ციფრულ ეპოქაში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ააჩქარა და ინფორმაციით გადატვირთა, წიგნის წაკითხვა განტვირთვასა და დასვენებასთან ასოცირდება. ამას კი ხანდახან მხოლოდ შვებულების პერიოდში ვახერხებთ ხოლმე. უკვე ათწლეულზე მეტია, სოციალური მედია იმდენად დიდი დოზით არის ჩვენს ყოველდღიურობაში შემოჭრილი, რომ საღამოს გადაღლილები წიგნს „სქროლვას“ ვამჯობინებთ-ხოლმე. ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა, რითაც შეიძლება გაერთო, თუმცა რა ვუყოთ იმ ნეგატიური და არასაჭირო ინფორმაციის ნაკადს, რომელიც სოციალური ქსელებიდან მოედინება?
ისინი, ვინც წიგნის კითხვას სასურველ დროს ვერ უთმობენ, ცდილობენ, ტრანსპორტში თუ ქუჩაში გატარებული დრო ნაყოფიერად გამოიყენონ და აუდიოწიგნებს მოუსმინონ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გახმოვანებული წიგნის მოსმენა დროის სასიამოვნოდ გამოყენების საშუალებაა, ეს მეთოდი კითხვის პროცესისგან მიღებულ განცდებს ვერ ანაცვლებს. იგივე შეიძლება ითქვას „ქინდლზეც“, რომელიც კომფორტულია სატარებლად და დიდ ადგილს არ იკავებს, თუმცა რა ვუყოთ შეგრძნებას, რომელსაც ნაბეჭდი წიგნის ფურცლის გადაშლისას განვიცდით?
ტაქტილური შეგრძნებები (ხელით შეხება, სურნელი, ფურცლების ცვლა), რომლებსაც ნაბეჭდი წიგნის კითხვისას განვიცდით, შეუცვლელია და სტატისტიკური მონაცემებიც ამაზე მეტყველებს. ნავარაუდევია, რომ 2027 წლისთვის ნაბეჭდი წიგნების ბაზარი დაახლოებით 1,87 მილიარდ მკითხველს მოიცავს, მაშინ, როცა ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობა 1,2 მილიარდს მიაღწევს.
2021 წლის მონაცემების თანახმად, აშშ-ში 18-დან 29 წლის მკითხველების 86% ნაბეჭდ წიგნებს ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მონაცემები შედარებით ძველია, ტრენდს მაინც ასახავს და გვიჩვენებს, რომ ციფრულ ეპოქაში ტრადიციული წიგნის პოპულარობა სულაც არ მცირდება, პირიქით. პარალელურად კი მზარდია ელექტრონულ და ხმოვან წიგნებზე მოთხოვნა.
საინტერესოა, რომ აღნიშნულ ტრენდს მიჰყვება საქართველოც, თუმცა აქ ნაბეჭდი წიგნის პოპულარობა კიდევ უფრო მაღალია. მკითხველი ელოდება ახალი ავტორების ნამუშევრებს ან უკვე არსებულის თარგმნას, „შავი პარასკევისა“ და სხვა გრანდიოზული ფასდაკლებების პერიოდებში ტრადიციული თუ ონლაინმაღაზიები გადატვირთულია ვიზიტორებით, ფესტივალებზე კი მომხმარებლებისთვის გვერდის აქცევა გაგიჭირდებათ.
საქართველოში მკითხველი წელსაც დიდი ინტერესით ელოდება ფესტივალს, სადაც ერთი მხრივ, სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს და მეორე მხრივ, ახალ ავტორებს აღმოაჩენს.
გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, რომ როგორც წესი, მკითხველი ფესტივალს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად სტუმრობს და ეს ღონისძიება მათთვის აზრების გაზიარებისა და დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა. წიგნი ერთმანეთთან აკავშირებს და კიდევ უფრო აახლოებს ადამიანებს, რადგან შენაძენის გაკეთებისას ისინი ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და რჩევებს უზიარებენ, შემდეგ კი კომუნიკაციას სხვა სივრცეებში აგრძელებენ.
წელს თბილისის წიგნის ფესტივალი 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 და მე-6 პავილიონებში. ტრადიციულად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები. ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული აქსესუარები.
„პალიტრა L-ი“ ნაბეჭდი მკითხველებს წელსაც დიდ ფასდაკლებასა და საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, მათ შორის, შეხვედრებს ავტორებთან, დისკუსიებსა და სხვა. ფასდაკლება შეეხება ყველა ჟანრის ლიტერატურას, იქნება ეს მხატვრული, საბავშვო, სამეცნიერო თუ პროფესიული.
ფესტივალი წიგნის მოყვარულებისთვის წელსაც საუკეთესო თავშეყრის ადგილი გახდება, სადაც 4 დღის განმავლობაში გაცვლიან აზრებს და უამრავ აღმოჩენას გააკეთებენ.
R