ყოველთვის, როცა უტას მშობლები ქალაქიდან გადიოდნენ, მე უტასთან ავდიოდი. ჩვენი სექსუალური წარმოდგენების შემდეგ კი, საღამოს, გვიან, გუგა და ზოგჯერ მისი ძმაც ამოდიოდნენ. ცხადია, ყველაფერს ხვდებოდნენ, ან რა დიდი მიხვედრა სჭირდებოდა იმას, თუ რას ვაკეთებდი მის ბინაში ყოველთვის, როცა მისი მშობლები სახლში არ იყვნენ.
საღამოობით, სახლში მისული ხშირად ვფიქრობდი, როგორ ვიქეცი უტას ,,მეგობარ გოგოდ", ფაქტობრივად, ,,საყვარლად". რა ცუდად ჟღერდა ეს სიტყვა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირდებოდა და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც პატარაობიდან ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვესწრებოდი შაბათ-კვირის წირვა-ლოცვას და ადრეული მოზარდობის ასაკიდან წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ჩემი პირველი ღამე, ცხადია, მას შემდეგ, რაც მამაო აკურთხებდა ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის თანაცხოვრებას ეკლესიურად.
მართალია, ბოლო რამდენიმე წელი რწმენა თითქმის დაკარგული მქონდა და ეკლესიაში მისულიც მხოლოდ სანთლის დანთებით შემოვიფარგლებოდი, ვეღარც ვლოცულობდი, განცდა მქონდა, რომ ღმერთი აღარ მისმენდა ჩემი ურწმუნოების გამო, ცხადია, თუ საერთოდ არსებობდა ან თუ უსმენდა ვინმეს. ალბათ, გაგიკვირდებათ ან სანთელს რატომ ვანთებდი. ამაზე პასუხი არ მაქვს. ალბათ, სადღაც, გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა, რომ თუ სადმე არსებობდა მართლაც ეს ყოვლისშემძლე არსება, საბოლოოდ არ მივევიწყებინე. ესეც ბავშვობიდან მოდიოდა.
საერთოდაც, თუ გაგიანალიზებიათ ოდესმე, რომ ყველაზე ძლიერი ემოციები მაინც ბავშვობისდროინდელ განცდებს უკავშირდება. ზრდასრულ ასაკში ათვისებულ ზნე-ჩვევებს ადვილად ვივიწყებთ, მაგრამ ბავშვობაში თავში ჩანერგილი აზრების ამოძირკვა სარეველა ბალახის ამოძირკვასავითაა, ვცდილობთ, ამოვიგდოთ თავიდან, მაგრამ შეუძლებელია.
მაგალითად, უტასთან ჩემი ურთიერთობა - ვიცოდი, რომ ამის სრული უფლება მქონდა, მაგრამ ყოველი სექსის შემდეგ მაინც იმაზე ვფიქრობდი, ჩემი ოჯახის წევრები როგორ შემრისხავდნენ ჩემი მრუშობის გამო, რადგან ადრეული ბავშვობიდან მესმოდა ბებოსგან, რომ ქალი, რომელიც ქორწინების გარეშე "ფეხს აიშვერდა", უდავოდ ბოზი იყო და ვეღარასდროს გათხოვდებოდა. გათხოვებას თუ ვერ შევძლებდი, ეს ოდნავად არ მაშინებდა. ის უფრო მაშინებდა, მამა როგორ მიიღებდა ამ ამბავს, შემთხვევით რომ გაეგო.
ბავშვობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დიდი უცნაურობა მჭირდა: გაუცნობიერებლად, მაგრამ რაღაცნაირად უსაზღვროდ მახარებდა ისეთი ნივთების დანახვა, რომლებზეც ბავშვობაში ვოცნებობდი. საკანცელარიო მაღაზიაში შესული, ხარბი თვალებით შევყურებდი პატარა ფერად ნივთებს, ფერად ფანქრებს, პასტელებს. თუმცაღა ვიცოდი, აღარაფერში მჭირდებოდა, მაგრამ მისი დანახვა მაინც აღმიძრავდა სურვილს, ყველა ერთად მეყიდა. ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობაში მის ყიდვას ვერანაირად ვერ ახერხებდნენ ჩემი მშობლები და მუდმივად მსგავსი საგნების ნატვრაში ვიყავი.
არასდროს მიფიქრია, რომ კაცთან მანამდე დავწვებოდი, ვიდრე მეტყოდა, რომ ვუყვარდი, ჩემი აღზრდის პრინციპებს ჩემი საქციელი საბოლოოდ ასამარებდა, თანაც ამას ერთჯერადად კი არ ვაკეთებდი, ქრონიკული სახე მივეცი. იმის წარმოდგენაზე, რომ ამის შესახებ მამა ან სულაც ნია გაიგებდა, ცხოვრების ხალისს ვკარგავდი და საკუთარი თავი მძულდა. ამიტომ ვცდილობდი, ამაზე არასდროს მეფიქრა. ცხადია, ცხრამეტი წლისას ყველანაირი უფლება მქონდა, მეცხოვრა სქესობრივი ცხოვრებით, ამერჩია სექსუალური პარტნიორი. ამის უფლებას ასაკიც მაძლევდა და ჰორმონებიც, მაგრამ თითქმის ყოველი უტასთან დარჩენა მთავრდებოდა იმით, რომ ათასნაირად შემეძლო წარმომედგინა, როგორ გაანადგურებდა მამას იმის გაგება, რომ მის ქალიშვილს სექსი ჰქონდა კაცთან, რომელიც პერსპექტივაშიც კი არ განიხილავდა ჩვენს მომავალ ცოლქმრობას. იმდენჯერ დავაპირე, მეკითხა, რას ფიქრობდა ყოველივე ამაზე, მაგრამ არ შემეძლო, ასე მეგონა. ამით თავს ვალდებულად ვაგრძნობინებდი და შესაბამისად, ხმას არ ვიღებდი.
ერთხელ, როცა პლედი მაგრად მივიხუტე გულზე და მოვიბღუნძე, ზურგიდან მომეხუტა და მითხრა, მგონი, კარგად არ ხარ ამ ბოლო დროსო. იმაზე საერთოდ არ ფიქრობდა, რომ შესაძლოა მორალურად ვნადგურდებოდი. ალბათ, იმას უფრო ფიქრობდა - სიამოვნებას ვერ მანიჭებდა. ალბათ, კაცური თავმოყვარეობის გამო. თუმცაღა ცდებოდა, უსაზღვრო ვნებას განვიცდიდი მის მიმართ, მასთან ერთი შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ თავი დამეკარგა. ის მაწუხებდა, რომ ვერ ვხვდებოდი, ჩვენი სექსი ჩემი ლამაზი უკანალის და ორი ზომა ქათქათა მკერდის დამსახურება იყო თუ ამას გარდა სხვა გრძნობებიც ამოძრავებდა.
უტას ნათესავებთან აშკარად კარგი რეპუტაციით ვსარგებლობდი. ანდა რაში აიტერესებდათ, უტასთან სექსი მქონდა თუ მხოლოდ მოფერებით შემოვიფარგლებოდით. მთავარი იყო, რომ მათთან შეხუმრებული ვიყავი, მათი პირადი ცხოვრება კი ჩემი თანდასწრებით განიხილებოდა, რაც მაფიქრებდა, რომ ახლობელ ადამიანად მივაჩნდი.
გუგა, ცოტა არ იყოს, ჩამოუყალიბებელი ზრდასრულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთ დღეს მოვიდოდა, "დააძრობდა" ვიღაც უფროსკლასელის ფოტოს და გვეუბნებოდა, რომ როგორც იქნა, ვიღაც სერიოზულად მოსწონდა, მაგრამ ორ კვირაში მოვიდოდა და სტანდარტულ ფრაზას იტყოდა: "არაა, არ გამოდის, საჩემო არაა, ეგრევე დაბროზეა". ზოგზეც ამბობდა, რომ "მისცა" უკვე და ახლა "ეკიდა". სიმპათიური უდავოდ იყო, მაგრამ მისი შესაფერისი გოგო რატომ არ მოიძებნებოდა, არ მესმოდა. ანდა, რა ჩემი საქმე იყო მისი ინტიმური ურთიერთობები, მე არაჩვეულებრივად თბილად მეპყრობოდა და ეს სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ გვემეგობრა.
გაცნობიდან რამდენიმე ხანში გუგა სახლში დავპატიჟე და ნია გავაცანი.
ნიაზე უმცროსი იყო, მაგრამ ეპრანჭებოდა აშკარად. სიმართლე გითხრათ, მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ნიაც იმ გოგოებივით მალე არ მოებეზრებინა და მიეტოვებინა. თუმცა, ამის მიუხედავად, არაფერში ჩავერიე. ნია ჩემზე უფროსი იყო და თავად უნდა გადაეწყვიტა, ენდომებოდა თუ არა მექალთანე, მუსუსი კაცი პარტნიორად.
მართლაც წერდა აქტიურად ნიას. ხან აივანთან მოდგებოდა მანქანით და მანამდე "აღრიალებდა" სიმღერებს, სანამ რომელიმე მეზობელი გვარიანად არ გამოლანძღავდა. ნია სერიოზულად არ აღიქვამდა, ამბობდა, "ლაწირაკია" ჩემთვისო. მას კიდევ შოკოლადები მოჰქონდა და მალ-მალე ამბობდა, ნიას ცოლად მოვიყვანო. გაცნობიდან ერთ თვეში ნიას ცოლად მოყვანაზე თუნდაც ხუმრობა არასერიოზულ საქციელად მიმაჩნდა, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცნობდი გუგას.
უტა იყო ალბათ მიზეზი იმის, რომ ნიას და გუგას საკმარის ყურადღებას ვერ ვუთმობდი. მასთან უფრო და უფრო მიძაბავდა ურთიერთობას ის ამბავი, რომ კვლავაც მის სექსუალურ პარტნიორად ვრჩებოდი მხოლოდ და მის ცხოვრებაში სხვა სტატუსით დამკვიდრებას ოდესმე შევძლებდი თუ არა, არ ვიცოდი. არადა, ურთიერთობის გაწყვეტა არ მინდოდა. რა მეთქვა, ჩემი აღზრდის პრინციპებს ეწინააღმდეგება ქორწინებამდე სექსი თუ მამაჩემს "გაუტყდება", სიძის სტატუსის გარეშე რომ ვწევართ ერთად-მეთქი.
მომწონდა ის, რასაც მასთან ერთად ვაკეთებდი, მასთან ერთად რომ დავდიოდი ყველგან, ბარშიც კი, სადაც მისი ძმაკაცები ღმუილით აღნიშნავდნენ ჩემთვის ყველაზე უინტერესო სფეროში - ფეხბურთში გოლის გატანას. დისკომფორტს მიქმნიდა მხოლოდ ჩემი აზრები და ფიქრები, რომლებიც გამუდმებით თან მდევდა.
დალაპარაკებას წინ არაფერი ედგა. საქმე იმაში იყო, რომ უტა სხვანაირად მოაზროვნე ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ერთხელ მითხრა: სექსი სიყვარულის ყველაზე ბუნებრივი გამოხატულებაა და არანაირი სტატუსი არ სჭირდებაო.
ერთ თვეს გასტანა ნიასა და გუგას შორის ფლირტმა. ერთი თვის შემდეგ, როცა ნია დააფიქრა გუგას გრძნობებმა, გუგამ საბოლოოდ გაიხურა ჩვენი სახლის კარი და იქ აღარც უტასთან ერთად მოდიოდა. ვერ გეტყვით, რომ ნია სასოწარკვეთილი იყო. უბრალოდ, მიჩვეული იმას, რომ ყოველდღე სიგიჟეებს აკეთებდა მისთვის, ახლა ვეღარ აეტანა მის ნაცვლად გაჩენილი სიცარიელე.
ერთხელ, ძალიან რომ დავთვერით ჩვენს ბიძაშვილებთან, ნიამ იტირა და თქვა, რომ გუგა უყვარდა. არ ვიცი, სასმელმა დააკარგვინა თავი თუ მართლა რამეს გრძნობდა მის მიმართ. რამდენჯერმე ისიც თქვა, მიზიდავდაო, მაგრამ ამაზე ფხიზელი არ ლაპარაკობდა და მგონი, რამდენიმე კვირაში საბოლოოდ მისცა ეს თემა მივიწყებას.
ნიას, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, სჭირდებოდა მზრუნველობა და იმის განცდა, რომ ვიღაცისთვის საჭირო იყო. ეს იყო რეალური მიზეზი იმის, რომ გუგაზე თუნდაც რამდენიმე კვირა იფიქრა.
უტა არაფერში ერეოდა. ერთხელ ვცადე, განგვეხილა გუგას უაზრო საქციელი, რომლის გამოც ჩვენი შეკრებები და გართობა დამთავრდა. ჩვენთან რომ აღარ მოდიოდა, ეს არაფერი; უტასთან რომ დავდიოდი, იქაც აღარ ჩნდებოდა. ვფიქრობდი და მეცინებოდა, უტასთვის არასდროს შემიმჩნევია, რომ ჩემთან ყოფნა მობეზრდა, თუმცაღა არაფრით მაიმედებდა, რომ საერთო მომავალი გვეწერა. სამაგიეროდ, გუგა ცოლად მოყვანას სთხოვდა ნიას და ერთ თვეში აღმოაჩინა, რომ ისიც არ აინტერესებდა.
გაგრძელება იქნება