"ბოლო დღეებში მაგრად დამაკლდა კახა. მგონი, რეალურად ბევრს ენატრებოდა, როგორც ქართველი მოღვაწე, რადგან ახლა საქართველოში არის ეს მომენტი, როცა მისთვის შეგვეძლო გვეკითხა - "ცუდად არის საქმე, ახლა რას ვშვრებით?" და ვიცოდით, რომ მისი პასუხი იქნებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა გვჭირდება - "იბრძოლეთ".
ძალაინ მარტივი სიტყვებით, ყველასთვის გასაგებად, ალბათ, ცოტა ირონიით, აგვიხსნიდა რატომ არ შეგვიძლია დავამუხრუჭოთ ბრძოლა და რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია.
რამდენიმე ხნის წინ გავიაზრე, რომ კახა ჩამოვიდა საქართველოში 2004-ში და ქვეყნიდან გააძევეს 2014-ში. ანუ, მან განახორციელა თავისი ყველა ძირითადი რეფორმა და 2 საუკეთესო უნივერსიტეტი დააარსა სულ რაღაც 10 წელიწადში. ამის მერე უკვე გავიდა შემდეგი 10 წელი და ჩვენ, სამწუხაროდ, არაერთი პრინციპული ნაბიჯი უკან გადავდგით ჩვენი წარსულისკენ, რომელსაც კახა ებრძოდა მთელი მისი არსით.
სანიმ რომ გაიგო, რომ დღეს "კახა ბაბუს" დაბადების დღეა, ეგრევე მთხოვა, რომ წავიყვანო მასთან, ტორტიც საყიდელიაო. ავუხსენი, რომ კახას მოტორი - ანუ გული - აღარ მუშაობს, მაშინ კახა ბაბუს ვიდეო მაჩვენეო.
ვსხედვართ ერთად და ვუყურებთ კახას ინტერვიუებს, როგორ ცეკვავს რუსკასთან და კიდევ უფრო ვგრძნობ, როგორ მენატრება, მაგრამ დღეს არა როგორც ქართველი რეფორმატორი, არამედ უბრალოდ, როგორც მამაჩემი და სანის ბაბუა. გილოცავ და მენტარები", - წერს ანასტასია ბენდუქიძე მამის, კახა ბენდუქიძის შესახებ.
დაიბადა 1956 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. ამავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1981 წლიდან კახა ბენდუქიძე მუშაობდა ჯერ მეცნიერებათა აკადემიის მიკროორგანიზმთა ბიოქიმიისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ. მისი კვლევები ძირითადად ფოკუსირებული იყო გენური ინჟინერიის ტექნოლოგიების და რეკომბინანტული ვაქცინების შექმნაზე.
1990 წლიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1993 წლიდან აქტიურად ჩაერთო რუსეთის ინდუსტრიის რესტრუქტურიზაციისა და კონსოლიდაციის პროცესში. 1996 წელს შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია – „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“. მისი შექმნის დღიდან 2004 წლამდე კახა ბენდუქიძე იყო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობის წლებში „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები“ გადაიქცა საერთაშორისო კომპანიად, რომელიც თავის საწარმოო საქმიანობას წარმართავდა რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიამ გაიარა ლისტინგი ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
2002 წლიდან იყო ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (მოსკოვი) ინსტიტუციური ეკონომიკის კათედრის პროფესორი. 2004 წლის მაისამდე იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს. 2004 წლის დასაწყისში იგი ჩამოშორდა აქტიურ ბიზნესსაქმიანობას.
2004 წლის ივნისიდან გახდა საქართველოს მთავრობის წევრი – ეკონომიკის მინისტრი, შემდგომ - ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 2004 წლის ბოლოს იგი დაინიშნა რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. კახა ბენდუქიძე ითვლება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად. მისი უშუალო ავტორობით განხორციელდა ეკონომიკის დელეგურილების, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო სექტორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, სანებართვო-სალიცენზიო სისტემის, ენერგეტიკისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელოვანი რეფორმირება, შრომის ბაზრისა და საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია. განახლდა პრივატიზაციის პროცესი. მასვე ეკუთვნის გახმაურებული ფრაზა – „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“.
გარდაიცვალა 2014 წლის 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულის უკმარისობით. მანამდე იგი სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა. შვეიცარიაში კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა და ცოტა ხანში გარდაიცვალა.
კახა ბენდუქიძეს ჰყავს ქალიშვილი - ანასტასია ბენდუქიძე, დაბადებული 1990 წლის 1 ნოემბერს, რომელიც ატარებდა დედის გვარს. 2009 წლიდან ლონდონში, King's College-ში სწავლობდა, რომელიც 2013 წელს დაამთავრა. ახლა ცხოვრობს თბილისში, ჰყავს ქართველი მეუღლე და ერთი შვილი, სანი.