1914 წელს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელსაც 9 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მძიმე ოთხმა წელმა არაერთი გმირის სახელი შემოუნახა ისტორიას, ბევრი მათგანი ბრძოლის ველზე, მოწინააღმდეგეებთან შეტაკებისას დაიღუპა. მაგრამ სრულიად განსხვავებული ისტორია ჰქონდათ მოწყალების დებს, რომლებიც დაჭრილი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად არაფერს უშინდებოდნენ.
ერთ-ერთი ასეთი მოწყალების და ქართველი ანეტა (ანა) ანდრონიკაშვილი იყო. არისტოკრატების ოჯახში დაბადებული 24 წლის გოგონას სახელი მისი გმირული საქციელის წყალობით ყველასთვის ცნობილი გახდა.
ანა ანდრონიკაშვილი 1891 წლის 30 მარტს სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა მოწყალების დების კურსებზე და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. როგორც ამბობენ, საკუთარი სურვილით, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გახდა – მან მცურავ ჰოსპიტალში – გემ “პორტუგალზე” მოწყალების დად დაიწყო მუშაობა.
"ომში უიღბლო სიყვარულის გამო წასულა, მანამდე კი, როგორც აღვნიშნეთ, ომის დროს თბილისის მოწყალების დების კურსები დაამთავრა. წმინდა ნინოს ლაზარეთში მსახურობდა. ფრონტის წინა ხაზზე, ნახევარი წელი ჭოროხის რაზმში უმძიმეს პირობებში მუშაობდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბოლოს რუსულ-ფრანგულ გემზე, "პორტუგალზე“, ასულა. მისი ძმები ოსმალეთის ფრონტზე იბრძოდნენ..." - იხსენებდა ანეტას ნათესავი. ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ოჯახმა ანეტას დაღუპვის ცნობა მიიღო.
1916 წლის 30 მარტს „პორტუგალს“ ბუქსირით მოჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ წითელი ჯვრის ექიმები და მედდები და გემის მომსახურე პერსონალი. ხომალდის ეკიპაჟი ხედავდა, რომ გემს პერისკოპი მიუახლოვდა, მაგრამ „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო იცავდა ჰააგის კონვენცია, ამიტომ არავითარი თავდაცვითი ზომები არ მიუღიათ. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა.
"ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა. ვუცქერდი ესოდენ ნატიფს და ვურჩევდი, ყველაფერი კიდევ აეწონ-დაეწონა, მოეფიქრებინა, არ აჩქარებულიყო. მან კი გადამწყვეტი ჟესტით, უსიტყვოდ მაჩვენა, რომ არაფერს და არავის შეუძლია შეუშალოს ხელი მისი ნების აღსრულებას.
ტალღებმა გემს რამდენჯერმე გადაუარა, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ... დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა, ქარიშხალიც ამოვარდნილიყო" - ასე იხსენებდა ანეტას ბოლო წუთებს მისი ახლობელი.
24 წლის მედდის გვამს დიდხანს ვერ პოულობდნენ - მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამორიყა ზღვამ.
1916 წელს ქართული გაზეთი “სახალხო ფურცელი” იუწყებოდა: “დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ “პორტუგალზე” დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა."