"ურთულესი პერიოდი გვაქვს მომავალში, მაგრამ გავივლით. ჯერ კიდევ ომის პერიოდში, 2008-ში, მახსოვს, მე მაშინ განვაცხადე, რომ საქართველო საბოლოო ჯამში გადარჩება.
გავივლით ბევრ სირთულეს… ჩვენ ირგვლივ იგიზგიზებს ცეცხლი, იქნება უამრავი ომი. უახლოესი 10 წელი ძალიან რთულია კაცობრიობისთვის. ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ საქართველო, სირთულეების მიუხედავად, გადარჩება.
ამერიკელებს ძალიან საინტერესო კვლევა აქვთ ჩატარებული, რომლის მიხედვით, შუმერები, ფინიკიელები და ქართველები – სამი ერია მხოლოდ, რომელიც არასოდეს არ ომობდა სხვის დასახოცად, სხვისი ტერიტორიების დასაპყრობად. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მისია და სტატუსი.
წილხვედრი ქვეყანა ვართო, რომ ამბობენ, ეს ტყუილად კი არ არის ნათქვამი. აქ სხვა ენერგეტიკა დევს… როცა ჩამოდიან ინდოელები და გვეუბნებიან, რომ თქვენ არ იცით, რა ენერგოველი გაქვთ, ჩვენ მართლა არ ვიცით და ისინი გრძნობენ ამას.
ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პრინციპიდან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მოგვისპეს, იმიტომ, რომ ამას ცუდი სახელები მისცეს. სინამდვილეში რატომ იყო ოვალური და არა მართკუთხედი ქართული საქეიფო სუფრა - რა ჩადეს წინაპრებმა ამაში? რატომ იყო, როდესაც დელეგაცია წავიდა უნივერსიტეტიდან ინდოეთში იოგას შესასწავლად და იქაურმა გურუმ რომ გაიგო, ჩამოვიდნენ ქართველები იოგას შესასწავლად, ძალიან გაუკვირდა და გვითხრა ასეთი რამ – იოგა თქვენგან მოვიდა ინდოეთში და აქ ჩამოხვედით სასწავლებლადო?
ყველამ პირი დააღო, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არსებობს კავკასიური უძველესი იოგა. ბევრი რამ არ ვიცით ჩვენ, მარტო ტრადიციების შესრულება კი არ არის, მათი სიღრმისეული ცოდნაა საჭირო და მაშინ ის ტრადიციაც გაცილებით საამური გახდება თქვენთვის“ - ეს მიხეილ ცაარელის პროგნოზია უახლოესი პერიოდისთვის, რის შესახებაც მან თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა.
"აფხაზეთში, სოხუმში დავიბადე და იმ მიწის ენერგეტიკა ჩემთან ძალიან ახლოსაა. ახლაც მენატრება. მახსოვს, ჩემი სახლი პარკთან, ორჯონიკიძის ქუჩაზე იდგა და იქ ენერგეტიკულად ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს. იქ საოცარი ცა იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი. სწორედ იქ გამიჩნდა კითხვები: ნეტავ, საიდან ამოდის მთვარე, რატომ დიდდება და მცირდება, რატომაა ამდენი ვარსკვლავი? მერე მეზობელი გარდამეცვალა და ვერ გავიგე, რა მოხდა, სად წავიდა, რა ხდებოდა. ასე რომ, ეზოთერული თუ ასტროლოგიური კითხვები სწორედ აფხაზეთში, ბავშვობაში დამებადა. მაგრამ პასუხები არ მქონდა. სკოლამდე იქ ვცხოვრობდი, სკოლაში კი თბილისში შემიყვანეს. თუმცა ყოველ ზამთარ-ზაფხულს ბებია-ბაბუასთან ჩავდიოდი იქ. ომამდე ხუთი წლით ადრე გაყიდეს ის სახლი და ისინიც თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩემი მუსიკალური განათლებაც აფხაზეთში ცხოვრების პერიოდს უკავშირდება. ბაბუა გიტარაზე კარგად უკრავდა. ის და ბებია ხმებში საოცრად მღეროდნენ. დეიდაჩემი კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. ვოკალისტი იყო და ძალიან კარგად მღეროდა ჯაზს. მახსოვს, სოხუმში კარგად იჭერდა უცხოურ არხებს რადიო და იქ ვუსმენდი უცხოურ მუსიკას. რეი ჩარლზი იქ მოვისმინე და გავიცანი პირველად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბილისში ვერსად მოისმენდით. მე კი აფხაზეთში ვუსმენდი. მომეწონა, დავინტერესდი და ვიპოვე ჩემი სტილი ამ მუსიკაში. თან, ბაბუას პატეფონი ჰქონდა, დისკების კოლექცია და ხშირად ვუსმენდი", - იხსენებდა საკუთარი ცხოვრების შესახებ მიხეილ ცაგარელი.