"49 წლის ასაკში ცხოვრება თავიდან დავიწყე, ყველაფერი წინაა" - ნანა ნებიერიძის ცხოვრების გზა - Marao

"49 წლის ასაკში ცხოვრება თავიდან დავიწყე, ყველაფერი წინაა" - ნანა ნებიერიძის ცხოვრების გზა

2024-05-28 14:43:27+04:00

ნანა ნებიერიძემ 49 წლის ასაკში ცხოვრება ისევ თავიდან დაიწყო. დედის გარდაცვალებამ ის ბევრ რამეზე დააფიქრა, მიახვედრა და ცხოვრება სხვა თვალით დაანახვა. მართალია, პირადში ჯერ არ გაუმართლა, მაგრამ ზუსტად იცის, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი – მისი მეორე ნახევარი, რომელთანაც მძლავრი ენერგეტიკული კავშირი ექნება.

ნანა ნებიერიძე: ჩემი ცხოვრების გზა ცრემლიანი სიხარულითა და მტკივნეული ცრემლებით იყო სავსე. საკმაოდ საინტერესო და რთული გზა გამოვიარე, თავისი ტკივილებითა და სიხარულებით. ყველაზე დიდი ტკივილი დედის გარდაცვალება იყო. არაფერი დამიკლია, არც ფინანსურად და არც ფიზიკურად, მაგრამ უკვე ერთი წელია, ჩემ გვერდით აღარ არის. ეს ფიზიკურად, თორემ მის არსებობას სულ ვგრძნობ. დედა ჩემი ბოლო ტკივილი იყო. მისი იმქვეყნად წასვლით, ჩემთვის ჩემი ბავშვობა დასრულდა. აღარ ვარ ბავშვი, აღარ ვარ შვილი, დავრჩი მარტო. შვილი, შვილიშვილი, მეზობლები და მეგობრები კი მყავს, მაგრამ დედის სუნთქვის მოსმენა სხვა განცდა და სიხარულია. ბოლო წლებში, როცა დედა ავად იყო, ჩვენი პოზიცია შეიცვალა – მე ვიყავი დედა და დედაჩემი – შვილი. თუმცა, ფსიქოლოგიურად, მაინც ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი და ვგრძნობდი, რომ შვილი ვარ, მშობელი მყავდა გვერდით და დედის სითბოს შევიგრძნობდი. იმ წამს კი, როცა დედამ სუნთქვა შეწყვიტა და თვალები დახუჭა, მივხვდი, რომ მარტო ვარ და გავიზარდე. დედის სუნთქვა და შემოხედვა მაძლევდა სტიმულს, ცხოვრების ხალისს, მაძლიერებდა და როგორც კი სუნთქვა შეწყვიტა, მივხვდი, მე ვარ ჩემი თავის პატრონი, მე ვარ ძლიერი ქალი, არა ბავშვი და არა გოგო.

  • TOP 5 ქართველი ქალი +40, ვის სილამაზესაც დრო ვერაფერს აკლებს 

– დედა სიზმრად თუ მოდის?

– ჩემი და დედის კავშირი არ გაწყვეტილა, მიუხედავად მისი ამ ქვეყნიდან წასვლისა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა ბოლო სიტყვები: მე მაპატიე... და დაიწყო ტირილი. ვხვდებოდი, საითკენ მივდიოდით და ვთხოვე: დე, შენ ხომ არ დამტოვებ, ხომ დამიდგები გვერდით ნებისმიერ სიტუაციაში, სიზმრებში ხომ მოხვალ ჩემთან-მეთქი. ძლივს ლაპარაკობდა და კი, აუცილებლადო, დამეთანხმა. გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მართლა მოვიდა სიზმრად. სახიფათო სიტუაცია მქონდა და მითხრა: იქ არ წახვიდეო. დავუჯერე დედას და მართლაც მოვიგე. შეასრულა, რაც მითხრა: მოვალ, თუ დაგჭირდებიო. მოვიდა და დამეხმარა, გვერდით დამიდგა. ასევე, არ ვიცოდი, როგორ გადამეწყვიტა ერთი საკითხი. დედა სიზმრად მოვიდა და მითხრა: სად უნდა წავსულიყავი და რა გამეკეთებინა. არა მარტო ჩემთან, ჩემს შვილთანაც მიდის სიზმრად და მივხვდი, ჩვენ სამნი – მე, დედაჩემი და ჩემი შვილი ნინა, ენერგეტიკულად ვართ გადაჯაჭვული, ენერგეტიკულად ვგრძნობთ ერთმანეთს და ამ კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია. სიკვდილის შემდეგ ადამიანი რომ არ სრულდება, ამაში დედამ დამარწმუნა. სანამ ერთი წელი არ გავიდა, დედის ნივთებს ვინახავდი, არ გამიჩუქებია. ვიცოდი, რომ უნდა გამეცა, მაგრამ ვერ ვაკეთებდი. ერთ დღეს, გადავწყვიტე და ოთხი ჩემოდანი გავაჩუქე. იმ ღამით დამესიზმრა – დედაჩემი ბუშტებით ხელში ზეცაში გაფრინდა. ალბათ, ეს მადლობის ნიშანი იყო. თუმცა დავიტოვე მისი ქურთუკი, ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩართული მაქვს, ჩანთა და სუნამო. სახლში მისი პარფიუმის სუნი დღემდე იგრძნობა. ასე რომ, გარდაცვლილი დედის სუნი სახლში შემოვინახე. დედის გარდაცვალების მერე კი, ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, რა მომცა განვლილმა წლებმა.

  • წყვილი, რომელიც სიყვარულის გამო ვატიკანს დაუპირისპირდა: სოფი ლორენი და კარლო პონტი 

– კონკრეტულად რა გადააფასე და რა მოგცა იმ წლებმა?

– ახლა, როგორც არასდროს, ვიცი, რა მინდა, რა შემიძლია, რა უნდა გავაკეთო. მაგალითად, ადრე თუ ვფიქრობდი პოლიტიკაზე, ახლა მივხვდი, რომ ეს ჩემი არაა და სხვა მიმართულებით უნდა წავიდე. არცერთ პარტიაში არ ვარ, მე მაქვს ჩემი პარტია, ჩემი შეხედულებები, იდეოლოგია, როგორც ქალს, როგორც დედას და როგორც ბებიას. მჯერა ღმერთის, სიყვარულის და იმის, რომ ქართველები ძალიან ძლიერები და მაგრები ვართ. ხშირად ვგრძნობ და ვუსმენ მინიშნებებს ჩემს სხეულში, გულში და ვხვდები, საით წავიდე. გაგიკვირდებათ და 49 წლის ასაკში დავიწყე ჰანგზე დაკვრა. სასწაული, უცნაური რკინის ინსტრუმენტია, საქართველოში არ არის იმდენად პოპულარული. ინტერნეტში მოვუსმინე და მივხვდი, ეს ისაა, რაც მჭირდება და ერთი თვეა გაკვეთილებზე დავდივარ. ვინმეს რომ ეთქვა, დაკვრას დაიწყებ ჰანგზეო, მოვკვდებოდი სიცილით. იმის თქმა მინდა, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რადიკალურად ვაზროვნებ და ვუყურებ ყველაფერს, რაც ხდება. ალბათ, ეს ის მომენტია, როცა დიდი გოგო გავხდი.

  • "შვილები აბედნიერებს, მათი ფასი არავინ ჰყავს, ვერავის შეადარებს" - მაკა ასათიანის უცნობი მხარეები 

– თქვი, 49 წლის ასაკში დავიწყე ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა, შევიცვალე ცხოვრებისეული პრიორიტეტებიო. ანუ ცხოვრება თავიდან დაიწყე?

– ცხოვრება თავიდან ბევრჯერ დამიწყია, ნულიდან და ეს აუცილებელია. ეს არ არის ჩემთვის სიახლე, ყველაფერი წინაა. როგორც მე დღეს ვცხოვრობ, მომწონს. ყველაფერი მაინტერესებს, მინდა, ყველაფერი ვისწავლო. კი არ უნდა მოვასწრო, უბრალოდ, მოვიდა ჩემი დრო. ალბათ, ეს ასაკის ბრალია. ჩემი შვილი, ნინა, ამერიკაშია. მადლობა სამყაროს და ღმერთს, ვითარდება, სწავლობს, მუშაობს და კარგადაა, ალექსანდრეც – შვილიშვილი, მშვიდად და კარგადაა. მე კი მაქვს იმის ფუფუნება, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო ჩემთვის.

წაიკითხეთ სრულად