კანის საერთაშორისო კინოფესტივალი - ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი, „ოქროს პალმის რტო“, ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.
2024 წლის კანის კინოფესტივალი უკვე დაიწყო. ცნობილი ვარსკვლავების ფოტოები ინტერნეტში ვრცელდება. ცოტა ხნის წინ წითელ ხალიჩაზე ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი 27 წლის შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა:
ვენსან კასელის რომანები
"ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ - სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა თავისი და ტინა კუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. ტინა 26 წლის ფრანგი მოდელია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს იბიცაზე გაიცნო. მოდელის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვენსანი. "მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” - ამბობდა ტინა.
ტინას და ვენსანს ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა - ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. ამასობაში კი ვენსანს ახალი სიყვარული ჰყავს. ის 27 წლის ავსტრალიელ მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. ამბობენ, რომ ნარა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ტინა კუნაკის და ამას ტაბლოიდები ტინასთან დაშორების გამო ვენსანის სინანულს მიაწერენ.
ნარა ბაპტისტა ავსტრალიელი მოდელია და გოგონა 2020 წლის "მის ავსტრალიის" შესარჩევი კონკურსის მონაწილეც ყოფილა. ვენსან კასელსა და ახალგაზრდა მოდელს შორის ახლო ურთიერთობაზე ჭორები დიდი ხნის მანძილზე დადიოდა, თუმცა ისინი ურთიერთობას არ მალავენ და საჯაროდ ერთად უკვე რამდენჯერმე გამოჩნდნენ.