ნუცა ბუზალაძის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ზე გავრცელდა:
"ჩემს პოზიციას, რაც გამიკეთებია, ვამტკიცებ ბავშვობიდან, სადაც ჩავდივარ, ყველა ქვეყანაში ჩემი დროშა ფრიალებს. არასდროს, არც ერთ კონკურსზე სხვა ქვეყნის სახელით მონაწილეობა არ მიმიღია. შემოთავაზება ბევრი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა იმდენად მიყვარს, ისეთი ოჯახიდან ვარ, მამაჩემი ყველა ომში პირველ ხაზზე იბრძოდა. ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს. ჩემი სიმღერაც მინდოდა ყოფილიყო ქართველი ხალხის და ქართველი ქალის ხასიათის წარმოსაჩენი. ჩემი მესიჯი ნათელია, ჩემი პოზიცია ნათელია, იქიდან გამომდინარე, სადაც ახლა გამოვდივარ, ამ კონკურსზე...
როცა ვუყურებ კადრებს, რაც ხდება და ჩემს ხალხს, გული მტკივა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს გავაერთიანო საქართველო, როგორც ეს "ამერიკან აიდოლის" დროს ხდებოდა. ჩემს მესიჯს სცენიდან ვიტყვი"- ამბობს ნუცა ბუზალაძე.
"ევროვიზია 2024"-ზე საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე "ევროვიზიის" მეორე ნახევარფინალში, 9 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს. Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: ავსტრია, მალტა, შვეიცარია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, დანია, სომხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ლატვია, სან-მარინო და ბელგია. თითოეული ნახევარფინალიდან ფინალში მხოლოდ 10-10 ქვეყანა გადადის. შეგახსენებთ, რომ "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.
ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიის" შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
ნუცა ბუზალაძის ემოციური წერილი და საოცარი გამოსვლა "ევროვიზიის" ლონდონის პრეფართიზე, ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა და ემოციური შესრულება, რომელიც ნუცამ გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის" გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.