მეორე დღეს, საღამოს დედამ დამირეკა, საჭმელს გიგზავნით და სამარშრუტო ტაქსის დახვდითო. ,,თ" აქ ზედმეტი იყო, ნია მსგავს სამუშაოს არასდროს ასრულებდა. სწავლის გრაფიკს იმიზეზებდა ან მოუცლელობას. სინამდვილეში, დედამაც კარგად იცოდა - უბრალოდ, მიჩვეული იყო პატარაობიდან, რომ მსგავს ე.წ. შავ საქმეებს მე ვაგვარებდი.
გამოდიოდა, რომ მე უნდა წავსულიყავი და საკმაოდ მოზრდილი ჩანთა მეთრია სადგურიდან სახლამდე. ეს პროცესი მკლავდა და მორალურად მანადგურებდა, ,,სამგორის მეტროში" ხომ მსგავსი ჩანთებით მხოლოდ პროვინციელი სტუდენტობა ჩადიოდა და ასეთებს ხომ ყველა ამრეზით გვიყურებდა.
ახლა ამ ჩემს პრესტიჟულ უბანში ავლა არ გინდოდა?! თან სახლის წინ თუ "აზრზე მოსული კაი ბიჭობა აბირჟავებდა", ეს გარემოებას კიდევ უფრო ამძიმებდა, მაგრამ სამაგიეროდ, სახლის კარს რომ შევიკეტავდი, ისეთი განცდა მექნებოდა, რომ რაღაც გმირობა ჩავიდინე, რაღაც, რაც თუნდაც ნიას არ შეეძლო, მეც არ შემეძლო, მაგრამ ვაკეთებდი. სწორედ ამიტომ ვგრძნობდი თავს გმირად.
ამას თავი დავანებოთ და დედა აქ უამრავ გემრიელობას ჩაატევდა, გემრიელ საჭმელებს და სასუსნავებს, ერთჯერად რძიან ყავებს, ტრუფელებს, შოკოლადის ვაფლებს... ჯანდაბას, წავეთრევი და დავხვდები იმ ოხერ ტაქსის, რომელსაც აუცილებლად უხეში და მსუქანი მძღოლი ეყოლება, რომელიც ძირითადად ისე მელაპარაკება, სახეში არ მიყურებს და ეს განცდას მიტოვებს, რომ მისგან ძლიერ დავალებული ვარ.
რვა საათიდან საწოლში ვიწრიალე. ხასიათი გამიფუჭდა, რომ გამახსენდა, წინ რა მელოდა. მერე ავდექი, უხალისოდ ჩავიცვი, რაც პირველად მომხვდა თვალში. წავედი და სადგურიდან ოხვრით მოვიტანე ჩანთა სადარბაზომდე. ძალიან მძიმე არ იყო, მაგრამ ჩემი სიმაღლის და წონის გოგო ამხელა ჩანთით აუცილებლად სასაცილო შესახედი უნდა ყოფილიყო.
პოლიტექნიკურის მეტროდან თავი ჩავხარე და სადარბაზომდე არ ამიწევია. მგონი, ამ ჩანთით რეკორდულ დროში მოვაღწიე სახლამდე. ბირჟაც არსად ჩანდა. ეს საქმეს მიიოლებდა. ორი წუთი შევისვენე კიბეზე, ყურსასმენები გამოვიძრე ყურებიდან და ჩანთაში ჩავიდე, რომ უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა. ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენდა, ჩემს ტერიტორიაზე ვიყავი, სადაცაა სახლში შევიდოდი და ცნობისმოყვარედ ამოვქექავდი მთელ ჩანთას, მაგრამ მოიცადეთ, რომ გამისწორდა, სვლა შეანელა, შემდეგ საერთოდ გაჩერდა და სრულიად უემოციო სახით, ყოველგვარი ღიმილის გარეშე ჩანთის მეორე სართულამდე ატანა შემომთავაზა.
ფეხებიდან თვალი ზემოთ ნელ-ნელა ავაყოლე და ისევ გაფითრებული, არაფრისმთქმელი სახე და გაბურძგნული წაბლისფერი თმა შემრჩა ხელში. ჯანდაბა, ისევ ეს. სანამ ენის პირში მოტრიალებას შევძლებდი (ჩემს პირში, ცხადია), ვიგრძენი, სახეზე ალმური როგორ ამივიდა. სავარაუდოდ, კარგად შემამჩნევდა, იმიტომ, რომ მომეჩვენა, ლოყებს მითვალიერებდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ფართოდ გავიღიმე და ნება დავრთე, ეს ჩანთა ორი სართული ჩემთან ერთად ეტარებინა. გზად უსიამოვნო სიჩუმე ჩამოწვა. აშკარად არც ცდილობდა ხმის ამოღებას და არც უქმნიდა ეს გარემოება დისკომფორტს.
დავითრგუნე. მგონი, იმის გამო, რომ წინა დღეს ვეპრანჭებოდი და ახლა ამხელა ჩანთით გამომიჭირა. მთელი გზა კიბეებს დავყურებდი და თავი მაღლა არ ამიწევია. მის ფერად "ბოტასებს" ვათვალიერებდი მონაცვლეობით, მარჯვენას, მერე მარცხენას, მერე ისევ და ისევ. პირველი სართული რომ ავიარეთ და მეორეს შევყევით, მოუსვენრად და ხმამაღლა სუნთქვას მოვყევი. ასე მეგონა, იქაურობას ვაყრუებდი სუნთქვით. სახლში რომ შევედით, ეკა და ნია სამზარეულოში დაგვხვდნენ. ნია ჭურჭელს რეცხავდა, ეკა ტელევიზორთან იჯდა და ყავას სვამდა, თუმცა კარის ხმაზე საქმიანობა ორივემ შეწყვიტა და ფოკუსი ჩვენზე გაასწორა. ისევ ცეცხლი წამეკიდა სახეზე. უტამ ჩანთა ძირს დადო და ჩემ წინ, მისაღებ ოთახთან გაჩერდა.
მადლობა გადავუხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი. ოთახში რომ შევედი და კარი დავკეტე, სიმშვიდე საოცრად მესიამოვნა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ხასიათს დედას გამოგზავნილი სასუსნავებიც ვეღარ გამომიკეთებდა. იმ საღამოს კიდევ ერთხელ გავაპროტესტე ის, რომ სადგურში ჩანთის დასახვედრად მარტო დავდიოდი და ნიასთან ვიკამათე. აღარც ერთს გაგვჩენია სურვილი, დედას გამოგზავნილი რძიანი ყავა აივანზე დაგველია და გვეჭორავა. იმ ღამეს უხმოდ დავიძინეთ ორივემ, უხმოდ და უსიზმროდ.
გაგრძელება იქნება