თბილისში ჩასვლისთანავე სამსახურის ძებნა დავიწყე, რომ მშობლებისთვის ჩემი ტვირთი ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა. თითქოსდა შეიძლებოდა რამის ნახვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არაფერი გამოდიოდა. პრობლემა იყო სამუშაო განრიგის და სასწავლებლის განრიგის შეთავსება. დამსაქმებელს არ აინტერესებდა შენი სწავლა, არც ლექტორებს - შენი საფულე სავსე იყო თუ სრულიად ცარიელი.
თანაც, საფუნთუშეშიც კი ბოსის გამომეტყველებით გხვდებოდნენ და გასაუბრებისას სტანდარტულ შეკითხვას გვერდს ვერ აუვლიდი: "გამოცდილება გაქვთ თუ არა?" მძულდა ეს კითხვა. თუ ფუნთუშის მაგიდამდე მიტანასაც გამოცდილება სჭირდებოდა და სადაც მივიდოდი, ყველგან იმავე კითხვას დამისვამდნენ, გამოდიოდა, რომ სამსახურს ვერასდროს ვიპოვიდი. სასოწარკვეთილმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩანაწერი გავაკეთე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა:
"ამბობენ, საკუთარი ფულით ნაყიდს სულ სხვა ფასი და გემო აქვსო, თუმცა მე ჯერ არ გამომიცდია. კითხვაზე, რამდენი წლის ვარ, თავაწეული ვპასუხობ დამარცვლით, ც ხ რ ა მ ე ტ ი ს, თუმცა ჯერ არ გაუვლია ცხრამეტ წელს ჩემი დაბადებიდან, რამდენიმე თვეა დარჩენილი. მოკლედ, თვრამეტის ვარ თუ ცხრამეტის, მშობლების კისერზე ბედნიერად ვარ ჩამომჯდარი და რომ არ მოგატყუოთ, გაიძვერულად ვწოვ ფულს ბოლო კაპიკამდე და მაინც, მთელი წელი მაკარონს გეახლებით. არა, გატყუებთ, კვირაში ერთხელ უფლება მაქვს, უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე საცხობში გამომცხვარი ხაჭაპურით ვისიამოვნო, რომელშიც ყველი არა, მაგრამ მაღალხარისხიანი და მარილიანობით ყველთან მიახლოებული მაკარონი ნამდვილად დაუნანებლად ჩაუდია მცხობელს.
თვის ბოლოს ანგარიშზე დასმული თანხიდან უფლება გვაქვს, სტუდენტურ სახინკლეს ვეწვიოთ. შესვლამდე ორჯერ უნდა დავიანგარიშოთ მომსახურების ათპროცენტიანად რამდენი ჯდება 15 ხინკალი და ერთი ბოთლი ლიმონათი. მაქსიმალური თანხა ამ ერთჯერადი სიამოვნებისათვის 10 ლარია და იცით, ეს რომელი 10 ლარია?! თვის დასაწყისიდანვე რომ უდებს სათავეს ჩვენს ეკონომიკურ კრიზისს.
ხინკლის კუჭამდე არ ხარ მისული, რომ მაშინ შემოგაწვება ფიქრები ხვალინდელ დღეზე, რომ წიგნებიდან ქსეროასლები გაქვს გასაკეთებელი, სამგზავრო ბარათზე თანხა არ გაქვს, კიდევ ნიას ხარჯები... ხინკლის წვენი უდროოდ გცდება ყელში და ნიაც არ აყოვნებს, ბოთლს ნახევრამდე ცლის ჭიქაში და ხელში მაჩეჩებს. ახლა ვიღაც იტყვის, ეს უბედური ამდენს რომ წუწუნებს, ხელი ვერ გაუნძრევიაო?! სათქმელად ადვილია, ან გგონიათ, არ ვცადე?! სიმართლე გითხრათ, ალღო მაქვს შესაშური, თბილისში ფეხის დადგმის წუთიდან, ყოველდღიურად მაჩეჩებდნენ ბუკლეტებს, მადისაღმძვრელი შემოთავაზებებით უფულო სტუდენტებისათვის, წარწერით: "გვესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი", თუმცა მე არ მოვტყუვდი. არადა, ფურცლის ბოლოში მიწერილი სიტყვები, რომლებიც ზემოაღნიშნულზე მეტად გაემუქებინათ, წარმტაცად ჟღერდა: "სტუდენტებისთვის სამუშაო დროის შეთავსებით, ანაზღაურება დღიურად - ოცდახუთი ლარი, პლუს, ბონუსი. გამოიმუშავე ზუსტად იმდენი, რამდენსაც მუშაობ."
ეს კარგია, მაგრამ როგორც გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვების უმეტესობა, არსებულს ლოგიკურად მივუდექი და მივხვდი, რომ მენეჯერებს ქუჩაში და მით უმეტეს, მეტროს ჩასასვლელებში არ ეძებენ. მართალიც აღმოვჩნდი, ვიღაც ჭკვიანს მოეფიქრებინა ე.წ. პირამიდის ტიპის სამუშაო, რომელშიც მოიაზრებოდა, რომ შენ უნდა გაგეყიდა პირობითად ათასი ლარის პროდუქცია, რომლის რეალური ღირებულება იყო ხუთასი ლარი და ამასთანავე, უნდა გეპოვა შენნაირი შტერი სამი, რომელიც ასევე გაყიდდა გარკვეული რაოდენობის იაფფასიან პროდუქციას ძვირად. მერე იმათაც უნდა ეპოვათ კიდევ სამ-სამი და ა.შ. ყოველ მოტყუებულ დასაქმებულზე რაღაც კაპიკები გერიცხებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ტექნიკას ქუჩაში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ ყიდულობდა და თავად უნდა შეგეძინა იმ პრინციპით, რომ სამსახურს შოულობდი, ამას თუ შეიძლება სამსახური ეწოდოს. ფარსმა დიდხანს არ გაამართლა. ერთ თვეში საინფორმაციო გამოშვებამ გვაუწყა, რომ მენეჯერიან-თანამშრომლიანად ყველა დაიჭირეს.
ერთ დღესაც აუდიტორიაში ოთხნი აღმოვჩნდით, მათ შორის, ერთი თავად ლექტორი. კინოინდუსტრიაზე ლაპარაკი დასაქმების თემამ შეცვალა. ლექტორს შევჩივლე, აღარ შემიძლია, სამსახურს ვერ ვშოულობ-მეთქი. ჰოდა, ერთი ჩვენი სამთაგანი გამოხტა "მეცხრე გოჭივით" და მეუბნება: ვისაც მუშაობა მართლა უნდა, არ გაუჭირდება შოვნაო. საშინელი აგრესია მომაწვა და საკუთარმა უუნარობამ კიდევ ერთხელ დამთრგუნა. ლექტორმაც არ დააყოვნა და ღიმილით მიუგო, თუ შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს სამსახურის პოვნა, მაშინ დაეხმარეო. მანაც მიიღო ბოსის გამომეტყველება და ქასთინგზე მისული, სამუშაოსთვის შეუსაბამო იდიოტივით გამაწითლა. დამრტყმელი კითხვების წვიმა წამოვიდა... არა, სეტყვა.
რამდენი ენა იციო? სადმე თუ გიმუშავიაო? კონტაქტური და კომუნიკაბელური რამდენად ხარო? რა სფეროში უფრო კომპეტენტური ხარო? გამოშტერებული ვუყურებდი მის სახეს, რომელიც თავმომწონე საუბრისას ორმაგად მახინჯი მეჩვენებოდა ჩვეულებრივზე. დროდადრო ტუჩებს პრუწავდა, "ლ"-ს კიდევ უფრო არბილებდა და თვალებს მკაცრად აჭყეტდა... მე კი თავს ვწყევლიდი, რომ ამ თემაზე უცხო ხალხთან ვიწუწუნე და მათ თვალში ახლა კიდევ უფრო საწყალი ვჩანდი.
უბედურება ის კი არ არის, ახლა რომ შემოსავალი არ მაქვს არანაირი, უბედურება ისაა, რომ მომავლის პერსპექტივებიც არ მესახება დამაიმედებლად. უნივერსიტეტიც უაზრო მეჩვენება, ისე მივდივარ და მოვდივარ, რომ ჩამეთვალოს და ბოლოს დიპლომი ავიღო, რომლითაც დედაჩემი ახლობელ ნათესავებთან იამაყებს მომდევნო რამდენიმე წელი, მანამ, სანამ ყველას არ მიავიწყდება ჩემი სწავლა-განათლება. საინტერესო ისაა, ოდესმე თუ მექნება საკუთარი ფული, რომ მეც გავუგო გემო ჩემი ხელფასით ნაყიდს, თუ მომიწევს, მშობლების კისრიდან ქმრის კისერზე გადავინაცვლო და პირველად, საკუთარი ფულით ნაყიდი ხინკლის დაგემოვნება პირველ პენსიაზე მოვახერხო."
მეორე სემესტრში ახალი სტუდენტები შემოგვემატნენ, უცნაური უნივერსიტეტებიდან გადმოსულები და უბრალოდ გადმოსულები. არავის მოგვწონდა ეს და ხშირად ხმამაღლაც ვაპროტესტებდით, თუ მაინც ყველას შეეძლია აქ სწავლა, რა განსხვავებაა, თავიდანვე ბევრს ვიწვალებდით და აქ მოვხვდებოდით თუ ხელს არ გავანძრევდით, ჩავირიცხებოდით სადღაც "უბრალოდ დიპლომისთვის" უნივერსიტეტში და შემდგომ აქ გადმოვიტანდით, მარტივად და უწვალებლად. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ჩაბარება სასწაულ სირთულეს არავისათვის წარმოადგენდა და არც ჩვენთვის მათ შორის, მაგრამ მაინც ვბობოქრობდით, ხომ უნდა გაგვესვა ხაზი ჩვენი უპირატესობისათვის მათთან შედარებით.
გაგრძელება იქნება