20 მაისს ლეგენდარული ქართველი ექიმი გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"დღევანდელ სინამდვილეში ძნელად მოიძებნება ისეთი ექიმი, რომელსაც ქალბატონ გულნარა ჩაფიძის ოდენობის წვლილი ჰქონდეს შეტანილი საქართველოში მედიცინის მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა მიმართული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების ჯანმრთელობის მკურნალობაზე, ამ მიზნისთვის კი, ის განუხრელად ზრუნავდა კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფაზე და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდასა და დახელოვნებაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქალბატონ გულნარა ჩაფიძის უშუალო ხელმძღვანელობით ცენტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განყოფილებების გახსნა, რომელთა წარმატებულმა საქმიანობამ ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე და გაუუმჯობესა ჯანმრთელობა", - განაცხადა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა.
დაიბადა 1930 წლის 4 ნოემბერს. მისი ექიმობა კი მამას გადაუწყვეტია. სახელიც, გულნარა მასვე დაურქმევია. "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი", - ამბობდა ქალბატონი გულიკო.
კარგი მოსწავლე იყო, სკოლა "ოქროს მედალზე“ დაამთავრა. დიპლომატური მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა და მამამ დაასწრო, მისი საბუთები მის უკითხავად სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა. ასე გახდა გულიკო ჩაფიძე სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი...
"ამის გამო სერიოზული პროტესტი მქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, სამკურნალო ფაკულტეტი დამემთავრებინა", - ჰყვებოდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ფიქრობდა, დიპლომს მშობლებს მივუტან, მაგრამ მერე მაინც ჩავაბარებ იქ, სადაც სწავლა მანამდე მინდოდაო. ისე მოხდა, რომ მედიცინით სერიოზულად დაინტერესდა.
1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში - თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი გახლდათ. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გულიკო ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი გახლდათ.
"უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ვიდრე დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში. 1989 წელს ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ დაინგრა ჩემი ცხოვრება, ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა, ეს იყო რაღაც საშინელება, ამისი არც მოყოლა შეიძლება, არც თქმა...
ის მომავალი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი. რამდენიმე წელიწადში მეუღლე გულით გარდამეცვალა. ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა, წლების განმავლობაში ასე იყო... რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილიც გარდამეცვალა, ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა, ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.
ლაპარაკობენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თქვენს თვალზე ცრემლი არ უნახავთო. ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემს ბალიშს. აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ, ამას სიცოცხლე ჰქვია?" - ამბობდა გულიკო ჩაფიძე.