ევა გრინი 1980 წლის 6 ივლისს, საფრანგეთში დაიბადა. დედამისი ცნობილი მსახიობი და ავტორი მარლენ ჟობერია, ხოლო მამა, ვალტერ გრინი - შვედი სტომატოლოგი. ევას ტყუპისცალი და, ჯოი ჰყავს. მსახიობი ბუნებრივად ქერაა, თუმცა 14 წლიდან თმას შავად იღებავს.
ევა ებრაული წარმოშობისაა, თუმცა ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას არ მიეკუთვნება და თავს "მსოფლიოს მოქალაქედ" მიიჩნევს. იმაზეც საუბრობდა, რომ დრამატულ სკოლაში სწავლისას „ყოველთვის ირჩევდა ბოროტ როლებს“, რადგან „ეს შესანიშნავი გზაა ყოველდღიურ ემოციებთან გასამკლავებლად“.
კარიერა
გრინმა კარიერა თეატრში დაიწყო, მაგრამ 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი ძირითადად კინოში მუშაობდა. მას განსაკუთრებული პოპულარობა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმმა "მეოცნებენი" მოუტანა.
2005 წელს გრინმა ქალის მთავარი როლი შეასრულა რიდლი სკოტის ეპიკურ ფილმში "ზეციური სამეფო". ეკრანზე მისი პარტნიორი ორლანდო ბლუმი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მაღალი შემოსავალი არ ჰქონია, ეს პროექტი ევას კარიერაში პირველი ბლოკბასტერი გახდა.
2006 წელს კი საკულტო ფილმი "კაზინო როიალი" გამოვიდა, რომელმაც ევას განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება მოუტანა.
2009 წელს მან შელა კოლერის რომანის მიხედვით გადაღებულ დრამაში "ბზარი" ითამაშა - ეს არის ისტორია ელიტარული სკოლის მოსწავლეებისა და მათი იდუმალი მასწავლებლის, მისის ჯის შესახებ.
2010 წელს გრინმა ითამაშა უნგრელი რეჟისორის, ბენედეკ ფლიჰაუფის საკამათო ფილმში "საშვილოსნო". სურათი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომლის საყვარელი ადამიანიც გარდაიცვალა. მან გადაწყვიტა ახალგაზრდა მამაკაცის "გაცოცხლება" კლონირების ტექნოლოგიის გამოყენებით და ამისათვის მან თავად უნდა ატაროს გარდაცვლილი ბიჭის გენეტიკური ასლი.
პირადი ცხოვრება
გრინი 2005 წლიდან ცხოვრობს ლონდონში . როგორც განაცხადა, ინგლისში უფრო ბედნიერია, ვიდრე საფრანგეთში: "ლონდონის პარკები, ხალხი, იუმორი, ეს შესანიშნავი ადგილია. აქ შეგიძლიათ ტაქსის მძღოლსაც კი დაუახლოვდეთ. ყველა თავაზიანი და მეგობრულია. პარიზელები უბრალოდ უბედურები არიან.
ვფიქრობ, ყველას გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ ზედმეტად ინტროვერტი ვარ. არ მიყვარს კლუბი ან მხიარული წვეულებები. მირჩევნია სახლში ვიყო, ბუხართან ვიჯდე, ერთი ჭიქა ღვინით და კარგი წიგნით“, - თქვა მსახიობმა.