საღამოს დარჩენილი ნაწილი ძალზე მხიარულად გავატარე - ვიცინოდი, რიკთან ვცეკვავდი და ებისთან ახლოს ყოფნას გავურბოდი.
როცა შინ დავბრუნდით, სასწრაფოდ დავემშვიდობე რიკს და ჩემს საძინებელში ავირბინე, თუმცა მისი თვალებიდან უდიდესი სურვილი გამოსჭვიოდა - საღამო შინაც გაგვეგრძელებინა.
მაგრამ რთული დღე მქონდა, ამიტომ ახლა აუცილებლად უნდა დამესვენა. გარდა ამისა, გაგრძელებული საღამოსი მეშინოდა. აღარ მქონდა საკუთარი თავის იმედი.
მეორე დილით საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებით გავიღვიძე - არავითარ შემთხვევაში არ დამეშვა, რომ ების რიკი წაერთმია.
გამახსენდა, გუშინ დილით რიკმა საუზმე ოთახში რომ შემომიტანა და საათს ავხედე. რვის ნახევარი იყო. ჯერ ადრეა, რიკს ალბათ სძინავს. უნდა ვიმოქმედო!
საწოლიდან წამოვხტი და სააბაზანოში ვიზიტის შემდეგ სამზარეულოში ჩავირბინე. ორი ფინჯანი გავამზადე, ყავა მოვხარშე, სინზე დავალაგე და რიკის საძინებლისკენ ავიღე გეზი.
კართან შევყოყმანდი. რამდენად მიზანშეწონილი იყო, შიშველ კაცს ლოგინში წავდგომოდი თავს? ეს ერთგვარ გამოწვევას ხომ არ ჰგავდა? მაგრამ ყოყმანი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე კი ფრთხილად ჩამოვწიე სახელური, კარი შევაღე და უხმაუროდ შევედი ოთახში. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საწოლი ცარიელი დამხვდა. იმედგაცრუებულმა სინი მაგიდაზე შემოვდე, სპორტული ჟურნალების გვერდით და სწორედ ამ დროს მელოდიური სტვენის ხმა შემომესმა სააბაზანოდან.
არ ვიცი, იმწამს რამ მომიარა თავში, ალბათ საბოლოოდ ამერია გონება. ავდექი და… სააბაზანოში შევიჭვრიტე. აი, სწორედ მაშინ დამერხა!.. შიშველ მამაკაცს პირველად ვხედავდი… რიკი გვერდულად იდგა და თმას პირსახოცით იმშრალებდა. მე ვერ მხედავდა… ჯერ…
ღმერთო, ოღონდ ვერ შემამჩნიოს, ოღონდ უჩუმრად შევძლო აქედან გასვლა! რომ დამინახოს, სირცხვილისგან გული გამისკდება!
ფეხაკრეფით დავიხიე უკან, რაც შეიძლებოდა, ნელა და როცა თავი სამშვიდობოს დავიგულე, მხოლოდ მაშინ აღვიქვი, რომ ოფლში ვცურავდი. დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა. სირბილით გამოვვარდი მისი საძინებლიდან და ჩემსას მივაშურე. სასწრაფოდ ამოვიცვი ჯინსი, ზემოთ წითელი მაისური ჩამოვიფხატე და სამზარეულოსკენ გავიქეცი, თან გზაში ვაგრძელებდი მაისურის ჩაცმას.
ჯობია, სამზარეულოში მნახოს, ვითომ საუზმის სამზადისში ვარ.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მოულოდნელად სინი გამახსენდა… ის რიკის საძინებელში დამრჩა. რაღაც უნდა მოვიფიქრო…
თვალები დავხუჭე და გონება დავძაბე… რაღაც… რაღაც… ისეთი რამ, რაც ტყუილში არ ჩამეთვლება. რა იდიოტი ვარ! როგორი აშკარაა, რომ კაცი მინდა. სხვა შემთხვევაში ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯს ხომ არ გადავდგამდი?
მოვიფიქრე! ვეტყვი, რომ ერთი წუთით შევირბინე მასთან და მაშინვე გამოვბრუნდი, რადგან ოთახში არ დამხვდა. მაგრამ ორი ფინჯანი?.. მერე რა? ვითომ შემეშალა.
ხელები მიცახცაცებდა, როცა პურის დაჭრას შევუდექი.
- რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ? - მისი ხმის გაგონებაზე შემოვბრუნდი და დანა ხელიდან გამივარდა.
რა მემართება? დიდი ამბავი! შიშველი მამაკაცი ვნახე, რა მოხდა მერე? თავი ვერა და ვერ ავიყვანე ხელში.
- როგორ შემაშინე, - ხვნეშა-ხვნეშით ამოვთქვი. ამწამს თამაში არ მჭირდებოდა, მართლა ვიყავი შეშინებულ-შეცბუნებული. ვუყურებდი მას და ვცდილობდი, იმ ყოფაში არ წარმომედგინა, როგორშიც რამდენიმე წუთის წინ ვნახე, მაგრამ თვალწინ სულ მისი შიშველი სხეული მედგა.
- მაპატიე, - ხელები გაშალა მობოდიშების ნიშნად.
- ვისაუზმოთ?
- რა თქმა უნდა, - რიკმა გამომცდელი მზერა მესროლა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.
სუფრა რის ვაი-ვაგლახით გავშალე, გული მიფანცქალებდა. როცა ორივენი მივუსხედით მაგიდას, რიკმა ჩემი ხელში ხელში აიღო და ძალიან თბილად მითხრა:
- მესიამოვნა, ყავა საძინებელში რომ მომიტანე. იმედია, მეორე ფინჯანი შენთვის იყო განკუთვნილი, არა?
- რა თქმა უნდა, არა! - მაინც შემეფაკლა ღაწვები, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკითხვას ველოდი, - მართლა ორი ფინჯანი იყო? როგორ შემშლია. იცი? აჯობებს, მალე მოვრჩეთ საუზმეს, თორმეტის ნახევარზე შენები გველოდებიან. ამიტომ…
- გასაგებია, რასაც მეუბნები, მაგრამ რატომღაც, მაინც მგონია, რომ რაღაცას მიმალავ.
- რა? გიმალავ? რას უნდა გიმალავდე?
- რაღაცნაირი ხარ… უცნაური და თითქოს აფორიაქებული. იქნებ იმიტომ, რომ შიშველს შემომისწარი სააბაზანოში?
სუნთქვა გამიჩერდა. უხმოდ მივაჩერდი. მინდოდა, აღარ გაეგრძელებინა ლაპარაკი. მისი სიტყვები ეკალივით მესობოდა გულზე. ძალიან მრცხვენოდა.
- გგონია, ვაპროტესტებ? სულაც არა. უბრალოდ, უფრო გამიხარდებოდა, არ გაქცეულიყავი და ჩემთან დარჩენილიყავი.
ღმერთო, ესე იგი, შემამჩნია! რა კოშმარია! ნეტავ მიწა გამსკდომოდა იმ წუთას და შიგ ჩავვარდნილიყავი!
- შენ… შენ არ იფიქრო, რომ მე… - ენა დამება.
- არაფერსაც არ ვფიქრობ. გემრიელი ბეკონია, ზუსტად ასეთი მიყვარს, - მაშინვე შეცვალა საუბრის თემა.
ჯანდაბას ბეკონი! რა სირცხვილია! ნერვიულად გადავყლაპე ნერწყვი. ისე დამცხა, ვეღარ მოვითმინე და ხელი მარაოსავით გავიქნიე სახის წინ.
- მე საუზმე მოგიტანე, შენ ოთახში არ იყავი, - თავის მართლება დავიწყე, - სააბაზანოს კარი შეღებული იყო…
- ა! გამოდის, მართლა შემომისწარი შიშველს.
- მომატყუე, არა? შენ არ შეგიმჩნევია ჩემი შემოსვლა, ხომ?
- რა თქმა უნდა, არა. რომ შემემჩნიე, იქიდან გამოგიშვებდი?
- აბა, როგორ მიხვდი? - შევეკითხე დამარცხებული.
- მარტივი ფორმულაა - ორს პლუს ორი. სინი, ფინჯნები და შენ - აფორიაქებული სამზარეულოში. და რატომ განიცდი ასე? შიშველი ხომ მე ვიყავი და არა შენ?
- ვიცი, - ამოვილუღლუღე და თვალი ავარიდე.
- კარგი, ნუ განიცდი. მაგრამ მითხარი მაინც, რაც დაინახე, მოგეწონა?
ისეთი მომაკვდინებელი მზერა ვესროლე ამ შეკითხვის გამო, რიკმა გადაიხარხარა: - კარგი, კარგი. დავივიწყოთ ეს ამბავი, გეხუმრე.
- ძალიანაც კარგი, - ისევ ავლუღლუღდი.
- სხვათა შორის, წუხელ ფურორი მოახდინე, ჩემი დები შენით აღფრთოვანებულები არიან, - თქვა რიკმა და გამობუშტული ტუჩები ფრთხილად შეახო ფინჯანს ქაფქაფა ყავის მოსასმელად.
- დედაშენს? - შეგნებულად ვიჩქარე ამ შეკითხვის დასმა, რათა პასუხისთვის დასაფიქრებელი დრო არ დარჩენოდა.
- დედასაც, - მომიგო და ყურადღებით დამაცქერდა.
- მიხარია ამის მოსმენა.
- დედას ძალიან მოეწონე. შენ თვითონ ვერ იგრძენი? არა, ისევ რაღაც ვერ არის რიგზე. რაღაც არ ვიცი. ნეტავ, რა? რა გამომეპარა?
როუზის ჩაშვება არ მინდოდა და გადავწყვიტე, ებიზე არაფერი მეთქვა. როგორმე უნდა გამეფანტა მისი ეჭვები. ამიტომ ფონად ღიმილი გავაყოლე ჩემს ნათქვამს:
- რას ამბობ! უბრალოდ, ისეთი თბილი და მეგობრული ოჯახი ხართ, გაოცებული დავრჩი.
- შენც დიდებული იყავი, - მითხრა და ოდნავ გაღიზიანებულმა დაამატა, - კეიტ, თუკი ვინმემ გაწყენინა, არ დამიმალო, მითხარი, კარგი?
- ეგ როგორ იფიქრე, რა სისულელეა, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ძალიან სასიამოვნო ღამე იყო, - მაინც არ ავლაპარაკდი ებიზე და სუფრის ალაგებას შევუდექი.
საუზმის შემდეგ გარეთ გავედით და რიკმა ბაღი დამათვალიერებინა. როგორი მოვლილი და ლამაზი იყო იქაურობა. ნამდვილ სამოთხეს ჰგავდა, განსაკუთრებით, ალუბლის ნარგავები. ნანახით აღფრთოვანებული შეძახილებისგან თავს ვერ ვიკავებდი:
- რა სასწაულია! უკვე მიყვარს აქაურობა!
რიკმა გაიღიმა.
- როცა ეს სახლი ვიყიდე, აქაურობა ასე ლამაზად არ გამოიყურებოდა. ბაღი სარეველებს მიჰქონდა, მაგრამ ჩემმა მებაღემ გულმოდგინედ იზრუნა მასზე და რაღაცას დაამსგავსა. ყვავილებს ბავშვებივით უვლის, ელაპარაკება, ეფერება. უნდა ნახო, როგორ სათუთად წმენდს მათ ფოთლებს მტვრისგან.
- გამაოგნებელი სიმშვიდეა აქ.
- ჰო, პეპლებიც დაფრინავენ, ფუტკრებიც შრომობენ, ჩიტებიც ჭიკჭიკებენ… მართლაც მომაჯადოებელი ადგილია.
- მე რომ მქონოდა ასეთი ბაღი, მთელ დღეებს იქ გავატარებდი, გავაბამდი თოკებიან სარწეველას და შიგ ჩავიძინებდი.
- ჰამაკს? - სიცილი აუტყდა რიკს, რადგან მიხვდა, რომ ინგლისურად ჰამაკის სახელი არ ვიცოდი.
- ჰო, ჰამაკს, - არ შევიმჩნიე, - შენს მებაღეს რა ჰქვია? - სხვა რამეზე გადავიტანე საუბარი.
- ჰარი. მას სწყინს, აქ რომ იშვიათად ვარ.
- და რატომ იშვიათად?
- იმიტომ, რომ ბევრი საქმე მაქვს. არ მაქვს იმის დრო, უბრალოდ, მოვიდე, დავჯდე და აქაურობით დავტკბე. მაგრამ ყოველთვის კი არ იქნება ასე.
- და ეგ როდის მოხდება?
რიკი ერთხანს დუმდა, მერე ხელი ჩამკიდა და წარმოქვა:
- შენთვის ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რას ნიშნავს ჩემთვის კარიერა. გახსოვს, შენც მეუბნებოდი, კარიერა ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დგას და ამიტომაც არ ვიჩქარე გათხოვებაო?
ეგ როდის ვუთხარი? საერთოდ არ მახსოვდა, ამ თემაზე თუ გვქონდა ოდესმე საუბარი, მაგრამ შეკამათება არც მიფიქრია. ალბათ ვთქვი და ის ჩემს ყოველ სიტყვას იმახსოვრებდა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მას შევხვდი, ჩემმა კარიერულმა ამბიციებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მეტად აღარ მინდოდა ვყოფილიყავი ჩაკეტილი, მიტოვებული, დარდიანი ქალი, როგორიც მის გაცნობამდე ვიყავი. როგორც უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა, მისი მაინც მადლობელი დავრჩებოდი. რიკისგან ბევრი რამ ვისწავლე. მასთან შეხვედრა ჩემთვის გაკვეთილი იყო, კარგი გაკვეთილი. წარსულში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი.
- შეიძლება, ვცდებოდი, როცა ასეთი რამ გითხარი, - კეკლუცად ვთქვი და ცალთვალმოხუჭულმა ცერად გავხედე.
- არ არის გამორიცხული, - რიკი შეჩერდა, წინ გადამიდგა და საჩვენებელი თითი ჩემს ტუჩებზე ნაზად გადაატარა.
ჟრუანტელმა დამიარა. მეგონა, მაკოცებდა და მთელი სხეული დამეძაბა, მაგრამ მან ხელი ჩამკიდა და სახლისკენ ლამის სირბილით წამიყვანა.
- თერთმეტი ხდება, უნდა მოვასწროთ, სულ ნახევარი საათი გვაქვს, რომ ჩავიცვათ და დედას ვესტუმროთ.
- იმედია, მოვასწრებთ! - მივუგე და თავადაც ავჩქარდი. როგორ სწრაფად გაქცეულა დრო, მის გვერდით დროის შეგრძნება საერთოდ დამიკარგავს თურმე!.
ზღურბლთან რიკმა მოულოდნელად ჩამბღუჯა და ტუჩებში მაკოცა.
- მინდა, ამ საღამოს, როცა დავბრუნდებით, სერიოზულად დავილაპარაკოთ, - წამჩურჩულა, როცა ჩემს ტუჩებს მოწყდა, - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მგონი, თვითონაც მშვენივრად ხვდები ამას. არა?
შევხედე. ახლა რომ მითხრას, დროა, ერთმანეთს დავშორდეთო?
- კარგი, - თავის ქნევით მივუგე და მზერა ავარიდე.
- მშვენიერია! გასაკვირია, როგორ იმოქმედა შენზე ჩემმა ბაღმა. უცებ საზრიანი და დამყოლი გახდი. მგონი, მომიწევს, უფრო ხშირად გატარო აქ.
მისმა ირონიულმა კილომ გამომაფხიზლა და საკმაოდ უკმეხად ვუთხარი:
- საკუთარ ბედს ნუ ეთამაშებით, მისტერ ნელსონ! იმედი არ გაგიცრუვდეთ!
- ჰო, აბა რა! მადლობა გაფრთხილებისთვის, - ჩაიცინა, - მახსოვს, ამას წინათ ცხვირი კინაღამ მომაყოლეს კარში.
ღიმილი ვერ შევიკავე.
- მე ყოველთვის ვაკონტროლებ ჩემს რეაქციებს.
- იმედია, მაგრამ მინდა გითხრა, რომ მსგავსი საშიშროების წინაშე ადრე არასდროს ვმდგარვარ. არც ისეთი ნახტომების შესრულება დამჭირვებია, მაშინ რომ ვისკუპე უკან ჩემი ცხვირის გადასარჩენად.
ორივეს სიცილი აგვიტყდა.
კიბეზე რომ ავდიოდით, გავიფიქრე, რა მოხდებოდა, თუკი ვეტყოდი, რომ მიყვარდა და მის გარდა ამქვეყნად არავინ მჭირდებოდა? როგორ შეხვდებოდა იგი ჩემს აღიარებას? ალბათ, უარყოფითად. კაცებს არ უყვართ, როცა ქალები სიყვარულს ეფიცებიან, თუკი თვითონაც არ არიან ყურებამდე შეყვარებულები. სიყვარული ერთია, მაგრამ ერთგულება და ნდობა - სრულიად სხვა. რიკი არ ჰგავს იმ ადამიანს, ვინმეს გამო მოვალეობებით «დაიხუნძლოს» თავი. ბოლოს და ბოლოს, მეგობარ ქალად ვუნდივარ, ცოლად ხომ არა?
შევედი თუ არა ჩემს ოთახში, შინდისფერი მოკლე კაბა მოვჩხრიკე ჩანთაში, რომელიც ძალიან მიყვარდა და ძალიან მიხდებოდა. ზუსტად ისეთია, ოჯახურ შეხვედრებზე რომ გამოდგება - ელეგანტური და გემოვნებიანი. გამომწვევად სულაც არ მინდა გამოვიყურებოდე. ებისთან მეტოქეობას არ ვაპირებ. ქართველი კატო კლასიკურ სტილს ამჯობინებს! დავტრიალდი სარკის წინ, ჩემს ორეულს თვალი ეშმაკურად ჩავუკარი, თავი შემფასებლურად შევითვალიერე და მივხვდი, რიკის გამო ებისთან საბრძოლველად მზად ვიყავი!
პირველები გამოვცხადდით კეროლთან. რიკმა ჩქარ-ჩქარა დამათვალიერებინა დედამისის სახლი, რომელმაც ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. კედლები თითქმის ყველა ოთახში სურათებით იყო გაფორმებული, რომელთა უდიდესი ნაწილი რიკის დედის დახატული აღმოჩნდა. მომეწონა მისი ფერწერული მანერა და ადვილი გასაგები გახდა ჩემთვის, რატომ იყიდებოდა ასე კარგად მისი ტილოები.
ყველაზე მეტად შინაური ცხოველების სიმრავლემ გამაოცა - კეროლს ცხრა ძაღლი და ექვსი კატა ჰყავდა.
- ამ თავზეხელაღებულ ბანდას უერთდება ყველა ძაღლი და კატა, რომლებიც თავშესაფარში პატრონის გარეშე დიდი ხნით რჩებიან. დედაჩემი გაგიჟებულია ცხოველებზე. თვეში ერთხელ მიდის თავშესაფარში და ყველასგან დაწუნებული ერთი რომელიღაც ცხოველი შინ მოჰყავს.
კიდევ უფრო შემიყვარდა დედამისი. ერთ დროს ჩემი ოცნებაც იყო, ძაღლების და კატების თავშესაფარი მქონოდა. გამიხარდა, ამაში მაინც რომ ვგავდით ერთმანეთს.
- დღეს ბარბექიუს ვაწყობთ, - ამიხსნა რიკმა, - აი, აქ, ეზოში. ამ ყველაფერს ორგანიზებას დედაჩემი უწევს.
- აი, ასე მოიხსენიებენ ბავშვები ჩემს ცხოველებს, - გაისმა კეროლის ხმა, რომელიც მოულოდნელად ჩვენ ზურგს უკან აღმოჩნდა, - არანაირი თავზეხელაღებულები ეგენი არ არიან. თავიდან შეიძლება ცოტა უცნაურადაც იქცეოდნენ, მაგრამ მზრუნველობა და მოფერება ყველაზე ჭრის, მათ შორის - ცხოველებზეც.
- აბა, რა ჰქვია ძაღლს, რომელიც ყველაფერს ღრღნის? - გაიცინა რიკმა, - გაზეთებს, ფეხსაცმელს, წიგნებს, ტაფებსაც კი ეტანება.
- სამაგიეროდ, ახლა მუსიკას უსმენს, - შეეპასუხა კეროლი, - გადაეჩვია თავის მავნე ჩვევებს. უნდა ნახო, კეიტ, მუსიკის ხმაზე როგორ ყმუის, თითქოს ხმას აყოლებსო.
- ძალიან საყვარლები არიან, - გავიღიმე, - რომ მქონდეს შესაძლებლობა, მეც თქვენსავით გავაკეთებდი, მეც ასე ვიზრუნებდი მათზე.
- დედა! უთხარი კეიტს, რომ არც კი გაიფიქროს მსგავსი რამ. - წამოიძახა რიკმა, - ყელამდე მყოფნის ესენიც, კიდევ დამატება არაფერში მჭირდება.
ქალებს გულიანად გაგვეცინა.
სწორედ ამ დროს ჭიშკართან მანქანამ დაამუხრუჭა…
ეზოში როუზი გამოჩნდა თავის ქმარ-შვილთან ერთად. შვებით ამოვისუნთქე. რატომღაც, ების ველოდი. ის კი იგვიანებდა, იქნებ საერთოდაც არ აპირებდა მოსვლას? ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მაგრამ აბა, როგორ გავბედავდი, ვინმესთვის მეკითხა?
ცოტა ხანში ელენიც გამოჩნდა თავისი ოჯახით. ბავშვები უკანა ეზოში გავიდნენ ბურთის სათამაშოდ. რამდენიმე ძაღლი სირბილით მიჰყვა პატარებს. მამებიც გაეშურნენ თავიანთი შვილებისთვის ყურადღების მისაქცევად, ოღონდ, ძაღლებისგან განსხვავებით, დინჯი ნაბიჯებით.
- ანგელოზივით შვილიშვილები გყავთ, - გულწრფელად ვთქვი და კეროლს ღიმილი შევაფრქვიე.
- ანგელოზები? გარეგნობა ხანდახან მატყუარაა, ჩემო კარგო. სინამდვილეში ისეთი ცელქები არიან, ვერ წარმოიდგენ. ვცდილობ, თვალი არ მოვაშორო ხოლმე, რომ რამე საშინელება არ ჩაიდინონ.
თითქოს ამ სიტყვების დასტურად, უკანა ეზოში ხმაური გაძლიერდა.
დედა და ქალიშვილები თბილად საუბრობდნენ ერთმანეთში. ვუყურებდი მათ, თან გული მიმძიმდებოდა. როგორ მომნატრებია დედაჩემი. მე კი აქ, ინგლისში ვარ, მისი საფლავის მონახულების საშუალებაც კი არ მაქვს და ჩემ გარდა არც არავინაა სასაფლაოზე ამსვლელი. კიდევ კარგი, საფლავების მომვლელს ერთი წლის ფული წინასწარ დავუტოვე და ვთხოვე, მიეხედა. კინაღამ ავტირდი, ძლივს შევიკავე თავი.
ცოტა ხანში გადამიარა, რადგან სადილმა სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა. რაც მთავარია, ები არ გამოჩენილა.
თუმცა ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. დესერტის დრო რომ მოვიდა, ები მოულოდნელად გამოგვეცხადა. ყველას მხიარულად მიესალმა, გადაკოცნა, მე კი ნიშნის მოგებით გამომხედა და მხოლოდ თავის ცივად დაკვრა მაღირსა.
ის წუთი იყო და… თითქმის არ მოშორებია გვერდიდან რიკს. ისიც გრძნობდა, გოგონა ზედმეტ ყურადღებას რომ აქცევდა და ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ მასთან შეხება არ ჰქონოდა. თუ ები რამეს ჰკითხავდა, ცივი თავაზიანობით სცემდა პასუხს.
მისი გამოჩენისთანავე სახიდან ღიმილი გამიქრა და კვლავ დავნაღვლიანდი.
როუზმა დესერტის შემდეგ შინ წასვლა მოინდომა.
- საღამოს სტუმრებს ველოდებით, უნდა ვიჩქაროთ, რათა თადარიგი დავიჭიროთ, - მითხრა გამომშვიდობებისას, - ძალიან გამიხარდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა, კეიტ! შენ და რიკი მართლა უხდებით ერთმანეთს. ის ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს.
გაბრუებულმა მადლობის გადახდა ძლივს მოვახერხე.
მთელმა ოჯახმა მიაცილა ჭიშკრამდე როუზი და მისი ქმარ-შვილი. მე კი შეუმჩნევლად სააბაზანოში შევიპარე, რათა თავი მომეწესრიგებინა. როგორც კი იქიდან გამოვედი, შორიახლოს ების ხმა მომესმა:
- რიკ, ძალიან გთხოვ! უნდა მომისმინო! ვერ წარმოიდგენ, როგორ მჭირდები. მეც გადმოვალ ლონდონში. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ შენ გვერდით ვიყო.
- არ დაიწყო ახლა, ები!
- ვიცი, რომ ცოლის შერთვა არ გინდა. ვიცი ეგ. ის კი არა, თუ გინდა, ერთადაც არ ვიცხოვროთ და ისე შევხვდეთ ერთმანეთს.
- ები, მე ახლა სხვა ცხოვრება მაქვს, რომელშიც შენ არ მოიაზრები, - უხეშად პასუხობდა რიკი.
- იმედია, ამ გოგოს არ გულისხმობ, აქ რომ მოათრიე! ხომ ვიცი, რომ რამდენიმე თვეში მოგბეზრდება!
- შეეშვი კეიტს! ები, მომისმინე! მშვენივრად იცი, რომ ჩვენ ერთად არასდროს ვიქნებით. ჩვენ შორის არაფერი ხდება და მომავალშიც შეუძლებელია, რამე მოხდეს. ვიცი, რაც გაღიზიანებს. ვერ მოინელე, რომ შენი ნაცნობი მამაკაცებიდან მხოლოდ ჩემი დამორჩილება ვერ შეძელი. ბავშვი რომ იყავი, მაშინაც გინდოდა, ყურადღების ცენტრში მხოლოდ შენ ყოფილიყავი. თავი მაშინაც სამყაროს ცენტრი გეგონა.
- მაგრამ იყო დრო, როცა შენ ჩემთან იყავი. - შემპარავი ხმით წარმოთქვა ებიმ.
- ჰო, რამდენჯერმე ერთად ვივახშმეთ, გავერთეთ. სულ ეგ იყო. მაშინ ორივე თავისუფალი ვიყავით. ეს უნდა გესმოდეს.
- ასე იმიტომ მელაპარაკები, რომ სიყვარულში გამოგიტყდი? - ხმა აუკანკალდა, - იმიტომ, რომ მინდოდა, ერთად ვყოფილიყავით? ამან შეგაშინა?
გავიგონე, როგორ მოუთმენლად ამოიხვნეშა რიკმა.
- ები, შენც და მეც კარგად ვიცით, რა კოლოსალური რაოდენობის კაცი გყავდა გათხოვებამდე, გათხოვილსაც და განქორწინების შემდეგაც. მაპატიე, მაგრამ შენნაირ ქალს წარმოდგენა არა აქვს, რა არის სიყვარული, თუ არ ჩავთვლით საკუთარი თავის სიყვარულს. ეგ ნამდვილად კარგად იცი. ბევრჯერ გითქვამს ჩემთვის ამის შესახებ. რატომ ვერ მშვიდდები? ხომ იცი, შენს ბადეში ჩემი გახვევა არ გამოგივა. და ძალიან გთხოვ, გატეხილ გულებზე არ დამიწყო ახლა ლაპარაკი, ეგ ტრიუკი კარგა ხანია, აღარ მუშაობს.
ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვცდილობდი, სუნთქვა შემეკავებინა.
მერე ები ალაპარაკდა:
- ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, რიკ, არ ვართ შექმნილი ოჯახური ცხოვრებისთვის. ამიტომ ერთად კარგად გავერთობოდით. რატომ მკრავ ხელს? იმის გამო?
შემამცივნა, რადგან მივხვდი, «იმის გამო» მე ვიყავი.
- იმის გამო არა! მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მჭირდები და მორჩა! ახლა კი გადი და დედას დაემშვიდობე. ელენიც უნდა წავიდეს. შენ ალბათ ვერ ამჩნევ, მაგრამ დედა უკვე ასაკოვანი ქალია, ხმაურისა და ადამიანებისგან უნდა დაისვენოს, მისთვის გადაღლა არ შეიძლება.
- კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ იცოდე, მე ყოველთვის ახლოს ვიქნები შენთან და ეგ «მის სრულყოფილება» რომ მოგბეზრდება, დამირეკე! ყველაფერს მივატოვებ და მოვირბენ.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა მამაკაცთან გარბიხარ, ვინც კი დაგირეკავს, მაგაში მართალი ხარ, - ირონია გაისმა რიკის ხმაში.
ადგილზე გავქვავდი, მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა ების მის შეფასებაზე. ძალიან უკმეხად იყო ნათქვამი. ჩემდა გასაკვირად, გოგონამ მხოლოდ გაიცინა:
- საშინელი კაცი ხარ, რიკ ნელსონ, მაგრამ განუმეორებელი მამაკაცი. ერთი სიტყვით, შენს ზარს დაველოდები.
რიკის პასუხი ვერ მოვისმინე. ალბათ ბაღში გავიდნენ, კეროლთან, რადგან მათი ნაბიჯების ხმა თანდათან დამშორდა. ცოტა არ იყოს, გულზე მომეშვა. არა იმიტომ, რომ გარეთ გამოსვლა შემეძლო, სხვა რამის გამოც - აშკარად ჩანდა, რომ რიკს ები სრულიადაც არ აინტერესებდა. ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, ების ფრაზამ დამაფიქრა - ჩვენ ერთმანეთს ვგავართო. ოჯახური ცხოვრებისათვის არ ვართ დაბადებულებიო…
ხასიათი გამიფუჭდა. ეს ხომ თავიდანვე ვიცოდი. მიუხედავად ამისა, მაინც მივეცი თავს უფლება, გამეგრძელებინა მასთან შეხვედრა. მერე რა, რომ რიკი ჩემ მიმართ თბილია, ყურადღებიანი, მზრუნველი და ყველაფერში ადვილად მიგებს? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემ გამო ცხოვრების წესს შეიცვლის.
კიდევ შევიცადე ცოტა ხანს, ვიხეტიალე ჩემს ფიქრებში და ბოლოს ების ნათქვამი ფიქრებშივე წითლად გადავხაზე. რაცაა, ესაა. ვნახოთ, რას მიმზადებს ბედისწერა.
- მოხვედი? - ჩემ დანახვაზე რიკი მაშინვე ფეხზე წამოხტა, - ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, ხომ ყველაფერი რიგზეა-მეთქი.
- რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა, - ხმადაბლა მივუგე.
ჰო, მიყვარს, მთელი სულით და გულით მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ის და მისი სიყვარული კი არა, მასთან ოჯახის შექმნა მინდა, შვილები მინდა მისგან მყავდეს. ის კი, ალბათ, ასე შორს შეტოპვას არ აპირებს. იქნებ ჯობია, აქვე დავამთავრო ყველაფერი?
მალე ელენიც წავიდა და ებიც თან გაიყოლა. დავრჩით მე, კეროლი და რიკი. თვალი მოვავლე ასალაგებელ მაგიდას, მერე კეროლს გადავხედე. ის საშინლად დაღლილად გამოიყურებოდა.
- თუ გნებავთ, ჩაის მოგიმზადებთ, - მორიდებით შევთავაზე, - მერე კი მე და რიკი აქაურობას მივალაგებთ.
კეროლმა თავდაპირველად გააპროტესტა, სტუმარი როგორ დაგასაქმოო, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე. ერთადერთი, რაც ვერ გადავათქმევინე, ცხოველების დაპურება იყო. მე თვითონ უნდა გავუმზადო, რადგან ყველას სხვადასხვა რამეს ვაჭმევო.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება ჩემთვის უცხო ხილი არ იყო. ჯულის უყვარს კომფორტულად ცხოვრება, ამიტომ მსგავსი საყოფაცხოვრებო ელექტრონივთები იმასაც ჰქონდა, თითქმის ყველანაირი. როცა რეცხვა-გამშრალებას მოვრჩით, მე და რიკი კვლავ ბაღში გავედით და იქაურობის მილაგებასაც შევუდექით.
- ჩვენგან შესანიშნავი დუეტი გამოვიდოდა, - ჩამჩურჩულა რიკმა, როცა საქმიანობას მოვრჩით, ხელი მომხვია და ცხვირი ცხვირზე მომადო, - ხედავ, როგორ ბრწყინავს აქაურობა?
თავი მკერდზე დავადე. ცოტა ხანს ასე ვიდექით, უხმოდ. თითქოს ერთმანეთის გულისცემას ვაკონტროლებდით. მინდოდა, არასდროს დამთავრებულიყო ეს საღამო, მშვიდი, თბილი და უხმაურო. აბა, იმას ერქვა საღამოები, ჩემს სახლში რომ იმართებოდა ხოლმე? გონის დაკარგვამდე სვამდნენ სტუმრები მამაჩემთან ერთად. მერე იწყებდნენ ხმამაღალ ლაპარაკს, კამათს, ხელების ქნევას, რაღაცის ერთმანეთისთვის მტკიცებას და შეიძლება ეჩხუბათ კიდეც ან, სულაც, გინების კორიანტელი დაეყენებინათ.
- ხომ არ წავსულიყავით? დედაშენს დასვენება უნდა, - ვთქვი ბოლოს, რადგან მისი სიახლოვისგან უკვე სუნთქვა მეკვროდა.
- გეთანხმები. წამო, დედას დავემშვიდობოთ და გზას გავუდგეთ.
რიკმა მხარზე გადამდო ხელი და კეროლთან შევედით, ოთახში. ქალი სავარძელში იჯდა და თვლემდა.
- თქვენც მტოვებთ, არა? - სევდიანი გაუხდა ხმა და ასადგომად წამოიწია.
- დაისვენეთ, მისის კეროლ! ნუ ადგებით, გთხოვთ, არ გვინდა გაცილება! - მხარზე შევეხე და სავარძლიდან ადგომის საშუალება არ მივეცი.
მერე მისკენ დავიხარე და გამომშვიდობების ნიშნად ლოყაზე ვაკოცე.
- კიდევ ხომ მოხვალთ ჩემთან? მხოლოდ თქვენ ორნი, რომ მშვიდად შევძლოთ დალაპარაკება? როცა მთელი ოჯახი იკრიბება, თანაც ამხელა, სიტუაცია ხმაურიანი ხდება ხოლმე.
დიდი სიამოვნებით მოვიდოდი მასთან ხელმეორედაც, რათა უკეთ გამეცნო. გული მიგრძნობდა, რომ ადვილად შემეძლო ამ საოცარ ქალთან დამეგობრება.
- დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის! - ძლივს მოვახერხე გაღიმება.
რიკიც დაემშვიდობა დედას და მანქანაში ჩავსხედით. სანამ ავტომობილს დაქოქავდა, იგი მადლიერი სახით მომიბრუნდა:
- მადლობა პირველ რიგში შენ გეკუთვნის, კეიტ, აქაურობის მილაგებაში რომ დამეხმარე. მშვენიერი იდეა იყო.
- ეს ჩვეულებრივი ამბავია, სამადლობელი არაფერია, - მხრები ავიჩეჩე.
- ამაშიც კი გეტყობა შენი ქართველობა, - გაიცინა.
მოულოდნელად შეკითხვა ამომიტივტივდა გონებაში და არ დავახანე:
- რიკ, დედაშენმა იცის, ინგლისელი რომ არ ვარ?
რიკმა თავი გვერდზე გადახარა და ეშმაკურად თვალმოხუჭულმა ღიმილით მომიგო:
- არა. დედაჩემმა ის იცის, რომ ქართველი ხარ და ძალიან უხარია ეს. იმდენი მაქვს მოყოლილი შენს ქვეყანაზე, დაუსწრებლადაა შეყვარებული ქართველებზე. თქვენებური ღვინოც აქვს გასინჯული, ჩირიც და ჩურჩხელაც. წამოსვლისას საჩუქრად გამომატანეს მეგობრებმა. ასე რომ, კეროლისთვის საქართველო უცხო სულაც არ არის და, საერთოდ, უცხოელების მიმართ ცუდად არაა განწყობილი. მისთვის მთავარია, მე ვიგრძნო თავი კარგად.
როგორ მსიამოვნებდა მისი სიტყვების მოსმენა. მიუხედავად ამისა, გულში მაინც მრჩებოდა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, მას ხომ არ ჰქონდა განზრახული ცოლის შერთვა, მე კი გათხოვება მინდოდა.
გარდა იმისა, რომ დღემ დამღალა, ემოციურადაც ცუდად ვიყავი, სულის სიცარიელეს განვიცდიდი. რიკმა მითხრა, საღამოს უნდა ვილაპარაკოთო. ვიცოდი, რაზეც უნდა გველაპარაკა. ვიცოდი, რომ მკითხავდა, რას ვფიქრობდი ჩვენს წყვილზე, რა გათვლები მქონდა ჩვენს მომავალზე. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა უფლება, მიეღო პასუხები ამ კითხვებზე, მაგრამ მე არ ვიყავი მზად. როგორ მეთქვა, შენი საყვარლობა კი არა, ცოლობა მინდა-მეთქი? ან როგორ მეღიარებინა, რომ ქალიშვილი ვიყავი და კაცთან სექსი ჯერ არ მქონია?
მოვიწყინე.
- რამე ისე ვერ არის, კეიტ? - მკითხა და ფიქრი შემაწყვეტინა, - რატომ არ მპასუხობ?
- შენ მითხარი, რომ… მითხარი, რომ სალაპარაკო გვაქვს.
- რა? ა! ჰო, მართალია, - მოიღუშა, - მაგრამ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დღეს. მეგონა, უფრო ადრე წამოვიდოდით. სანამ ლონდონში ჩავალთ, უფრო დავიღლებით. შეგვიძლია ხვალამდე გადავდოთ.
- მე დღეს მერჩივნა.
- ჰო-ო? კარგი, - დამთანხმდა, - როცა მივალთ, მე ყავას მოვადუღებ, შენ შენი ნივთები ჩაალაგე და მერე ვისაუბროთ.
როგორც კი მანქანა სახლთან გაჩერდა, ფეთიანივით გადმოვხტი და ჩემს ოთახში ავირბინე. ნაგიჟარივით ვალაგებდი ტანსაცმელს, თითქოს გასაქცევად ვემზადებოდი. მიჭირდა თავის ხელში აყვანა. სულ რამდენიმე წუთი მოვუნდი ჩანთის ჩალაგებას და ეგრევე დაბლა ჩავედი. გული ხმაურიანად მიცემდა.
- უკვე გაემზადე? - გაუკვირდა რიკს, სამზარეულოში რომ დამინახა.
- ჰო.
ხელი ჩამჭიდა და სასტუმრო ოთახში გამიყვანა.
- კეიტ, იცი? შენ მე მაშინებ, - მითხრა, როცა დივანზე ჩამოვსხედით.
- შენ მართალი იყავი ამ დილით, - თვალები დავხარე.
- რაში? - ცალი წარბი ასწია, წინ გადმოიხარა და ქვემოდან ამომხედა.
- სალაპარაკო გვაქვს. მეც მაქვს რაღაც სათქმელი.
მან არ მიპასუხა, სამზარეულოში გავიდა და ყავა შემოიტანა. მერე კვლავ გვერდით დამიჯდა. მერჩივნა, ჩემ წინ დამჯდარიყო, მიჭირდა საუბარი, როცა მის შეხებას ვგრძნობდი.
- გუმანი მიგრძნობს, არ მომეწონება, ახლა რის თქმასაც აპირებ, - ყრუ ხმით თქვა და ყავა მოსვა.
- არ ვიცი…
- კარგი, მაშინ მითხარი, რა ჩაიფიქრე.
- ვფიქრობ, მეტად აღარ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. - ენა გამექცა, რადგან სულაც არ ვაპირებდი საუბრის ასე დაწყებას. ვიჩქარე! ეს არ უნდა მეთქვა. ეს ის არ იყო, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ გაქცეული სიტყვის უკან დაბრუნება ისევე შეუძლებელია, როგორც გაქცეული დროის.
პაუზა, რომელიც ჩემს ნათქვამს მოჰყვა, აუტანლად გრძელი აღმოჩნდა.
- შეიძლება, გკითხო, რატომ? ძალიან საინტერესოა, - როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
როცა უკან ვბრუნდებოდით, გადავწყვიტე, სიყვარულში არ გამოვტყდომოდი. ეს შანტაჟისმაგვარი იქნებოდა. სიყვარულის ახსნით იძულებულს გავხდიდი, ეთქვა ის, რის თქმასაც ჩემთვის არასდროს აპირებდა.
ჩავახველე და გავაგრძელე:
- გახსოვს, გითხარი, არავისთან შეხვედრა არ მინდა-მეთქი. მართალია, შენთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ რაღაც-რაღაცებში ხელი შემეშალა.
- რაში?
- პირველ რიგში, სამსახურებრივ საქმეებში… - ეს ის სიტყვები იყო, რომელიც გზად მოვიფიქრე, მანქანაში.
- და გადაწყვიტე, ჩემი თავი მსხვერპლად შესწირო შენს კარიერას? - თითქოს მშვიდი ტონით მკითხა, მაგრამ ვერ მომატყუა. ვიგრძენი, როგორ დაიძაბა.
- არა, მსხვერპლად შეწირვა გადაჭარბებული ნათქვამია, ეს არ მიგულისხმია. - ნერვიულობისგან ყელი გამიშრა. იძულებული გავხდი, ყავა მომესვა, მიუხედავად იმისა, რომ ამწუთას სულ არ «მეყავებოდა», მაგრამ სხვანაირად ლაპარაკს ვერ გავაგრძელებდი.
- გისმენ, გისმენ. - რიკს ხმაც დაეძაბა.
- ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ და ცხოვრებასაც სხვადასხვანაირად ვუყურებთ, -ამჯერად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჭეშმარიტებას «ვღაღადებდი», ამიტომ ჩემი ხმაც შედარებით დამაჯერებლად ჟღერდა, - ვაღიარებ, შესანიშნავად ვატარებდი დროს შენ გვერდით, მაგრამ სულ ასე ვერ იქნება.
ჩემდა გასაკვირად, რიკმა ხმადაბლა შეიგინა. გავოგნდი, რაც ვიცნობ, მისგან შეგინება ერთხელაც არ მომისმენია.
- ბოდვას ჰგავს ეს ყველაფერი. ასე იმიტომ იქცევი, რომ ძალიან დაგიახლოვდი? შენთვის ძვირფასი გავხდი? აღიარე, შემოვიჭერი შენს გულში?
ფინჯანი ლამბაქზე დავდგი და ავდექი:
- არა, ეს ტყუილია!
- შენც იმასვე მეუბნები ახლა, როგორც სხვები მეუბნებიან ხოლმე, - თვითონაც წამოდგა, თან თვალს არ აშორებდა ჩემს ალბათ გაფითრებულ სახეს, - ვიცი, რაც გინდა. მე გინდივარ. რომ იცოდე, შენი სხეული მეტს მეუბნება, ვიდრე შენი სიტყვები. გგონია, ვერ ვგრძნობ, როგორ გეძალება სურვილი, როცა გეფერები? არა, კეიტ, არც ისეთი განსხვავებულები ვართ, როგორც შენ გგონია.
- სექსს გულისხმობ? - წარბები შევიჭმუხნე.
- ჰო. - ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მომახალა, - და ეს საშინლად კარგი თემაა დასაწყისისთვის. მაგრამ ჩვენ შორის რაღაც უფრო მეტი არსებობს, ვიდრე ფიზიკური ლტოლვაა და ეს შენც იცი.
- ჩვენ უნდა დავშორდეთ. შინ მინდა დაბრუნება, მუშაობას უნდა შევუდგე.
ტუჩები ისე შეერხა, თითქოს აუკანკალდაო.
- საკმარისია! - დაიყვირა უეცრად. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისი რეაქცია, რომ შიშით გული გამისკდა, - დროზე მორჩი ყავის დალევას!
რიკი სწრაფი ნაბიჯებით გამშორდა და მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა. როცა უკან დაბრუნდა, მრისხანებისგან სახე გაქვავებოდა. ცალ ხელში პიჯაკი გადაეკიდა, მეორეში კი ჩემი ჩანთა დაეკავებინა.
- მზად ხარ? - უშფოთველი ხმით მკითხა.
თავი უხმოდ დავუქნიე და ორივენი მანქანისკენ გავემართეთ. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა - როგორ გადავიტანდი უახლოეს ორ-სამ საათს?..
ლონდონისკენ მიმავალი გზა ნამდვილ კოშმარად მექცა. არავის ვუსურვებდი მსგავსი ტკივილის გადატანას, ებისაც კი. რიკი უარეს დღეში იყო. ისეთი სისწრაფით მოაქროლებდა მანქანას, ნახევარი საათით ადრე ჩამოვედით.
როგორც კი ჯულის სახლთან დაამუხრუჭა, სწრაფად გადმოვიდა, საბარგული გააღო და ჩემი ჩანთა გადმოიტანა.
- მიდი, კარი გააღე! - მის უხეშობას აღარ ჰქონდა საზღვარი.
მთელი გზა ვებრძოდი ცრემლებს, რომლებიც ყელთან მქონდა მობჯენილი და გადმოსვლის უფლებას არ ვაძლევდი.
- მადლობა, თვითონ წავიღებ, - ამოვიკნავლე და ხელი ჩანთისკენ გავიწოდე.
- კა-რი გა-ა-ღე!
თითები მიკანკალებდა, ძლივძლივობით ამოვიღე გასაღები ხელჩანთიდან, მაგრამ აღარ დამჭირდა - სადარბაზოს კარი ღია დამხვდა.
რიკი პირველი შევიდა სახლში და ჩემი ბარგი შესასვლელივე ძირს დადო.
ჩანთას ხელი დავავლე და კიბეს ავუყევი, მაგრამ ორიოდე საფეხური რომ ავიარე, შემოვბრუნდი:
- რიკ, მაპატიე. ბოდიშს გიხდი.
არა, არ შემეძლო, ასე დავმშვიდობებოდი!
- ადი! - უხეშად მომიგო, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და მხრებში ოდნავ მოხრილი ადგილზე აქანავდა, თითქოს სხეული მუსიკის რიტმს ააყოლაო.
- რიკ, ძალიან გთხოვ!
- კეიტ, რა გინდა ჩემგან? - თავშეუკავებლად დამიყვირა, რასაც მაშინვე მოჰყვა მეზობლის ავი ძაღლის ყეფის ხმა.
- მაპატიე. მეგონა, მე და შენ შევძლებდით… - ხმა ამითრთოლდა. ღმერთო, ოღონდ ახლა არ წამომცდეს «მეგობრებად დარჩენასო», გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, - ცივილიზებულად დაშორებას.
- როცა საქმე შენ გეხება, არ შემიძლია ცივილიზებული ვიყო, კეიტ, რაც ალბათ, შემჩნეული გექნება. რაც არის, არის, წადი, გამოიძინე! - სულერთია ხმით დააყოლა.
- მე… - მინდოდა კიდევ რაღაც მეთქვა, მაგრამ მის განგმირავ სახეს რომ შევხედე, გავჩუმდი.
- დროზე წადი, სანამ ისეთი რამ არ გამიკეთებია, რასაც მერე ვინანებ.
როცა მეორე სართულამდე ავაღწიე, გავიგონე, როგორ დაიხურა სადარბაზოს კარი… რიკი წავიდა.
გაგრძელება იქნება