ლექსო სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა. თიკო რომ სადმე გადაჰყროდა, შუაზე გაგლეჯდა. რამდენის უფლებას აძლევდა ეს ქალი თავს! მის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. ნეტავ რისი იმედი ჰქონდა? თუ ლიზის გაშორდებოდა, მას დაისვამდა ცოლად თუ რა? ხომ აუხსნა გასაგებად, შენთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვაპირებო? ახლა როგორ მოიქცეს? უთხრას ზაზას, რაც მოხდა? არა, ტეხავს… მაგრამ თიკოს როგორ აპატიოს ეს?
თბილისში დაბრუნებულმა კლინიკას მიაშურა, სახლში არც შეუვლია. ზაზა ვიღაცას ქალაქის ტელეფონზე ელაპარაკებოდა და თან ბლოკნოტში რაღაცას იწერდა. როცა ყურმილი დაკიდა, ლოყები გამობერა და ძმაკაცს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
- რა იყო, რა სახე გაქვს? - გულგრილად შეეკითხა ლექსო.
- თიკოს ვშორდები.
გაოგნებულმა ლექსომ ხმა ვერ ამოიღო, ეს რაღაც ახალი იყო.
- მაგის დედაც! არ მეგონა, ასე თუ შეტოპავდა.
- ამისთანა რა ქნა? - ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, ჩემზე ხომ არ წამოსცდა თიკოს რამეო.
- ყელში ამომივიდა უკვე. სხვა მიყვარსო, გამომიცხადა. ერთმანეთს დავშორდეთ და ჩემი წილი ყოველგვარი სკანდალის გარეშე მომეციო.
- ვინ მიყვარსო? - ყრუდ იკითხა ლექსომ.
- მე რა ვიცი. გგონია, ამბობს? დიდი ხანია სხვას ვხვდებიო. ოხხხ! - ზაზამ ხელები მომუშტა.
- შენი ცოლი ბოლო დროს ვერ იქცევა კარგად. - ლექსო მაგიდასთან დაჯდა და სავარძლის საზურგეს მიაწვა.
- შენ რამე იცი და მიმალავ? - წამოენთო ზაზა.
- არა, მისი პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის და არც არაფერი ვიცი. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერევა ცუდად.
- რაღაც ვერ გავიგე… - ზაზა წინ გადაიწია და სმენად იქცა.
ლექსომ მოყოლა დაიწყო. ყველაფერი უთხრა, რაც ლიზისგან გაიგო.
გაცოფებული ზაზა წამოხტა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- გესმის, რას ჩალიჩობს? რა უნდა ამ ქალს, ვერ გამიგია. ბოლოს და ბოლოს, რა უნდა?
ამ დროს კარი გაიღო და მოულოდნელად თიკო შემოვიდა. ქმრის დანახვაზე შეცბა, მაგრამ არ დაბნეულა.
- აი, თურმე სად ყოფილხარ! - ეს ისე თქვა, ზაზას წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ცოლი მასთან სალაპარაკოდ იყო მოსული და არა ლექსოსთან.
ზაზა თვალის დახამხამებაში მიეჭრა ცოლს და ისეთი ძალით გააწნა სილა, რომ თიკო უკან გადაქანდა, თავი ვერ შეიკავა და იტაკზე მოადინა ბრაგვანი.
ქალის კივილმა ჰაერი გააპო. ლექსო წამოხტა და თიკოს მივარდა, თან ზაზას უყვირა:
- გაგიჟდი? გესმის მაინც, რას აკეთებ?
- შე არაკაცო! შე დეგენერატო! რა საცოდავი ხარ, რომ იცოდე! ამას არ გაპატიებ! - გაჰკიოდა ქალი.
- როგორ გაბედე, როგორ გაბედე ლიზის მოტყუება, ა? რისი მიღწევა გინდოდა, შე ნაბოზვარო, მითხარი, რისი! - ცოლისკენ გაიწია მამაკაცმა, მაგრამ ლექსომ დროზე მოახერხა მისი დაჭერა.
ამის გაგონებაზე თიკო უცებ გაჩუმდა. დამფრთხალმა შეავლო თვალი ჯერ ქმარს, მერე ლექსოს და ხმადაბლა იკითხა:
- რა მოტყუება, ვისი მოტყუება?
- დაჯექი და მომისმინე, - ლექსო ცდილობდა, თავი შეეკავებინა და არ აფეთქებულიყო, - ლიზიმ ყველაფერი მითხრა. საიდან მოიტანე, რომ მისთვის ბავშვის და ქონების წართმევა მინდოდა? ამისთანა ტყუილის თქმა რაში დაგჭირდა? ამ დროს მე პირიქით მიმტკიცებდი.
თიკო დაიბნა. არ ეგონა, მისი ტყუილი თუ გამოაშკარავდებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამაში თვითონ იყო დამნაშავე. განა მან არ მისცა ლიზის მისამართი ლექსოს?
- მე მისთვის მსგავსი არაფერი მითქვამს. იგონებს, - ჩურჩულით წარმოთქვა და შეშინებულმა ქმარს შეხედა.
- და რატომ უნდა იგონებდეს, რა, შენი ჯინი სჭირს? - გაცეცხლდა ზაზა.
- იმიტომ, რომ ჩემზე ეჭვიანობს! - არც დაფიქრებულა, ისე წამოისროლა ქალმა.
ზაზას უეცრად ხარხარი აუტყდა. ლექსო გაშრა. ამ სულელმა ქალმა კიდევ რამე არ წამოროშოსო, გაიფიქრა, თიკოს მკლავში ხელი წაავლო და გარეთ გაიყვანა.
- არ გაბედო! არ გაბედო არაფრის თქმა, თორემ ჩემი ხელით დაგახრჩობ! ახლა კი წადი აქედან!
აკანკალებულმა თიკომ ლექსოს მარწუხებისგან მკლავი გაითავისუფლა და ხვნეშა-ხვნეშით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:
- ჩემი… ჩემი წილი მომ… მომცეს და წავალ. მაგის დანახვაც არ მინდა… და არც შენი… ორივე მეზიზღებით.
- ეს რა მითხარი, კაცო! - ზიზღით ჩაიცინა ლექსომ, - აი, დარდი. დავაი, დაახვიე, სანამ გამოსულა და შენთვის ცხვირ-პირი დაუნაყავს.
- ვუჩივლებ! გგონია, შევარჩენ?
- მიდი, მიდი… - უხეშად უბიძგა ლექსომ და განერვიულებულ ქალს დერეფანში გაუძახა…
თიკო რისი თიკო იყო, ეს ამბავი ასე დაეტოვებინა. გამოვიდა თუ არა გარეთ, მაშინვე ლიზისთან დარეკა და ლანძღვით აიკლო.
ლიზი ჯერ მშვიდად უსმენდა, მერე კი ნერვებმა უმტყუნა და ისეთი იკივლა ტელეფონში, თიკო შეშინდა.
- მეორედ არ გაბედო ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკი, შე არაქალო! შენ გამო ოჯახი დამენგრა, შენი ინტრიგების გამო ქმარი დავკარგე და აქეთ მედავები? ერთხელ არ დარეკე, რომ მოგეკითხე, ამ ხნის განმავლობაში როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი, მოვკვდი თუ დავრჩი და ახლა გაგახსენდი? ჩემი სახელი არ ახსენო, იცოდე! გესმის, რაც გითხარი? გესმის?
თიკო ასეთ შემოტევას არ ელოდა. ცხვარივით უტყვ ლიზის თუ ყვირილი შეეძლო, ვერ წარმოედგინა. ენა ჩაუვარდა, პასუხი ვერ გასცა და წამსვე გათიშა ტელეფონი. ამ დროს ლექსო დაინახა, ფეხდაფეხ რომ მოჰყვებოდა.
- არ მომეკარო! - იწივლა თიკომ და ახლაღა შეამჩნია, რომ მთელი კლინიკა გარეთ გამოფენილიყო სეირის საყურებლად.
ლექსომ მასთან მიირბინა, მკლავი კვლავ დაუჭირა და შეუღრინა:
- წადი, თიკო, სირცხვილია, ყველა შენ გიყურებს. არ მოგბეზრდა ეს მასკარადი? სახე დაკარგული გაქვს, ვერ ხვდები?
- სახე მე კი არა, შენს ცოლს აქვს დაკარგული. იცი მაინც, ამდენი წელი ვინ გყავდა ცოლად? ბოზი და ჩათლახი! დასაჭერად ჰქონდა საქმე, მერე პოლიციელს მისცა და იმან გადაარჩინა. თაღლითი იყო და აფერისტი. იცოდი? არ იცოდი! ამდენი წელი ტყემალზე იჯექი და თვალები ტრ…
- გეყოფა! - ვეღარ მოითმინა ლექსომ და ქალი მთელი ძალით შეაჯანჯღარა, - გეყოფა ამდენი სიბინძურე! ჩემს ცოლს მე მოვუვლი, შენ შენი აწეწილი საქმეები დაალაგე! ვისზე ნაკლები ჩათლახი შენ ხარ, საკუთარ გულში ჩაიხედე!
ამის გაგონებაზე თიკო მოეშვა. მამაკაცს მკლავი გამოსტაცა, აჩაჩული მაისური ჩამოიწია, გამეხებული მზერა სეირის მოყვარულთ შეავლო, ლექსოს სახეში შეაფურთხა და ჩქარი ნაბიჯებით ჭიშკრისკენ გაემართა.
ლექსომ ცხვირსახოცი ამოიღო, სახე ჩამოიწმინდა და კლინიკაში შებრუნდა. სირცხვილისგან ალეწილი თანამშრომლებს თვალს ვერ უსწორებდა…
ლიზის ის დღე ჩაუმწარდა. ჯერ იყო, ლექსო დაადგა მოულოდნელად თავს და გული გაუხეთქა, მერე კი თიკოს ზარმა დასცა თავზარი. მის ისტერიკას იონაც შეესწრო, რაც ყველაზე მეტად აშფოთებდა. სულაც არ უნდოდა, მამაკაცს ასეთ მდგომარეობაში ენახა. მხოლოდ საღამოს მოუყვა მას, სინამდვილეში რა მოხდა, ვინ იყო თიკო და რა როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. იო მის დამშვიდებას შეეცადა, უხსნიდა, მალე ეს ყველაფერი მხოლოდ მოგონებად დაგრჩება და ამაზე ნერვიულობა არ ღირსო.
მართლაც არ ღირდა. ლიზის არც თიკოს დაკარგვით აკლდებოდა რაიმე და არც ქმართან გაყრით, რადგან გვერდით იონა ჰყავდა - მამაკაცი, რომელიც ყოველთვის უყვარდა…
მეორე დღიდან ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. ასე მშვიდად დიდი ხანია, თავი არ უგრძნია. დილით ბავშვს სკოლამდე მიაცილებდა, მერე სამსახურში მიდიოდა, თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა და საღამოს კმაყოფილი ბრუნდებოდა შინ, სადაც მარიკუნა და იონა ელოდნენ.
იო ყოველდღე მოდიოდა და ღამეც რჩებოდა. მარიკუნა ისე შეეჩვია, რომ მის დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდა. ხანდახან სასეირნოდ გადიოდნენ სამივენი. ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებდნენ ხშირ ნაძვნარში და გირჩების შეგროვებით ერთობოდნენ. რამდენჯერმე პიკნიკიც მოაწყვეს ტყეში.
ასე გრძელდებოდა თითქმის ოჯახური იდილია, მაგრამ ლიზი თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა. სულ რაღაც ცუდის მოლოდინში იყო. გული კარგს არ უგრძნობდა. ერთხელაც, როცა მარიკუნა სკოლიდან გამოიყვანა და მაღაზიასთან იონა დახვდა მანქანით, მიმავალი ავტობუსიდან ესმა შენიშნა, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა მათ. ეს არ ესიამოვნა. ახლა ჭორებს ააგორებს სამსახურშიო, გაიფიქრა. რაღაც უნდა მოეფიქრებინა, რომ ჭორის აგორების შემთხვევაში თავი დაეძვრინა და სიტუაციიდან სუფთად გამოსულიყო, მაგრამ არ დასცალდა…
შაბათი იყო. ლიზი არ მუშაობდა, იონაც სახლში იყო. მარიკუნა თავის კლასელთან იყო გადასული, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. ბავშვები პირველივე დღიდან დამეგობრდნენ და ლიზი არ უშლიდა ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას.
სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, მარიკუნას არყოფნით ესარგებლა და იონასთვის შვილის შესახებ ეთქვა. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცს ჰქონდა უფლება, სიმართლე სცოდნოდა.
სადილი მოამზადა და ის იყო, სუფრის გაშლას აპირებდა, რომ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. იონამ გააღო. ლიზიმ მიაყურადა, ალბათ, რომელიმე მეზობელი იქნებაო, იფიქრა. რაც აქ გადმოვიდა, სათითაოდ მოდიოდა ხან ერთი, ხან მეორე მეზობელი მის გასაცნობად.
- შენ აქ საიდან გაჩნდი? - იონას ხმამ გააკვირვა. ვინ უნდა ყოფილიყო ასეთი შინაური?
- მე კი არა, შენ საიდან გაჩნდი აქ? - ძალზე ნაცნობი ხმა შემოესმა, მაგრამ უცებ ვერ გაიაზრა, ვინ ესტუმრა.
თეფშებს ხელი უშვა და წინკარში გავიდა… გავიდა და ადგილზე გაშეშდა. კართან ნანკა იდგა.
- ნანკა… - ერთიანად გაწითლდა ქალი, - არ გელოდი…
- გეტყობა, რომ არ მელოდი, - ჩაიცინა ნანკამ, - ვიფიქრე, წავალ, ვნახავ, როგორ მოეწყო, თან ჩემი პროექტის ამბავს გავიგებ-მეთქი. აქ კი ისეთი სიურპრიზი დამხვდა, შენი ჭირიმე, რომ ნუ იტყვი! - ხელები თეატრალურად გაშალა ნანკამ და მიმოიხედა, - მშვენივრად მოწყობილხარ… ეს ვაჟბატონიც შენთან ცხოვრობს თუ?..
ლიზის საშინლად მოხვდა ყურში "ეს ვაჟბატონი". ნუთუ იო ნანკას საყვარელია? ელდა ეცა. რატომ აქამდე არ იფიქრა ეს? ბიზნესპარტნიორები რომ იყვნენ, ხომ იცოდა? რატომ ერთხელ არ დაინტერესდა, ბიზნესის გარდა, რა აკავშირებდათ მის უფროსსა და იონას? რატომაა ასეთი მიამიტი? ქმარი იყო და, ატყუებდა. ახლა ესეც… თურმე ესეც ატყუებდა!
ამ ყველაფრის გაფიქრებას მხოლოდ წამები მოანდომა.
- ამ "ვაჟბატონს" წლებია ვიცნობ, - რაც შეიძლებოდა მშვიდად წარმოთქვა, მაგრამ აღელვებისგან პირი გაუშრა.
- მართლა? მე რატომ არაფერი ვიცოდი? იონა, არ უნდა გეთქვა ჩემთვის, ამდენი ხანი საყვარელი თუ გყავდა? - ირონიას არ იშურებდა "შეფინია".
- გეყოფა, ნანკა! ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება. დამშვიდდი.
- მაგრამ ოდესღაც ხომ მეხებოდა? იცის ამან, ჩემთვის ვინც ხარ? თუ არ გითქვამს? ძალიან ცუდი, თუ არ გითქვამს და თუ იცის, მით უარესი! - მრისხანე მზერა შეავლო ქალმა იონას და მერე ლიზის მიუბრუნდა, - ეს კაცი ჩემი ქმარია, სხვათა შორის!
მეხის გავარდნასავით იმოქმედა ლიზიზე ამ სიტყვებმა. გაფითრებულს ცივმა ოფლმა დაასხა და სადაც იდგა, იქვე ჩაიკეცა.
- ყოფილი ქმარი, სხვათა შორის! - იმავე ტონით გაიმეორა იონამ, თან ლიზის მივარდა, ფეხზე წამოაყენა და სკამზე დასვა, - გეყოფა, ნანკა! შენი საქციელი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება! - ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა.
- გასაგებია… მივდივარ… კარგად ბრძანდებოდეთ! - ცივი ღიმილით წარმოთქვა ნანკამ და გავიდა.
იონა კარგა ხანს იდგა დოინჯშემოყრილი და თავჩაღუნული, მერე ლიზისკენ შებრუნდა:
- წყალი ხომ არ გინდა?
- მინდა, რომ აქედან წახვიდე! ახლავე! - დაიჩურჩულა ლიზიმ, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა.
- მომისმინე, ლიზი… მე ხომ მოგიყევი, ცოლი რომ მყავდა. ისიც გითხარი, დავშორდით-მეთქი.
- მაგრამ შენ არ გითქვამს, ნანკა თუ იყო შენი ცოლი.
- ეს რამეს შეცვლიდა?
- რა თქმა უნდა, შეცვლიდა! - წამოხტა ლიზი, - აღარ შეგხვდებოდი და ამ უსიამოვნებას თავიდან ავიცილებდი. აი, რას შეცვლიდა!
- მე კი ეს არ მინდოდა, გესმის? ძლივს გიპოვე და შენი დაკარგვა არ მინდოდა! მასთან არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ, ვეხმარები და ეგაა.
- ამიტომაც მოვარდა აქ საქმის გასარჩევად, არა? - ჩაიცინა ლიზიმ და ხელები უღონოდ ჩამოყარა.
- იმიტომ მოვარდა, რომ სპექტაკლი გაეთამაშებინა. მას უყვარს ასეთი რამეები. ყოველთვის თამაშობდა. მთელი სამი წელი, სანამ ცოლ-ქმარი ვიყავით.
- არ მაინტერესებს… წადი, გთხოვ…
- არსადაც არ წავალ, სანამ არ მომისმენ.
ლიზიმ ამოკვნესა. თავი საშინლად ასტკივდა.
- იქ, უჯრაში, თავის ტკივილის წამალია და თუ შეიძლება მომაწოდე, - კვლავ დაიჩურჩულა და ხელი კამოდის უჯრისკენ გაიშვირა.
იონამ მაშინვე მონახა წამალი, ჭიქა წყლით აავსო და ლიზის მიაწოდა.
მამაკაცი დაელოდა, სანამ ქალი წამალს დალევდა, მერე სკამი გამოსწია, ლიზის წინ დაჯდა და ხმადაბლა დაიწყო:
- ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ მომწონდა. არც თვითონ იყო გულგრილი ჩემ მიმართ. ვიფიქრე, მოდი, ცოლად შევირთავ, შვილები გვეყოლება, ერთხელ და სამუდამოდ დავლაგდები-მეთქი. შევცდი. ჯერ იყო და, აიჩემა, შინ ვერ დავჯდები, ჩემი საქმე მინდა მქონდესო. ავდექი და ეს პანსიონი გავუხსენი. შენობა იჯარით ავიღე, გავარემონტე, აპარატურა შევიძინე… მოკლედ, მთელი ამბები… ვიფიქრე, ექიმია, თავისი საქმე ექნება და უფრო დაუდებს გულს ოჯახსაც-მეთქი. ყველანაირად გვერდით ვედექი. მერე, როცა საქმე შვილის გაჩენაზე მიდგა, გამომიცხადა, ახლა ამისთვის მზად არ ვარო. კარგი, ბატონო, ვაცალე… მერე მითხრა, სამკურნალო ვარო. თვეები იარა ექიმთან. მაინც არ დაადგა საშველი. ვიფიქრე, იქნებ ჩემი ბრალია-მეთქი და შევთავაზე, მეც ხომ არ ავიღო ანალიზები, იქნებ მე ვარ შუაში და შენ სამკურნალო სულაც არაფერი გჭირს-მეთქი. არაო, თავი გაიგიჟა, მილების შევიწროება მაქვს და ხანგრძლივი მკურნალობა მჭირდებაო. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე, ერთ დღეს მისი გინეკოლოგი რომ არ შემხვედროდა. და იცი, რა მითხრა? რას ელოდებით, იშვილეთ ვინმე, ხომ იცი, ნანკას შვილი არასდროს ეყოლებაო… თურმე მატყუებდა… იმ დღესვე დავშორდი. ორჯერ მოვტყუვდი ქალში… ამას ვერ ავიტანდი. მაშინვე ოფიციალურად გავშორდი, მაგრამ ეს ბიზნესი ვაჩუქე, შენი იყოს, ოღონდ პრეტენზიები ნურაფერზე გექნება-მეთქი. თან დავეხმარე, რომ გაქაჩულიყო. მერე იმდენი ფული დააგროვა, რომ ბინაც იყიდა. დღემდე ვეხმარები. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ… არ ვიცი, რატომ…. მართლა არ ვიცი. ალბათ, მეცოდება…
ლიზი ყურებს არ უჯერებდა. თითქოს ზღაპარს უყვებოდა იონა.
- იცი, რა ძნელი ასატანია, როცა გატყუებენ? ან კი რას გიხსნი, ეს ხომ შენც გამოსცადე. ქმარმა გიღალატა… მაგრამ მე ორჯერ დავრჩი მოტყუებული. ერთხელ შენ გამაცურე, მერე ნანკამ… მე კი ისე მინდოდა, შვილი მყოლოდა, რომ… არაფერი დამიშურებია მისთვის. იმაზეც თანახმა ვიყავი, ბავშვი აგვეყვანა, თუ ვერ გააჩენდა, იმ შემთხვევაში. მარიკუნას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ხომ შეიძლებოდა მეც მყოლოდა შვილი? თურმე ცუდი მამა სულაც არ ვიქნებოდი. ახლა შენი იმედი მაქვს, შენ მაინც გამიჩინე ერთი ბავშვი. სხვა კუთხით შეხედე ჩემს საქციელს, ჩემს მდგომარეობას…
ლიზის თვალები ცრემლით აევსო. სიცოცხლეში პირველად შეეცოდა იო. მამაკაცი შვილს ნატრობდა, ამ დროს მისი ღვიძლი შვილი უკვე დიდი გოგონა იყო.
- მარიკუნა შენი შვილია… - ჩურჩულით წარმოთქვა და შუბლზე ჩამოშლილი თმა თითებით გვერდზე გადაუვარცხნა იონას.
არასდროს დაავიწყდება ლიზის მისი რეაქცია. მამაკაცი ჯერ გაოგნებული მიაჩერდა, მერე წარბები შეკრა, მერე თავი გააქნია, მერე სახეზე მოისვა ხელი და მერე კვლავ თავი გააქნია.
- რა თქვი?
- მარიკუნა შენი შვილია, შენი და ჩემი.
მოულოდნელად იონა მის წინ მუხლებზე დაეცა და ქალს ქვემოდან ახედა.
- ჩემი შვილია? ისევ მატყუებ?
- არა, არ გატყუებ. თუ არ გჯერა, ამის შემოწმება ძნელი არ არის. იცი, რა მეთოდებიც არსებობს… მამობის ტესტი და ასე შემდეგ.
- ლიზი… - იონამ ხელები დაუჭირა ქალს, - ლიზი! - უეცრად იყვირა, - მართალს ამბობ?
- ასეთ რამეზე არ ხუმრობენ, იო… ჩემმა ქმარმაც კი იცის, მარიკუნა მისი შვილი რომ არ არის. რა თქმა უნდა, შენ შესახებ არასდროს არაფერი მითქვამს, მაგრამ ის კი იცის, რომ შვილი მისგან არ მყავს.
- აღარ ვიცი, რა ვთქვა, - ხელები პირზე მიიფარა იომ, შუბლი ოფლით დაენამა, - რა მაგარია! მარიკუნა! მაგარი გოგოა! ვაჰ! - ამოთქვა ბოლოს და თავი ლიზის მკერდში ჩარგო.
მამაკაცს წამიერმა სისუსტემ სძლია. არა, არ ტიროდა, მაგრამ ცახცახმა კი აიტანა. სიხარულის იყო ეს ცახცახი, მოულოდნელობის თუ გაოგნების, ჯერაც ვერ მიმხვდარიყო.
- ისე, მგავს, მგონი, ცოტათი, არა?
- ცოტათი კი არა, ბევრი რამით გგავს, თუ დაკვირვებიხარ. მე ის მიკვირს, აქამდე როგორ ვერ მიხვდი… - გაუღიმა ლიზიმ და მისი ოფლიანი შუბლი ლოყაზე მიიკრა.
- წავალ, მოვიყვან, - ფეხზე წამოვარდა იო, მაგრამ ლიზი ჩაებღაუჭა და არ დაანება.
- მოიცა, არ გინდა. იყოს იქ… მანამ ჩვენ დავმშვიდდეთ.
- კი მაგრამ, რატომ ადრე არ მითხარი?
- მინდოდა, მაგრამ… თავს ვიკავებდი. სწორედ დღეს ვაპირებდი თქმას, ნანკა რომ არ მოსულიყო… მერე კი ისე ამერია გონება, შენი დანახვაც არ მინდოდა.
- სულელო, სულელო, სულელო! - აღტყინებით წამოიძახა იონამ და ლიზი ხელში აიტაცა…
ლიზის სიხარულის ცრემლები არ შეშრობია. რაც უნდა გაეკეთებინა, თვალწინ იონას გაოცებულ-გაბრწყინებულ-დაბნეული სახე ედგა. არ ეგონა, მისი იო ასე თუ მოიქცეოდა. სულ იმას შიშობდა, არ დამიჯერებს და ანგარებას დამწამებსო.
მარიკუნა თავისი კლასელის სახლიდან გვიან დაბრუნდა, უკვე საღამოვდებოდა. როგორც კი ჭიშკრის გაღების ხმა გაისმა, იონა პარმაღზე გავარდა და ეზოში ჩაირბინა. ლიზი აივნიდან უყურებდა მამა-შვილის შეხვედრის სცენას. მამაკაცმა ხელში აიტაცა გოგონა და ხარბად ჩაკოცნა. ბავშვი გაოცებული შეჰყურებდა "ძია იოს". ლიზიმ ვერ მოითმინა და თვითონაც ჩავიდა.
- მე იცი, ვინ ვარ? - სუნთქვააჩქარებული ეჩურჩულებოდა მამაკაცი ბავშვს, - მე შენი მამა ვარ, ნამდვილი მამა.
პირდაღებულმა მარიკუნამ დედას კითხვით სავსე მზერა მიანათა, ვერაფერს მიმხვდარიყო. დედამ გაუღიმა.
- მარიკუნა, მერე ყველაფერს მოგიყვები, ჯერ ისადილე, კარგი?
- რა უნდა მომიყვე, დე? - შეშინებული გოგონა ხან დედას მიაჩერდებოდა, ხანაც იონას.
- შენ დიდი გოგო ხარ, ახლა უკვე შეიძლება დედა ისე დაგელაპარაკოს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს ელაპარაკებიან.
- ლიზი, უთხარი, ახლავე უთხარი, რაღა მერე? - იონა სიხარულს ვერ იოკებდა და ბავშვს მთელი ძალით იხუტებდა მკერდზე.
მარიკუნა შეაწუხა ამდენმა მოფერებამ.
- იო, გაუშვი ხელი, შევიდეთ შინ. მოშიებული იქნება, ჭამოს და მერე ვუთხრათ, რაც ხდება.
იონას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ადგილზე გაშეშდა. მერე ბავშვი ძირს ჩამოსვა და ოფლით შუბლდაცვარული ლიზის მიაჩერდა.
- რატომ მერე და ახლა არა? - გულგრილი ტონით იკითხა და ტუჩები მოკუმა.
- იმიტომ, რომ არ მინდა, ეს ამბავი მისთვის სტრესად იქცეს, - ხმადაბლა წარმოთქვა ლიზიმ და მარიკუნას მიუბრუნდა, - დედი, ადი სახლში და ჩვენც ახლავე მოვალთ, კარგი? - მერე კი კვლავ იონას მიუბრუნდა, - ბავშვი ჯერ ცხრა წლისაა, აქამდე სხვა მამა ჰყავდა. მისთვის ადვილი ასახსნელი არ იქნება ეს ამბავი.
- ჰმ, - ამოიხვნეშა იონამ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, - კარგი, ეგრე იყოს, ლიზა. როგორც შენ იტყვი, - შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და თავქვე დაეშვა.
- იო, სად მიდიხარ? - ქალმა შეშინებული მზერა გააყოლა მამაკაცს.
- ცოტას გავივლი, შუბლს გავიგრილებ, - გამოსძახა იონამ და ჭიშკარში გავიდა…
გაგრძელება იქნება