სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა - ოთარი და რამაზი.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, რომ მას სახელი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაარქვეს:
"ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა, ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი სოფიას დარქმევა სურდა. საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა” - ამბობდა მსახიობი.
მეათე კლასში იყო, როცა მსახიობობაზე საფიქრდა. მანამდე, ბავშვობის წლები თეატრის კულისებში გაატარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ექიმობაზე ეოცნება. უნდოდა ქირურგი გამხდარიყო, ადამიანებისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა და სიკეთე მოეტანა, თუმცა გენეტიკამ თავი მაინც იჩინა. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გადაწყვიტა სამსახიობო განათლების მიღება. ვერიკო ანჯაფარიძე ქალიშვილის გადაწყვეტილებამ ძალიან დააფიქრა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, სოფიკოს მსახიობის ნიჭი ჰქონდა თუ არა. მას ხომ ცხოვრებაში არასოდეს მოესმინა, როგორ კითხულობდა მისი გოგონა თუნდაც ლექსს სტუმრების წინაშე, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ მათ სახლში… რაც შეეხება მამას, მიხეილ ჭიაურელს, მისთვის რომ გეკითხათ, სოფიკო იქნებოდა უდიდესი მსახიობი, გენიალური პიანისტი, გენიალური მომღერალი, გენიალური ბალერინა.
„მამა მაღმერთებდა, ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი. იმდენად მოსწონდა, რომ დედა ბრაზდებოდა, როგორ შეიძლება ასე ყველაფერი მოგწონდესო?! შემდგომში, სცენაზე ან ეკრანზე რომ მიყურებდა, ლამის ტიროდა ხოლმე – შენ გენაცვალე, შენ შემოგევლეო. მოსკოვში, მაგიდაზე მინა ედო, რომლის ქვეშაც სურათები ელაგა. ერთხელ დედამ თავისი ბავშვობის სურათი გაუგზავნა, სადაც ძალიან მგავს მე. მამამ ეს სურათი მინის ქვეშ ამოდო და ეფერებოდა. „რას ეფერები ამ სურათს, მე მომეფერე, აგერ არ ვარ?“ – უთხრა ვერიკომ.
„მე ჩემს გოგოს ვეფერები“, – უპასუხა მამამ. ჩვენი ბავშვობის სურათებს შორის ისეთი დიდი მსგავსება იყო, მამა გაგიჟდა, როცა ვერიკომ უთხრა, ეს მე ვარო. სულ უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. მამიკო, მოდი, რა, მოდი, რაღაცას მოგიყვებიო, მეუბნებოდა. მე კი არასოდეს მეცალა: მოიცა, რა, მოიცა-მეთქი, ვეუბნებოდი და ჩემს ტოლებთან გავრბოდი. იგივე ხდება ახლა: ჩემს შვილიშვილს, ნატაშას არასოდეს სცალია ჩემთვის. მოიცა, რა, სოფა, მოიცაო, მეტყვის და ისიც გარბის. მერე ინანებს, როგორც მე ვნანობ…
ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, უსმინონ მშობლების მონაყოლს, რადგან შემდეგ უამრავი კითხვა დარჩებათ უპასუხოდ…“
კოტე მახარაძის ცხოვრებაში პირველი სიყვარული მედეა ჩახავა იყო. ისინი ერთმანეთს პირველად რუსთაველის თეატრში შეხვდნენ. მედეას პირველი ქორწინებიდან ვაჟი, თემური ჰყავდა. მოგვიანებით, თემურ ჩხეიძე კოტე მახარაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა:
„ძალიან ჭკვიანი კაცი იყო კოტე მახარაძე. 6 წლის ვიყავი ის რომ შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვქონდა. მაშინაც, როცა გავიზარდე და მაგალითად, შემოქმედებითი თვალსაზრისით სხვადასხვა აზრზე ვრჩებოდით, მისი აზრი უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის. ძალიან გაიმართლა ცხოვრებაში. მამინაცვალი ჰქვია, თორემ მამინაცვალი არ ყოფილა ჩემთვის. ჩემს და ძმებს ვუთხარი კიდეც, თქვენზე არ აქვს კოტეს ისეთი ამაგი, როგორც ჩემზე - მეთქი. იქნებ იმიტომაც, რომ პირველი ბავშვი მე დავხვდი ოჯახში.“
კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ოჯახი ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. იყო პერიოდი, როცა ერთმანეთს ხმას აღარ სცემდნენ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი დალაგდა და სიცოცხლის ბოლომდე კარგი ურთიერთობა შეუნარჩუნდათ.
„ცხოვრებაში, მითუმეტეს პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა რომ ორჯერ მეყვარებოდა…”- ამბობდა სოფიკო ჭიაურელი, რომელმაც კოტე მახარაძესთან ერთად 30 წელი იცხოვრა. კოტეს და სოფიკოს სიყვარულის ისტორია „ურიელ აკოსტას“ რეპეტიციებზე დაიწყო. კოტე მახარაძე სოფიკოზე 11 წლით უფროსი იყო, მაგრამ მათ ურთიერთობას ყველაზე მეტად ის ფაქტი უშლიდა ხელს, რომ ორივე დაოჯახებული იყო. უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ, მაგრამ საბოლოოდ, 1980 წელს მაინც იქორწინეს.
კოტეს დონჟუანის სახელი ჰქონდა, მაგრამ სოფიკო არც ამას შეუშინებია. როცა დაქორწინდნენ, მეგობრებმა კოტეს თუჯის დიდი ღუზა მოუტანეს საჩუქრად, რათა ოჯახურ ცხოვრებაში ბოლოს და ბოლოს ჩაეშვა ღუზა. მათმა სიმბოლურმა საჩუქარმა გაამართლა - კოტე მახარაძეს სხვისკენ აღარ გაუხედავს...
კითხვას - „ნანობთ რაიმეს, ქალბატონო სოფიკო?“ – ასე პასუხობდა: „ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ მე და კოტეს საერთო შვილი არ გვყავს. როცა შევუღლდით, ორივეს უკვე გვყავდა შვილები პირველი ქორწინებიდან. ამაში მე ვარ დამნაშავე, რადგან აღარ მინდოდა ბავშვი გამეჩინა, მეშინოდა, რომ ამით ჩემს უფროს ბიჭს ყურადღება მოაკლდებოდა. კოტე ამის გამო მთელი ცხოვრება მსაყვედურობდა, ეს ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა იყო…“
თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღედ იმ დღეს მიიჩნევდა, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო: „კარგად მახსოვს, როგორ გავბრაზდი, ტროლეიბუსში ადგილი რატომ არ დამითმეს, თანაც, გაგეცინებათ და, ამ დროს საერთოდ არ მეტყობოდა ორსულობა… ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილია და ყველაზე დასამახსოვრებელი – მისი ჩასახვის დღე…“
კოტე მახარაძე 2002 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან მალე, სოფიკო განუკურნებელი სენით დაავადდა და 6 წელში ისიც წავიდა - სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.