სახიფათო სურვილები - თავი 16 - Marao

სახიფათო სურვილები - თავი 16

2024-04-18 11:31:01+04:00

წინა თავი 

კარზე კაკუნმა გამომაღვიძა. თვალები გავახილე და მზის სხივებით გავსებულ ოთახს თვალი მოვავლე. უცებ ვერც გავიაზრე, სად ვიყავი. ნელ-ნელა ყველაფერი გამახსენდა.

კაკუნი განმეორდა. «დამშვიდდი», - ვუბრძანე ჩემს თავს, «ახლა ადგები, ჩაიცვამ, დაემშვიდობები მასპინძელს და სახლისკენ მოუსვამ!» - ვიმეორებდი გულში, თან საჩვენებელ თითს ისე ვაქნევდი, თითქოს ჩემ წინ მეორე კატო მდგარიყო.

ამწუთას საერთოდ აღარ მაწუხებდა, როგორ გამოვიყურებოდი - არც უძილობით ჩაწითლებული თვალები, არც უმაკიაჟობა, არც აწეწილი თმა… ამაყად თავაწეული გავემართე კარისკენ და მშვიდად გამოვაღე.

- შემოდი! - დოინჯი შემოვირტყი და განზე გავდექი.

- დილა მშვიდობისა! - ეყო გამბედაობა, გაეღიმა.

რიკს ხელში სინი ეჭირა, რომელზეც ჩაი და ნამცხვარი ეწყო. შევამჩნიე, რომ თმა სველი ჰქონდა, თუმცა წვერის გაპარსვა ვერ მოესწრო.

- დილა მშვიდობისა! - ცივად დავუბრუნე სალამი.

- კარგად გეძინა?

თავხედი! ვითომ არ იცის, როგორი ღამე მექნებოდა.

- გმადლობთ, ბრწყინვალედ!

- საუზმე ნახევარ საათში იქნება, მაგრამ ვიფიქრე, ჩაის დალევა მოუნდება-მეთქი. როგორც მივხვდი, დილაობით ჩაის ამჯობინებ, არა?

თვალი თვალში გავუყარე. ჩაის დალევა მართლა მჭირდებოდა, რომ ცოტათი გამოვცოცხლებულიყავი, მაგრამ არ მინდოდა მასთან ამის აღიარება.

მხრები გულგრილად ავიჩეჩე და სინი ჩამოვართვი.

- ჩემთვის სულერთია, - მოგვიანებით მივუგე.

- საინტერესოა… მე კი ვიფიქრე, ჩაის მოყვარულია-მეთქი.

- მართლა? - გულგრილად ვიკითხე.

- მიბრაზდები…

ეს არ უკითხავს, მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა. როგორც ჩანს, საუბარში მიწვევს, მაგრამ არ იცის, რომ მასთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს!

- რატომ უნდა გიბრაზდებოდე? - ამრეზით შევხედე.

- არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ გაიძულე, რაღაც-რაღაცებისთვის სხვა მხრიდან და სხვა თვალით შეგეხედა.

- გაბრაზება არც მიფიქრია.

- არა? ცუდია, რადგან მსიამოვნებს, როცა მიბრაზდები.

ძლივს შევიკავე თავი, ცხელი ჩაი მისთვის სახეში არ შემესხა. მაგრამ, პირველ რიგში, ძირს დაგებული ხალიჩა დამენანა.

- აქ ახლოს სადმე რკინიგზის სადგური არის? ან ავტობუსის გაჩერება? - უფრო გამიუხეშდა ხმა.

- და რად გინდა?

- მე მგონი, სრულიად ნათელია, რადაც მინდა.

- მაგრამ არა ჩემთვის.

- მინდა ზედმეტი საზრუნავი აგაცილო თავიდან. არ ხარ ვალდებული, შენვე წამიყვანო უკან, ლონდონში. - სარკასტულად გამომივიდა.

რიკი მომიახლოვდა.

- დღეს შენ ჩემთან ერთად საყიდლებზე მოდიხარ. და არავითარი შეკამათება! - ამ სიტყვებით დაიხარა და მაკოცა, - ამ გამოსასვლელ დღეებს ჩემთან ერთად გაატარებ და ჩემს ოჯახს გაიცნობ. გასაგებია?

- არავის ბრძანებებს არ ვემორჩილები! ძალით ვერ დამტოვებ, უფლება არ გაქვს! - უტეხად მივუგე.

- არც ვაპირებ. წუხელ შეიძლება ცოტა მკაცრი ვიყავი, შეიძლება ცოტა ულმობელიც, მაგრამ მხოლოდ შენ საკეთილდღეოდ. დავიჯერო, ეს არ გესმის? - ისეთი თვალებით შემომხედა, ლამის გამხვრიტა მზერით, - დაფიქრდი ჩემს სიტყვებზე!

ისე მელაპარაკებოდა, როგორც ძნელად აღსაზრდელ მოზარდს. და მეც ისე ვუსმენდი და შევყურებდი, როგორც ძნელად აღსაზრდელი მოზარდი.

რიკს ამის მეტი არაფერი უთქვამს, ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.

ძალაგამოცლილი სკამზე დავეხეთქე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი…

ცოტა ხნის მერე მაინც ჩავედი დაბლა. რიკი სამზარეულოში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. ჩემ დანახვაზე იგი გვერდზე გადადო და შესახვედრად გამოემართა.

- ჰელოუ! - მხიარულად მომმართა, - დავიწყოთ თავიდან?

ჯიქურ გავუსწორე თვალი ისე, რომ ნაკვთიც არ შემრხევია სახეზე და მივუგე:

- თანახმა ვარ.

- საყიდლებიც და საერთო სადილიც ძალაში რჩება?

თავი დავუქნიე.

- ჩინებულია! მე კი თავს ვიმტვრევდი, როგორ შემეჩერებინე. სულერთია, მაინც არსად გაგიშვებდი.

მინდოდა, მეკითხა, რატომ-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე.

- ყველაფრის მიუხედავად, ისევ იმ აზრზე ვარ, რომ არ იყავი მართალი, - ჯიუტად მივუგე, რათა ჩემი უკმაყოფილება დამეფიქსირებინა, - სულაც არ იყო აუცილებელი, რაც ანდროზე მითხარი, თუმცა, სადღაც… - შევყოყმანდი.

- ჰო-ო?

- შენს ნათქვამში არის სიმართლის მარცვლები.

- დიიიდი მადლობა, - რიკმა ჩაიცინა და დააყოლა, - წარმომიდგენია, რა ძნელი იქნებოდა შენთვის ამის აღიარება და მით უმეტეს, ჩემთვის თქმა. ასეთი გმირობისთვის ჯილდო გეკუთვნის და მოგიმზადე კიდევაც ნამცხვრის, მურაბის, ფორთოხლის წვენისა და ყავის სახით. და კიდევ… გვაქვს ჩემი საფირმო ტაფამწვარი და ბეკონი სოკოთი.

ჩამონათვალმა მომაშია. მაგიდას მივუჯექი და დაველოდე, როდის მომემსახურებოდა ჩემი მასპინძელი…

შემდეგ ნახევარი დღე მაღაზიებში ვიარეთ. რიკმა დედამისისთვის ელეგანტური სავარძელი იყიდა, ლუდოვიკო მე-16-ის სტილში, მე კი ვერცხლის საყურე შევარჩიე. როგორც აღმოჩნდა, რიკის დედა 60 წლის ხდებოდა და იუბილეს რესტორანში იხდიდა.

- არანაირი ოფიციალურობა, - ის ჩემ დამშვიდებას ცდილობდა, - ჩვეულებრვიი საღამო იქნება, ოჯახური თავშეყრა ვიწრო წრეში.

არადა, გული მეთანაღრებოდა, სათანადოდ არ ვიყავი ჩაცმული. არც მიფიქრია ისეთი რამის წამოღება, საღამოს წვეულებაზე გამომდგომოდა, თუ არ ჩავთვლიდი ვერცხლისფერ კაბას და საშუალოქუსლიან ფეხსაცმელს. ისიც იმიტომ წამოვაყოლე ხელს, იქნებ სადმე პატარა რესტორანში მოგვიწიოს ვახშმობამ-მეთქი.

- ფეშენებელური რესტორანია? - შიში შემეტყო ხმაში.

- არა, არა. სასტუმროს რესტორანია, ისეთი არაფერი. პატარა სუფრა იქნება და ბევრი ცეკვა.

- და რას იტყვის დედაშენი, მე რომ დამინახავს? ასე მგონია, ძალიან ცუდად გამოვიყურები.

- შენ? შენ გამოიყურები ცუდად? სრულიად მარტივად შემიძლია საპირისპიროს დამტკიცება! - ჩემი ხელი აიღო და გულზე მიიდო, - გესმის?

მის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.

- და არა მხოლოდ ამ გულს უნდიხარ ასე, - ორაზროვანი ღიმილით დაამატა.

- რიკ! - შოკში ჩამაგდო მისმა «აღიარებითმა ჩვენებამ».

ის იცინოდა და ეტყობოდა, სპეციალურად იქცეოდა ასე, რათა ჩემი რეაქციით დამტკბარიყო.

- შენ ძალიან ლამაზი ხარ, კეიტ! და უცნაურია, თავად რომ ვერ ხვდები ამას.

- მე არ ვარ ლამაზი.

- ცდები, - მაკოცა, - იცი, როგორი ხარ? როგორც იშვიათი ძვირფასი ქვა ან კიდევ… ან კიდევ როგორც ყვავილიანი კაქტუსი.

- კაქტუსი? მაგრამ ის ხომ ეკლიანია.

- ვიცი. მაგრამ მისი ყვავილი უჩვეულოდ ლამაზია, თანაც ადამიანები წლობით ელოდებიან, როდის გამოიღებს ყვავილს.

თვალები დავხარე და დავსვი კითხვა, რომელიც ბოლო დროს ყველაზე მეტად მაღელვებდა:

- და მართლა ფიქრობ, რომ დედაშენს მოვეწონები?

- ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ. უფრო მეტიც, ის ისე შეგიყვარებს, როგორც მე მიყვარხარ. ისინი ყველანი შეგიყვარებენ. არ ინერვიულო, - მან ჩემი მზერა დაიჭირა და გააგრძელა:

- მაგრამ შენ თუ გჯერა, რომ მიყვარხარ?

შეკითხვამ საგონებელში ჩამაგდო. როგორი სიურპრიზები იცის ამ ბიჭმა!

მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან პასუხს ვერ ეღირსა, გულარხეინად განაცხადა:

- ეს უკვე პროგრესია. ყოველ შემთხვევაში, არ გითქვამს, არ მჯერაო!

დაბნეულმა გავუღიმე და თავი დავხარე.

- მაშ, წავედით?

- წავედით, - ჩურჩულით ამოვთქვი და მის გამოწვდილ ხელისგულს ხელი ძლიერად ჩავჭიდე.

როცა მანქანა სასტუმროსთან გაჩერდა, უფრო მეტად ავღელდი. გადმოსვლისთანავე ისე მოვუჭირე ხელზე ხელი, თითქოს ლომებით სავსე გალიისკენ მექაჩებოდა. კინაღამ უარი ვთქვი შესვლაზე. იმის პერსპექტივა, რომ ერთბაშად რიკის ყველა ნათესავი უნდა გამეცნო, ზედმეტად შიშის მომგვრელად გამოიყურებოდა.

- მოეშვი! - მითხრა და ლოყაზე მაკოცა, - დამიჯერე, ყველანი შეგიყვარებენ. თუნდაც რომელიმეს არ მოეწონო, რა მნიშვნელობა აქვს? მე უკვე საკმარისად ზრდასრული ადამიანი ვარ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღო. თავად ვირჩევ თანმხლებ ქალს, ვიღაცების დახმარების გარეშე.

მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. შევედით თუ არა რესტორანში, ეგრევე მივხვდი, რომელ მაგიდასთანაც გველოდნენ - რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაგვიწყო ხელების ქნევა…

ასე უხერხულად თავი არასდროს მიგრძნია.

- ეს კეიტია, - გააცნო რიკმა ჩემი თავი ნათესავებს, როცა მაგიდას მივუახლოვდით.

- ძალიან სასიამოვნოა, კეიტ… სასიამოვნოა შენი გაცნობა… მოხარული ვარ… - ხელს სათითაოდ მართმევდნენ და მესალმებოდნენ.

- მიხარია, რომ მოხვედი, - თავი დამიქნია რიკის დედამ და მხარზე ოდნავ შემეხო.

ის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა. ტანდაბალი, გამხდარი და ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელიც გამუდმებით ყველას უღიმოდა. რიკის დებიც ძალიან საყვარლები აღმოჩნდნენ თავიანთ მეუღლეებთან ერთად.

ერთადერთი, ვინც არ მომეწონა, ჟღალთმიანი, დაახლოებით ჩემი ასაკის გოგო იყო, სახელად ები. ის რიკის დედის მეგობრის ქალიშვილი აღმოჩნდა.

ები ცივად მომესალმა. მე ვიტყოდი, სასტიკად ცივად და შემფასებლური მზერით ამათვალიერა, თავხედურად, მოურიდებლად. თუმცა, როგორც კი რიკს დაელაპარაკა, საოცრად დაუთბა ხმა:

- რიკ, ძვირფასო, რატომ აღარ მირეკავ? მე ძალიან ხშირად მახსენდები.

აშკარად ჩანდა, ების რიკი მოსწონდა. ქალი თვალებით ჭამდა მამაკაცს და როცა აკოცა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კოცნა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო.

ეს ნაზი რიტუალი იუბილარის გამოჩენამ შეწყვიტა, რისთვისაც ქალბატონ კეროლს გულში მადლობა გადავუხადე.

- ჩემო ბიჭო, საჩუქრისთვის დიდი მადლობა. ბედნიერებისგან კინაღამ გავგიჟდი, როცა სავარძელი დავინახე. ძალიან გამიკვირდა, სატვირთო რომ მოადგა სახლს… რას ვიფიქრებდი. ასეთ საჩუქარს არ ველოდი შენგან.

დედას რომ შეხედა, რიკს სახე სიყვარულით აევსო.

- ძალიან მიხარია ამის მოსმენა. სიმართლე გითხრა, დარეკვას ვაპირებდი. მინდოდა, მეკითხა, რა უფრო გაგიხარდებოდა, მაგრამ კეიტმა დამარწმუნა, სიურპრიზი გაუკეთე და უფრო ესიამოვნებაო.

- დაბადების დღეს გილოცავთ, მისის ნელსონ, - ნერწყვგამშრალმა ჩახრინწული ხმით ამოვიხავლე და ლამაზად შეფუთული მინიატიურული ყუთი გავუწოდე, რომელშიც ვერცხლის საყურე იდო.

- ო, დიდი მადლობა, კეიტ და, თუ შეიძლება, უბრალოდ, კეროლი დამიძახე. შემიძლია, გავხსნა?

- დიახ, რა თქმა უნდა, - გავუღიმე, თუმცა მერჩივნა, არ გაეხსნა. არ ვიცოდი, მოეწონებოდა თუ არა.

ქალმა ყუთს თავი ახადა და სიხარულნარევი ოხვრა აღმოხდა. გულზე მომეშვა - მას ჩემი საჩუქარი მოეწონა.

- თვითონაც სწორედ ასეთს ავირჩევდი, - დელიკატურად გამოუვიდა, თუმცა ხმაში მართლა შეეტყო სიხარული, - როგორ მიხვდით, ვერცხლი რომ მიყვარდა? ჩემს დღევანდელ კაბას საოცრად მოუხდება, - ამ სიტყვებით კეროლმა თავისი საყურე მოიხსნა და ჩემი ნაჩუქარი გაიკეთა.

- როგორც ჩანს, ორივემ შესაფერისი საჩუქარი შევარჩიეთ, - მიჩურჩულა რიკმა, როცა დედამისი სტუმრებისკენ გაემართა, რათა საჩუქარი მათთვის ეჩვენებინა.

- ბრწყინვალე დედა გყავს, რიკ, - ჩუმად ვთქვი.

- ვიცი, - მიპასუხა მან და მკლავზე მსუბუქად მომიჭირა თითები.

ვახშამს ცეკვები მოჰყვა. ძირითადად რიკთან ვცეკვავდი, თან ყველა წვრილმანს ვიხსენებდი, რაც მასთან მაკავშირებდა - გაცნობის წუთიდან დღემდე.

როცა რიკი თავის დებთან იწყებდა ცეკვას, ჩემი პარტნიორობა მის სიძეებს უწევდათ.

უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი აქ ყოფნით, რომ არა ები, რომელიც მთელი საღამო მოსვენებას არ მაძლევდა. ის ჩვენს მაგიდას ნაბიჯითაც არ შორდებოდა, თითქოს რიკს დარაჯობსო, მაგრამ ჩემდა სასიხარულოდ, მას ერთხელაც არ გაუწვევია ჟღალთმიანი მეტიჩარა საცეკვაო მოედანზე.

ღამის პირველ საათზე კეროლმა გამოაცხადა, დავიღალე და შინ უნდა წავიდე, დროსტარება უჩემოდ გააგრძელეთო. წასვლის წინ რიკთან იცეკვა. გული ამიჩუყდა ამ სცენის შემხედვარეს. ჩემ გვერდით როუზი იჯდა, რიკის და, რომელიც არა დედას და ძმას, არამედ სხვა მოცეკვავე წყვილს მიშტერებოდა - თავის ქმარს და ების.

- ერთი ამას შეხედე, - ჩუმად გადმომიჩურჩულა, - როგორ ცდილობს ყველა კაცის მოხიბვლას, ვისაც კი ცხოვრებაში გადაეყრება. ჩემი საწყალი აარონი, როგორი დამფრთხალი ჩანს. ყველაზე საშინელება ისაა, რომ მე თვითონ ვთხოვე, ებისთან იცეკვე-მეთქი. ხომ შეამჩნიე, არავინ გაიწვია საცეკვაოდ და შემეცოდა. აარონი ამას არასდროს მაპატიებს.

კინაღამ გადავიხარხარე - როუზის ქმარს მართლა შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა.

- და მარტო რატომ მოვიდა? ვფიქრობ, ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება, ალბათ მოსვენება არა აქვს მათგან.

- რიკის გამო, რა თქმა უნდა, - თქვა როუზმა და უცებ ხელი პირზე აიფარა, - ოი, მაპატიე.

- არა უშავს. ისედაც მივხვდი, რომ რიკი მოსწონს.

- მოსწონს? ეს ის სიტყვა არ არის. - თავი გადააქნია როუზმა, ხელი ჩამკიდა და დარბაზის კუთხისკენ წამიყვანა, სადაც არავინ იყო, - ების დიდი ხანია, რიკი უყვარს. ჭკუა ეკეტება. რამდენიმე წლის წინ მცირე რომანი ჰქონდათ, უფრო ალბათ ფლირტი. რიკი სხვანაირია, ქალთან საზღვრებს არასდროს გადადის. რაც უნდა სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს, დიდხანს აკვირდება, - თქვა და კვლავ უხერხულად გამომხედა, თითქოს ჩემ წყენინებას ერიდებოდა.

- ყველაფერი რიგზეა, - გავუღიმე, - მესმის, რასაც ამბობ.

- მას შემდეგ ები ძალიან უცნაურად იქცევა. ცდილობს, დაიბრუნოს იგი, - როუზმა ამოიოხრა, - ასე რომ, მასთან ფრთხილად იყავი. არ ენდო!

- მე ის არ მომწონს, - ვაღიარე.

ამ დროს საცეკვაო მელოდია დამთავრდა და როუზი მეუღლის «გამოსახსნელად» გაეშურა, მე კი მაშინვე რიკი მომიახლოვდა.

- მოვიწყინე, - მიჩურჩულა, - ხუთი წუთი ვიყავი შენ გარეშე და უკვე უკმარისობა დამეუფლა, - ამ სიტყვებით ხელი მხარზე გადამხვია და მაგიდას დავუბრუნდით.

გაგრძელება იქნება