ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე რადიო თავისუფლების გადაცემის "შვილის" სტუმარია, სადაც გულწრფელად საუბრობს მამასთან ურთიერთობასა და რთული გადაწყვეტილების მიღებაზე ისაუბრა:
"ძალიან ბევრი წელი არაფერზე არ ვფიქრობდი, წარმოდგენა არ მქონდა რა მინდოდა - ამიტომ 3 უნივერსიტეტი დავამთავრე. უცხო ენებზე და თეატრალურში ერთდროულად ვსწავლობდი, მერე საექთნოზე ჩავაბარე. თეატრი ჩემი ადგილი არ იყო, ამიტომ მალე წამოვედი. სცენაზე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ.
ტელევიზია ძალიან მიყვარს, მომწონს რასაც ვაკეთებ - აქ ვცოცხლდები.
საქართველოში გთხოვენ, რომ შენი თავი მშობელს შესწირო და თუ არ შესწირავ, მაშინ არარაობა ხარ. არავის ისე არ უნდა მამაჩემის კარგად ყოფნა, როგორც მე, ის ჩემზე უფრო არავის არ უყვარს. რაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დავიწყე, დღეში ბევრი ადამიანი მწერს... რჩევას მეკითხებიან... გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ამ თემაზე ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია მეც არ მაქვს... ყველაზე ცუდი იმის ცოდნაა, როცა გააზრებული მაქვს, რომ მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. სულ ვფიქრობ, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ" - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
ნანიკოს მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმით მიმდინარეობს - მას სივრცე, დრო, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადეკვატური ქცევა, უპირველესად, მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა ბევრი ფიქრის შემდეგ მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა.
ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი.
მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა ყოფა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო. ბოლოს გასაღებიც წავართვი და გამოვკეტე ადამიანი. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების. ჩვენ მდიდარი ფანტაზია გვაქვს და ჩვენი წარმოდგენები არის ის, რაც ვიცით. მე ასეთ სახლებში ბევრად კარგ პირობებს ველოდი. ჩვენი ქვეყანა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს. თუმცა ძალიან კარგ სახლშია მამა, მაგრამ მე მაინც სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე.
როდესაც მივიყვანე, დამძაბა იმ გარემომ, რაც დამხვდა. ძალიან კარგად მიიღეს მამა და იქ ის ძალიან დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მე ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.
როცა მამა იქ წავიყვანე, თავიდან ერთი კვირა, ვერაფერს ვგრძნობდი. ჩემი ტელეფონი გაჩერდა, ანუ დღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… შემდეგ იყო ის, რომ იმოქმედა საზოგადოებრივმა აზრმა. ჩემს შეგრძნებებზე ეს მაინც მოქმედებდა. ახლაც ძალიან მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ვიცი, მამამ იქ უნდა დაასრულოს სიცოცხლე", - საუბრობდა ნანიკო "რადიო თავისუფლებასთან".