სახიფათო სურვილები - დასასრული - Marao

სახიფათო სურვილები - დასასრული

2024-04-20 11:14:58+04:00

წინა თავი 

 

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი დივანზე გაუნძრევლად. ბოლოს ძალა მოვიკრიბე, სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიხარშე.

აი, დავშორდით! მივაღწიე ჩემსას! მივიღე, რაც მინდოდა! ყველაფერი დამთავრებულია! ვეღარასდროს ვნახავ მას. ყველა ხიდი დამწვარია, რომლებიც მასთან მაკავშირებდა. რიკი ამაყი მამაკაცია და ამას არასდროს მაპატიებს. არასდროს დამიბრუნდება, სულ რომ მუხლებზე დავუჩოქო.

დიდხანს ვცემდი ოთახში ბოლთას ყავის ფინჯნით ხელში, თან ცრემლებად ვიღვრებოდი. რატომ მოვიქეცი ასე? რა მრჯიდა? ეს რა გავაკეთე! რაზე ვფიქრობდი? ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში.

წინასწარ ვინ იცის, რა მოხდება მომავალში? ხომ შეიძლება, რიკი შეიცვალოს, ცოლის მოყვანაც მოუნდეს და შვილების ყოლაც? ყველაფერი შესაძლებელია. რატომ ვარ ასეთი სულელი? ასე სასტიკად რატომ მოვექეცი? იქნებ ისე შევყვარებოდი, რომ უჩემოდ ერთი დღეც ვერ გაეძლო?

ვნანობდი ჩემს საქციელს, რომელსაც გამართლებას ვერ ვუძებნიდი. ჩემი ხელით დავასამარე ჩემი ხვალინდელი დღეც და ბედნიერებაც.

ის ხომ მეუბნებოდა, მიყვარხარო. და ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. მერე რა, ქორწინებაზე სიტყვაც რომ არ ჩამოუგდია? ჯერ ხომ ადრე იყო ამაზე ფიქრი? განა ახლახან არ გავიცანით ერთმანეთი? რა გათხოვება ამიტყდა? ვინ იქცევა ასე?

შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით. რა მნიშვნელობა აქვს, რა ფორმით. მთავარია, ერთად ვიქნებოდით, ერ-თად! ახლა კი ყველაფერი დამთავრებულია!

ცხელი წყალი გადავივლე, იქნებ მიშველოს-მეთქი. ვერა. გული კვლავინდებურად მტკიოდა. პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. ძილი არ გამეკარა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ავდექი და სასტუმრო ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე. მგონი, ვგიჟდები. არა, ასე ვერ გავძლებ. ხვალ დილითვე წავალ მასთან. ვაღიარებ, რომ შევცდი, რომ მოვატყუე. შევეხვეწები, მაპატიოს და დამიბრუნდეს.

კედლის საათს გავხედე. შუაღამე გადასული იყო, სამი გამხდარიყო. დილამდე ალბათ ჩემი დამემართება, დარხეული მაქვს! ჯული მაინც იყოს აქ, გულს ცოტათი გადავაყოლებდი.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა…

ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას, თუ არა რიკი? დაბრუნდა! რა მაგარია! ვერ მოითმინა და მობრუნდა. ესე იგი, ვუყვარვარ, ასე არ არის?

კარისკენ გავქანდი, მაგრამ უეცრად შევდექი და ტანზე დავიხედე. პიჟამა მაცვია! პიჟამასაც გააჩნია, თბილისში ნაყიდი, იაფფასიანი. ასე რომ დამინახოს, რას იფიქრებს?

საძინებელში დავბრუნდი, ხალათი გადავიცვი, ქამარი მჭიდროდ შემოვიჭირე და კვლავ შემოსასვლელში გავედი. გული ამოვარდნაზე მქონდა. გონება ისე ამრეოდა, ვეღარ ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა, როცა შევხედავდი. ყველა აზრი, რომელსაც წეღან ვალაგებდი, სადღაც გაქრა. არა, კი არ გაქრა, ერთმანეთში აიზილა და სრული ქაოსი შექმნა.

ფიქრის დრო არ იყო. რომ დავაგვიანო კარის გაღება, იფიქრებს, რომ აღარ მინდა მასთან და შეიძლება სამუდამოდ წავიდეს. ამას კი ვეღარ გავუძლებ. საკმარისია შეცდომის შეცდომაზე დაშვება. ერთხელ მაინც ხომ უნდა მოვიქცე გონივრულად? ერთხელ მაინც ხომ უნდა მივყვე გულის ხმას?

ის იყო, გასაღები უნდა გადამეტრიალებინა, რომ ჯულის ხმა მომესმა:

- კატო! გააღე კარი! მე ვარ!

ცივწყალგადასხმულივით გავხევდი. მამიდა ყოფილა… მე კი რა იდიოტი ვარ, რიკი რომ მეგონა. რატომ დავასკვენი, რომ ყველაფერ იმის შემდეგ, რაც ვუთხარი, დაბრუნდებოდა?

ცრემლებმა თვალები დამიბინდა. არ მინდოდა, ჯულის ასეთ დღეში ვენახე, სასწრაფოდ ამოვიმშრალე თვალები და კარი გავაღე.

- ხომ მშვიდობაა, ასე გვიან რამ მოგიყვანა, მოხდა რამე? - ხმაზე აშკარად მეტყობოდა, რომ კარგი არაფერი მჭირდა, მაგრამ მამიდამ, რატომღაც, ვერ შეამჩნია.

- მე კარგად ვარ. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უნდა დაგელაპარაკო.

- რა ხდება? - გულმა ცუდი მიგრძნო. რიკს ხომ არ დაემართა რამე? ავარიაში ხომ არ მოყვა? ისეთი განერვიულებული გავარდა აქედან, გამორიცხული არაფერია.

- სტუმარია შენთან და შეხვედრას გთხოვს.

ყველაფერს ველოდი, ყველაზე შემაძრწუნებელ ცნობასაც კი, მაგრამ ამისთანა რამეს -ნამდვილად არა. იმდენად უტკივილო იყო ჯულის მოწოდებული ინფორმაცია, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. შვებაც კი ვერ ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ საშინელების მოლოდინი მქონდა.

- სტუმარი? ამ დროს? სად არის? - მამიდა გამოვატარე, მე კი თავი სადარბაზოში გავყავი, რათა იქაურობა მომეთვალიერებინა.

აი, გაოცება მაშინ უნდა გენახათ! კარის მარცხნივ, კიბის თავთან, მოაჯირს მიყრდნობილი ანდრო იდგა.

თრთოლვამ ამიტანა. პირგამშრალი ხან ჯულის გავხედავდი, ხანაც ჩემს ყოფილ შეყვარებულს. გონება მთელი სისწრაფით ამუშავდა. აქ საიდან გაჩნდა? როგორ მომაგნო? რა უნდა? რაზე უნდა ველაპარაკო? კითხვები არ მთავრდებოდა.

- კატო, რა გჭირს? შემოიპატიჟე ადამიანი! - ჯულის ხმამ გამომარკვია.

დაბნეული განზე გავდექი, ხალათის საყელოს ორივე ხელით ჩავებღაუჭე და ძლივძლივობით ამოვღერღე:

- მობრძანდი.

ანდრო თვალს არ მაშორებდა, არც ადგილიდან იძროდა. თითქოს იატაკს დააჭედესო.

- შემოდი, - სასტიკი გულგრილობით მივმართე და მხრები ავიჩეჩე, რითაც ვაგრძნობინე, რამდენად ზედმეტი იყო მისი ვიზიტი.

მამიდა კითხვით სავსე თვალებით მომჩერებოდა. არაფრის მთქმელი მზერა ვესროლე. რიკთან დაშორებამ იმდენად იმოქმედა ჩემზე, ამწუთას ალბათ ქვაზე უფრო გაუტეხელი ვიყავი. მთებს გადავდგამდი გამწარებული.

როგორც იქნა, სამივემ სასტუმრო ოთახში მოვიყარეთ თავი. სანამ ჯულიმ არ შესთავაზა ანდროს, მყუდროდ მოკალათდი დივანზეო, იქამდე ფეხზე იდგა.

ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი ხმას არ ვიღებდით. მე ანდროს ველოდებოდი, ის - მე, მამიდა კი ჩვენ ორივეს.

ბოლოს ჯულიმ დაარღვია დუმილი:

- მე ყავას მოგიდუღებთ, ცოტა ხნით დაგტოვებთ, - თქვა და სამზარეულოში სვენებ-სვენებით გავიდა. ჯერ კიდევ უჭირდა გამართულად სიარული, ძლიერად ეყრდნობოდა ხელჯოხს.

დავრჩით ჩვენ ორნი. იმისთვის, რომ დროზე დამემთავრებინა ეს არასასურველი შეხვედრა, თითები ერთმანეთში გადავხლართე, სათითაოდ გავატკაცუნე სახსრებში და დაუპატიჟებელ სტუმარს ჯიქურ მივაჩერდი. ამჯერად არ გამჭირვებია, მისთვის თვალი გამესწორებინა.

- გისმენ! - ყინულივით ცივი ხმით ამოვთქვი.

მან ჩაახველა. ხელის თითები ჯერ მუჭში მოიფშვნიტა, მერე სახეზე ჩამოისვა, ამოიხვნეშა და რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მაგრამ არაფერი თქვა.

ველოდებოდი, როდის ალაპარაკდებოდა. ვიჯექი სრულიად მშვიდად, მაგრამ გამეხებული. ჩემდა გასაკვირად, საერთოდ აღარ ვნერვიულობდი. გუმანით ვხვდებოდი, რისთვისაც გამოიარა ამხელა გზა და გულში გამარჯვებას წინასწარ ვზეიმობდი.

სიჩუმე მისმა ჩახველებამ დაარღვია:

- მამა გარდაიცვალა, - როგორც იქნა, ამოღერღა.

- რას ამბობ! - შევწუხდი, მამამისი არ იყო ცუდი ადამიანი და გულწრფელად მეწყინა მისი გარდაცვალება, - დიდი ხანია?

- ორი თვეა.

- ვიზიარებ… - მეტი ვერაფერი ვთქვი, თუმცა ტონი შევარბილე.

ჩაიცინა.

- რა საინტერესოები ვართ ადამიანები. ვინმე რომ მოკვდება, ერთმანეთს ასე ვუსამძიმრებთ - «ვიზიარებ შენს მწუხარებას», მაგრამ როცა ვიღაცის კარგი გვიხარია, ვეუბნებით - «გილოცავ». რატომ ასეთ შემთხვევაში არ ვამბობთ «ვიზიარებ შენს სიხარულს»? როცა ადამიანს რამეს ულოცავ, უნებურად ხომ ხდები მისი სიხარულის თანამოზიარე?

- აქ ამის გასარკვევად ჩამოხვედი? - ისევ ცივად მივმართე.

- არა… აქ იმისთვის…

- და მისამართი საიდან გაიგე?

- შენმა მეზობელმა მარიანამ მომცა ტელეფონის ნომერი. მერე ქალბატონ ჯულიას დავურეკე, ვესაუბრე და აი, ჩამოვედი.

- აჰააა… მერე?

ანდრო «დამინდეს» მზერით მომაჩერდა. კინაღამ გამეცინა, ისეთი უმწეო გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე.

- მაპატიე… - ჩახლეჩილი ხმით გააგრძელა, - შენ მაშინ არასწორად გაიგე ყველაფერი. არც კი დაინტერესდი, სიმართლე გაგეგო.

- დავინტერესდი? რითი? იმ ქალის ვინაობით, შენ გვერდით რომ იწვა?

- არა, კატო, ასე არ იყო.

- არ იყო? მართლა? აბა, როგორ იყო?

- მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩემს თავში გარკვეული. შენმა გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იშვიათად შემხვედრია შენნაირი ადამიანი. არ ველოდი, ასეთი თუ იყავი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სათნოების განსახიერება ხარ. ოღონდ მართლა. თავიდან, სიმართლე გითხრა, მინდოდა, მამაჩემის გამო შური მეძია და ისევე გამემწარებინე, როგორც დედაშენმა - მამაჩემი, მაგრამ მერე და მერე, როცა დაგიახლოვდი, აზრი შემეცვალა. შემიყვარდი. არ ვიცი, დამიჯერებ თუ არა, მაგრამ ეს სიმართლეა. მიუხედავად ამისა, ოჯახის შექმნის მეშინოდა, გავურბოდი მოვალეობებს. ამას ვაღიარებ. ამიტომ ვწელავდი დროს. მინდოდა, უკეთ გამეანალიზებინა ჩემი მდგომარეობა. მამასაც ძალიან შეუყვარდი. როგორც ღვიძლ შვილზე, ისე ზრუნავდა შენზე. მეც თანდათან სხვა თვალით შეგხედე და მივხვდი, რომ ძალიან კარგი ცოლი იქნებოდი, რომ ერთად უკეთესად ავიწყობდით მომავალს, მაგრამ ცხოვრების წესის ასე უცებ შეცვლა ადვილი არ აღმოჩნდა. რაღაც გამუდმებით უკან მქაჩავდა, მამუხრუჭებდა. ვიცოდი, რაც იყო ეს. თავისუფლების დაკარგვის მეშინოდა. მეშინოდა, შენზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. სხვა ქალთან ვიწექი, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მიყვარდი, არამედ საკუთარი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ოჯახი ჩემს თავისუფლებას არ დაემუქრებოდა, რომ დავრჩებოდი შეუცვლელი და დროს ისე გავატარებდი, როგორც გამიხარდებოდა. ვიცი, ცუდ დროს შემომისწარი, მაგრამ უარესი ის იყო, რომ არც კი მომისმინე. იქნება რისი თქმა მინდოდა? იქნებ როგორ ვამართლებდი ჩემს საქციელს? დაჰკარი ფეხი და გამოიქეცი. იცი, მამაჩემმა როგორ ინერვიულა? რამდენიმე დღეში ლოგინად ჩავარდა და მერე აღარც ამდგარა.

- ძალიან გთხოვ, მამაშენის სიკვდილს მე ნუ დამაბრალებ, - ხელები გავასავსავე.

- არა, შენ არაფერს გაბრალებ. უბრალოდ, იმ სიტუაციამ დააჩქარა მისი სიკვდილი. მხოლოდ ეგ იყო. არც კი ისურვე, მას მაინც გამომშვიდობებოდი.

- შეიძლება ამაში მართლა დამნაშავე ვარ, მაგრამ ვერ შევძელი. შენ ამას ვერ გაიგებ, იმიტომ, რომ სინდისის ნატამალი არ გაგაჩნია. რა უნდა მეთქვა, მასთან რომ მივსულიყავი? შენი შვილი სხვასთან მღალატობს და ამიტომ მივდივარ-მეთქი? ხედავ? ამასაც ვერ ხვდები, -მივაყარე და მივაყარე, მაგრამ ისე მშვიდად, თითქოს უინტერესო ამბავს ვყვებოდი.

- საყვედურის სათქმელად არ გამომივლია ამხელა გზა. მე სხვა საქმე მაქვს და ახლა მაინც თუ მომისმენ და ბოლომდე მათქმევინებ, მადლობელი დაგრჩები.

- გისმენ, - ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და სამზარეულოს კარს გავხედე. მამიდა იგვიანებდა ყავის შემოტანას. ალბათ იფიქრა, ვაცლი საუბარს, ხელს არ შევუშლიო.

- ძირითადი სათქმელი, მე მგონი, გითხარი, ასე თუ ისე, მოვაბი თავი. ახლა კი მთავარი და გადამწყვეტი - აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ცოლობა გთხოვო, პატიება გთხოვო, სიყვარული გთხოვო. მინდა, მამის ბოლო ანდერძის შესრულებაში დამეხმარო. პირობას გაძლევ, არასდროს გაწყენინებ, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. ეს მისი უკანასკნელი სურვილია. ვიცი, რომ შენც გიყვარვარ. ისეთი არაფერი დამიშავებია შენთვის, რომ ვერ მაპატიო. გთავაზობ ჩემს ცხელ გულს, მისი კარი ბოლომდეა შენთვის გამოღებული. მე ახლა არ ვარ ისეთი, როგორიც გამიცანი, სულ სხვა ადამიანი ვარ. შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება.

ცალყბად გავუღიმე. თავი გვერდზე გადავხარე და აგდებული ტონით მივუგე.

- არა, ეს შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება.

გაოცებულმა გამომხედა, თითქოს ეჭვი ეპარებოდა ჩემი ნათქვამის სიმართლეში.

- მაშაყირებ? - დაეჭვებით მკითხა.

- არა, არ გაშაყირებ. შაყირი ჩემი სტილი არ არის, არც ხელობა. სიმართლეს ვამბობ. ძალიან ბევრ რამეზე ამიხილე თვალი და ამისთვის მადლობელიც კი ვარ. რომ არა შენი უგვანო საქციელი, ბოლომდე დაბრმავებული დავრჩებოდი ალბათ და ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებდი. შენ კი ამ უბედურებას ამარიდე, უნებურად, მაგრამ მაინც. რაც შეეხება სიყვარულს… ჰო, ალბათ მიყვარდი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, იმ ტკივილს გავაყოლე იგი, რომელიც შენ მომაყენე. დრომ გაიარა, ანდრო და შენც გამიარე, შენმა სიყვარულმაც და შენმა ტკივილმაც… დავცარიელდი. ამას გგონია, ცოტა დრო დასჭირდა? არა, ძალიან ბევრი, მაგრამ მე ეს შევძელი. ცხელ გულს მთავაზობ? ვწუხვარ, მაგრამ ჩემს გაცივებულ გულს შენი ცხელი გული აღარაფერში სჭირდება უკვე. გულიც რკინასავითაა, არ მეთანხმები? რკინა იქამდე უნდა გამოჭედო, სანამ ცხელია. - ამ სიტყვებით წამოვდექი და სარკასტულად გავუღიმე.

ეს სამაგიერო იყო, სამაგიერო იმ ტკივილისთვის, რომელიც მომაყენა. გავუღიმე და სწორედ ეს ღიმილი ჩავუგდე სამათხოვროდ გამოწვდილ გულში, ღიმილი, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა…

- ეს შენი ბოლო სიტყვაა? სხვას არაფერს მეტყვი? - თვითონაც წამოდგა.

- არა, სათქმელი აღარაფერი მაქვს, - ვთქვი და ამაყად თავაწეულმა სამზარეულოს მივაშურე.

ჯული მაგიდას მისჯდომოდა და ელოდა. რას, კაცმა არ იცის.

- გაუტანე ყავა და მოშორდეს აქაურობას! - ზიზღით ამოვთქვი და სკამზე დავეხეთქე.

მამიდა უხმოდ გავიდა, ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვამს.

იღბლიანი ვარ-მეთქი, ყოველთვის ვამბობდი. თურმე ვცდებოდი… რა ცუდია, იღბალიც რომ დაგაიგნორებს ადამიანს…

გული გამალებით მიცემდა. ცოტაც და, ალბათ, ავღრიალდებოდი. აი, მე გავიმარჯვე. შური ვიძიე მასზე და მეგონა, ეს შვებას მომგვრიდა. პირიქით, ისე დავმძიმდი, ისე ცუდად გავხდი, თავის მოკვლის სურვილმაც კი წამომიარა. გამარჯვება და დამარცხება ძმები არიანო… რა სისულელეა, ვინ მოიგონა ეს? ცხოვრება თუ ბოროტი არ არის, ამათი ძმობა შეიძლებოდა? არ მიხარია ასეთი გამარჯვება, ისევე, როგორც დამარცხება არ გამიხარდა თავის დროზე. ზუსტად ისეთივე ტკივილს განვიცდიდი, როგორც მაშინ.

- კატო! - გამომძახა მამიდამ.

იქ გასვლას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ არ გამოდიოდა, უნდა გავსულიყავი. ღრმად შევისუნთქე ჰაერი, თავი ხელში ავიყვანე და გავედი.

- მიდის სტუმარი, იქნებ გაგეცილებინა.

პასუხის გაუცემლად გავემართე ჰოლისკენ, უკან მივყევი მიმავალ ანდროს. ის კართან შედგა და სანამ გამოაღებდა, თავი მოაბრუნა:

- მამამ სიკვდილის წინ ის სასტუმრო, რომელიც ერთად უნდა აგვემუშავებინა, შენს სახელზე გადააფორმა. ასე რომ, შეგიძლია დაიბრუნო საკუთარი სახლი. მას თავიდანვე ასე ჰქონდა გათვლილი, უბრალოდ, დრო გაწელა, რომ ხალხი არ ალაპარაკებულიყო, თორემ შენი ქონება ჩვენ არაფერში გვჭირდებოდა. ის უანგაროდ დაგეხმარა, რადგან სიკვდილის ბოლო წუთამდე უყვარდა დედაშენი.

მის ყოველ სიტყვაზე გული მიკვდებოდა. თითქოს უხილავი ნემსებით მჩხვლეტდა ვიღაც. არ ვიცოდი, ამაზე რა უნდა მეპასუხა. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს ყველაფერი, ენა ჩამივარდა.

- ანდრო, იქნებ ამაღამ ჩვენთან დარჩენილიყავით? არის ადგილი, - მამიდა მოგვიახლოვდა.

- არა, გმადლობთ, ქალბატონო ჯულია, სასტუმროში წავალ, არ ვარ უბინაო, თადარიგი ჩამოსვლისთანავე დავიჭირე, - საწყლად გაუღიმა მამიდას და ისე გავიდა, არც ერთს არ დაგვმშვიდობებია.

ის ღამე კოშმარული აღმოჩნდა. იქამდე ვტიროდი, სანამ გული არ ვიჯერე. სახეზე ერთიანად დამფოთლა, თვალები დამისივდა. მამიდა გვერდიდან არ მცილდებოდა, ცივ საფენებს მადებდა თვალებზე და მიყვავებდა. თქმით არაფერი უთქვამს. ისიც უხმოდ განიცდიდა ჩემს ტკივილს.

მეორე დღეს რიკთან წასვლა და «აღსარების» თქმა გადავიფიქრე. აღარაფრის სურვილი აღარ შემრჩა. სიკვდილი მინდოდა. ვწყევლიდი ჩემი გაჩენის დღეს. მიკვირდა, ასეთი უბედური რატომ ვიყავი. რატომ იგვიანებდა ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველა დადებითი მოვლენა. მაინცდამაინც რატომ წყდებოდა ძაფი სწორედ მაშინ, როცა ჩემი ბედნიერების მძივის ასაცმელად ბოლო მარცვალიღა იყო დარჩენილი?

დეპრესია მეწყებოდა. დღეები გადიოდა, რიკისგან არაფერი ისმოდა. მამიდამ შემატყო, დღითი დღე როგორ მძიმდებოდა ჩემი მდგომარეობა და სასწრაფოდ დაფაცურდა, რომ ჩემთვის სამსახური ეშოვა.

ძალიან ჩავეშვი. ერთადერთი, რაც მინდოდა, შინ დაბრუნება იყო, თბილისში. რადგან სახლი კვლავ დამიბრუნეს, ვიფიქრე, იმას მაინც მივხედავ და ყველაფერს თავიდან დავიწყებ-მეთქი. მაგრამ არც შინ დაბრუნება იყო ასე ადვილი. ამას ფული სჭირდებოდა, საშუალება კი არ მქონდა. მამიდასთვის არ გამიმხელია ჩემი სურვილი. არ მინდოდა მისი შეწუხება. არც მას ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. რომ მეთქვა, უნდა დაგტოვო-მეთქი, დიდი დარტყმა იქნებოდა მისთვის. ერთადერთი, რისიც ამ ასაკში ეშინოდა, მარტოობა იყო.

ჩემს თავზე მეცინებოდა. საკმარისი იყო, რაიმეს სურვილი გამჩენოდა, ყველაფერი სახიფათო ხდებოდა. თითქოს ტაბუ დაედო ჩემს ყველა სურვილს, თითქოს ყველა იმ კარს, რომლის შეღებაც მინდოდა, დიდი ასოებით ეწერა - «შესვლა აკრძალულია».

როგორც იქნა, რაღაც გამოჩნდა… სამსახურისმაგვარი. სოციალურ სააგენტოში დამიბარეს გასაუბრებაზე. ამ სფეროში გამოცდილებას არ ვუჩიოდი, რადგან სტაჟირება გავლილი მქონდა.

მიმიღეს. არ ვიცი, იქნებ მამიდამ გამონახა გავლენიანი ნაცნობი, იქნებ ძალიან მოინდომა ჩემთვის სამსახურის შოვნა. ფაქტი იყო, რომ ამიყვანეს. ეს ამბავი ალბათ ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, მოულოდნელად ყველაზე გასაოცარი ამბავი რომ არ გამეგო -სააგენტოს უფროსი ქართველი აღმოჩნდა, ვინმე ნაფეტვარიძე. აი, მაშინ კი ყველაფერი ნათელი გახდა. მამიდასთვის არაფერი მითქვამს. ვითომ ვერ მივხვდი. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. ამწუთას ჩემთვის სამსახური ნამდვილი მისწრება იყო, რომ ღრმა დეპრესია არ მომძალებოდა.

მთლიანად ჩავეფალი სამუშაოში. თავს არ ვიზოგავდი, რომ უფროსობა კმაყოფილი დარჩენილიყო. დილიდან საღამომდე თოხარიკი ცხენივით დავრბოდი, ხან ერთ გაჭირვებულს მივადგებოდი, ხან მეორეს, რათა მათი პრობლემები შეძლებისდაგვარად მომეგვარებინა. ერთ თვეში ყველას შევაყვარე თავი - თანამშრომლებსაც და კლიენტებსაც.

პირველი ხელფასიც ავიღე. მართალია, ანაზღაურება მცირე იყო, მაგრამ რას დავეძებდი? მთავარი იყო, რომ საქმე გამომიჩნდა და თავის სატანჯველად არ მეცალა. ახლა მხოლოდ ღამე მიჭირდა. მივდებდი თუ არა ბალიშზე თავს, რიკის სახე ამომიტივტივდებოდა გონებაში, ხან გაღიმებული, ხან განრისხებული და მოსვენებას არ მაძლევდა. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვიყავი. ამდენმა სირთულემ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა - ყველა ქალის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა იგი რაღაცის თუ ვიღაცის მოლოდინით იღლება, იღლება რაღაცის იმედით ან იმით, რომ შეეჩვიოს მოცემულ სიტუაციას. ასეთ დროს ქალს მხოლოდ ერთი რამ უნდა - მოიპოვოს ბედნიერება. და როცა ამას აცნობიერებს და გადაწყვეტილებას იღებს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ჰო, ახლა ჩემგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მტკიცედ გადავწყვიტე, კარიერულად ცოტა წინ წავწეულიყავი და მერე მოულოდნელად დავდგომოდი რიკს თავზე. შემეხსენებინა მისთვის ჩემი არსებობა და გამეგო, რას ფიქრობდა ჩვენს ურთიერთობაზე. თუ მართლა ვუყვარდი, როგორც მეუბნებოდა, ასე ადვილად ვერ დამთმობდა. სწორედ ეს მაინტერესებდა ყველაზე მეტად, სწორედ ეს გაურკვევლობა მკლავდა.

თითქმის ყოველღამე მესიზმრებოდა. მესიზმრებოდა იმდენად ცხადად, გამოღვიძებული მისი სხეულის სურნელსაც კი შევიგრძნობდი.

ერთხელ ინტიმური ზმანებაც კი მქონდა - ერთად ვიწექით. სრულიად შიშვლები. რიკი მკოცნიდა და სიამოვნებისგან სხეული უხურდა. მისი ტუჩები გრილი იყო და რბილი. სიტკბოც სხვანაირი დაჰკრავდა - უფრო ტკბილი იყო, ვიდრე მაშინ, როცა ბოლოს მაკოცა… უფრო მგრძნობიარეც. ვნებამოძალებული თავს ვერ ერეოდა…

რომ გამომეღვიძა, ოფლში ვცურავდი. ასეთი სიამოვნება ცხადში არასდროს განმიცდია. მივხვდი, როგორ მომნატრებოდა. არ ვიცი, რა უხილავი ძალა მაჩერებდა, რომ არ მივდიოდი მასთან, მუხლებში არ ვუვარდებოდი და პატიებას არ ვთხოვდი. არა, ჯერ არ მინდოდა, ფეხს ვითრევდი. მინდოდა, ცოტა დრო გასულიყო, თან იმის მეშინოდა, ის არ დამმართოდა, რაც ანდროს ვუთხარი. მეშინოდა, მისი გულიც ისევე არ გაცივებულიყო, როგორიც ჩემი გაცივდა ერთ დროს. ცხოვრება ბუმერანგივითაა. შენი გასროლილი უკანვე გიბრუნდება.

მამიდასთანაც რამდენჯერმე მქონდა ამაზე საუბარი. ბევრი ვიმსჯელეთ. ის მაქეზებდა, დაურეკე და ისე, უბრალოდ მოიკითხეო. ჯული სხვანაირად უყურებდა ცხოვრებას. ის უკვე აღარ აზროვნებდა ქართულად, ინგლისში ცხოვრებას თავისი კვალი დაემჩნია მისთვის. მე კი ჯერ კიდევ ქართულად ვაზროვნებდი. ბავშვობიდან ჩანერგილ კომპლექსებს ვერ გავექეცი. მინდოდა დამერეკა, მაგრამ თავმოყვარეობა არ მაძლევდა ამის უფლებას. ხომ გავგიჟდებოდი, უხეშად რომ დამლაპარაკებოდა? მერე რაღად მინდოდა სიცოცხლე? არა, ყველაფერს აჯობებდა, მივსულიყავი მასთან და თვალებში ჩამეხედა. თუ ჯერ კიდევ ვუყვარდი, ამას მის მზერაში წავიკითხავდი. მისი ლურჯი თვალები ბევრ რამეს მეტყოდა. ამის შემდეგ თავისუფლად შევძლებდი მელაპარაკა იმის მიხედვით, რასაც წავიკითხავდი მის მზერაში - ან თავს დავსხმოდი, ან პატიება მეთხოვა…

ერთ დღეს ახალი საქმე ჩამაბარეს. ღრმად მოხუცი კაცი შემწეობას ითხოვდა. შვილებისგან მიტოვებული სათნოების სახლში იყო გამოკეტილი და მისი შენახვის ფულს აღარავინ იხდიდა. მისი შვილის სანახავად მომიწია წასვლამ. 80 წელს მიტანებული უილიამის უფლებები როგორმე უნდა დამეცვა.

მისამართი ავიღე და გზას გავუდექი. შორი გზა კი მელოდა.

უცნაური გრძნობა დამეუფლა, როცა ქალაქიდან გავედი. უკვე მეორედ მივემგზავრებოდი ენფილდში, იქ, სადაც რიკის სახლი მეგულებოდა: იქ, სადაც დედამისი ცხოვრობდა და სადაც ორი შესანიშნავი დღე გავატარე. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იქნებ მას თუ არა, მისი ოჯახის რომელიმე წევრს მაინც მოვკრა თვალი-მეთქი.

მართლაც ასე მოხდა. ჩავედი თუ არა ენფილდში და ავტობუსიდან გადმოვედი, გაჩერებაზე ების შევეფეთე, რომელმაც ჩემ დანახვაზე ფერი დაკარგა…

მისმა გამოჩენამ არც მე დამაყარა კარგი დღე. ვიგრძენი, როგორ გამეყინა ხელ-ფეხი. ამასთან, დავიბენი. არ ვიცოდი, მივსალმებოდი თუ გვერდი ამევლო. ამასობაში თვითონ გამიღიმა ნაძალადევად და მომიკითხა:

- გამარჯობა, როგორ ხარ?

- გმადლობ, კარგად. შენ როგორ ხარ? - როგორც იქნა, მოვეგე გონს.

- ძალიან კარგად. ნელსონებთან მიდიხარ სტუმრად? - ისე დამცინავად ამხედ-ჩამხედა, ადგილს მივეყინე.

- არა, სამსახურის საქმეზე ვარ, ერთი ოჯახი უნდა მოვინახულო.

- მართლა? ხომ არ დაგეხმარო?

- ა… არ ვიცი. პრინციპში, რატომაც არა. უილიამ ოსტინი ხომ არ იცი, სად ცხოვრობს?

- უილიამ ოსტინი? ეგ ხომ ბაბუაჩემია… ვერ გავიგე, ბაბუას რამე პრობლემა აქვს? ახლახან ვიყავი მის სანახავად მისული, თავს მშვენივრად გრძნობდა.

- მშვენივრად გრძნობდა თავს სად, სათნოების სახლში? - ზუსტად ისე ავხედ-დავხედე, როგორც თვითონ რამდენიმე წამის წინ, - იქ თავს მშვენივრად არავინ გრძნობს, ები. ერთადერთი, რასაც ადამიანი იქ გრძნობს, მარტოობაა, მარტოობა და ყველასგან მიტოვებულის შეგრძნება.

სახეზე წამოჭარხლდა. სიბრაზისაგან ძარღვები დაებერა ყელზე. პირდაპირ გულში მოხვდა ჩემი ნათქვამი. რამდენიმე წამს უხმოდ შემომცქეროდა, მერე კი შეცვლილი ხმით ჩამეკითხა:

- შენი სამსახური რას გავალებს? უფლება არ გვაქვს, ხანდაზმული ბაბუა მოხუცთა თავშესაფარში მივაბაროთ?

- არა, ამის უფლება ყველას აქვს, ვისაც ხანდაზმული ოჯახის წევრის თავიდან მოშორება უნდა ან მის მისახედად დრო არა აქვს და გამოსავალს მხოლოდ ამაში ხედავს. თქვენი შემთხვევა ცოტა განსხვავებულია, ები, მაგრამ მაპატიე, ქუჩაში არ მინდა ამ თემაზე საუბარი. თუ შენს დედ-მამასთან მიმიყვან, დანარჩენს იქ აგიხსნით სათითაოდ ყველას.

კვლავ გაფითრდა. აჭარხლებულმა სახემ ნელ-ნელა იცვალა ფერი. პირველად ვხედავდი ცხოვრებაში ადამიანის სახის ასე გარდასახვას. თითქოს ნაოჭები მოემატა, ისე დაეჭმუჭნა შუბლი და თვალის უპეები. მერე საოცრება მოხდა. დავინახე, როგრ გაუბრწყინდა თვალებში ცრემლი, ნიკაპი აუკანკალდა და ტუჩები აუთრთოლდა.

- მე მამა არ მყავს, - ჩურჩულით ამოთქვა და ჩანთაში რაღაცას დაუწყო ძებნა, სავარაუდოდ, ცხვირსახოცს.

ამ ცნობას ჩემზე დიდად არ უმოქმედია. არც მე მყავდა მამა, უფრო მეტიც - არც დედა მყავდა, სრულიად ობოლი ვიყავი. მიუხედავად ამისა, ამით თავს არავის ვაცოდებდი.

- ვწუხვარ, - წარბშეუხრელად მივუგე, - მაგრამ ეს არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

- რა დავაშავეთ ასეთი? - უფრო და უფრო ურბილდებოდა ხმა, უფრო და უფრო საწყალი ხდებოდა.

- ისეთი არაფერი. მისტერ უილიამი მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, რომელიც ფასიანია, მაგრამ შენი ოჯახი უკვე მეორე თვეა, მისი შენახვის ფულს არ იხდის.

- ვერ იხდის… - შემისწორა ებიმ და დამნაშავის მზერით შემომხედა, - დედა გაკოტრდა, შემოსავლების გადახდაც კი გვიჭირს. სწორედ ამიტომ ვერ მოვახერხეთ ბაბუასთვ…

- მე როგორც ვიცი, ბაბუას აქვს უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი ფართი, ბიზნესი, რომელსაც ახლა შვილები უძღვებიან. რატომ არ გაყიდით?

- ეს… ეს მე არ ვიცი. მამა გარდაიცვალა და დედამ ვერ შეძლო საქმის გაძღოლა. ვალებს ვალები დაემატა. სხვა არაფერი ვიცი. ძალიან გთხოვ, კეიტ, არ მიხვიდე ახლა დედასთან. ის ავადაა, რომ გაიგოს, რისთვისაც ხარ ჩამოსული, გული გაუსკდება.

- აბა, როგორ მოვიქცე? ეს ჩემი სამსახურია, მოვალეობა მაკისრია, - უფრო და უფრო ვაჭერდი წიხლს მტკივნულ ადგილას. მივხვდი, დედამისს არაფერში სჭირდებოდა სარჩენი მამამთილი, რომელიც დიდი ხანია, შრომისუუნარო გამხდარიყო და ტვირთად დასწოლოდა.

- მე თვითონ დაველაპარაკები დედას. სულ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება. არის რაღაც სიახლეები, ჯერ ვერ გავამხელ. ძალიან მალე გადავიხდით იმ ფულსაც და სხვა ვალებსაც, სულ რაღაც ორ-სამ კვირაში. ბაბუას მე მივხედავ, არაა პრობლემა, მე მივხედავ, პირობას გაძლევ. - რამდენჯერმე ჩქარ-ჩქარა გაიმეორა.

ვერაფერი ვუპასუხე. მხრები ავიჩეჩე მხოლოდ. რა უნდა მეთქვა?

- მამაშენს და ან ძმა არ ჰყავს? მისტერ უილიამი ამბობს, რომ სამი შვილის მამაა.

- ჰყავს, როგორ არ ჰყავს, მაგრამ ბიძაჩემი არავინ იცის, სად არის. ამერიკაში გაემგზავრა ექვსი წლის წინ და მას მერე არ შეგვხმიანებია. მეორე ბიძა კი აფრიკაში ცხოვრობს, ექიმია და ნაკლებად კონტაქტობს ჩვენთან.

- მათ იციან მამის ამბავი?

- ალბათ იციან… მგონი… არ ვიცი, ეგ არ ვიცი, - დაბნეულმა და გაღიზიანებულმა თითებს დაუწყო გადაგრეხვა. მივხვდი, რომ დედამისმა მამამთილი შვილების უკითხავად გამოკეტა მოხუცთა თავშესაფარში.

თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე.

- კარგი, ები, რა გაეწყობა. ახლა აღარ მივალ შენებთან, უკან გავბრუნდები. დაველოდები რამდენიმე დღეს, ვნახოთ, რა შეიცვლება.

- მადლობა, კეიტ, დიდი მადლობა. აუცილებლად მივხედავ ყველაფერს, გეფიცები, -გულმხურვალედ გადამეხვია და მანქანისკენ გაიქცა.

გაოგნებული იქამდე გავყურებდი, სანამ მანქანა არ დაძრა და თვალს არ მიეფარა. როგორ მაინტერესებდა რიკის ამბავი. მეგონა, რამეს მეტყოდა, ერთხელ მაინც ახსენებდა, მაგრამ ამ თემაზე არც ჩამოუგდია საუბარი. გავკოტრდითო… ალბათ ამიტომ უნდა რიკის ცოლობა, რომ მერე მისი ქონების განმკარგავი გახდეს. ორ-სამ კვირაშიო… ნუთუ ქორწინდებიან? რა გასაკვირია? ჩემთან რიკს უკვე აღარაფერი აკავშირებს. ები კი ისეთი გაქნილია, არ გაუჭირდებოდა რიკის თავისკენ შემობრუნება.

უკანა გზა ძალიან გაიწელა. საშინელ ხასიათზე დავდექი. კიდევ კარგი, მამიდა შინ არ იყო. ახლა შვებას მხოლოდ მარტო ყოფნა მომგვრიდა, სხვა არაფერი. არა, ერთადერთი გამოსავალი მაქვს. უნდა დავბრუნდე საქართველოში და იქ ვიცხოვრო. აქ ჩემი ადგილი არ არის. რადგან სახლი დამიბრუნეს, იქ მირჩევნია. მაინც მიჭირს აქ თავის დამკვიდრება, მაინც ვერ შევეგუე ბოლომდე უცხო ქვეყნის გარემოს.

ფიქრებში ჩაძირული მივუახლოვდი სახლს.

- გამარჯობა, კატო, - უეცრად ვიღაც წინ ამესვეტა და მომესალმა.

შეშინებული უკან გადავხტი. ნაცნობს არავის ველოდი, მით უფრო, ისეთს, ვინც კატოთი მომმართავდა.

ჩემ წინ ანდრო იდგა და უხერხულად მიღიმოდა.

- აქ რა გინდა? - უკმეხად შევეკითხე, - მეგონა, კარგა ხნის წინ გაემგზავრე.

- ამაღამ მივფრინავ. სამთვიანი ვიზა მქონდა და შემოვრჩი. ვიფიქრე, წასვლის წინ კიდევ ერთხელ ვნახავ და დაველაპარაკები-მეთქი.

- ჩვენ აღარაფერი დაგვრჩა სალაპარაკო, - გვერდის ავლას შევეცადე, მაგრამ არ დამანება და მკლავში მწვდა

- ერთხელაც მომისმინე, კარგი?

- რა გინდა? - აგდებით მივმართე და ჯიქურ გავუსწორე თვალი.

- შენთან ყოფნა მინდა, სხვა არაფერი. მხოლოდ ამაზე ვოცნებობ, გესმის?

- ჰოდა, იოცნებე! - მივახალე, მკლავი გამოვგლიჯე და სადარბაზოში შევვარდი.

ეს რა უბედურებაა? რით ვერ მოვიშორე თავიდან? ხომ ვუთხარი, შენი დანახვაც აღარ მინდა-მეთქი? რატომ არ მეშვება?

ნერვებს მიშლიდა მისი ასეთი თავგამოდება. თუ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა, კეთილი ენება და ნორმალურად მოქცეულიყო. ახლა გვიანაა. მე დიდი ხანია, მოვინელე ანდროც, მისი სიყვარულიც და მისგან მოყენებული ტკივილიც. მორჩა, ერთი მეტრის სიახლოვესაც არ გავიკარებ. არ ვაპატიებ ჩემ გულისტკენას, არა!

გული ამოვარდნაზე მქონდა, შინ რომ შევედი. კარი გასაღებით ჩავკეტე და კედელს მივეყრდენი.

კარგა ხანს ვიდექი ასე გაუნძრევლად. მეგონა, ანდრო ამოვიდოდა და კიდევ ერთხელ შეეცდებოდა ჩემთან დალაპარაკებას, მაგრამ არა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ჩემ დაყოლიებას ვერ შეძლებდა და დაყარა ფარ-ხმალი.

ვერა და ვერ დავიწყნარე აფორიაქებული სული. ანდროს ასე უსაშველოდ გადაკიდება მაღიზიანებდა, რიკის გახსენება კი ტირილის ხასიათზე მაყენებდა. ერთ ტკივილს მეორე დაემატა. ებისთან შეხვედრამ უფრო გამიმძაფრა მონატრება. როგორ მყვარებია თურმე. ეს არ იყო ისეთი სიყვარული, როგორითაც ანდრო მიყვარდა. ეს სულ სხვა გრძნობა იყო. რიკი თითქოს ახალი სიყვარულით მიყვარდა, უახლესით, თითქოს ჯერარდანერგილით. ასე შეყვარება მხოლოდ მე შემეძლო, სხვას არავის. რიკი სხვანაირად მტკიოდა, სხვანაირად განვიცდიდი მასთან დაშორებას. მას ჩემი სიამაყე არ შეულახავს, არც ჩემი თავმოყვარეობა. ის მე მივატოვე, მე ვუთხარი უარი ურთიერთობაზე. ჩემი თავი მეზიზღებოდა. როგორ ვკარი ხელი საკუთარ ბედნიერებას.

ვიბანავე, ყავა დავლიე, ჩემი ჩინური პიჟამა ჩავიცვი და დაწოლას ვაპირებდი, რომ კარზე ზარი დაირეკა. გულზე შემომეყარა. თითქმის ორი საათი გავიდა ანდროსთან შეხვედრიდან და მეგონა, მეტად აღარ შემაწუხებდა. როგორც ჩანს, შევცდი. მივხვდი, ასე ადვილად ვერ მოვიშორებდი თავიდან. გადავწყვიტე, კარი არ გამეღო, ამიტომ არც მიფიქრია პიჟამაზე რამე შემომეცვა.

კოპებშეკრული გავემართე ჰოლისკენ. კართან ახლოს დავდექი და დავიძახე:

- ვინ არის? - არც კი გავიხედე სათვალთვალოში.

- კეიტ! - ნაცნობმა ხმამ იატაკზე მიმაჯაჭვა.

ეს რიკი იყო. ტკივილამდე ნაცნობი ხმის გაგონებაზე რაღაცნაირი შვება ვიგრძენი, მაგრამ იმავე წამს ისე დავიზაფრე, ერთიანად მოვიკუნტე, დავპატარავდი.

აკანკალებული ხელებით ძლივს შევძელი გასაღების საკლიტულში გადატრიალება.

- რიკ, აქ რას აკეთებ?

იდაყვი კარის ძგიდეს მიაყრდნო, მეორე ხელით წელზე დოინჯი შემოიყარა, ზემოდან დამხედა და მიპასუხა:

- ამ შეკითხვას ჩემს თავსაც ვუსვამ ამწუთას, - ირონიულად გაისმა მისი პასუხი, მაგრამ არა აგრესიულად, - ნებას დამრთავ, შემოვიდე?

- რა? ა! ჰო, რა თქმა უნდა, - კარი ფართოდ გამოვაღე და გზა დავუთმე.

როგორ ვცახცახებდი. ვერა და ვერ ვახერხებდი თავის ხელში აყვანას. კბილებიც კი მიკაწკაწებდა.

ვერაფრით დამეჯერებინა, რომ ის აქ იყო, რომ ჩემ სანახავად მოვიდა, რომ დამიბრუნდა. აბა რა უნდოდა, თუ არა ეს? საქმის გარჩევას ხომ არ დამიწყებდა?

აი, დადგა ის მომენტი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდებოდი, რომელზეც ამდენს ვოცნებობდი. ახლა ყველაფერს ვეტყვი, რისი თქმაც მინდოდა. კიდევ ერთი შანსი მომცა განგებამ და ამჯერად არ ვაპირებ მის ხელიდან გაშვებას.

არ ვიცი, რა მეტაკა, რა ძალამ მაიძულა, პირი მომეღო და სიხარულისგან გაგიჟებულს მელაყბა ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა ბოლო კვირების განმავლობაში:

- რიკ! ვიცი, რომ მართალი არ ვიყავი, ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი. რა სისულელე ჩავიდინე, ვერ ვპატიობ ჩემს თავს! ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. არ მინდა ერთმანეთს დავშორდეთ, არ მინდა, არა!

ამ სიტყვებით ისე დავეტაკე, კინაღამ ორივენი წავიქეცით. რიკმა შეძლო წონასწორობის შენარჩუნება, ხელში ამიტაცა, კარი ფეხით მიკეტა და სასტუმრო ოთახისკენ გამაქანა. შემდეგ დივანზე დაჯდა, თან ძლიერად მხვევდა ორივე ხელს, თითქოს მისი მკლავებიდან თავის დაღწევა მნდომებოდა.

მთელი სხეული მითრთოდა. ემოციებით ვიყავი გადავსებული. ასე მოულოდნელად სასოწარკვეთილებიდან ბედნიერების მეცხრე ცაზე ატყორცნამ ძალა გამომაცალა და ავტირდი.

ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები. მთელი ხმით ვზლუქუნებდი, სულაც არ მერიდებოდა იმის, რომ რიკი ჩემს უმწეობას უყურებდა.

მან რამდენიმე წუთს მაცალა, იჯდა უხმოდ და აცრემლებულს შემომცქეროდა. როცა ტირილით გული ვიჯერე, მხოლოდ მაშინ შეირხა, ჯიბიდან აკურატულად დაკეცილი ცხვირსახოცი ამოიღო და ორივე თვალზე ცრემლი მომწმინდა. ჯერ კიდევ მის კისერზე მქონდა მკლავები შემოხვეული, ვერ ველეოდი. ასე მეგონა, ხელს თუ შევუშვებდი, გამექცეოდა.

როცა ცრემლები მომწმინდა, თავი ფრთხილად გაითავისუფლა ჩემგან და ცხვირსახოცი გამომიწოდა.

- ცხვირი მოიხოცე, - ღიმილით მითხრა.

ცხვირიც მოვიხოცე და სახეც მოვიწმინდე, რათა საბოლოოდ წამეშალა ცრემლების კვალი.

- რა ვქნა, არ მჯერა, რომ აქ ხარ… სიზმარში მგონია თავი… - ჯერ ისევ ვსლუკუნებდი.

- მდააა, - თავი გაიქნია რიკმა, - ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი. - და ჩაიცინა.

მადლობა ღმერთს! ის მოვიდა! ის დაბრუნდა! ის ჩემ გვერდითაა! არა, ჩემ გვერდით კი არა, მე მის კალთაში ვარ!

- სისულელე ჩავიდინე, - ისევ ავლაპარაკდი, - ვიცოდი, რომ მცდარ ნაბიჯს ვდგამდი, მაგრამ მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა ორივესთვის. შენ ხომ თავისუფლება გიყვარს და… ვიცი, რომ მოვალეობებს გაურბიხარ. მესმის, ოჯახის შექმნა ადვილი საქმე არ არის. აქ, ამ ქვეყანაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილად ხდება, ისე არა, როგორც ჩვენთან, საქართველოში. მეშინოდა… დალოდების მეშინოდა… მეგონა, არაფერი გამოგვივიდოდა…

- ჩუმად, საყვარელო, ჩუმად, - პატარა ბავშვივით დამიყვავა.

მისმა სიტყვებმა გული ამიჩქროლა. როგორ თბილად მომმართა, საყვარელოო, თან დააყოლა. ნუთუ კიდევ არის იმედი? ისევ მომეძალა ცრემლი, მისმა ქცევამ გული ამიჩუყა.

- კეიტ, დამშვიდდი? - როცა თავი დავუქნიე, გააგრძელა, - ძალიან კარგი. ახლა კი დაწვრილებით ამიხსენი ყველა მიზეზი, რატომ გავურბივარ მოვალეობებს. როგორც ჩანს, შენ ჩემზე უკეთ ხარ ინფორმირებული, - თან თითებით ჩემს თმას მოეფერა.

სწორედ ამწამს მოვისაზრე, როგორი საშინელი სანახავი ვიყავი - ცხვირგაწითლებული, ტირილისგან შეშუპებული თვალები, დაუხატავი, მოუწესრიგებელი, დაუბანელიც კი…

- აუ, რიკ! არ შემომხედო, კარგი? ეს ძველი პიჟამაა, მეგობარმა მაჩუქა ორი წლის წინ დაბადების დღეზე, მაგრამ ძალიან მიყვარს, პრაქტიკული სახმარია და სხვას ვერ ვგუობ.

რიკმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ არ ვაცალე:

- ნაძლევს დავდებ, რომ არც ერთ შენს მეგობარ ქალს მსგავსი არასდროს არაფერი სცმია ცხოვრებაში.

რიკმა პირზე ხელისგული დამაფარა, იქნებ არც ახლა მაცალოს ლაპარაკიო და ძალიან ნაზად მითხრა:

- კეიტ, მათგან არც ერთი იოტისოდენადაც არ გგავდა შენ, არც ერთ მათგანს არ უთქვამს უარი ჩემთან შეხვედრაზე და არ დამჭირვებია, შანტაჟის გზით მიმეღწია, რომელიმე პაემანზე დამეთანხმებინა. არც ერთს ჩემთვის ცხვირწინ კარი არასდროს მოუხურავს. - რიკმა ფეხები ოდნავ განზე გაშალა და საშუალება მომცა, უკეთ მოვკალათებულიყავი მის მუხლებზე. - ვაგრძელებ და არ შემაწყვეტინო: არც ერთი იმათგანი არ იყო შენსავით ტკბილი და მაცდუნებელი, არც ერთს არ შეცოდებია სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ხელიც არ გაუნძრევია მათი უფლებების დასაცავად, მით უფრო, ყოველგვარი ანგარების გარეშე. და კიდევ ერთი, რაშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული: არც ერთს თავში აზრად არ მოუვიდოდა, ოჯახური სადილის შემდეგ ჩემი მოხუცი დედის არეული სახლი მიელაგებინა და ჭურჭული დაერეცხა.

- დედაშენი მოხუცი სულაც არ არის. მოგკლავდა, ეს სიტყვები რომ მოესმინა, - ხუმრობით წამოვიძახე.

- კარგი, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა და ასე ვიტყვი - დაღლილი ქალის სახლში. - რიკმა გაიღიმა, - აჰ, კინაღამ დამავიწყდა: არც ერთ ქალს ხელი არ უკვრია ჩემთვის და მერე კისერზე არ ჩამომკიდებია. ახლა კი ჩემს შეკითხვას უპასუხე, თუ შეიძლება, რას ამბობდი წეღან ჩემზე და ჩემს მოვალეობებზე?

- რას ვამბობდი და რაც შენ არაერთხელ გითქვამს, იმას ვიმეორებდი. რომ შენ თავისუფლება მოგწონს, გინდა, დამოუკიდებელი იყო და არ გხიბლავს ხანგრძლივი ურთიერთობა ქალებთან, - თავი ავწიე და თვალებში შევხედე, აღიარების დრო იყო, - ამას გარდა, შენი და ების საუბარი მოვისმინე მაშინ, დედაშენთან რომ ვიყავით.

- მოისმინე? შენ რა, გვაყურადებდი? - მან თავისკენ მიმიზიდა, მაკოცა და გააგრძელა, - ჩემსა და ების შორის არაფერი ყოფილა და არც იქნება. ორი თუ სამი წლის წინ რამდენჯერმე დავპატიჟე რესტორანში, თეატრში დამყავდა, კიდევ სადღაც-სადღაც ვიყავით და მორჩა.

- მასთან არ წოლილხარ?

- არა, რა თქმა უნდა, გიჟი კი არ ვარ, - გულიანად გაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა, - ების მცირე შანსიც არ ჰქონდა, აქამდე მიეყვანა საქმე. ჩემი საწოლში შეთრევა ძალიან რთული საქმეა, თითქმის შუძლებელი, - აქ გემრიელად გადაიხარხარა, - თვითონაც მშვენივრად ესმოდა ეს. იმ დროს ძალიან ცუდ დღეში იყო, მამა გარდაეცვალა, საქმრომ მიატოვა, თავისივე შეცდომების გამო, გარე-გარე ჩუმ-ჩუმად ღალატობდა. უბრალოდ, გადავწყვიტე, ცოტათი დავხმარებოდი, ისიც დედაჩემის ხათრით. ჩვენი დედები დიდი ხანია, მეგობრობენ.

- მიხარია ამის მოსმენა, - სულიც კი შემიმსუბუქა მისმა ნათქვამმა.

- მეც მიხარია. ახლა კი რაც შეეხება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას… ეს ყველაფერი შენთან შეხვედრამდე იყო. შენ შეცვალე ჩემი შეხედულებები, მე შემცვალე. დავიჯერო, ვერ ხვდებოდი?

თავი გავაქნიე სახეგაბადრულმა, საკუთარი ბედნიერების არ მჯეროდა.

- არ მეგონა, თუ…

- შემომხედე, კეიტ, - გამაწყვეტინა, - უკვე კარგა ხანია, ციებიანივით მიწევს ცხოვრება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმის გამო, რომ ბოდვამდე შემიყვარდა ერთი ქალი. ქალი, რომელიც ამწუთას მუხლებზე მიზის, რომელმაც კინაღამ მომგუდა წეღან და ახლაც კი არ მიშვებს ხელს. გამოგიტყდები და, არც ერთ ქალთან არ დამჭირვებია ამდენი დევნა და მზრუნველობის, ძალისხმევის თუ ყურადღების გამოჩენა. ეს ყველაფერი არასდროს დამჭირვებია. ქალები თვითონ იჩენდნენ ხოლმე ინიციატივას და პირველსავე შეხვედრაზე ლოგინით ამთავრებდნენ ჩემთან ურთიერთობას… ღმერთო ჩემო, რა ნაჭრისგანაა ეს გაუგებრობა შეკერილი? - უეცრად აშკარა უკმაყოფილებით დახედა ჩემს პიჟამას.

- არ ვიცი ინგლისურად რა ჰქვია, ქართულად ბამბაზიას ეძახიან, - შემრცხვა და გავწითლდი.

- ძალიან გთხოვ, თაფლობის თვე რომ გვექნება, მსგავსი არაფერი ჩაიცვა, იცოდე.

- რა? - მეგონა, მომესმა ან არასწორად გავიგე მისი სიტყვები.

- ძალიან გთხოვ, მის კეიტ, გახდეთ ჩემი კანონიერი ცოლი, - მან დივანზე გადამსვა და სერიოზული სახით წამოდგა ფეხზე, - მე შენ მიყვარხარ და მინდა, ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენ გვერდით გავატარო. მინდა, რომ ჩემს ორივე სახლში, ლონდონშიც და ენფილდშიც ბევრი პატარა კეიტი და ერთი-ორი პატარა რიკი დარბოდეს. კიდევ მინდა დაგიმტკიცო, რომ ჩემთვის ყოველთვის სასურველი და საყვარელი იქნები. მინდა აქედან, -მან თითი ჩემს საფეთქელს მიადო, - შენი ყველა უსიამოვნო მოგონება წავშალო. მე ვერ შევცვლი შენს წარსულს, მაგრამ შემიძლია შევცვალო შენი მომავალი. მინდა, რომ ყოველდღე ბედნიერი იყო და ყოველ წამს გრძნობდე ამას.

- რა გულისამაჩუყებელია, - ისევ მომეძალა ცრემლი.

- ვიცი.

შევხედე. თვალები სიყვარულით ავსებოდა. პირველად ვხედავდი მამაკაცის თვალებს, რომელიც ჩემი სიყვარულით იყო გადავსებული. მსგავსი არასდროს არავისზე შემინიშნავს. ალბათ არასდროს არავის ვყვარებივარ, რიკის გარდა, ან ასე არ ვყვარებივარ არავის.

- რიკ, იცი? მე რაღაც უნდა გითხრა.

- ვიცი, რაც უნდა მითხრა და ისიც ვიცი, როგორ გიმძიმს ამის თქმა. ამ დროს, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიხარია ის, რაც უნდა მითხრა.

- საიდან იცი, რა უნდა გითხრა? აბა, მითხარი, რის თქმას ვაპირებ?

- იმის თქმას, რომ ქალიშვილი ხარ და ჯერ სექსი არავისთან გქონია. გამოვიცანი?

ალმური მომედო. საიდან გაიგო?

- საიდან გავიგე? - ჩემი ფიქრი გაახმოვანა, - უბრალოდ, მივხვდი. ალბათ ტრაბახში ჩამეთვლება, მაგრამ გამოცდილი კაცისთვის ძალიან ადვილი მისახვედრია, როგორ ქალთან უწევს ურთიერთობა. ეს პირველსავე შეხვედრაზე გამოვთვალე.

- მართლა? როგორ? შუბლზე მეწერა?

- არა, შუბლზე არა, თვალებზე. შენმა თვალებმა გაგთქვა და მიხარია, რომ ერთ-ერთი იმ ინგლისელთაგანი ვარ, ვისაც ხელუხლებელი ქალი მოჰყავს ცოლად. აბა, რას მეტყვი? რა პასუხს მივიღებ ჩემს თხოვნაზე?

პასუხის გაცემას ვაჭიანურებდი. სახე ხელებში ჩავრგე და თავი გავაქნიე, მერე თავზე წამომდგარ რიკს ავხედე და მთელი ხმით დავიყვირე:

- იეს, იეს, იეს! თანახმა ვარ!

- მინდოდა, ეს ყველაფერი იქ მეთქვა შენთვის, ენფილდში, სადილის შემდეგ, - აღიარა, - რაც გაგიცანი, მას შემდეგ სულ ვჩქარობდი. სულ მინდოდა, მეთქვა, მეთქვა, მეთქვა, მაგრამ რაღაცნაირად ვაჭიანურებდი. მაპატიე!

- მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ, რიკ! იმხელაა ეს სიყვარული, ასი გული ერთად რომ დაიტევს.

- როგორც იქნა, მოვისმინე ეს შენგან, ჩემო ლამაზო! თუმცა, უნდა გითხრა, რომ ამაში ეჭვი არასდროს შემპარვია. მიხარია ამის მოსმენა, ჩემო სასაცილო კეიტ!

წამოვდექი… არა, კი არ წამოვდექი, რაღაც ძალამ წამომაყენა, მსუბუქად ამწია ჰაერში, რომ რიკის მკლავებში გავხლართულიყავი. რა გემრიელი იყო ეს გახლართვა. რა ტკბილი იყო მისი მკლავები…

ჩემმა ბედნიერებამ შოკოლადის გემო მიიღო. სახიფათო სურვილები უკან დარჩა.

რაღაც ძალა უფრო და უფრო მაღლა მწევდა ჰაერში, ამჯერად რიკთან ერთად. ემოციებისგან გაბრუებული ძალუმად ვეხუტებოდი მას და ორივენი მივიწევდით მაღლა და მაღლა… იქ მეცხრე ცა გველოდებოდა, სრული ბედნიერების ბოლო საფეხური…

დასასრული