სიმარტივეში ჩაქსოვილი მაღალფარდოვნება, უნიკალური თხრობის სტილი, ემოცია, რომელიც მუდამ მიგაჯაჭვებს ნაწარმოებს და აქამდე შენთვის უცნობ სამყაროში გამოგზაურებს. დღის სინათლეზე გამოტანილი ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა სიყვარული, მარტოობა, მეგობრობა, ღალატი, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ყველა ის მძიმე სოციალური საკითხი, რომლებმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა; მუდმივი ბრძოლა ბედისწერასთან და ბნელ ძალებთან, თავისუფლების დაუოკებელი სურვილი.
მდიდარი, ემოციური ენით მოთხრობილი ამბები ძველ თბილისზე, მეგობრობაზე, თავისუფლებასა და ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმმა ჩაყლაპა; ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლი სულები - სწორედ ამ თემების გარშემო ერთიანდება გენიალური, გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებები. მწერლის ბიოგრაფია 1983 წლის 8 ივნისიდან იწყება. პიესებს ბავშვობიდან წერდა, თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი მთავარი პროფესია გახდებოდა, კარიერული წინსვლა პატარა ასაკიდანვე დაიწყო, 23 წლის ასაკში პირველი სპექტაკლი დადგა ბერლინში, შემდეგ კი ჰამბურგში საკუთარი პიესა “Z”, რასაც თეატრალური საზოგადოების ინტერესი და არაერთ ფესტივალზე მიწვევა მოჰყვა. ასევე მოიპოვა ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ლივ შტაიანი“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა.
"წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…
10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”. ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ, სამწუხაროდ, დღემდე მოსკოვში ინახება…
იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა; იყო დღეები, როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით, რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე. მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.
წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21-ე საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომლის წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!
ეს წიგნი ამ ბოლო 10 წელიწადში, ჩემდა საბედნიეროდ, ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით, რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე: ”როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: “აუცილებლად!”
როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს “სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!
და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!
ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება, წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, “საზეპიროებისა” და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ! ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია, ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის - საკუთარი ხელით დაწერას!
მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!”