„ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი უარი, აფიშაზე ჩემი რეგალია მიეწერათ. სხვებს აწერდნენ, ჩემს შემთხვევაში კი მხოლოდ სახელი და გვარი იყო: „რეჟისორი თემურ ჩხეიძე“. ვამბობდი, არ დააწეროთ: „სახალხო არტისტი“, ამის გარეშე დაბეჭდეთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხედო“
მსახიობების, მედეა ჩახავასა და ნოდარ ჩხეიძის ოჯახში დაბადებული თემურ ჩხეიძე თავმდაბლობით, სიმშვიდით, სიკეთითა და ადამიანურობით გამორჩეული სახე იყო. "თემურს დედას თვალები ჰქონდა, თვალებიდან სითბო გამოსჭვიოდა. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა. აი, ეს ჰქონდა თემურს მისგან. მე არ გამიგია, ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალებდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო...“ - იხსენებდა მისი და, მაკა მახარაძე.
"არც გადიდგულებულა, ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და მისი სპექტაკლებიც ასეთი იყო. შინაგანად ძალიან ემოციური და ტკივილიანი, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ბევრ პიროვნულ წყენას მალავდა და ფიზიკურ ტკივილსაც, ბოლო წლებში ძალიან ავადმყოფობდა" - ამბობდა თემურ ჩხეიძეზე ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური.
ავადმყოფობდა, სიცოცხლის ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა, თუმცა იმედი და იუმორი არასდროს დაუკარგავს: "კლინიკაში, სანამ დამძიმდებოდა, ვნახე და აჟიტირებული საუბრობდა, იუმორი ჰქონდა საოცარი. შენ ცუდად არ ხარ-მეთქი, ვუთხარი. არ ვიმჩნევდი. ფერმკრთალი კი იყო... ბოლო საუბარი ვერ მოვახერხე, ვერ შევედი მასთან... რამდენიმე წლის წინ მითხრა, ჩემი წასვლის დღე რომ დადგება, ჩემ გვერდით იყავიო. ვერ ვიყავი..." - ამბობდა მაკა მახარაძე. თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში, 2022 წლის 5 ივნისს გარდაიცვალა.
თემურ ჩხეიძემ ნახევარ საუკუნეზე მეტი გატარა თეატრში და დატოვა ყველაზე ღირებული - იდეა! მისი იდეის გამგრძელებლები კი დღესაც მრავლად არიან - ცხოვრების ბოლო წლები ხომ სწორედ სწავლებასა და ცოდნის გაზიარებას დაუთმო და ახალგაზრდა რეჟისორები საკუთარ სახელოსნოში მიიწვია.
მისი მთავარი ლტოლვა ადამიანის სულში მიმდინარე პროცესები იყო და ამის გამო თვლიდა, რომ თეატრში ყველაფერი ფსიქოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს, ყველაფერი ცხოვრების მიხედვით უნდა დალაგდეს.
1965 წელს დაამთავრა ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძის და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). შემდეგ იყო ზუგდიდის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი და...მერე უკვე მსოფლიო აღიარება. აღიარება არ აკლდა არც ქართველი ხალხისგან - მის მიერ დადგმული სპექტაკლები ქართული თეატრის ოქროს ფონდშია.
"ჩვეულებრივ ოჯახში ვიზრდებოდით მე და ჩემი და-ძმა, სადაც ბევრი სითბო, ყურადღება და სიხარული იყო. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, მან ბევრი რამ მომცა. ჩვენს ოჯახში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ, დედა და მამა – მსახიობები, ბაბუა და ბიძა – ექიმები. მამიდა, ციალა ჩხეიძე, ქართული ენის სპეციალისტი გახლდათ, წიგნებს თარგმნიდა. მან მასწავლა ლიტერატურასთან, ქართულ სიტყვასთან კონტაქტი. ისე ჩამინერგა ქართული სიტყვის პატივისცემა, რომ მთელი ცხოვრება მომყვება.
ჩემი მშობლები არასოდეს მეუბნებოდნენ, რა უნდა გამეკეთებინა. ალბათ გარემომ, დედ-მამის მეგობრების წრემ იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე. სწორედ მათ ხელში ვარ გაზრდილი. ძალიან უცნაური იქნებოდა, მფრინავი რომ გამოვსულიყავი.
დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, პირიქით. ჩემი მშობლებიც და ბებია-ბაბუებიც რაღაცნაირად ახერხებდნენ, რომ ბავშვებს არაფერს გვაძალებდნენ, მაგრამ მაინც ყოველთვის კარგად ვიცოდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.
ჩვენ თან ლაღად ვიზრდებოდით და თან ყოველთვის ზუსტად ვიცოდით, სად იყო ზღვარი, რომლის გადალახვის უფლებაც არ გვქონდა. როცა სკოლაში ვსწავლობდი, არ მახსოვს, ოდესმე დედას ჩემთვის გაკვეთილები შეემოწმებინა. რაღაცნაირად ახერხებდნენ იმას, რომ მერიდებოდა, რამე არ მცოდნოდა. დედაც და ბაბუაც სულ მეუბნებოდნენ, შენ უკვე დიდი ხარ და თავად აგებ პასუხს საკუთარ თავზეო.
არ ვიცი, როგორ, მაგრამ დროზე მაგრძნობინეს, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს მთელი ცხოვრება უნდა გამყოლოდა. ეს მათ ყოველგვარი ლექციების კითხვის გარეშე მოახერხეს.
ოჯახშიც და გარეთაც ძალიან კარგი მაგალითები მყავდნენ. შემეძლო, მათთვის შემეხედა და მესწავლა, როგორ მოვქცეულიყავი. რა თქმა უნდა, ამან მაინც ვერ მიხსნა შეცდომების წყებისგან, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად ყველა ცდება.
ძირითადად, დედებს ჰქონდათ მინდობილი შვილების გაზრდა, მაგრამ მამაც სჭირდებოდათ და მე სულ მათ გვერდით ვიყავი. ისე გამოვიდა, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის დედები აძლევდნენ შენიშვნებს. მათ არ ვატუტუცებდი, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მივცემდი შენიშვნას, ისიც ძალიან მშვიდად. გოგოები მამის სისუსტეები არიან, ამიტომ უფრო დედებს ჰყავდათ მიბარებული", - ამბობდა მსახიობი.
თემურ ჩხეიძის გარდაცვალება განსაკუთრებული დარტყმა აღმოჩნდა მისი მეუღლისთვის. ნანი ჩიქვინიძე და თემურ ჩხეიძის და, მაკა მახარაძე, ერთმანეთის დიდი მეგობრები არიან. აი, რას ჰყვებოდა მაკა ნანის შესახებ:
"საოცარია დამთხვევა, მე და ნანი "ჩვენ ეზოში" გადაგვიღეს, გავიდა წლები და მერე, როცა ის ჩემი რძალი გახდა, ვხუმრობდი, ფილმში მანქანაში რომ ვჭორაობთ, საქმეს ვაწყობდი-მეთქი;
მე შვიდი წლის ვიყავი, ნანი - რვის. იმ დროს უკვე მეგა ვარსკვლავი იყო - "მაგდანას ლურჯაშიც" ნათამაშები ჰქონდა და "სხვის შვილებშიც"; დიდი პატივი იყო ჩემთვის ნანისთან ერთად თამაში; მახსოვს მშობლების აღტაცება, როდესაც პატარა ნანის თამაშს უყურებდნენ. მართლაც, მისი ყურება არ მოგბეზრდება; საოცრად თამაშობდა, ჩარლი ჩაპლინი ხარ-მეთქი, ვეუბნებოდი; უნიკალური მსახიობია, რად უნდა ქება-დიდება.
გუშინ მეუბნებოდა, ბავშვობას რომ ვიგონებ, ჩემი მშობლები მახსენდებაო; ბედმა გამიღიმა, რომ ბავშვობაში კინოში მოვხვდი, იმდენად პატარა ვიყავი, ფრაგმენტულად მახსოვს გადაღებების პერიოდიო; "ჩვენი ეზოს" გადაღება არც მე მახსოვს, ვიცი, რომ ყველა გვეფერებოდა; გაუგებარი მიზეზების გამო კინოში ნაკლებად იყო დაკავებული, თეატრით კი თავიდან ბოლომდე იყო შეპყრობილი; მისი საოცარი კარიერით ტილოები აქვს შექმნილი; განცდის მსახიობია, იუმორისაც; ისეთი იუმორის პატრონი იყო მისი ქმარი…
ნანი უნიკალური ცოლი იყო, ადამიანმა უნდა ინატროს ასეთი მეუღლე; სულ გვერდით ჰყავდა თემურს, კომფორტს უქმნიდა; თემურის მხრიდანაც ნალოლიავები და ნაფერები იყო; დღევანდელი დღე განსაკუთრებულად უჭირს; ისე დაგეგმავდა თემური ნანის დაბადების დღეს, ამ დღეს მის გვერდით უნდა ყოფილიყო, ან ჩამოვიდოდა, ან თუკი თავს ვერ დაიძვრენდა სამსახურიდან, ნანის წაიყვანდა; 31 აგვისტოს სულ ერთად იყვნენ;
უნიკალური ურთიერთობა ჰქონდათ, მართლა გეუბნებით. ნანისნაირი მეუღლე იშვიათია. მაგალითად, მე, ცოლად ვერ გამოვდექი… ნანისთვის განსაკუთრებით ძნელია თემურის გარეშე ყოფნა; ხალხში თავს ძალიან იკავებს, რომ სისუსტე არ გამოავლინოს და ცრემლი არ დაანახოს ვინმეს;
არადა, არც ერთს არ გვესიზმრება; ან წამიერად ვხედავთ, რომ ან გაიარა, ან ზის, ან ზურგით ვხედავთ;
მე და ნანი სულ ახლოს ვიყავით, ერთნაირი ხასიათი გვაქვს, ერთმანეთს ვგავართ, ორივე დამთმობები ვართ; ახლა, თემურის წასვლის შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ დები ვართ; სულიერი სიახლოვე მაქვს ნანისთან, გვიყვარს ერთმანეთი, მინდა ამოისუნთქოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებს, ამ ტკივილით ცხოვრება უნდა ისწავლოს; ასეთი კარგი გოგო გვყავს, მაგრამ დაგვეჩაგრა, თუმცა ყველა დავიჩაგრეთ…"
„მე გავიაზრე, რომ არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან. სინდისი ყველას უნდა ჰქონდეს! ჩემთვის გადავწყვიტე: სანამ ეს სისტემაა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მამულის გადასარჩენად გამოვიყენოთ“.„მე გავიაზრე, რომ არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან. სინდისი ყველას უნდა ჰქონდეს! ჩემთვის გადავწყვიტე: სანამ ეს სისტემაა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ის მამულის გადასარჩენად გამოვიყენოთ“ - თემურ ჩხეიძე.