"სცენისთვის დაბადებული" - ასე უწოდებენ საქართველოში განსაკუთრებული ნიჭის მქონე მსახიობს, რომელიც თავის როლებს უნაკლოდ ასრულებს. ვისაც თეატრის სცენაზე ნანა შონია უნახავს, ამას აუცილებლად დაადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში, მთელმა საქართველომ ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" გაიცნო.
"რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება, მაგრამ მე ყოველთვის ხმალამოღებული ვიბრძოდი. არ მესმის, როდესაც ადამიანს წესიერად არ იცნობ, ან შეიძლება იცნობ, მაგრამ მისდამი გრძნობა არ გაქვს, მასთან ოჯახი როგორ უნდა შექმნა?! ზოგი მიხვდა, რომ ჩემთან არაფერი გამოვიდოდა; ზოგმა გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ ძალით არაფერი გამოვა და მით უმეტეს, ოჯახის შექმნა. მაშინ ადრეულ ასაკში ქორწინება და მოტაცებები მიღებულივით იყო. ამაზე მეცინებოდა ხოლმე და მეც რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაშინაც გამეცინა, მაგრამ გადავრჩი. მაშინ პატარა ვიყავი. ისე მოვაგვარე ეს ამბავი, ჩემმა ოჯახმა ვერც გაიგო. მხოლოდ ერთხელ მივიდა მათ ყურამდე. მამას ეს რომ გაეგო, ძალიან ინერვიულებდა, საოცრად ემოციური იყო. სულ კონტროლში ვყავდით, ათ საათზე აუცილებლად სახლში უნდა ვყოფილიყავით და გამონაკლისი მხოლოდ ჩემი ლექციები იყო, რასაც ძლივს შეეგუა. ისიც იმიტომ, რომ ინსტიტუტთან ახლოს ვცხოვრობდი და სახლში მერაბი მაცილებდა. თან მაშინ მშვიდობიანი დრო იყო.
როცა გავთხოვდი, 28 წლის ვიყავი და წინასწარ მქონდა გაცნობიერებული, რა სერიოზულ ნაბიჯს ვდგამდი. ჩემი მეუღლე შოთა გლურჯიძეა - თეატრის მხატვარი. ჯერ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდით ერთად, მერე - თეატრალურ სარდაფში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ის იყო. ახლა თუმანიშვილის თეატრშიც ერთად ვართ. უახლოესი მეგობრები ვიყავით და როცა სიყვარულში გამომიტყდა, ძალიან გამიკვირდა", - იხსენებდა ნანა შონია.
ნანა შონიას ბავშვობის ოცნება მსახიობობა სულაც არ ყოფილა, ის ბალეტით იყო გატაცებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, პარამეტრები ხელს არ უწყობდა:
"ბავშვობიდან ბალერინობაზე ვოცნებობდი. ეს ურთულესი პროფესიაა, რომელიც ადრეულ ასაკში სრულდება და მას მძიმე შრომა უკავშირდება, ამიტომ, ფაქტობრივად, გადავრჩი. თუმცა შეიძლება არც გავმხდარიყავი ბალერინა, საკმაოდ ფუმფულა ბავშვი ვიყავი და არ შემიყვანეს ბალეტზე. მერე ვფიქრობდი, გოგო შვილი რომ მეყოლება, აუცილებლად ვასწავლი-მეთქი, მაგრამ ბიჭები მყავს. ასე რომ, ამ პროფესიამ გვერდით ჩაგვიარა. მაგრამ დღემდე განსაკუთრებულად მიყვარს. პირველი წიგნი, რომელიც ინტერესით გადავფურცლე, ბალეტზე იყო. ორი წლის ვიყავი, სტუმრად წამიყვანეს და ეს წიგნი მასპინძლის სახლში ვნახე. მათთან ხშირად დავდიოდით და იმდენად ხშირად ვათვალიერებდი, რომ ფურცლები გავცვითე და ბოლოს მაჩუქეს. სახლში წამოვიღე და ღამე ამ წიგნთან ერთად ვიძინებდი. ეს ჩემი ჯადოსნური სამყარო იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა.
სკოლის დამთავრების დროს მივხვდი, რომ ჩემი სურვილი ხმამაღლა უნდა გამეჟღერებინა. ოჯახის წევრებმა ხომ იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ ისინიც არ ელოდნენ, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. მერაბ ნინიძე იყო ჩემი კლასელი, მას უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა მსახიობობა და რომ გაიგო, მეც ეს მინდოდა, ყველაზე მეტად მედგა მხარში, ის იყო ჩემი მესაიდუმლე. ერთად დავდიოდით კონსულტაციებზე, ერთად შევედით გამოცდებზე ჩვენს კლასელ ქეთი ჩხეიძესთან ერთად. სამივე მოვეწყვეთ და ერთ ჯგუფში მოვხვდით. ვიცოდი, რომ ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა შემხვდებოდა. ნათესავიც კი არ გვყავდა ხელოვნებასთან კავშირში, მაგრამ როგორღაც მოვდრიკე მამა. როდესაც გამოცდა ხუთიანზე ჩავაბარე, მიხვდა, რომ რაღაც მონაცემი მართლა მქონდა და ამის შემდეგ, უკვე ძალიან მეხმარებოდა", - ამბობდა მსახიობი.