუხა, - მეთვრამეტე საუკუნეშია აშენებული. თითქმის არაფერი შეგვიცვლია. თუმცა ამ მხარეში უფრო ძველი სახლებიც არსებობს. გაინტერესებს, შიგნით როგორია? გამომყევი!
პირდაღებული მივჩერებოდი შიდა ინტერიერს. იატაკი მუხის მასალისგან იყო დაგებული. კედლებზე დაკიდებული დიდი ხალიჩები პატრონის სიმდიდრეზეც მეტყველებდა და გემოვნებაზეც. საოცარი ფერთა გამა იყო შერჩეული.
ყველაზე მეტად ბუხარმა მომხიბლა. ძველებური მდიდრული ბუხარი იყო, ჩუქურთმებიანი, მარმარილოთი ნაგები. იქვე აკურატულად დაწყობილი შეშის ნაჭრები შევნიშნე. მეორე სართულზე ხის ხვეული კიბე ადიოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მართლა საქართველოში ვიყავი. ძალიან მაგონებდა აქაურობა ქართულ სახლებს.
რიკმა მეორე სართულზე ამიყვანა, რომელზეც ხუთი საძინებელი მდებარეობდა. ყველას თავისი სააბაზანო ჰქონდა. რიკმა თავის საძინებელში შემიყვანა. შევედი თუ არა, თვალები დავაჭყიტე. იმხელა საწოლი იდგა ოთახში, რომლის მსგავსი არასდროს მენახა… აშკარად ჩანდა, იგი სრული სიამოვნებისთვის იყო შექმნილი. ჩემს გაოცებულ სახეს რომ შეხედა, რიკს გაეღიმა.
- ალბათ მიხვდი, რომ ეს საწოლი ჩემი შეკვეთითაა დამზადებული. მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და სივრცე მჭირდება…
საწოლი კიდევ ერთხელ შევათვალიერე და შემდეგ მზერა რიკზე გადავიტანე.
- აქ ფეხბურთის მთელი გუნდი მოთავსდება, - ხუმრობით აღვნიშნე, თან გულში გავიფიქრე, ნეტავ რამდენი ქალი წოლილა ამ «ბუმბერაზობაზე» ჩემამდე-მეთქი, - ფანჯრებიც რამხელებია! ალბათ აქედან ხედიც ულამაზესი იქნება.
- ჰო, პირდაპირ ალუბლის ბაღს გადაჰყურებს და აუზსაც. გინდა, ჩვენი ბაღის ალუბალი გაგასინჯო? უგემრიელესია.
უხმოდ დავუქნიე თავი.
- ერთი წუთით აქ დამელოდე! - რიკი ჩემს პასუხს არ დაელოდა, სწრაფად გავიდა ოთახიდან და მარტო დამტოვა.
სამარისებურმა სიჩუმემ ჟრჟოლა მომგვარა. ასე მეგონა, მთელ სამყაროში მარტო დავრჩი. ფანჯარას მივუახლოვდი იმ იმედით, რომ ბაღში გასულ რიკს თვალს მოვკრავდი და სიჩუმეც აღარ შემაწუხებდა. ეზო უკანა მხრიდანაც განათებული იყო. მთვარის შუქი ლამპიონების შუქს ერწყმოდა და საოცარ კონტრასტს ქმნიდა - ბაღს ვარდისფერი დასდებოდა. რიკი არსად ჩანდა. გაოცებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ლამის ცხვირით მივეჭყლიტე ფანჯრის მინას. მოულოდნელად ჩემ უკან კარი გაიღო და…
- რიკ! სად იყავი? - ასე უცაბედად დაბრუნებამ გამაოცა.
გაღიმებულმა მუჭი გაშალა და დიდრონი ალუბლები გამომიწოდა.
- ჩაიგემრიელე პირი, - მითხრა მან, ერთ კუნწულას ორი თითით დასწვდა და ტუჩებთან მომიტანა.
გაწითლებულმა ტუჩებითვე ჩამოვართვი წყვილი ალუბალი და ჩავკბიჩე. მართლაც უგემრიელესი იყო, თან ისეთი წვნიანი და ხორციანი, თავი ვერ შევიკავე:
- უფ, უფ, მართლა როგორი ტკბილია.
- აი, ხმაც კი ჩაალუბლებული გაგიხდა, - სიცილი აუტყდა, - და თვითონაც ალუბალს ჰგავხარ.
გავწითლდი.
- რა ალუბალს, სად მე და სად ალუბალი, - შორს დავიჭირე.
- მიყვარს ალუბალი და ყველაფერი, რაც ალუბალს მაგონებს, - ორაზროვნად წარმოთქვა და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
უარესად ავილეწე.
- მოეშვი, კეიტ, - მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები თითქოს გაქრა, - ნუ გაშინებს ეს ოთახი, არაფერს ვაპირებ. ნებისმიერ დროს შეგიძლია დატოვო აქაურობა, ძალას არ დაგატან. უბრალოდ, მინდა ჩემი სახლი გაჩვენო, მხოლოდ ეს მინდა.
მის ნათქვამში მხოლოდ ნაწილი იყო მართალი. აბა, ის მამაკაცი რა მამაკაცია, ამხელა გზაზე ქალი ატაროს, ცარიელ სახლში შემოიყვანოს, თან მეტის მოლოდინი არ ჰქონდეს და მხოლოდ კოცნას დასჯერდეს? როგორი მომთმენია. იქნებ გამერისკა? და რა მოხდება შემდეგ? ორი ვარიანტია - ან დავშორდებით ერთმანეთს, ან ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა.
- დედაშენი აქ არ ცხოვრობს? - შეპარვით ვკითხე.
- არა, ის ცალკე ცხოვრობს, მაგრამ აქვე, ახლოს. ეს ჩემი სახლია. აქ მუდმივად მხოლოდ მე უნდა ვიცხოვრო, როცა დავქორწინდები.
«ჩემი სახლი»! როგორი სითბოთი წარმოთქვამდა ამ ორ სიტყვას. როგორც ჩანს, მართლა ძალიან უყვარს აქაურობა.
- რიკ… - შევემზადე, მეგრძნობინებინა, რომ მასთან ურთიერთობაზე თანახმა ვიყავი. არ ვიცი, რამ წამომიარა, ასე უცაბებად რატომ მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი.
- წამო, - შემაწყვეტინა, - მინდა აუზი გაჩვენო, მერე კი ვივახშმოთ, ცოტა ღვინოც დავლიოთ. თუ გინდა, ქუჩაში გავიდეთ, მშვენიერი ღამეა. რას იტყვი?
- თანახმა ვარ, - შვება ვიგრძენი, საძინებლიდან რომ მომიწია გამოსვლამ.
მაცივარში ყველაფერი იდო, რაც ორი ადამიანის რომანტიკული საღამოსთვის იყო საჭირო. რიკმა შამპანურიც კი გააჩინა.
- ჩემს დას ვთხოვე, ყინულებიან ვედროში ჩაედო და არ დავიწყებია. აი, როგორი პასუხისმგებელი დაიკო მყავს, - შემომღიმა.
ერთი ყლუპი მოვსვი, მაინც დაძაბული ვიყავი.
- გაოცებული ვარ, როგორ მიატოვე აქაურობა და ლონდონში როგორ გადასახლდი. მე ასე ადვილად ვერ შეველეოდი ასეთ სილამაზეს.
- ხანდახან მეც მიკვირს ეს, - რიკს ხმა ჩაეხრინწა. სანთლის შუქი მის თვალებში ირეკლებოდა, თან ამ ლამაზ თვალებს წამითაც არ მაცილებდა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით დედამიწის ზურგზე.
გადავწყვიტე, არ მეფიქრა, რა მოჰყვებოდა ვახშამს და როგორ გაგრძელდებოდა ღამე. თუკი ბედისწერა მიქადის, რომ მხოლოდ ეს შაბათ-კვირა უნდა გავატარო მასთან ერთად და შემდეგ ყველაფერი დამთავრდეს, დაე, ასე იყოს.
მსუბუქად ვივახშმეთ. როცა მაგიდის ალაგება დავაპირე, რიკმა არ დამანება და თვითონ შეუდგა საქმეს. დასვრილი თეფშები გაიტანა და სანამ გავიდოდა, მომაძახა, მოკრძალებული სიურპრიზი გელისო.
- ხომ არ მოიწყინე? - ცოტა ხნის მერე შემომესმა მისი ხმა და მაგიდაზე, ჩემ წინ, ფინჯანი ყავა გაჩნდა.
- ძალიან, - მივუგე და შემოვბრუნდი თუ არა, ყელზე მოვხვიე მკლავები და ვაკოცე.
- აი, ეს მესმიიის! შენ ხშირად უნდა დაგტოვოს კაცმა მარტო. - საპასუხო კოცნით დამაჯილდოვა და დაამატა: - ეს ყავა ჩემი განსაკუთრებული რეცეპტითაა მოდუღებული. მაინტერესებს, თუ მოგეწონება.
ფინჯანი ხელში ავიღე და ენის წვერით ფუმფულა ქაფი ავლოკე.
- მ…მ…მ… მსგავსი არაფერი დამილევია. რა გაუკეთე?
- ხომ გითხარი, განსაკუთრებული რეცეპტია-მეთქი, მაგრამ ერთ პატარა საიდუმლოს მაინც გაგანდობ. სხვა რამე-რუმეებთან ერთად, ყავის ლიქიორს ვამატებ, რომელიც ერთ ჩემს მეგობარს ბრაზილიიდან სპეციალურად ჩამოაქვს ჩემთვის.
წამწამებს ქვემოდან გავხედე. რიკი დაჯდა, ფეხები გაჩაჩხა და გამიღიმა. სრულიად მშვიდი იყო. ალბათ მოისურვებს ამაღამ იმ უზარმაზარ საწოლზე მნახოს გაშოტილი. რა თქმა უნდა, მის შეჩერებას არ ვაპირებ. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მორჩა და გათავდა! მაგრამ დილით რა მელის? ვინანებ თუ არ ვინანებ? ახლა არ ღირს ამაზე ფიქრი!
ყავის სმას რომ მოვრჩით, ქუჩაში გავედით. ისეთი წყნარი ღამე იყო, დაძაბულობა მთლიანად გამიქრა. ერთხანს ვისეირნეთ, ვიბაასეთ. ვინმე რომ დაგვკვირვებოდა, დიდი ხნის ცოლ-ქმარი ვეგონებოდით. ხშირად ავყურებდი ცას, ასეთი დიდრონი ვარსკვლავები არასდროს მენახა.
როცა უკან გამოვბრუნდით და ჭიშკარს მოვაღწიეთ, რიკმა ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
იმ წუთას საშინელმა პანიკამ შემიყრო. არანაირი სექსუალური გამოცდილება არ მქონდა, არ ვიცოდი არც ერთი ხერხი, რომ საყვარელი მამაკაცისთვის ლოგინში თავი მომეწონებინა. და როგორ მეთქვა ეს ყველაფერი? მიჭირდა იმის აღიარება, რომ ქალწული ვიყავი.
ჩამეხუტა თუ არა, მაშინვე შენიშნა, რომ ვკანკალებდი.
- გცივა? - მკითხა და შუბლზე თმა გადამიწია.
ხმის გაცემის თავი არ მქონდა, ამიტომ მხოლოდ თავი დავუქნიე.
კიბის საფეხურებს ნელა ავუყევით. დროდადრო რიკი ჩერდებოდა და ნაზად მკოცნიდა.
როგორც იქნა, ავაღწიეთ მეორე სართულამდე. რიკმა რომელიღაც ოთახის კარი შეაღო და ძალიან პატარა, კოხტა საძინებელში აღმოვჩნდით.
გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.
- აქ… - დავიბენი, - მე მეგონა…
- რა გეგონა, საყვარელო? - ჩაიცინა, - რომ რადგან აქ ჩამოსვლას დამთანხმდი, აუცილებლად ლოგინში შევეცდებოდი შენ შეტყუებას? შენთვის რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ მე ის არ ვარ. რა ერქვა? ანდრო! ჰო.
სუნთქვა შემეკრა.
- ვიცი, - მივუგე ალეწილმა.
- არა, არაფერიც არ იცი. როგორც ვხედავ, ბოლომდე ვერ გაიაზრე ეს. შეეცადე, მეტჯერ აღარ შეცდე, კეიტ. არ უარვყოფ, რომ ძალიან მინდა შენთან სიახლოვე. და უნდა გამოგიტყდე, რომ უკვე ცივი შხაპიც არ მშველის. მაგრამ ვხედავ, შენ ჯერ არ ხარ ახლო ურთიერთობისთვის მზად. ნუთუ გგონია, იმიტომ გამოგიტყდი სიყვარულში, რომ ამ ღამისთვის შემემზადებინე?
ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს ჩემს ნააზრევს ახმოვანებდა, მაგრამ ამაში როგორ გამოვუტყდებოდი? ამიტომ მტკიცედ გადავაქნიე თავი და სწრაფად მივუგე:
- არა, რა თქმა უნდა, არა.
- როგორ არ გეხერხება ტყუილის თქმა, - მსუბუქად გამიღიმა, - არაფერს ვაპირებ. ამისთვის არ მომიყვანიხარ აქ. მე მხოლოდ შენი სხეულის დაუფლება არ მსურს. მინდა, შენი ნდობაც მოვიპოვო. მინდა, გესმოდეს ეს.
საპასუხოდ ვერაფერი ვუთხარი, ყველა სიტყვა ყელში გამეჩხირა.
- შენ შიში არ გაძლევს მოსვენებას, - გამომიტანა «საბრალდებო დასკვნა».
- შიში? - წამოვიყვირე, - არა, მე არაფრის მეშინია!
- გეშინია. თავიდან მეგონა, ჩემი გეშინოდა, მაგრამ მერე და მერე, როცა უკეთ გაგიცანი, მივხვდი, რომ შენ თვითონ აშინებ საკუთარ თავს.
ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და თავის გაქნევით მივუგე:
- ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდა.
- გგონია, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, არც ლამაზი, არც ღირსეული, არც ამაყი და ასე შემდეგ, - მის ხმაში უკმაყოფილება გაისმა, - ალბათ შენი მშობლებია დამნაშავე, ასე რომ იმდაბლებ თავს. მინდა გითხრა, რომ ცდები! სიმართლე თუ გინდა, იმ შენს ანდროს თანავუგრძნობდი კიდევაც, ასეთი ნაძირალა რომ არ გამომდგარიყო.
- თანაუგრძნობდი? - სიბრაზემ ამიტანა, - რატომ? რაში?
- ახლავე აგიხსნი. იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობის დასაწყისშივე ელოდი მისგან, როდის გაწყენინებდა და მიგატოვებდა. მან გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდი. პრაქტიკულად, თავად უბიძგე მას ამისკენ.
- არა! - გაწიწმატებული ერთიანად გავწითლდი, - ამას როგორ მეუბნები?
- შენ თვითონ განსაჯე, - რიკი სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, - თავად აირჩიე მამაკაცი, რომელიც… როგორ გითხრა… მთლად წმინდანი არ იყო ქალებთან მიმართებით. იცოდი, რომ არც შენ იქნებოდი გამონაკლისი. ფსიქოლოგიაში შენს ქცევას იცი, რა ჰქვია? «მსხვერპლის ქცევა».
- მსხვერპლის?
კიდევ კარგი, თავის სახლში მომიყვანა და არა სასტუმროში, თორემ ალბათ ჩემი ყვირილით ყველას გავაღვიძებდი.
არ ვიცი, საიდან ამომივიდა ასეთი საზარელი ხმა, რიკს ხელი ვკარი, ოთახიდან გავაგდე და კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
როგორ გამიბედა! გულში ისეთი საგინებელი სიტყვებით შევამკე, არასდროს არავის მისამართით რომ არ გამომიყენებია. დედააფეთქებულიც კი ვუწოდე. ასე ანდროც კი არ გამილანძღავს. რა სულელი ვყოფილვარ! ამისთანასთან ვაპირებდი ამაღამ დაწოლას? ალბათ შევიშალე! არასდროს ვაპატიებ ამას, არასდროს! რა ცუდია, რომ შუაღამეა და უკან გაბრუნება არ შემიძლია, თორემ ერთი წამითაც არ გავჩერდებოდი.
შემოვტრიალდი და ოთახის შესწავლას შევუდექი. საწოლის გვერდით ჩემი სამგზავრო ჩანთა შევნიშნე. ამის ამოტანა როდისღა მოასწრო? ესე იგი, თავიდანვე გამიზნული ჰქონდა ჩემი ამ ოთახში გამწესება? ანუ, არც უფიქრია ღამის ჩემ გვერდით გატარება? ნუთუ ასეთი ავხორცი ვარ? მე რატომღა ვიფიქრე, რომ მაინცდამაინც ასე მოხდებოდა? ვინ იცის, როგორ დამცინოდა, პირში ჩალაგამოვლებული დავტოვეო. ამის გაფიქრებამ უარესად გამამწარა.
რაც შეიძლებოდა, სწრაფად გადავივლე წყალი, რომ ოდნავ მაინც დამემშვიდებინა აწეწილი ნერვები და ლოგინში შევწექი. რა დამაძინებდა? ვიწექი და ვფიქრობდი. ცოტა ხნის შემდეგ აღელვებამ გამიარა და ჩემი თავი შემეცოდა. კიდევ ნახევარი საათი და უკვე იმაზე დავიწყე ყოყმანი, იყო თუ არა სიმართლის მარცვლები რიკის ნათქვამში. ვაღიარე, რომ იყო.
იყო, მაგრამ სულერთია, მას მაინც ვერ ვიტან. არ უნდა ეთქვა, ანდროს თანავუგრძნობო. არა, ასე არ უთქვამს. თანავუგრძნობდიო, ასე თქვა. სულერთია, რა მნიშვნელობა აქვს, რა იგულისხმა?
უკვე ვეღარ ვხვდებოდი, რამ უფრო გამამწარა. რაც მითხრა იმან, თუ როგორც მომექცა, იმან. საბოლოოდ გამიცრუა იმედები.
უმწეობა დამეუფლა. თავი ვერ შევიკავე და ავზლუქუნდი. მერე კი ჩამეძინა.
გაგრძელება იქნება