მსახიობი ლევან აბაშიძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდა - 29 წლისა დაიღუპა, მარად ახალგაზრდად დარჩა საყვარელი მაყურებლისთვის. ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. როცა აფხაზეთის ომიდან მისი ცხედარი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა – "ლევან, მიყვარხარ”. მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძაან მიყვარხარ”. ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა – "მე ყველაზე ძაან მიყვარხარ”, და ბოლო წარწერა იყო: "არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ…“
ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა თბილისში და 1992 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა სოხუმში.
მისი მშობლები - აგი აბაშიძე და მანანა ხიდაშელი - მეცნიერები იყვნენ. დედა - მანანა ხიდაშელი, ცნობილი ქართველი ისტორიკოსია. შთამომავლობით ლევანი ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლე ბატონიშვილის შტოდან. ლევანის მშობლები გარეგნულადაც გამორჩეულები იყვნენ. მანანა ხიდაშელის ახალგაზრდობის ფოტოები ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ლევანმა მშობლების პროფესია არ აირჩია - მსახიობობა სურდა. ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა პირველი როლი შეასრულა ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და მაშინვე გადაწყვიტა მსახიობობა. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა.
'გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, ''ნაცნობობით''. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს ''რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''. ჰოდა, აი, მაგ ფილმში მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროსთან ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა ჯგუფი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში ''ჩვენი პატარა ქალაქი''... - იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
1984 წელს მთავარი როლი შეასრულა გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
შემდეგ ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“, ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, გუგული მგელაძის „ფესვები“ და სხვა.