ასმათ ჩხოტუა 172 ათასი გამომწერით მოდის გავლენიანი ბლოგერია. წარმოშობით აფხაზეთიდან არის. ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა "ბობი ბრაუნი", "კარტიე" და "ტიფანი".
ორი შვილის დედა მხოლოდ ლუქს ბრენდებთან არ თანამშრომლობს. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესო კონტრაქტების მიუხედავად, ის ახალ და პატარა ბრენდებსაც არ ეუბნება უარს თანამშრომლობაზე. ასმათ ჩხოტუა მეუღლესთან და შვილებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობს და მის გამომწერებში ცნობილ ქართველ ვარსკვლავებსაც ნახავთ.
ასმათი შედის ყველაზე ლამაზი აფხაზი ქალების ათეულში, სადაც მის გარდა არიან: ამინა კაპში, ლაურა ჟუღელია, საბინა ბებია, მანიცა ხაშბა, ხიბლა გერზმავა, ნიკოლ ლაზბა, რამინა ზადეი, საბინა ნანბა, მილანა დელბა.
აფხაზეთზე...
- აფხაზური ოჯახი რაღაც ურყევი, ძლიერი, მრავალრიცხოვანი და ძალიან ხმაურიანია. მე თვითონ მყავს ორი ტყუპი ძმა და და. ეს დიდი ბედნიერებაა. მადლობა ჩვენს მშობლებს თავდადებისთვის, რომ ერთმანეთი გვყავს. აფხაზური სახლების კარი არასოდეს იკეტება. დიახ, ეს ასეა, ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით. სტუმრებს ვიღებთ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს.
დაივიწყეთ სტერეოტიპი, რომ იტალიური ოჯახები ძალიან ხმაურიანები არიან, თქვენ უბრალოდ არ ყოფილხართ ჩვენს ოჯახურ შეკრებებზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლო, ჩემს შვილებს ვასწავლო უფროსებისადმი პატივისცემა, აღტაცება მათი დამსახურებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით. ჩვენთვის ჩვეულებრივი წესია ფეხზე ადგე, როდესაც ოთახში შენზე უფროსი ადამიანი შემოდის.
რუსეთში ხშირად უკვირთ, როდესაც ამ დროს ფეხზე ვდგები, მაგრამ ამას განზრახ ვაკეთებ, რადგან ეს ჩემი კულტურის ნაწილია და ამ უნებლიე მოძრაობის მიღმა ბევრად ღირებული რამ იმალება. დარწმუნებული ვარ, რომ მშობლიური ენის ცოდნის გარეშე შეუძლებელია შენი კულტურის დახვეწილობის შეგრძნება და გაგება. ამიტომ ჩემთვის ახლა უპირველესი ამოცანაა, ჩემმა შვილებმა აფხაზური ენა იცოდნენ. მართალია, ვაღიარებ, სამშობლოსგან შორს ამის გაკეთება გაცილებით რთულია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ბავშვის აღზრდა ადვილია!
ბავშვობა
- ჩემი ბავშვობა ომისშემდგომ პერიოდს დაემთხვა. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, განსაკუთრებით, მშობლებისთვის, რომლებმაც როგორღაც შეძლეს, გაგვზარდეს, განათლება მოგვცეს და არაფერი დაგვაკლეს. დღესაც მძიმედ იხსენებენ იმ პერიოდს, როცა ლოცულობდნენ, რომ მათ თავზე მფრინავი ბომბები შვილებს ასცდენოდათ.