მგონი, შეგიქმენით წარმოდგენა, ვინ ვარ - ელი მაისურაძე, ერთ პატარა, პროვინციულ ქალაქში, ჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი გოგო და რადგან ბავშვობისდროინდელი ამბების საკვანძო მომენტები გაგანდეთ, იმ საგულისხმო ამბავსაც მოგიყვებით, აგერ, ამ რამდენიმე წლის წინ რომ შემემთხვა. მაგრამ შორიდან უნდა დავიწყო, კერძოდ, იქიდან, მშობლიური სახლი რომ დავტოვე და ჩემს დასთან გადავედი ქალაქში სასწავლებლად.
ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით მე და ნია, ოღონდ უნდა აღვნიშნო, რომ დიდად პრესტიჟულ უბანში.
ოთახი როგორ გამოიყურებოდა?! როგორც ერთხელ, ერთ-ერთი გასაქირავებელი სახლის, უფრო სწორად, სარდაფის მეპატრონემ გვითხრა, ჩასულ სტუდენტებს რომ შეეფერებოდათ, ისე ზუსტად. არა, პატარასაც ხომ გააჩნია, ერთი საწოლი იდგმებოდა და ვინაიდან ჩემი და ნიას ერთად წოლა იდეაშიც კი შეცდომა იყო, ღამით ჩემთვის სავარძელს ვშლიდით.
თავი აივნის კარზე მქონდა მიბჯენილი, ფეხები - მეორე კარზე და გასავლელს ვკეტავდი აივანზეც და შემოსასვლელშიც. სანამ ჩამეძინებოდა, ავბედითი აზრები მიტრიალებდა. მაგალითად, ახლა ეს უზარმაზარი წიგნების კარადა კედელზე რომ არის ჩამოკიდებული, სრულიად გამოუსადეგარი საბჭოთა რუსული სახელმძღვანელოებით გამოტენილი, რომ გადმოვარდეს და მომიყოლოს ქვეშ, დამმარხავს წიგნებში. არადა, წიგნებთან არ ვმეგობრობ და შეცდომა იქნება ჩემი წიგნებით მოკვლა.
თანაც, მგონი, გადატიხრულ კედელზე ეკიდა და ეს მისი ადგილიდან დაძვრის შანსს აორმაგებდა. რატომ არავინ გვკითხა, ოთახში გვინდოდა თუ არა ეს კარადა. ამაზე ფიქრებით ვიძინებდი ყოველ ღამე. ესეც არაფერი და ჩვენი იქ ცხოვრების ერთი წლის თავზე ჩვენმა დიასახლისმა კიდევ ერთი, ოთხსართულიანი წიგნების თარო შემოგვიტანა, ნიას საწოლი ჩამოაცურა და თავთან ჩადგა. სანამ მოვასწრებდით ემოციის სახეზე აღბეჭდვას, მანამდე გადაიხარხარა და დასძინა, რომ მცოდნოდა, ასე მოუხდებოდა თქვენს ოთახს, აქამდე შემოვიტანდიო. ასევე ხითხითით შეგვახსენა კომუნალური გადასახადები და დაგვტოვა გამოუსადეგარი წიგნების საცავში. მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო? არ მოგწონს და გაგიშვებს. ასე რომ, ჩვენთვისვე იყო უკეთესი, ჩუმად ვმსხდარიყავით. ისე, კარგი ქალი იყო, ყურადღებიანი და მზრუნველი. ოთახსაც ადეკვატურ ფასად გვაძლევდა. ლექტორი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის და ეს წიგნებიც, სავარაუდოდ, მის პროფესიას უკავშირდებოდა.
მეორე სართულზე იყო ეს ჩვენი მაკულატურის საწყობი, მაგრამ ერთი დიდი ღირსება ჰქონდა, აივანი. საღამოობით სწორედ ამ აივანზე ვყუჩდებოდით და „ბირჟა" რომ მოგროვდებოდა სადარბაზოსთან, ჩუმად ვუსმენდით. ნია ყოველ ჯერზე მახსენებდა, რომ რაც უნდა გამეგო, ხმამაღლა არ უნდა გამეცინა, იმათ რომ არ გაეგოთ, რომ ვუსმენდით. ნეტა რა გვაინტერესებდა? ალბათ, ისეთი ახალგაზრდების ყოფა, სრულიად რომ განსხვავდებოდნენ მენტალობითა თუ ყოველდღიურობით ჩვენი ცხოვრებისგან. ჰოდა, რა არ მოგვისმენია... მაგალითად, უბნის კაიბიჭობა მარიხუანას როგორ იყოფდა; მერე, დაბოლილზე რომ გინებით და ხარხარით მეთექვსმეტემდე ადიოდა მათი შეძახილები და ერთხელაც რომ ვიღაც დალოცვილმა წყალი ან შარდი გადმოასხა გვარიანად ბევრი; ჯერ რომ ერთი წამი ყველაფერი მიყუჩდა, სამაგიეროდ, ორ წამში იფეთქა გინების ნაირსახეობამ. იმ საღამოს გინების ყველაზე ზრდილობიან ფორმას წარმოადგენდა: "მოგძებნი და კარის ჭუჭრუტანიდან შემოგიფსამ, შე ახვარო".
ადრიანი გაზაფხულიდან იწყებდა "ბირჟა" გამაგრებას "კაი ბიჭებით" და ნიასთვის სახლიდან გასვლა და სახლში დაბრუნება კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მუდმივად ეჩვენებოდა, რომ შუბლზე ეწერა პროვინციალიზმი და რამდენიც ზურგს უკან სიცილს გაიგონებდა, მომდევნო ერთი კვირა იმაზე ფიქრობდა, მას დასცინოდნენ თუ სხვა მიზეზი ჰქონდათ ხითხითის.
საღამოობით, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულები ჩამავალ, თბილ მზეს ვეფიცხებოდით აივანზე და ყავას ან ჩაის ვსვამდით ხოლმე ხან მარტო და ხან ნიას სადაქალოც ჩვენთან იყო. ეს წუთები ყველაზე მეტად მიყვარდა. ხან დილიდან ამყვებოდა ხოლმე ფიქრი საღამოს ყავის (ჩაის) რიტუალზე. ძირითადად, თათია და ნანა მოდიოდნენ და რიგ შემთხვევებში, ღამითაც ჩვენთან რჩებოდნენ. ესენი სადღა წვებოდნენო, ალბათ, ფიქრობთ. ჩემთან. ნია ფიზიკურად ბევრად დიდი იყო ჩემზე. ამიტომ მისი ტანმორჩილი დაქალები ჩემთან უფრო ადვილად იყოფდნენ სარეცელს.
ერთ შესანიშნავ საღამოს სამზარეულოში ყავის მოსახარშად ვიყავი გასული, ზარმა რომ დარეკა კარზე. ეკამ აბაზანიდან გამომძახა, მოსწავლე იქნება ჩემი, ოთახში შეიყვანე და გამოვალ ახლავეო. კარი ფრთხილად გამოვაღე და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში პირველი, რაც თვალში მომხვდა, მისი ხუჭუჭა და გაბუებული თმა იყო. შავ მაისურსა და შავ შარვალში, ოდნავ გაკვირვებული სახით იდგა და მიყურებდა ახალგაზრდა ხუჭუჭა ჭაბუკი. სახლში შევიპატიჟე, ოთახში შევუძეხი, თითქოს თავად ვერ მიაგნებდა და იდიოტივით სკამი გამოვუწიე, რომ დამჯდარიყო. გაოცებულმა შემომხედა და მაშინვე გავაანალიზე, რა სულელურად მოვიქეცი, კაცს სკამს ვინ უწევს, თან უცხო კაცს. გაზქურაზე გადმოსული ყავის შიშხინმა შემახსენა, რას ვაკეთებდი, სანამ ამ ხუჭუჭა კაცის სრულ მომსახურებას გადავწყვეტდი სრულიად უანგაროდ და სასწრაფოდ გამოვვარდი ოთახიდან. გზად სამზარეულომდე, მხოლოდ ის წარმომედგინა, ჩემს შტერულ ქცევაზე რამდენს იცინებდა თავისთვის გულში, როგორ მძაგდა საკუთარ თავში ეს ზედმეტი დაბნეულობა და ეს უაზრო ქცევები დაბნეულობის ჟამს. ყავა გადმოვდგი და ოთახში შევქანდი. ის იყო, დავაპირე, მომეყოლა ნიასთვის, ამ ბიჭს ჯენტლმენურად სკამი როგორ გამოვუწიე, რომ წარმოვიდგინე, იმ ბიჭზე მეტს თუ არა, ნაკლებს არც ნია იცინებდა, მერე ორ სიტყვას იტყოდა, მერე ისევ იცინებდა და მერე სადაქალოსთან განიხილავდა ჩემს მდაბიო ქცევას. ჰოდა, პირზე მომდგარი ამბავი უკან წავიღე და გაბადრული სახით სასხვათაშორისოდ ვიკითხე:
- ვინაა ის ხუჭუჭუნა, ახლახან რომ მოვიდა, პედოფილი ხომ არაა ნეტა, ეკა?! - ნიამ ჯერ გაოცებულმა შემომხედა და მერე კარისკენ წაიგრძელა კისერი.
- უტა მოვიდა? მოსწავლეა ეკასი. უფრო სწორად, ნახაზებს უკეთებს და მზამზარეულს ატანს გამოცდაზე, მგონი.
- სახელიც ვარცხნილობასავით უცნაური ჰქონია. ისე, რის გამოცდაზე?! - ჩავუღრმავდი საკითხს.
- არქიტექტურას სწავლობს და ნახაზების გაკეთებაში ეხმარება. ხომ საყვარელი ვინმეა თავის ხუჭუჭუნებით?! - ბედნიერ სახეს იღებს ნია.
- ფულს უხდის?! - ნია გაჩუმდა, მერე ოდნავ გაღიზიანებული მომიტრიალდა და მოკლედ მომახალა:
- მე რა ვიცი, ალბათ... რაში გაინტერესებს? - ოთახიდან გამოვიძურწე და მის შეკითხვას თავი სასწრაფოდ ავარიდე. მაგრამ ვერ ვისვენებ, მგონია, რომ ახლა ის ჩემზე ფიქრობს, როგორც იდიოტზე. აქედან რომ წავა, ძმაკაცებს მოუყვება, როგორ შევიყვანე ოთახში და სკამი როგორ გამოვუწიე. ისე, რა მოხდა, რა დაშავდა, სკამი შევთავაზე, ვპასუხობ საკუთარ თავს. მერე თავს მაღლა ვწევ და ოთახისკენ მივცუნცულებ. ეკა ისევ აბაზანაშია. ნეტა ხუჭუჭუნა მოცანცარდა ადრე თუ ის იხეხება დაუსრულებლად?! ვფიქრობ და ოთახში თავს ვყოფ. ერთ ფეხს ვეყრდნობი, რომ ჩემს უშუალობას ხაზი გავუსვა და საგარეო, დახვეწილ ღიმილს ვაგებებ.
- ყავას ვხარშავ და შენთვისაც დავასხამ, თუ დალევ. ამასობაში ეკაც მოვა. - ისევ ეს გაოცებული მზერა. უცხოპლანეტელივით რატომ მიყურებს, თმა ხომ არ მაქვს აჩეჩილი? ან ტუში ხომ არ ჩამომეთხაპნა? კარებში ვდგავარ ისევ იმ ფეხზე ჩამოყრდნობილი, მაგრამ წარმოსახვით სარკის წინ ვარ და ათასნაირად წარმომიდგენია ჩემი თავი.
- რავი, თუ არ გეზარება. - მეუბნება და ისევ ეს გაოცებული თვალები. ახლაღა ვამჩნევ, რომ საშინლად ფერმკრთალია და ზედმეტად გამხდარი. სამზარეულოსკენ მივდივარ. გზად კარადის პრიალა ზედაპირში ვუყურებ ჩემს ანარეკლს. მოკლე შორტი მომწონს. თმა მართლა აჩეჩილი მიჩანს, მაგრამ ამის დრო არაა, ეკას გამოსვლამდე უნდა მოვასწრო ყავის გაკეთება. ჭიქას მთელი რუდუნებით ვარჩევ და ყავას ვუკეთებ. ახლაღა მახსენდება, რომ არ მიკითხავს, რამდენად ტკბილი უყვარს. ერთ კოვზ შაქარს ვყრი ჩემი გემოვნებით. ჭიქით ხელში ვცდილობ, უხმაუროდ ვიმოძრაო და სამზარეულოს გამოსასვლელში ეკას ვეჯახები, ყავა ფინჯნიდან გადმოდის და აქეთ-იქიდან ყავისფერ ზოლებად აჩნდება ქათქათა თეთრ ჭიქას.
- სად გარბიხარ?! - მეკითხება ეკა და პასუხს არ ელოდება, საძინებლისკენ მიდის. ყავის ფინჯანი მისაღებ ოთახში შემაქვს და მაგიდაზე, მის წინ ვდგამ, ისე, რომ ვცდილობ, არ შევხედო. მერე ვუღიმი სასხვათაშორისოდ და ვამატებ: - იმედია, ძალიან ტკბილს არ სვამ.
- არა. - მპასუხობს მოკლედ და კარებში მადლობას მაწევს ძალიან ხმადაბლა. პასუხს აღარ ვუბრუნებ, არც მისკენ ვიყურები. მგონია, რომ უშუალო და უკომპლექსო ვჩანდი და რაღაცნაირად თვითკმაყოფილი შევდივარ ჩემს ოთახში. ის-ისაა, საწოლზე ვკალათდები და ნია თავს მესხმის.
- ერთი საათია ყავას ველოდები...
- გადმომივიდა და ახალი დაგიდგი. - ისე ვცრუობ, წამიც კი არ მჭირდება ამ ტყუილის მოსაფიქრებლად. მთლადაც არ ვცრუობ, სკამს რომ ვწევდი ახალგაზრდა ჯენლტმენისათვის, იმ საკვანძო წამს ხომ მართლაც გადმომივიდა ყავა. შემდეგ მშვიდად ვდგები საწოლიდან და სამზარეულოსკენ მივდივარ, რომ ამჯერად მაინც მოვამზადო ნიას ყავა. ჩავლისას თვალს უკვე კარდაკეტილი მისაღებისკენ ვაპარებ. მხოლოდ ეკას ხმა გამოდის. ასეც ვფიქრობდი.
გაგრძელება იქნება