ავტო და მოტოსპორტი მამაკაცურ საქმიანობად მიიჩნევა. თუმცა სპორტის ამ სახეობას საქართველოში ქალებიც მისდევენ - ერთ-ერთი მათგანი მაია გოშაძეა.
მაია გოშაძე ერთადერთი ”ოფროუდერი” ქალია მთელ ამიერკავკასიაში, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრსაც გადიან, რომ მოხვდნენ იქ, სადაც ჭუჭყსა და ტალახს ყველაზე მეტი ფასი აქვს, სადაც ჰაერი ადრენალინით იჟღინთება და იწყება ბრძოლა დაბრკოლებების გადასალახად. ოფროუდერები ჩადიან ტალახში, რათა ღირსეულად გამოაღწიონ იქიდან! ოფროუდი არის სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის, სადაც ხდება ავტომობილის და ეკიპაჟის (პილოტი და შტურმანი) გამოცდა. მას რამდენიმე სახეობა აქვს და შესაბამისად, შეჯიბრებებიც განსხვავებულია.
მაია 30 წელზე მეტია, საჭეს უზის. უყვარს ბუნება, ექსტრემი, ადრენალინის შეგრძნება და ადამიანები, რომლებიც გუნდურად მოქმედებენ. თავისუფალ დროს, მეგობარ "ოფროუდერებთან" ერთად, ექსპედიციებში მიემგზავრება. ჰყავს ორი შვილი და თვლის, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს. მაიას შეჯიბრებაში თურქეთშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. მსაჯიც კი იყო, რის გამოც დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან ოფროუდის ქალი მსაჯი, თანაც - მუსლიმანურ ქვეყანაში, ძნელად წარმოსადგენია.
"სტარტს რომ ვიღებ, ყველაფერი მავიწყდება. რჩება მარტო ტრასა, რომელიც უნდა გავიარო. ადრენალინის მოზღვავებისგან ხელები მიკანკალებს. საჭის დაჭერას დიდი ძალა უნდა. შეჯიბრება ზოგჯერ 8-9 საათი გრძელდება. რომ მთავრდება, მთელი სხეული მტკივა..." - ამბობს მაია.