ქართული კინოს ლეგენდა დუდუხანა წეროძე 1918 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. მისი მშობლები პლატონ წეროძე და პეპელა თათეიშვილი იყვნენ. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. დუდუხანა მათი პირველი შვილი იყო - შემდეგ ეყოლათ რუსუდანი, ლილი, მარგო და გოგი.
- გოგი 18 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიო ომში წავიდა და რიგასთან დაიღუპა.
მიტოვებული ჯერ მამისგან, შემდეგ - დედისგან, ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი და ავადმყოფი შვილი" - იტალიური კინოს ლეგენდა, ანა მანიანი
ქართული კინოს მშვენება: დალი თუშიშვილის კარიერა და დიდი ტრაგედია
პლატონ წეროძე 1921 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობას საფრანგეთში მიყვებოდა, უკვე გემზე იყო ასული, როცა მისი ორსული ცოლი და ორი შვილი დაინახა, გემიდან ჩამოვიდა და აღარ გაემგზავრა. 1937 წელს დახვრიტეს. ამის შემდეგ ოჯახს ფინანსურად დუდუხანა ეხმარებოდა. რადგან რეპრესირებულის შვილი იყო, სამსახურის შოვნა ძალიან უჭირდა.
15 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ეპიზოდურ როლში ათამაშა - “უკანასკნელი მასკარადი”, რასაც მოყვა დავით რონდელის “დაკარგული სამოთხე.” მან 30–მდე ფილმში ისე ითამაშა, სამსახიობო განათლება არ მიუღია. სიცოცხლის ბოლო წლებში კი მიხეილ თუმანიშვილის ახალშექმნილ კინომსახიობთა თეატრში დაიწყო მუშაობა.
მაგდანას ლურჯა
ეს ფილმი დუდუხანა წეროძის შემოქმედებაში ყველაზე გამორჩეულია. როდესაც “მაგდანას ლურჯამ” კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის პრიზი აიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, სამი კაბაც შეიკერა, მაგრამ ფესტივალს მიღმა დარჩა. ეს მისთვის დიდი ტკივილი იყო, თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს. საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი გაემგზავრა. დუდუხანა წეროძე დელეგაციაში არ იმყოფებოდა, კანის კინოფესტივალზე ლეილა აბაშიძე ჩავიდა, რომელიც ფილმში არ მონაწილეობდა.
პირადი ცხოვრება
მსახიობის პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი გივი ყიფიანი იყო. მისგან ჰყავდა ერთი ვაჟი, ბაადური, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და ოპერაში მღეროდა. ბაადური ნაადრევად გარდაიცვალა და ორი შვილი დარჩა. გივი ყიფიანი რუსეთში ცხოვრობდა, ამიტომ ისეთი ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ მეუღლეებს ერთმანეთთან. მსახიობისთვის თითქმის არ ყოფილა მოულოდნელი, როდესაც ერთხელ დუდუხანამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა სხვა ქალი შეიყვარა და ორსულადაც იყო. ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი.
მეორე მეუღლე მხატვარი შალვა მამალაძე იყო - მასთან ერთი ბიჭი ეყოლა. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე მასზე 24 წლით უფროსი იყო, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. როცა ახლობლები მსახიობს ეკითხებოდნენ, ამდენი თაყვანისმცემლის გარემოცვაში რატომ აირჩია ცხოვრების თანამგზავრად ასაკოვანი მამაკაცი, ის პასუხობდა, რომ ჰქონდა ყველაზე დიდი ნაკლი – იყო განათხოვარი და ჰყავდა შვილი.