გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და ტიბერიუსს ეახლა.
იმპერატორთან ძღვნის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღდგა!" იმპერატორმა განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხმა ფერი იცვალა - სისხლისფერი გახდა.
აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების შეღებვის ტრადიციის შესახებ პირველ წერილობით ცნობას საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, წმინდა ანასტასიას მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული X საუკუნის ხელნაწერი გვაწვდის. ხელნაწერში მოყვანილი საეკლესიო წესდების ბოლოს ნათქვამია, რომ სააღდგომო ლოცვის შემდეგ აუცილებელია კვერცხისა და ყველის კურთხევის ლოცვის წაკითხვა. მოგვიანებით სააღდგომო კვერცხების დამზადება იუველირებმაც დაიწყეს.
- როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი წითელ ღვინოში:
ღვინოში ვაწყობთ კვერცხს, ჩვეულებრივად ვხარშავთ, შემდეგ ვტოვებთ ღვინოში დაახლოებით 12 საათი.არ მოურიოთ, არ ჩადოთ კოვზი, საერთოდ არ გაეკაროთ, სანამ ღვინოშია. სადაც თითი მოხვდება, ან კოვზი, ბრჭყვიალები აღარ იქნება.