თორნიკე გოგრიჭიანს ქართული თეატრისა და კინოს მაყურებელი კარგად იცნობს. ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს.
თორნიკე ფართო საზოგადოებამ სერიალით "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. მოგვიანებით, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ასევე პოპულარულ სერიალებში "ტიფლისი" და "ხელოვნური სუნთქვა". სულ ცოტა ხნის წინ კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად, Netflix-ის ფილმ Extraction 2-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს, კრის ჰემსუორთს უწევდა.
თორნიკე გოგრიჭიანი დაიბადა 1986 წლის 31 ოქტომბერს. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2009 წელს - ხუთთვიანი Workshop-ი რეზო გაბრიაძის სახელოსნოში. 2007 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
კარიერის გარდა, ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა თორნიკეს პირადი ცხოვრება. მისი მეუღლე "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის ქალიშვილი ნინო ქორიძეა.
ნინო ქორიძე 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც შვილი, ირაკლი კვირიკაძე შეეძინა. მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ნინო მეორედ 21 წლის ასაკში გათხოვდა - მისი მეუღლე კოტე გოგელია იყო, თუმცა მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა.
თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნეს. მათმა ურთიერთობამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.
"როცა ჩემს ცხოვრებაში თორნიკე გამოჩნდა, სიყვარულის ან ოჯახის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა. როგორც წესი, ასეთ რაღაცებს ვერ დაგეგმავ. ჩვენი სიყვარული ძალიან სწრაფად განვითარდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის რაღაც აფეთქება მოხდა... გამორიცხულია, სიყვარულს მტერი არ ჰყავდეს და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. დღემდე არ ვიცი, ვიღაცებს ჩვენი ერთად ყოფნა რატომ არ უნდოდათ. ყველაფერი გადავლახეთ, დღეს კი ოჯახური ცხოვრება ძალიან ჰარმონიულია... როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს–მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრეები ვართ და თანხვედრა მოხდა.
ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
ბედნიერი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, ესაა ყველაფრის თავი და თავი. ვინ როგორ აღიქვამს სიყვარულს და რას დაარქმევს, ეს უკვე ინდივიდუალურია. ყველას თავისი სიყვარული ყველაზე მაგარი ჰგონია" - ამბობდა ნინო ქორიძე.