"ჩემს იმედს, დიდ სიყვარულს, იმედა კახიანს, ვულოცავ 87-ე დაბადების დღეს!" - იმედა კახიანის ცხოვრების საინტერესო მომენტები - Marao

"ჩემს იმედს, დიდ სიყვარულს, იმედა კახიანს, ვულოცავ 87-ე დაბადების დღეს!" - იმედა კახიანის ცხოვრების საინტერესო მომენტები

2024-05-13 11:34:11+04:00

"ჩემს იმედს, დიდ სიყვარულს, იმედა კახიანს, ვულოცავ 87-ე დაბადების დღეს!   ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მას!" - წერს მამის, იმედა კახიანის შესახემ ეკა კახიანი. 

„არც მეგონა, რომ ამ ასაკს მივაღწევდი, ცხოვრება იყო ისეთი მძიმე და ისეთი ცხოვრება გავიარე. ჩემს ბავშვობას რომ ვყვები, ხშირად მეკითხებიან, რომელი დრო მენატრება ჩემი ცხოვრებიდან. რომ ვეუბნები, ბავშვობა მენატრება-მეთქი, უკვირთ, იმიტომ, რომ მე მახსოვს ომის პერიოდი, გაჭირვება იყო, თუმცა მენატრება იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს ადამიანების ურთიერთობაა მოსანატრებელი” - ამბობს იმედა კახიანი.

„უპირველესი, რითაც ჩემს გულს იგებს, როგორც მეუღლე, ძალიან კარგი იუმორი აქვს… ოჯახის შენარჩუნება გმირობის ტოლფასია, თუ სიყვარული არ არის, რთულია…” - ამბობს იმედა კახიანის მეუღლე ფლორა ანთიძე. 

იმედა კახიანი 

იმედა კახიანი ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია. მის მიერ ქართულ კინოში შექმნილი როლები კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 

იმედა კახიანი დაიბადა სოფელ ეწერში 1937 წლის 12 მაისს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის მე-20 ვაჟთა სკოლა. 1956–1959 წლებში სწავლობდა და დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. მისი დებიუტი შედგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1957 წელს, ფილმ „საბუდარელ ჭაბუკში“ (განასახიერა გოგიტას როლი).

"დედას ძალიან უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ვემზადებოდი, ჩავაბარე კიდეც, მაგრამ ქულა დამაკლდა, ვერ მოვხვდი. მეგობარმა - ნოდარ ფირანიშვილმა, მირჩია, მოდი, თეატრალურში ჩააბარეო. ის თეატრალურის პირველ კურსზე სწავლობდა. როგორ-მეთქი, - გამიკვირდა. ვიცოდი, ნოდარი ვიდრე ჩააბარებდა, დრამწრეზე დადიოდა ვორონცოვზე. იქ დადიოდნენ კახი და იმერი კავსაძეებიც. მე კი ლექსიც არ წამიკითხავს გამოთქმით. მე მოგამზადებო, დამაიმედა. რაკი სამედიცინოზე ვერ მოვეწყვე და თეატრალურში გამოცდები გვიან იწყებოდა, სხვა რა არჩევანი მქონდა, საბუთები იქ შევიტანე. საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. მეორე დღეს ტური იყო დანიშნული. სამი ტური ტარდებოდა, ლექსი, იგავი, პროზა უნდა წაგეკითხა. მერე გამოცდები იწყებოდა. მოვბრუნდით შინ და დავიწყეთ მომზადება. მოვძებნეთ მეხუთე კლასის ლიტერატურის წიგნი, რომელშიც ყველაზე პატარა ლექსი იყო, ვაჟა-ფშაველას "არწივი" და თანაც ვიცოდი ზეპირად, ამიტომაც ეს ავირჩიეთ. კრილოვის ერთი იგავ-არაკი და ვაჟასვე "ამოდის, ნათდება". მომამზადა ნოდარმა, ამიხსნა, რაც შეიძლება ვაჟკაცურად, ხმამაღლა წაიკითხეო.

მივედით მეორე დღეს თეატრალურში. გამომიძახეს დიდ აუდიტორიაში. შევედი, ვხედავ, პროჟექტორები მანათებს, სიღრმეში გრძელი მაგიდა დგას და სხედან გამომცდელები. დაიწყეო. როგორც მასწავლა ნოდარმა, ისე წავიკითხე, დავჭექე! არავინ არაფერს მეუბნება. შუაში იჯდა მელოტი კაცი, თურმე დიმიტრი ალექსიძე, რომელსაც ჯგუფი უნდა აეყვანა. რა წაიკითხე, თუ გესმისო, - მკითხა. როგორ არ მესმის-მეთქი. მერე არ შეგეცოდა არწივიო. დავფიქრდი, - მეცოდებოდა ნამდვილად. თუ გეცოდება, რა გიხარია, რას ყვირი გაბრწყინებულიო. კარგი, მოდი აქ დაჯექი, არ იყვირო, წაიკითხე, კიდევ რა იციო. დავიწყე იგავი... დამავიწყდა. თავიდან დაიწყეო. დავიწყე, ისევ დამავიწყდა. კარგი, გადადი პროზაზეო. ახლა პროზას როგორ მოვყვებოდი, წუხანდელ ნასწავლს. გამომიშვეს.

ნოდარს ვუთხარი, დამანებე თავი, ეს რა ყოფილა, არ არის ჩემი საქმე მსახიობობა-მეთქი. მეორე დღეს გამოვედით ბირჟაზე. ვდგავართ, ზოგი დამცინის, ზოგი მეხუმრება. ნოდარმა მითხრა, წამოდი, რუსთაველზე გავიაროთო. რა მინდა იქ-მეთქი. პლეხანოველი თუ იყავი, პლეხანოვზე უნდა მდგარიყავი, რუსთაველზე არ შეიძლებოდა. არ მომეშვა, წავედით. ჩავიარეთ თეატრალურ ინსტიტუტთან. ვხედავთ, სიაა გამოკრული. მე რომ შევიტანე საბუთები, ხუთასამდე განცხადება იყო, სულ თორმეტი უნდა აეყვანათ. 38 კაცია დარჩენილი და მეც ვარ სიაში. აი, ხომ გითხარი, კარგად რომ მოგამზადე ტურისთვის, გახვედიო, - ნოდარმა. გაკვირვებული დავრჩით ორივე. მოვიდა ერთი ქალი ამ დროს. მიმღები კომისიის მდივანი ვარო. თქვენ გინდათ ამ ინსტიტუტში სწავლა? - მკითხა. როგორ არ მინდა, ვგიჟდები ისე მინდა-მეთქი. მერე თუ გიჟდები, რატომ არაფერი მოამზადეო. დავალებული მაქვს გითხრათ, გადაწყვიტეს, ტურებიდან მოგხსნან. თუ სწავლა გინდა, იარეთ ინსტიტუტში, მოგამზადებთ პედაგოგი და მერე გახვალთ გამოცდებზეო. ოღონდ ეს არავის უნდა გაეგო. ყოველ დილით მივდიოდი, ვიკეტებოდით აუდიტორიაში მე და რეჟისორი ასიკო გამსახურდია, ის მამეცადინებდა. მომამზადა ყოვლად უანგაროდ. გავედი გამოცდებზე და ჩავირიცხე.

თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი დღესაც ვარ, მგონი. დიპლომი არ ამიღია, ოთხჯერ გამრიცხეს. პირველ კურსს ვამთავრებდით, "საბუდარელ ჭაბუკს" იღებდნენ. მოვიდა თეატრალურ ინსტიტუტში კაცი. მთავარ როლში ბიჭი დამტკიცებული გვყავს, მაგრამ მისი გარემოცვა გვჭირდება და რამდენიმე პირველკურსელს გადავიღებთო. წაგვიყვანეს. მივედით მეორე დღეს ჩემი ჯგუფის ბიჭები. აგვიყვანეს რეჟისორ შოთა მანაგაძესთან. გამოგვკითხა, ვინ ვიყავით, სად ვსწავლობდით. მერე ერთ-ერთს უთხრა, მოდი, ამ ბიჭს ჩააცვით გოგიტას ტანსაცმელი, გრიმი გაუკეთეთ და გავსინჯოთო. სულ არ ვიცოდი, რა იყო სინჯი. წამიყვანეს, ბევრი გრიმი დამადეს და ეპიზოდის თამაში მთხოვეს. გადაიღეს. დამიბარეს მეორე დღეს. ასე გაგრძელდა კარგა ხანს. იქ ერთი კაცი იყო, მაღალი, შავგვრემანი, სერიოზულად იდგა, ხმას არ იღებდა. რამდენი გადაღებაზე მივიდოდი, ის სულ მხვდებოდა. მისი არც სახელი ვიცოდი, არც თანამდებობა.

ერთ დღესაც ეს კაცი დამხვდა და მითხრა: შენი საქმე გადავწყვიტეთ გუშინ, შენ დაგამტკიცეთ მთავარ როლზე და აბა, შენ იცი. პატარა მაღარიჩი ხომ უნდა იკისროო. დიდი მადლობა-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი, რომ ფული მეშოვა და ეს კაცი რესტორანში დამეპატიჟებინა, ვესესხე ვიღაცას. იმ საღამოს მოვიწვიე ის და მისი მეგობრები, რომ მადლობა მეთქვა როლზე დამტკიცების გამო. ეს შავგვრემანი კაცი თურმე შოთა მანაგაძის მძღოლი, შოთა ლაფერაძეა. ყური მოუკრავს, კახიანი დავამტკიცეთო, რომ უთქვამთ და მახარა. მე რა ვიცოდი. ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი დაფასებული ვიყავი იმ საღამოს, რესტორანში ასეთ ხალხს რომ ვმასპინძლობდი. მერე, სულ ვყვებოდი ამ ამბავს. ნუ ყობი მაგას, ბიჭოო, - მეუბნებოდა ხოლმე. გადაიხადე მაშინ პურმარილი-მეთქი, - ვეხუმრებოდი. თებრონეს მთელ ქალაქში ეძებდნენ. ასობით გოგო გაისინჯა. ბელა მირიანაშვილი ნახეს თუ არა, აიყვანეს. წავედით გადაღებაზე და ორივე გაგვრიცხეს ინსტიტუტიდან. დამთავრდა გადაღება, დავბრუნდით. მოიწვიეს კრება, დავდეთ პირობა, რომ კინოში აღარასოდეს ვითამაშებდით და აღგვადგინეს" - იხსენებდა იმედა კახიანი. 

იმედა კახიანის ოჯახი 

"ხუთ წელიწადს ვიყავით შეყვარებულები მე და ფლორა. მამამისი იყო პოლკოვნიკი, სამხედრო პირი, მკაცრ რეჟიმს მიჩვეული. გამოვიდოდა, მხედავდა, პლეხანოვზე ვიდექი. მერე გაიგო, არტისტიაო. ინსტიტუტი არ დაამთავრაო. არ მოვწონდი, რად უნდოდა ამნაირი სასიძო. მერე კი უთხრა ქალიშვილს, კარგი, გაყევი, მართალია, პროფესია არ აქვს, მაგრამ ხან ექიმი იქნება, ხან ინჟინერი და იცხოვრებთ ასეო.

"თეთრ ქარავანს" ვიღებდით ყაზბეგში. მითხრეს, მოდი, აქ წამოიყვანე შენი შეყვარებული, რამდენ ხანს უნდა იყოთ ასე ცალ-ცალკეო. წამომყვა თამაზ მელიავა, გიზი გაბესკირია, აქ დამხვდა ნოდარ დუმბაძე. წავიყვანეთ ფლორა. ჯვარი სიონში დავიწერეთ. მერე 25 თუ 30 კაცი შევიკრიბეთ მეუღლის ოჯახში და აღვნიშნეთ", - ამბობდა მსახიობი. 

იმედა კახიანი და ფლორა ანთიძე 66 წელია, დაქორიწნებულები არიან. მათი შვილი, ასევე ცნობილი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანია. იმე­და კა­ხი­ანს წარ­სულ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცის. მისი ვაჟი, ლადო კა­ხი­ა­ნი, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ემსხვერ­პლა.

კა­ხი­ა­ნი ამის შე­სა­ხებ თით­ქმის არ­სად სა­უბ­რობ­და. ლადო 12 წლის იყო, რო­დე­საც ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს.

"დრო მკურ­ნა­ლი­აო, რომ ამ­ბო­ბენ, ტყუ­ი­ლია. პი­რი­ქით არის, რაც დრო გა­დის, უფრო მძიმ­დე­ბა. ერთი დღე ვერ იცო­ცხლებ უი­მი­სოდ და მეც არ მი­ცხოვ­რია მის გა­რე­შე. ლადო 12 წლის იყო, სი­ცო­ცხლით სავ­სე, ენერ­გი­უ­ლი. წყნეთ­ში ვი­ყა­ვით, ვის­ვე­ნებ­დით და ცუ­დად გახ­და - გახ­და, არ ჭამ­და, უხა­ლი­სო გახ­და ეს ცე­ცხლი­ვით ბიჭი. სა­უ­ბე­დუ­როდ, უკურ­ნე­ბე­ლი სენი და­უდ­გინ­და. ეს იყო ლე­ი­კე­მია. მი­თხრეს, რომ 6-7 თვე იცო­ცხლებ­და, რად­გან ამის წა­მა­ლი მსოფ­ლი­ო­ში არ იყო. რო­გო­რია ახლა ამ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა? თუმ­ცა სა­ოც­რე­ბა იყო ამ ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა. იცო­და მან ეს ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე მო­დი­ო­და. ექი­მის ყვე­ლა მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი "მტკი­ვას" გა­რე­შე. ჩემი და­ბა­დე­ბის დღე იყო, ლა­დოს სა­წო­ლი­დან ად­გო­მა უჭირ­და. დი­ლით მე­კი­თხე­ბა, რას შვრე­ბი, ბი­ჭებს არ ეძა­ხიო? მე ვუ­თხა­რი, რომ არ შე­მიძ­ლია, დაღ­ლი­ლი ვარ­-მეთქი. მო­მიბ­რუნ­და და მე­უბ­ნე­ბა, რაო, წა­ვა­გე­თო? 12-13 წლის ბიჭი ამას მე­უბ­ნე­ბა. და­უ­ძა­ხა დე­და­მისს, ჩა­მაც­ვიო. შემ­დეგ მი­თხრა, და­უ­ძა­ხე შენს ძმა­კა­ცებს და შენი და­ბა­დე­ბის დღე აღ­ვნიშ­ნო­თო. ავღ­ნიშ­ნეთ.. ამის მერე წახ­დე­ნა და და­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა" - იხ­სე­ნებს უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს იმე­და კა­ხი­ა­ნი.