მას შემდეგ, რაც კოკო შანელი საქვეყნოდ აღიარებული დიზაინერი გახდა, უამრავმა მოდელმა დაიწყო ოცნება მასთან მუშაობაზე. შანელის პირველ მოდელებად იმ დროისთვის ევროპაში სილამაზით ცნობილი ქალები ითვლებოდნენ. რამდენიმე მათგანი კი ქართველი იყო.
მერი შერვაშიძე 1888 წელს ბათუმში, ქართველი გენერალ-მაიორის ოჯახში დაიბადა. ადრეულ ასაკში ის რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცას, ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა იყო. გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულ ნიკოლოზ მეორეს ერთხელ ახლო წრეში აღუნიშნავს, ასეთი სილამაზე დიდი ცოდვააო.
მერი შერვაშიძემ 1921 წელს სტამბოლში, მსოფლიოს სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისი განსაკუთრებული ქარიზმა, დახვეწილი მანერები, მომნუსხველი თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იგი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
სამწუხაროდ, 1921 წელს, ბოლშევიკების მოსვლასთან ერთად, მერის პარიზში მოუწია ემიგრაცია. ბედის ნებით, მეგობრის, დიდი ჰერცოგის, დიმიტრი პავლოვიჩის დახმარებით, მუშაობა კოკო შანელთან დაიწყო. მაღალი და გამხდარი მერის შესანიშნავი გარეგნობა ცნობილი დიზაინერის თვალს არ გამოჰპარვია და მერიც მალე შანელის ერთ-ერთი პირველი მოდელი გახდა. გადმოცემის თანახმად, შანელის ყველაზე ცნობილი მარგალიტის მძივი პოდიუმზე პირველად სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.
რიმა ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი გახლდათ. სახელი ოჯახის მეგობრის და ნათლიის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის, გლაზენაპის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს.
რიმას მამა 1907 წელს გარდაიცვალა. დედა - თამარ ერისთავი, საცხოვრებლად პარიზში გაემგზავრა. მოგვიანებით 16 წლის რიმა საფრანგეთში მერი შერვაშიძემ თან წაიყვანა. პარიზულმა არისტოკრატიამ ლამაზმანი გოგონა დიდი პატივისცემით მიიღო. ცნობილი გახდა, როგორც „Prencesse Rimma Eristoff“.
მასთან პარიზში არსებული თითქმის ყველა სამოდელო სახლი თანამშრომლობდა. რიმა არასდროს გათხოვილა. 1982 წელს პარიზშივე გარდაიცვალა.
მელიტა, იგივე მელანია ჩოლოყაშვილი, 1895 წელს დაიბადა თადეოზ ჩოლოყაშვილისა და მარიამ ჯორჯაძის ოჯახში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყარაბულახში, დღევანდელ ხაშმში. თადეოზ ჩოლოყაშვილი კახეთში ცნობილი მეღვინე იყო. 1928 წელს თადეოზ ჩოლოყაშვილი დააპატიმრეს და ქონება ჩამოართვეს. თადეოზსა და მარიამს ექვსი შვილი ჰყავდათ: უფროსი მელიტა იყო. ყარაბულახის ჩოლოყაშვილისეულ სასახლეში ხშირად იმართებოდა სალონური შეხვედრები, მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები. მელიტას ერთ-ერთი და – დარუსია, ილია ჭავჭავაძის ნათლული ყოფილა.
მელიტა ჩოლოყაშვილი 18 წლის ასაკში გათხოვდა ცნობილ პეტერბურგელ ადვოკატსა და მწერალ კონსტანტინ ზელენსკიზე. სწორედ მასთან შეეძინა ქალიშვილი ლილია, მაგრამ მათი კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა. მელიტა სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, გაუჭირდა მასზე 20 წლით უფროს ქმართან ურთიერთობა. 1922 წელს მელიტა ჩოლოყაშვილი 6 წლის ქალიშვილთან და დასთან — დარუსიასთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავრა.
პარიზში მელიტამ მოდელობას მიჰყო ხელი, რაც მისი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცა. ერთი პერიოდი კოკო შანელის ჩვენებებზე გამოდიოდა. მელიტა ჩოლოყაშვილი არ იყო ფოტოგენური და ფოტოებით მის სილამაზეზე მსჯელობა რთულია. როგორც საველი სორინი ამბობდა, ჩოლოყაშვილის მშვენიერება მხოლოდ მოძრაობისას იჩენდა თავს.