საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე პერიოდულად მედიაში ჩნდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ბიზნესმენების ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების შვილები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ ან სამართალდამცველების ქმედებებს აპროტესტებენ.
შეგვიძლია გავიხსენოთ კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილის, ანი ფხაკაძის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ გული სწყდებოდა მისი ოჯახის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულების გამო.
"დღეს მე ძალიან გული მწყდება, რომ ვხედავ ამ ბოლო დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.
ჩვენ გავიზარდეთ დასავლური ღირებულებებით და ყველა, ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ან ჰქონია მათთან მცირეოდენი შეხება, ძალიან კარგად იცის, რომ ისინი ყოველთვის გვერდში უდგანან ქართველ ხალხს და წლების განმავლობაში ოჯახსა თუ მის გარეთ ამკვიდრებენ სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს და ფასეულობებს.
მე ყოველთვის გვერდში ვუდგავარ და ვედგები ჩემს საქართველოს, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეგობრებს! არა რუსულ კანონს!"
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლევან ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება".
ვინ არის ანი ფხაკაძე? კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 30 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონას უნივერსიტეტში. ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს. ანი ფხაკაძის მეუღლე შვეიცარიელი ამურ დე სადელიერია. ანი და ამური 2021 წელს დაინიშნენ, „დიახ! ერთი სული მაქვს, როდის ვიქორწინებ შენზე“ - წერდა მაშინ ანი, როცა საქმროსგან გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი მიიღო. 2022 წელს კი ანიმ და ამურმა ქორწილი შვედეთში გადაიხადეს. გრანდიოზულ ქორწილს მათი ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ, კადრები კი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. სულ ცოტა ხნის წინ ანი ფხაკაძე და მისი მეუღლე პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ბავშვს ლეონ სტანისლას დე სედლერი დაარქვეს.
ანი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა. ამჯერად კი მეუღლესთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. ანამ ცოტა ხნის წინ ამ გადაწყვეტილების შესახებ ვრცლად დაწერა: "არ არის კოკრეტული მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ მონაკოში ცხოვრება. დიდი ხნის მანძილზე ვფიქრობდით, სად გვინდოდა დაფუძნება პატარასთან ერთად და გადავწყვიტეთ მონაკო ცხოვრების ხარისხის გამო. თან სულ მზეა და სულ კარგი ამინდია და ამ არეულ მსოფლიოში ძალიან დაცულად ვგრძნობთ თავს" - აღნიშნა ანიმ.
ხელისუფლების მხარდამჭერები გაოცებული დატოვა რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ქალიშვილის, ირინა გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა. ირინამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე, "სთორიში“ აქციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიცია ხალხს ურტყამს.
ცოტა რამ ირინა გაჩეჩილაძის შესახებ: ირინა გაჩეჩილაძე პროფესიით დიზაინერია და ძვირადღირებულ სამკაულებს ამზადებს. გია გაჩეჩილაძის ქალიშვილმა ირინამ გიგიშა შარაშიძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი, ილია ჰყავს, რომელიც ბაბუასთან, გია გაჩეჩილაძესთან, დიდ დროს ატარებს.