ამინდი ცივი იყო, აქა-იქ ასფალტის დაბზარულ საფარს ორთქლი ასდიოდა უხვად, ჩამოვდგი თუ არა ფეხი, სველი მიწის და საქონლის ფუნის ერთმანეთში აზელილი სუნი მეცა. გული ამიფართხალდა, სუნმა ღრმა ბავშვობაში ელვის სისწრაფით მომისროლა, თითქოსდა არც ყოფილა ეს შვიდი წელი, თითქოს ცხოვრება გაჩერდა და ახლა იმ წამიდან გრძელდება აქ რომ მედგა ფეხი ბოლოს. უზარმარი ცარიელი სადგური მიტოვებულს ჰგავდა, მოსაცდელს სახურავი აღარ ჰქონდა, სამაგიეროდ, კვლავაც იკითხებოდა რუსულად წაწერილი სოფლის სახელი დაჟანგებულ რკინის აბრაზე. სადგურის განაპირას ძველისძველი, ნახევრად დაშლილი დიდი სამუშაო მანქანები გაეჩერებინათ. ზუსტად ასე იდგა იმ დღესაც, აქედან რომ წავედი დედასთან და ლეილასთან ერთად.
გზას ნელა გავუყევი. ნახევარი საათის მერე ძველი ასფალტის ნაგლეჯებიც დამთავრდა და ხტუნვა აღარ მშველოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, რომ ტალახისათვის ფეხი ამერიდებინა, - უკვე ყველგან იყო.
სახლები აქა იქ თითქოს ვიღაცას ზეციდან ჩამოეყარა, ზუსტად ერთნაირები, წვეტიანი სახურავებით და წინა ხის კედელზე ჩამწკრივებული წვრილწვრილი ფანჯრებით. უზარმაზარი მწვანე ეზოებითა და ხის აქეთ-იქით გადაწვენილი ღობეებით.
სახლს რომ მივუახლოვდი, ავღელდი, ვიგრძენი, ყველაფერი ერთმანეთში როგორ აიზილა და ცისარტყელასავით გადამეფარა თვალებში. რკინის ჭიშკარი ფრთხილად შევაღე. სახლთან პატარა სკამზე ჩამომჯდარიყო ღრმად მოხუცებული ქალი. თეთრი თმა ჭრელი თავშლიდან აქეთ იქით გამოსჩროდა, სათვალე ცხვირის წვერთან ჩამოვარდნოდა და ნიგოზს არჩევდა, დავინახე თუ არა, ცისარტყელა კიდევ უფრო გამიმუქდა თვალებში, სირცხვილის გრძნობამ მუცელი დამიწვა მთლიანად. შემომხედა, კალთა დაიბერტყა და წამოდგა, ჯერ მათვალიერა, მერე ორივე ხელი წინ გამოშალა და მოხრილი წამოვიდა ჩემკენ ისე, რომ ხელები არ დაუშვია ძირს; ორივე ლოყა ხელისგულებში მოიქცია და ატირდა. თავშალი გადასძვრა თავიდან, თბილი, დამჭკნარ-დაკოჟრებული ხელები გაუჩერებლად უცახცახებდა ჩემს ლოყებზე.
- მეგონა ისე მოვკვდებოდი, რომ ვეღარ გნახავდი. როგორ დამშვენებულხარ. - მიმეორებდა და თან მზისგან დამწვარ, დანაოჭებულ ლოყებზე ცრემლები სდიოდა. - დედაშენს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ, ზუსტად შენნაირი იყო, ასლი ხარ.
სახლში ყველაფერი უწინდებურად იყო. ფეხის შედგმისთანავე რძის კედლებში ღრმად გამჯდარი სუნი ვიგრძენი, ოდნავ ძველი და ნესტიანი ზეწრების და ოდნავ ფუნის. საღებავს ფერი აღარ ეტყობოდა, ღუმლიდან გამოსულ ბოლს რუხი შეეძინა ოდესღაც შეთეთრებული კედლებისთვის. მრავალფუნქციური ოთახიც უწინდებურად გამოიყურებოდა, სხვადასხვა მხარეს მიდგმული ორი რკინის რიკულებიანი საწოლითა და ოთახის შუაგულში მოთავსებული ხის, უშნო, მოზრდილი მაგიდით, რომელსაც გარშემო დაბალი, უზურგო, უშნოდ გამოჩორკნილი სკამები ელაგა. მაგიდაზე შემოდგმული ნახევრად ჩამწვარი სანთელი მოწმობდა, რომ აქ კვლავაც ატრებდნენ ჩუმ ღამეებს ჯადოსნური ყუთის გარეშე, ერთმანეთთან უკვე მრავალჯერ მოყოლილი ამბების კვლავ მოყოლაში. შესასვლელში ისევ ეკიდა ძველი ემალის ნიჟარა და მექანიკური ხელსაბანი, უკან მიკრული და მრავალჯერ არეკლილი სახეებისგან გაცვეთილი სარკით.
ბებო ღუმელთან დალაგებულ შეშებს დასწვდა და მათი შიგ მოთავსება დაიწყო. ძველებურად სწრაფად ვეღარ ახერხებდა, ხელები უკანკალებდა და ღუმლის კედლებზე აფხაჭუნებდა დაწვრილებულ შეშას. არაფერი მკითხა, არც ის, შვიდი წელი რას ვაკეთებდი; არც ის, დედა როდის ჩამოდიოდა; არც ის, ახლა რატომ ჩამოვედი...
ღუმელი რომ დაანთო, სუფრის გაშლას მოჰყვა. მეც ჩუმად ვიჯექი, არ ვიცოდი, რა მეკითხა და არც ის ვიცოდი, როგორ მომეჩვენებინა თავი მის ახლობლად, როცა შვიდი წელი თვალით არ მენახა.
ღამით საწოლი ზედა სართულზე გამიშალა. მთვარის შუქი მკვეთრად ეცემოდა ხავსმოდებულ კიბეს. ხის კარი გაჭედილიყო თავისსავე ჩარჩოში. ბებომ ფეხიდან ჩუსტები წაიძრო და კართან დატოვა იატაკს დავხედე, წითელი საღებავი აქა იქ გადასცლოდა და გვარიანად აჭრელებულიყო. ვიწრო დერეფანს გავყევი. სულ ორი საძინებელი თავსდებოდა, ერთი პაწაწუნა, უფანჯრო, მხოლოდ ერთი საწოლი რომ ეტეოდა და პატარა, ხისგან გამოთლილი ყოველგვარ სილამაზეს მოკლებული წიგნების კარადა. წიგნები აქა-იქ მოხუცის პირის ღრუში დარჩენილი კბილებივით ელაგა. კედელზე უცნობი ქალის პორტრეტი კვლავაც გაუნძრევლად ეკიდა, საიდანაც ამაყად მიმზერდა არისტოკრატიული გამომეტყველების მქონე ქალი. მეორე საძინებელი მე და დედას გვეკუთვნოდა ოდითგან. სალათისფერი, მზისგან გახუნებული კედლებითა და გამშრალი ხის სურნელით.
თეთრი, სახამებლისგან გაფშეკილი და სავარაუდოდ, შვიდი წლის ნადები ზეწრები გადმოალაგა ნინა ბებომ. საწოლზე ჩამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე, სუფთა და მოვლილი ჩანდა. ფერდაკარგულ კედელზე ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული დედას ფოტო ეკიდა, სავარაუდოდ, სკოლის გამოსაშვებზე უნდა ყოფილიყო გადაღებული. მომეჩვენა, რომ ბედნიერი გვადევნებდა თვალს მე და ბებოს. მინდოდა რამე მეთქვა და თავს ვერ ვაბამდი. ისიც არაფერს მეკითხებოდა, სრულიად არაფერს...
მზე არის სადღაც, ოღონდ აქ არა... ფანჯრიდან ვიხედები. წინ უზარმაზარი პურის ყანა ჩანს, ოქროსფერი და ძალაგამოცლილი. ქარი მიწას აკრავს ნათესებს. სადღაც მის უკან ეკლესია ამოდის, თითქოს არსაიდან, ზეცისკენ მიცურავს და მერე ჩერდება. ქარი ძლიერდება და მთლიანად მტვრით ფარავს ცისკენ აზიდულ ნაგებობას. გარეთ გავრბივარ. ფეხებქვეშ რბილად მედება გამხმარი ბალახი. ავდარი საიდანღაც მოტანილ რუხ ქვიშას ხან ცისკენ ეზიდება და ხან ძირს ანარცხებს. მტვრის კორიანტელში ვცდილობ ეკლესიის მკვეთრი ხაზების გარჩევას, ვუახლოვდები და ვხედავ, გუმბათი ზანზარებს, ნგრევას იწყებს და მტვერივით იშლება პურის ყანაში...
კარის ჭრიალი მაღვიძებს. აშკარად საუკუნეა, არავის უფიქრია ცოტაოდენი ზეთის ჩაშვება. სადაცაა საწოლს მზე მოადგება. ბებო ფარდას ფრთხილად სწევს. მტვრის ნაწილაკები მზის შუქზე ქაოსურად ირევიან ერთმანეთში.
-მღვიძავს, - ვეუბნები და ვცდილობ, სიზმრიდან გამოყოლილი უსიამოვნო შეგრძნება თავიდან მოვიცილო.
- ქალაქშიც ასე ადრე გეღვიძება? - ფარდას ხელს უშვებს და საწოლის ბოლოზე ჯდება.
- ქალაქში მამლები არ ყივიან,. - მეღიმება და გაფშეკილი საბნის მოთვინიერებას ვცდილობ, მთელი ღამე რომ გადაშლილი წიგნივით მედო გულზე.
- დაგიკლავ დღეს და დაგასვენებს.
- მეზობლისებსაც?
- არა მგონია, მაგდენი კიდევ რომ შემეძლოს, ყავა არ მაქვს, აქ ისეთი არავინ მოდის, რომ დავახვედრო, მაგრამ ქონდრის ან პიტნის ჩაის გავაკეთებ, თუ ისევ სვამ.
- ქონდრის ჩაის დავლევ, არც მინდა ყავა. ისე, მეზობელი მაინც არ შემოდის?
- შემოდის, მაგრამ ყავას არ სვამს. - მშრალი ხის სუნი ცხვირში მიღიტინებს და ვგრძნობ, აქაური დილა რომ ტანზე გრილად მელამუნება.
- ასე ძალიან რა საჭიროა ქვეშაგებლის გახამება, მთელი ღამე ჭრაჭუნობდა და მთელი ღამე ვებრძოდი, რომ კარგად დამეფარებინა, გაფშეკილი იდგა, ვერაფრით ,,მოვათვინიერე“ - ვსაყვედურობ.
- წესია ასეთი, რაც უფრო კარგადაა ,,გაკრახმალებული“ თეთრეული, მით უკეთესია, მაგრამ დედაქალაქში ალბათ აღარავინ იწუხებს თავს.
- ჰო, კიდევ კარგი, რომ არა.
- ეგ დიდი ხნის დადებულია, თორემ ახლა სადღა მაქვს მაგის დაკრახმალების და ლილაში ჩაყრის თავი.
ხავსმოდებულ კიბეს დავუყევი. ნიავი დაჰქროდა და ყველაფერს ჰაერში დააფრიალებდა, რაც გზად დახვდებოდა. დაბალი სამფეხა სკამი გამომიწია ბებომ. მერე პატარა რკინის მაგიდას სამზარეულოს ხელსახოცი გადააფარა და ჩაი და ცხელი ხაჭაპურები დამილაგა. დარდი შემომაწვა, თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რაზე კონკრეტულად, მაგრამ კინაღამ ცრემლები გადმომცვივდა. ნინა ბებო წინსაფრით დროდადრო კარებში უჩინარდებოდა და იქიდან ხელდამშვენებული გამოდიოდა. ბოლოს თვითონაც გვერდით მომიჯდა და ხაჭაპურის მოზრდილი ნაჭერი თეფშზე გადმომიცოცა.
სუფრის ალაგებაში ვეხმარებოდი, მინდოდა მეკითხა, სულ ასე კარგად გრძნობდა თავს თუ ზოგჯერ ცუდი დღეებიც ჰქონდა ხოლმე. ის იყო, გავიფიქრე, ბიძაჩემი აჭარბებს-მეთქი, რომ უზარმაზარ ჭიშკარში გამოჩნდა. გვარიანად მობერებულიყო, წვერი მოეშვა და თავზე თმა თითქმის აღარ ჰქონდა, ჯერ თვალები გვერდზე წაიღო და პირი ღიმილით დაბრიცა, სულ ასე იცოდა შეხვედრა, მერე მომიახლოვდა და ხელები მაგრად მომიჭირა. არ მაკოცა, მხოლოდ ფაფუკი წვერით დაფარული ლოყა მომადო ლოყაზე.
მგონი, რაღაცის თხოვნას აპირებს, გამიელვა თავში. სულ ეჭვები მკლავს, რომ თბილად არაფრის გამო- არავინ მომექცევა. სიყვარულით რომ არ დამართნია, ეს მთლად ზუსტად ვიცი. ეზოში გაიარ -გამოიარა თავჩახრილმა, მერე მომიახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა, თითქმის მუხლებს ვახებდით ერთმანეთს, ისე ახლოს...
- დედაშენმა გადაწყვიტა, რომ მის მაგიერ შენ უნდა მიხედო ბებოს? -თვალებში ბრაზი ჩაუდგა და ცოტა შემეშინდა, ვიცოდი, რთული დიალოგი გვექნებოდა წინ, რომლის დასასრულიც შეთანხმება და ურთიერთგაგება ნამდვილად არ იქნებოდა.
- ის ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სანახავად ჩამოვედი, თანაც არ ვფიქრობ, რომ მოსავლელია ბებო.
-სუდნოს გატანა ვიდრე არ დასჭირდება, მანამდე მიხედვა არ უნდა? ელოდებით, რომ დაეცეს, ან საწოლში ჩაწვეს? ან იქნებ მოკვდეს? ეს უფრო ადვილი იქნება, ერთი ხელი შავი ტანისამოსი და სამი დღე ყველაფერს წერტილს დაუსვამს.
გავჩუმდი, თავში არაფერი მომივიდა, რომ შევწინააღმდეგებოდი. ენა ჩამივარდა და ოთახისკენ გავიხედე. იმედია, არ ესმოდა ბებოს ჩემი და ბიძაჩემის შეხმატკბილებული დიალოგი.
- მე ვსწავლობ, რა შემიძლია გავაკეთო? მივატოვო სწავლა და თოხი მოვიკიდო?
- შენისთანა დედის შვილს არ ეკადრება...მაგრამ მგონი, ამ ვითარებაში ზუსტად ეს უნდა გააკეთო.
-დამხმარეს მოვუძებნი, შეუძლებელს მთხოვ...
- დედაშენს უთხარი მაშინ, რომ თავის ვალდებულებებს თვითონ გაუმკლავდეს, იქ ვიღაცის ბებრებს თავზე აკვდება და აქ დედამისს სხვა უკეთებს საქმეს, მაგრამ აქ ხომ ფულს არავინ გადაუხდის მაგაში...- წვერზე ხელი მოისვა და კბილები ნერვიულად დააჭირა ერთმანეთს.
- რაში გჭირდება დედაზე ასე ლაპარაკი?
- ან დარჩი და მოუარე, სახლსაც და ბებიაშენსაც, ან ჩამოვიდეს და მიხედოს. - წამოდგა და კართან მისული უკან მოტრიალდა, სახლს ახედა და დამცინავად მომახალა, - ეს სახლი და კარი შენი ყოფილა თან... ბებიაშენი ასე ამბობს, ასე რომ, შენც არანაკლებ ვალდებული ხარ.
მეზობელი ეზოდან შუახნის ქალი გამოვიდა. როგორც ჩანს, ღობის იქიდან კარგა ხანს მითვალთვალა ჯერ და დაასრულა თუ არა ბიძაჩემმა - აღარ დააყოვნა, შინაოჯახური ბრძოლის ეპიცენტრში ხომ მეზობელი ყველაზე მიზანშეწონილი რამაა ამქვეყნად. ღიმილით შემომეგება, ისე მიმიხუტა, ცოტაც და შემეხორცებოდა.
- როგორ გაგიხარებია ბებო, სულ თვალცრემლიანი გაჰყურებს თქვენს გზას. - იძულებით გავუღიმე, ამ ქალზე არ ვბრაზობდი, მიუხედავად იმისა, რომ პირველსავე წინადადებაში ცდილობდა ირიბად დავედანაშაულებინე რაღაცაში. ბიძაჩემის სიტყვით გამოსვლამ უფრო გამამწარა.
- დედამისის ასლია, რაც დამშვენდა, კიდევ უფრო დამსგავსებია, როგორი ქალაქური იერი აქვს. - გაიღიმა და პირში ორი ვერცხლის და ერთი ოქროს კბილი გამოუჩნდა, რომელსაც ამაყად გადმოჰყურებდა ტუჩზემოდან გრძელი მონაცრისფრო ულვაში.
- რამდენ ხანს დარჩები? - ოდნავადაც არ ცდილობდა ცნობისმოყვარეობის დაფარვას.
- ჯერ არ ვიცი. - საპასუხოდ ნაძალადევად გავუღიმე.
- ვეტყვი ეკას, რომ ჩამოხვედი, გაგიყვანს თავის მეგობრებთან, მეტი არაფრის გამკეთებელი ეგ არ არის და არ მოგაწყენს. - მეტი საქმე არ მაქვს, გამიელვა თავში, მაგრამ ამაზეც მომთმენად გავიღიმე.
გაგრძელება იქნება