დიმიტრი ტატიშვილის ხმა ალბათ მთელი საქართველოსთვის ნაცნობია - გარდა სამსახიობო კარიერისა, ქართულ ენაზე ახმოვანებდა სხვადასხვა უცხოურენოვან სერიალს. ცოტამ თუ იცის, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა - მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა. ხშირად ამბობდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა მისი ბავშვობაც.
მსახიობების ოჯახში გაიზარდა: მშობლები - გიორგი ტატიშვილი და ზეინაბ ზალდასტანიშვილი, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდნენ. შეიძლება ითქვას, იქ გაიზარდა. თავიდანვე გრძნობდა, რომ მშობლების კვალს გაჰყვებოდა. სცენაზე პირველი დებიუტი 14 წლის ასაკში შედგა, პირველი სერიოზული როლი კი მესამე კურსზე ითამაშა სპექტაკლში, რომელსაც "მარადიული კომედია" ერქვა.
"12 წლის ვხდებოდი, როცა დედა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებით ჩემი ბავშვობა დამთავრდა და უფრო დამოუკიდებელი გავხდი. თუმცა ეს მოგვიანებით გავიაზრე. ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ყველას ვეცოდებოდი. „ვაიმე, რა საწყალია, რა კარგი ბავშვია და უკვე დედა აღარ ჰყავს“ – ეს სიტყვები მზარავდა. რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ხომ ამბობენ და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მამამ ხუთი წელი იცოცხლა დედის გარდაცვალების შემდეგ. მის დაღუპვას ნამდვილად არ ველოდი. ერთ საღამოს მოუვიდა ინსულტი და ორ კვირაში გარდაიცვალა. 17 წლის ვიყავი, სკოლა დავამთავრე და ბანკეტიდან სახლში რომ დავბრუნდი, ჩვენთან თეატრის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მე მაშინ თეატრალურში ვაბარებდი. იმ წელს მიშა თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი. ძალიან მაგარი კონკურსი იყო და შესაბამისად, ყველა ძალიან ნერვიულობდა. მასთან მოხვედრაზე ყველა ოცნებობდა. მე კიდევ საერთოდ არაფერი მაინტერესებდა. იმხელა ტრავმა მომაყენა მამაჩემის გარდაცვალებამ, რომ ამაზე აღარ ვღელავდი. სულ ერთი იყო – მოვხვდებოდი თუ არა. მამა ორ ივლისს დავკრძალეთ, გამოცდების პირველი ტური კი ხუთში ტარდებოდა. ჩარიცხულთა სიები რომ გამოაკრეს და მასში ჩემი გვარიც ამოვიკითხე, მაინცდამაინც არ გამხარებია. თეორიულად მესმოდა, რომ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვედრა მსახიობისთვის ყველაზე მაგარი რამ იყო, მაგრამ ემოციურად ნამდვილად არ მქონდა ამის აღქმის უნარი.
ხშირად არ ვტირი. ემოციური ვარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მგრძნობიარეც, მაგრამ ბოლოს როდის ვიტირე, არ მახსოვს. შეიძლება უფრო სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ჩემთვის საამაყო ადამიანი რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს, მაშინ შეიძლება ცრემლები ვერ შევიკავო. მაგალითად, ჩემი შვილები", - ამბობდა მსახიობი.
თეატრალურში მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. მის ჯგუფელებს შორის იყვნენ: გურამ ჯაში, ია ფარულავა, თემურ ქამხაძე და სხვები... სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ჯგუფელთან ერთად, თემურ ჩხეიძემ მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანა, სადაც დღემდე მუშაობს.
"ოჯახს ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ცხოვრების თანამგზავრს, ჩემი აზრით, მამაკაცმა ცოლი მხოლოდ მაშინ უნდა შეირთოს, როცა შეუყვარდება. მეც ასე მოვიქეცი: ცოლად ის მოვიყვანე, ვინც შემიყვარდა. ხომ ამბობენ, გარიგებით შექმნილი ოჯახები უფრო მყარიაო, მაგრამ ამ აზრს არც ადრე ვეთანხმებოდი და ვერც ახლა დავეთანხმები... ჩემი მეუღლე მაია ცხვედიანია - პროფესიით ფილოლოგი. პირველად მისმა გარეგნობამ, მერე კი იუმორის გრძნობამ მომხიბლა და მომნუსხა. მანამდე შეყვარებული არ მყოლია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ცოლად ჩემი პირველი შეყვარებული მოვიყვანე. მაშინ 22 წლის ვიყავი. შესაძლოა, ვიჩქარე, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას ვერავის აუკრძალავ, ვერც ერთ ასაკში - ადამიანი მაშინ უნდა დაოჯახდეს, როცა შეუყვარდება და როდესაც ამის სურვილი ექნება.
ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება, მით უმეტეს, ოჯახურ ურთიერთობას. ალბათ ჩვენც სწორედ ამ თვისებების წყალობით შევინარჩუნეთ ოჯახი და შვილებიც ასე აღვზარდეთ. ორი ქალიშვილის მამა ვარ. ერთი იურისტია, ხოლო მეორე - ბიზნესის მართვის მიმართულებით წავიდა. რა თქმა უნდა, მსახიობობას თუ მოისურვებდნენ, არ დავუშლიდი, მაგრამ ორივემ ჩემგან განსხვავებული, უფრო სტაბილური პროფესია აირჩია."