დრამერი და სოლისტი, 1994 წლიდან მუსიკალურ-შემოქმედებითი სტუდიის, “ბომბორას“,, ხელმძღვანელი ლია ხორბალაძე ლეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ “მზიურის” გამორჩეული წევრი იყო. ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა - ასე ახასიათებენ მას.
სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი “ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა “მზიურელი” დრამერი.
რამდენიმე ხნის წიმ ამ პოზიტიურ ადამიანს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – ვაჟიშვილი, ალექსანდრე ჭკუასელი, გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მიზეზი ანევრიზმა გახდა. ალექსანდრე, რომელსაც ახლობლები აკოს ეძახდნენ, ტყუპისცალი იყო და 29 წლის გახლდათ. დედას ორი შვილი დარჩა – ქეთევანი და ალექსანდრეს ტყუპისცალი ილია.
ლია ხორბალაძე
"ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი ცხოვრებით? ნამდვილად ვარ. ღმერთმა მომცა საშუალება, ვაზროვნებდე, ჩემს ოჯახს ოჯახი ერქვას, ჩემს შვილებს დედ-მამა ჰყავდეთ. ჩვენ ერთად დავძლიეთ სიძნელეები. მიკამათია, გავბრაზებულვარ და მიჩხუბია კიდეც, მაგრამ შემდეგ გამნათებია გონება, ღამეს დღე მოჰყოლია და გამღიმებია სული… ესაა ცხოვრება", - ამბობდა ლია ხორბალაძე წლების წინ.
"არავინ არ ვიცით, რამდენი დრო გვაქვს მიწიერი ცხოვრებისა და რამდენი გვექნება ზეციურისა. დრო ალბათ მაინც ყველაფერს გაუძლებს, ვინაიდან მარადიულია, დროს რა ენაღვლება, დრო დროზე ჩქარა მიჰქრის. დროს არაფერი არ ენაღვლება და არ ედარდება, ის მოვიდა, მიდის, მიჰქრის და ალბათ არც დამთავრდება, სანამ იარსებებს დედამიწა და საერთოდ მთლიანად სამყარო", - ამბობს ლია ხორბალაძე მარიამ მაზიაშვილის პოდკასტში.
"ჩემს თავს ცელქ ბებიას ვეძახი - ვთამაშობ ფეხბურთს, კალათბურთს... ვინ არის ლია ხორბალაძე, რთული საკითხია, რადგან ბევრ რამეში დამიჭერია ჩემი თავი, უი, ასეთიც ვარ-მეთქი?
იცით, ხანდახან მგონია, რომ ჩვენი ბავშვობა შორეული ზღაპარი იყო. ეს იყო საოცარი ცხოვრება, სხვა ლია ვიყავი, სტუდენტობაში სულ სხვა ლია მოვიდა, სულ სხვა სილაღით. მერე დავიწყე სამსახური, შევქმენი ოჯახი. ჯერ მეუღლე ვიყავი, მერე დედა გავხდი, ეს ენით აღუწერელი გრძნობაა დედამიწაზე.
ბავშვობაში ძალიან მინდოდა მესწავლა კარატე, ეს ბრიუს ლის გავლენა იყო. ასეთ ფილმებს დღესაც რომ ვუყურებ, ასაკი მავიწყდება. ჩემი შვილები ამ სპორტში ვარჯიშობდნენ და ეს ძალიან მომწონდა.
მე "მზიურმა" დამანახა. როგორი უნდა იყოს მეგობრობა. როგორ უნდა გუნდში მუშაობა - დაბალანსებული, გულწრფელი. მეამაყება, რომ ეს საქართველოში იყო. "მზიურმა" მომცა მთელი ცხოვრება", - ამბობს ლია ხორბალაძე.
მოუსმნეთ პოდკასტს