ქართველი მსახიობი თინათინ ბურბუთაშვილი 1921 წლის 24 ივლისს, სოფელ მუხრანში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის კინომსახიობთა სკოლა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტი, პარალელურად 1946 წლამდე სწავლობდა თბილისის კინომსახიობთა სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ თბილისის კინოსტუდიის მსახიობად ჩაირიცხა. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1944 წელს ხაშურის თეატრში. 1950 წლიდან თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
თელავის თეატრში განსახიერებული უამრავი ტრაგი-კომიკური როლის მიუხედავად, მსახიობი, მაყურებლის მეხსიერებაში, "ნატვრის ხეში" შესრულებული შეთეს დედის როლით დარჩა...
"ხშირად თეატრის მსახიობები კინოშიც თეატრის ხერხებით თამაშობდნენ. იშვიათად, ძალიან ნიჭიერები და ჭკვიანები ერგებოდნენ კამერის ფოტოგრაფიულ, ცხოვრებისეულ ხედვას, აზრს და ემოციას მხოლოდ თვალებით, შინაგანი სამყაროს ამ სარკის საშუალებით გადმოსცემდნენ.
სულ სამ ფილმში ყოფილა გადაღებული თინა ბურბუთაშვილი, აქედან ერთი არ მინახავს, დანარჩენი ორი ნამდვილი კინო-მსახიობის ნამუშევარია. ეს გამოხედვა ,,ნატვრის ხიდან" და მთელი როლიც შედევრია, ისე როგორც ყველაფერი ამ გენიალურ ფილმში.
ადვილი არ იყო, ალბათ, სესილიას პარტნიორობა, რომელიც კინოში ისეთ სასწაულებს ახდენდა, მისი პერსონაჟების სურნელსაც იგრძნობდი. სხვათა შორის, იგივე ფილმში რამდენიმე დიდი თეატრალური მსახიობი ძალიან თეატრალურად თამაშობს. თინა არა, თუმც ის პროვინციის თეატრის პრიმა იყო და შორს იყო აქტიური კინო-საქმიანობისგან. მან შექმნა ისეთი დიდი მსახიობის იმიჯი, რომელიც პროვინციაშიც დიდი მსახიობია და კოლეგებთან ერთად დაწერა ქალაქის ისტორიის საკუთარი, თეატრალური ფურცელი. ამ ერთი როლით კი იგივე გააკეთა ქართულ კინოშიც!" - წერდა რეჟისორი კოტე მირიანაშვილი თინა ბურბუთაშვილზე.
თინათინ ბურბუთაშვილის როლები
შესრულებული აქვს: ბეატრიჩე (კარლო გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), სალომე-კინტო (აკაკი წერეთლის „კინტო“), ხანუმა (აქვსენტი ცაგარლის „ხანუმა“), მარფა (ვანიონ დარასელის „კიკვიძე“), ვანა (ი. ჯავახიშვილისა და ა. აბშილავას „ვაზისუბნელი ძმაბიჭები“), ჯემა (ეთელ ლილიან ვოინიჩის „კრაზანას“ მიხედვით), ლარისა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), დედა (ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“) და სხვა.