ქართველი ფემინისტი მწერალი და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბაბილინა ხოსიტაშვილი 1884 წლის 4 დეკემბერს, ბოდბისხევში დაიბადა. მამა სოფლის დიაკვანი იყო. დედა, ევდოკია ხუნაშვილი 13 წლის ასაკში გათხოვდა და ათი შვილი გააჩინა, რომელთაგან 5 გადარჩა. როგორც ბაბილინა იხსენებს, იგი მუდამ საოჯახო საქმით იყო დაკავებული. „დედას ეგონა, რომ სიღნაღის იქით ქვეყნის საზღვარი თავდებოდა“, – იხსენებდა ბაბილინა.

მამა და უფროსი ძმები ცდილობდნენ უმცროსი დისთვის წერა-კითხვა ესწავლებინათ, განათლება მიეცათ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ბაბილინასთვის განათლების გარკვეული ზღვარი ჰქონდათ დაწესებული. მათი აზრით, განათლება ქალს უკეთესი ოჯახის შესაქმნელად და ამ ოჯახის გასაძღოლად სჭირდებოდა. 13 წლისა ბოდბის პანსიონში შევიდა და ოჯახის წევრების რჩევის მიუხედავად, მონაზვნობა გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა.
1921 წელს ბაბილინა ხოსიტაშვილმა ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მხოლოდ 1929 წელს შეძლო უნივერსიტეტის დამთავრება. პარალელურად უწევდა ოჯახის, შვილების მოვლა და მუშაობა. მისი მეუღლე მოქანდაკე ნიკო კურდღელაშვილი იყო, რომელიც 1909 წელს დაბრუნდა პარიზიდან, სადაც უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ფემინიზმი
ხელნაწერებიდან ირკვევა, რომ ის აქტიურად აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს — ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებს და ზოგად ტენდენციებს, რომელიც ქალთა გაძლიერებას უკავშირდებოდა.
„დედაკაცის გონებას არა ნაკლებ მამაკაცისაზე სწყურიან აზროვნება! დედაკაცს, ესტეტიური შეგრძნება არა ნაკლებ აანთებდა შემოქმედებითი გახელებისთვის! დედაკაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს: 1) ბრძოლას კაცის კვლით, სისხლიან ომებით, შესცვლიდა აზროვნებით კამათზე; 2) პროსტიტუციას მოსპობდა თავისუფალი სიყვარულით“.
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც ბაბილინა განიხილავს არის სექსუალობა. ის შეეხება პროსტიტუციას, მაკიაჟს, თავისუფალ სიყვარულს, რეპროდუქციას, სექსში ქალისა და კაცისთვის წინასწარ განსაზღვრულ პასიურ და აქტიურ როლებს და სიამოვნების საკითხს. ხოსიტაშვილისთვის პრობლემატურია ორმაგი სტანდარტი სექსუალურ ნორმებთან დაკავშირებით. ის, რაც ქალისთვის დასაგმობი საქციელია, კაცები იმით ამაყობენ.