მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმების პოპულარობა გაიზარდა, ხალხმა "ჩვეულებრივი" ადამიანებიც გაიცნო და შეიყვარა. ადამიანები, რომელთა ცხოვრება, გამოცდილებები და რჩევები ხშირად დიდი მოტივაციის წყარო ხდება. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ოცნების ახდენის უნდა ვირწმუნოთ.
სწორედ ასეთი ადამიანია ინტერნეტ მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი იაკო ჭალაგანიძე, რომელიც გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებს და საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო, პანდემიის დროს 18 საათიანი კვების რეჟიმითა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით სასურველ ფორმაში ჩადგომა. ის დღეს სოციალური ქსელების მეშვეობით ეხმარება სხვებს ოცნებების ახდენაში და ხალხს ცილებს, მეტ სიარულს და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას აყვარებს. იაკო საერთო მიზნისკენ მიმავალ ქალებს, პირადი შეტყობინებების გარდა, Facebook-ის დახურულ ჯგუფში ესაუბრება და ცდილობს, მოტივაციის გაზრდაში დაეხმაროს.
- ვინ არის იაკო ჭალაგანიძე? გვითხარით თქვენზე ისეთი რამ, რაც საზოგადოებამ ჯერ არ იცის.
იაკო: გამარჯობა, როგორ მიხარია, რომ იაკოს სხვა მხრიდან გაცნობით დაინტერესდით. მე ვარ პირველ რიგში დედა, მეუღლე, ჟურნალისტი და ახლა უკვე ინფლუენსერიც. ამ როლში ჩემი გამომწერი გოგოების მხარდაჭერით აღმოვჩნდი. ისინი ათიათასობით არიან და ჩემგან მოტივაციას ელოდებიან.
- ხშირად ქალებს, საზოგადოება სტანდარტებს გვიდგენს, რომელსაც მუდმივად უნდა მოვერგოთ. როგორ ფიქრობთ, მოქმედებს თუ არა ადამიანების ფსიქოლოგიაზე ასეთი ტოქსიკური გარემო და რა მექანიზმებით ებრძვით თქვენ მას?
რა თქმა უნდა მოქმედებს. მოქმედებს ისიც, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჭარბ წონიანი ადამიანის მიუღებლობა აქვს, და ხშირ შემთხვევაში, ადამიანი თითის გაშვერის ობიექტი ხდება, ამის გამო კი ძალიან ბევრი ქალი ზის სახლში. მინდა მათ ვუთხრა, რომ არ არის საჭირო, 90-60-90 პროპორციების იყოს ყველა. პირადად მე, 140 კილო ბევრად უფრო ლაღი, მხიარული, და გიჟი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, მაგრამ ასეა. დავდიოდი ყველგან და სხვისი თვალის გამოყოლება ჩემზე ზეგავლენას ვერ ახდენდა. დღესაც იმავეს ვფიქრობ, რომ სხვისი "არაჯანსაღი” დამოკიდებულება ჩვენზე არ უნდა მოქმედებდეს.
- რამდენად გაიზარდა ცხოვრების ხალისი და ბედნიერების შეგრძნება მას მერე, რაც საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია?
აბსოლუტურად ამოტრიალდა ჩემი ცხოვრება (კარგის მხრივ, რა თქმა უნდა). პირველ რიგში, გავხდი ბევრი გოგოს მოტივაცია და ამ ბედნიერ ადამიანებთან კონტაქტი მავსებს ძალიან დადებითი ენერგიით. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების ხალისი და ბედნიერების შეგრძნება ოდესმე მაკლდა, თუმცა ახლა გაათასმაგებულად მიხარია ყოველი დღის გათენება, სარკეში ჩახედვა და ქუჩაში სიარული. ეს კი იმიტომ, რომ მე საკუთარ თავზე გავიმარჯვე. ცუდი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, გავხდი შოპოჰოლიკი. რის ჩაცმაზეც 30 წლის მანძილზე ვერც კი ვოცნებობდი, ახლა ვიცვამ და ვინაზღაურებ ყველა აუხდენელ ოცნებას.