გუშინ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდების პროტესტზე, ინციდენტი მოხდა. იმ დროს, როდესაც აქტივისტები მსვლელობით ევროკავშირის საელჩოსკენ მიდიოდნენ, გზად დეპუტატი დავით კაჭარავა შეხვდათ, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ის ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატიდან, რომელმაც პირველი მოსმენით კანონს ხმა მისცა.
როგორ მოხვდა სპორტსმენი პოლიტიკაში, როგორია მისი ქონებრივი დეკლარაცია და პირადი ცხოვრება, ქვევით მოგიყვებით. კაჭარავა ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლითაც ხშირად ინტერესდება ქართული მედია, უფრო მეტად პირადი ცხოვრების და არა პოლიტიკური მოღვაწეობის გამო.

სპორტიდან პოლიტიკაში
მორაგბე დავით კაჭარავა სპორტიდან პოლიტიკაში კიდევ ერთ სპორტსმენთან, კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად მოხვდა. "ქართულმა ოცნებამ“ ეს ორი სპორტსმენი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო სიის პირველ ოცეულში შეიყვანა.

კაჭარავას საპარლამენტო მოღვაწეობა განსაკუთრებული არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით გუშინდელ ინციდენტს, როდესაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა იქამდე იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მისი დაცვა კოლეგებს მოუწიათ.
მიზეზი მაშინაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონი იყო, რომელიც შარშან "ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია. სკანდალი დავით კაჭარავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელშიც წერდა: " მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!“ დეპუტატი კოლეგებიდან ბექა ოდიშარიამ და თეა წულუკიანმა დაიცვეს. მათ საზოგადოებას სპორტსმენის ღვაწლი შეახსენეს.
პირადი ცხოვრება
დავით კაჭარავას პირველი მეუღლე ანკა დუნდუა გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დეპუტატი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილთან ერთად გამოჩნდა. უკვე წლებია, ის და ქეთი ხატიაშვილი ერთად ცხოვრობენ. წყვილს 14 მარტს საერთო შვილი ილია კაჭარავა შეეძინა.

ქეთის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. თუმცა, როგორც დეკლარაციიდან გავარკვიეთ, ისინი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ არ არიან.
წაიკითხეთ სრულად