გენიალური კოტე მახარაძის შესახებ ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე ბევრი რამ იცის. დიდი ქართველი მსახიობი, საუკეთესო სპორტული კომენტატორი და დაუვიწყარი ხმის პატრონი - ხშირად ასე ახასიათებენ მას. კოტე მახარაძე 22 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი შთამომავლები ღორსეულად აგრძელებენ ოჯახურ ტრადიციას და არ კარგავენ კავშირს ხელოვნების სფეროსთან.
კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილი მაკა მახარაძე პროფესიით მსახიობი არ არის. მან დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს. 60-იან წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
"პატარა რომ ვიყავი, დღისით ექიმობა მინდოდა, საღამოს – ბალერინობა. ბაბუა, დედას მამა, ვასილ ჩახავა, გახლდათ მეან-გინეკოლოგი. ეტყობა, ძალიან მომწონდა, ექიმი რომ იყო, თან თეთრ ხალათში და, გადაწყვეტილი მქონდა, მეც აუცილებლად ექიმი გავხდები-მეთქი. ბაბუას თავის კლინიკაში დავყავდი ხოლმე ანალიზებზე და ვამჩნევდი, ყველა როგორი დიდი სიხარულით მხვდებოდა, თვალები უბრწყინავდათ ჩვენ დანახვაზე და ამას მიჩვეული ვიყავი, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ბაბუასთან დაკავშირებული, ასე იყო მამას, დედას, ბებიას (მამაჩემის დედის) გვერდით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ. ჩვენს ოჯახში ბალეტის კულტი იყო. მამაჩემმა საბალეტო სტუდია დაამთავრა, მაგრამ მერე თეატრალურმა გადასძლია და მსახიობი გახდა. დედაც, თურმე, ყოველთვის ბალეტზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. მე 9 წლისა მიმიყვანეს საბალეტო სკოლაში. სკოლა რომ დავამთავრე, ოპერისა და ბალეტის თეატრში დავიწყე მუშაობა', - ამბობდა მაკა.
საბალეტო კარიერის დასრულების შემდეგ მაკა თბილისის I სშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი გახდა, მოგვიანებით კი "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია" შექმნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს.
„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს, გავედი პენსიაზე. გააზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები... სადღაც 34-35 წლისთვის უკვე ძალა არ გაქვს. ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაციაა გარე სამყაროსგან", - ამბობდა ის.
„ჩვენი ეზო”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა” - ეს მაკა მახარაძის ფილმოგრაფიის მხოლოდ ნაწილია, თუმცა თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა მაინც ბალეტი იყო. "ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ", - ამბობდა მაკა.
"18 წლის გავთხოვდი. მურაზ მურვანიძე უკვე სახელგანთქმული მხტვარი იყო, თეატრში რომ მივედი. როცა ერთმანეთი გავიცანით, უკვე გაცილებული იყო მეუღლეს. ჰყავს ქალიშვილი – თეა, რომელიც ჩვენს ოჯახთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მას დედობა გავუწიე. 12 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა და დეიდამ გაზარდა. უბედური შემთხვევა იყო: ბავშვთან ერთად იყო წასული დასასვენებლად ფასანაურში, თოვლიან მთაზე ფეხი დაუცურდა და დაიღუპა. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, დალი ღოღელიანი, ექიმი (დალი ღოღელიანი თამაშობს ფილმში „ვინ შეკაზმავს ცხენს“). თეა ჩემს შვილზე, ნატოზე, ხუთი წლით უფროსია.
ის წლები, როცა ერთად ვიყავით, იყო ძალიან კარგი და ბედნიერი, მაგრამ, როცა ატყობ, რომ ურთიერთობა იძაბება, რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული, ნათქვამია, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო და დავშორდით. ვითომ ერთად რომ არიან და ვითომ ბედნიერი – ეს არის სწორი?! უარესია. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ოჯახი შეინარჩუნო, – ამას ვეთანხმები, მაგრამ, ასეთ დროს, არ ჯობია, ერთად არ იყვნენ, ვიდრე ბავშვები უყურებდნენ დაძაბულ ურთიერთობას?!
სხვათა შორის, არასდროს გვიჩხუბია. რაღაც მოხდა, მაგრამ, ვერც კი ავხსნი – რა. არაჩვეულებრივი ორი შვილი გვყავს, გერიც მყავს, ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ, ასეა და რას ვიზამ. მეც ძალიან კარგი გერი ვიყავი სოფიკოსთვის. რაც შეეხება ჩემი მშობლების დამოკიდებულებას იმ ფაქტისადმი, რომ მურაზს გავყევი, არ იყო კრიტიკული. ისინი საერთოდ არ იყვნენ მკაცრები. მე ვიყავი მამას ნებიერა, ვიზრდებოდი ძმებთან, თემურთან და ივიკოსთან ერთად. მერე შემეძინა და – ბაია. მაშინ უკვე 22 წლის ვიყავი, მაგრამ კოტეს მე ვყავდი ძალიან გათამამებული", - ამბობდა მაკა.
მაკა მახარაძემ ცოტა ხნის წინ ბავშვობის სიყვარულისა და რამაზ ჩხიკვაძის შესახებ ისაუბრა:
"მე შეყვარებული ვიყავი რამაზ ჩხიკვაძეზე. პირველი სიყვარული იყო, 5-6 წლის ვიყავი. სანამ რამაზ ჩხიკვაძეს შეეცვალა ამპლუა „ჭინჭრაქას“ შემდეგ, სულ თამაშობდა შეყვარებულ გმირებს და სიყვარულის ობიექტი იყო დედა. ყველგან იყო სიყვარული, კოცნები, ხვევნები… მეც ვთამაშობდი ერთ სპექტაკლში შვილს. დედა და მამა იმ სპექტაკლში გაცილებულები იყვნენ და სიყვარული ჰქონდა რამაზთან. მე შემიყვარდა… მერე დედამ უთხრა რამაზს, რომ შეყვარებულია შენზეო. მითხრა, რა თქმა უნდა, მე დაგელოდებიო…“